კრამერი VS კრამერი
7-05-2014, 13:03
ავტორი:  თეა კახიანი

ვფიქრობ, ქართული ტრადიციული ღირებულებების რღვევის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი განქორწინებათა სტატისტიკაა. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში, განქორწინებათა რიცხვი დაახლოებით 25 %-ით გაიზარდა.  რეალური სურათი, როგორც წესი,  ოფიციალურზე გაცილებით მასშტაბურია.  ფაქტია, რომ თანამედროვე დასავლურმა ცივილიზაციამ, ადამიანის უფლებებისა და გენდერული საკითხების პრიორიტეტით, ტრადიციული სოციალური ინსტიტუტის, ოჯახის კრიზისი გამოიწვია. მას შემდეგ, რაც საქართველოში, ყოველ მეოთხე ოჯახს მატერიალურად, თუნდაც დამამცირებელი შრომის ფასად, ემიგრანტი ქალი უზრუნველყოფს,  ოჯახის უფროსის უპირობო მმართველობა საგრძნობლად შეირყა.  გენდერული როლებიც ახალი მოცემულობების მიხედვით გადანაწილდა.  ხშირად, გადანაწილების პროცესში ოჯახი დედამიწის ყველაზე ცხელ წერტილს ემსგავსება, მითუმეტეს მაშინ თუ  უფროსების სადემარკაციო ხაზები ბავშვებზე გადის. მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე რეჟისორმა დათო ჩხარტიშვილმა ამ თემაზე გადაღებული ერთ-ერთი ცნობილი კინოფილმის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“  ქართული სასცენო ვარიანტი წარმოგვიდგინა. მართალია აფიშაზე ფილმი არსად არის ნახსენები და ავტორად ევერი კორმენია მითითებული, მაგრამ მისი რომანი, ალბათ, ერთეულებს აქვს წაკითხული, ხოლო რომანის ეკრანიზაცია იგივე ერთეულებს არ აქვს ნანახი. ამიტომ მაყურებელს აუცილებლად გაუჩნდება ფილმისა და  სპექტაკლის მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენის სურვილი. ამ წინაპირობას რეჟისორი, ალბათ, თავიდანვე უნდა ითვალისწინებდეს მსგავსი არჩევანის გაკეთებისას.  უნდა ითქვას, რომ კინოფილმების სცენაზე გადმოტანა ერთგვარ ტენდენციად იქცა.  მიმდინარე რეპერტუარში გვაქვს სამეფო უბნის თეატრში რაინერ ვერნერ ფასბინდერის „კატცელმახერის“ მიშა ჩარკვიანისეული, საკმაოდ  საინტერესო და ქართული თეატრალური ესთეტიკის კლიშეებისგან გათავისუფლებული ინტერპრეტაცია, ასევე თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ვნახეთ ლუკინო ვისკონტის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით დადგმული  მაია კლეჩევსკას ფანტასტიური სპექტაკლი „ღმერთების დაცემა“. როგორც ჩანს, რეჟისორებმა გადაწყვიტეს თეატრალურ გამომსახველობით ფორმებში მოაქციონ ცნობილი ფილმები და მათგან მიღებული შთაბეჭდილებები. რათქმაუნდა, ექსპერიმენტი ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ თუ მას დადებითი შედეგიც მოყვება. 

 

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში, დათო ჩხარტიშვილი შეეხო პრობლემას, რომელთანაც ყველაზე რთულია ზოგადისა და კონკრეტულის, პიროვნულისა და საზოგადოს გამორჩევა. გვაქვს უამრავი მაგალითი იმისა, რომ „ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია“, თავისებურად უნიკალური და ცალკეული. წყვილებს, რომლებიც შორდებიან, უჭირთ დაშორების კონკრეტული მიზეზების დასახელება, უწევთ სტანდარტული, ზოგადი ფრაზების მოშველიება და ამ გზით მათი განსხვავებული, უმცირეს დეტალებსა და უხილავ ფლუიდებზე დამყარებული ისტორია დანარჩენი სამყაროსათვის უცნობი რჩება. არადა სწორედ ეს გვაინტერესებს ჩვენ, სეირის, ფილმისა თუ სპექტაკლის მაყურებელს.   

 

თავისთავად, არც ამერიკული და ქართული ოჯახების პრობლემატიკა  არის ერთნაირი. ამიტომ, ცხადია, მარჯანიშვილის თეატრის ახალ სარდაფში კრამერისა და კრამერის დაპირისპირება, მხოლოდ 70-იანი წლების ამერიკული სოციალური მოვლენების და ფემინისტური მოძრაობის შედეგების რეპრეზენტატორი ვერ იქნება. ის რომელიმე ქართული გვარის მქონე ქალისა და მამაკაცის განქორწინების ამბავსაც უნდა მახსენებდეს. სწორედ ეს იქნებოდა რობერტ ბენტონის მიერ გადაღებული 5 ოსკარის მფლობელი ფილმის ქართულ სპექტაკლად ქცევის გამართლებაც.  ყველაზე საინტერესო ჩემთვის ქართული ოჯახური სპეციფიკის, ტრადიციული ოჯახური ნორმატივებისა და თანამედროვე ცხოვრების ურთიერთმიმართებაზე დაფიქრება და მისი მხატვრული ასახვაა. ძველსა და ახალ დროში მათი განსხვავებული თუ მსგავსი წინააღმდეგობების  მიგნება და მაყურებლისთვის გაზიარებაა. ამიტომაც მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო რეჟისორ დათო ჩხარტიშვილის მიერ სპექტაკლში დასმული ერთი საინტერესო აქცენტი. ჯოანას (ნათია ნიკოლაიშვილი) წასვლის შემდეგ თედი (ნიკა კუჭავა) პირველად აღმოჩნდება  პირისპირ საკუთარ შვილთან. იძულებულია გააკეთოს ყველაფერი რასაც აქამდე ჯოანა აკეთებდა, მაგრამ მან არ იცის სად რა დევს, ვერ პოულობს საჭირო ნივთებს,  ბილს (სანდრო შარაშიძე) უხერხულად აცმევს შარვალს, ფეხსაცმელს, პიჯაკს და ამ, მსუბუქი იუმორით გაკეთებულ სცენაში გარდა თედის უსუსურობისა, ჩანს როგორ აუტანლად ფუქსავატ შვილებს ზრდიან ზედმეტად მზრუნველი  ქართველი დედები.   სპექტაკლში, შვიდი წლის ბილი, როგორც იტყვიან, თითის განმძრევი არ არის, ელოდება როდის მოუტანენ, ჩააცმევენ, დაახურავენ. უკიდურესად მძიმე შედეგების მომტანი, ეს მცდარი დედური დამოკიდებულება, რეჟისორის მიერ, ცხადად, თუმცა მხოლოდ ერთხელ არის ნაჩვენები. ვისურვებდი კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო დახასიათებული ქართული საზოგადოების ინფანტილურობის გამომწვევი ეს არც თუ ისე ზედაპირული მიზეზი.  

 

სპექტაკლში ვხედავთ ქალს, რომელსაც ბევრად მეტი სურს, ვიდრე დიასახლისობის, როგორც ადრე ითვლებოდა, საპატიო და თვითკმარი საქმიანობაა. ქართველი ქალების წინაშე „კუხნისა“ თუ „ბუტკიდან“ გამოსვლის აუცილებლობა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას, ამიტომ ვფიქრობ, ნათია ნიკოლაიშვილის ჯოანას საქართველოში უფრო მეტი აქვს სათქმელი, ვიდრე მერილ სტრიპის გმირს. შესანიშნავი, ინდივიდუალური გარეგნობის მქონე მსახიობი ქმნის ემოციური და ამავდროულად შინაგანად ძლიერი ქალის სახეს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და შეცვალოს რეალობა. თავიდანვე ნათელია, ნ. ნიკოლაიშვილის ჯოანა  წითელი თმით, მკვეთრი, ფერადი  კაბებითა და ფეხსაცმლით ვერ შეეგუება ნაცრისფერ, ერთფეროვან ყოველდღიურობას, ჩარჩოსავით რომ მოყვება დედობრიობისა და დიასახლისობის სოციალური როლის შესრულებას.     ის არ შეიძება იყოს მხოლოდ დედა, რადგან „მხოლოდ დედები“ საქართველოში ზრდიან ფუქსავატ და ინფანტილურ, მხოლოდ დედებში შეყვარებულ შვილებს, რომლებიც ვერაფრით ახერხებენ გახდნენ ზრდასრულები. ამ სპექტაკლის ერთ-ერთი ძირითადი თეზა შეიძლება ასე გამოვიყვანოთ: ბავშვები დედამ და მამამ კი არა, პიროვნებებმა უნდა გაზარდონ!  პიროვნებებად კი, როგორც ცნობილია, არ იბადებიან. დ.ჩხარტიშვილის სპექტაკლში ორივე მშობელს მოუწევს პიროვნებად ჩამოყალიბების გზის გავლა. ჯოანას პერსონაჟს, ვთვლი რომ დეტალიზაცია და ხასიათის მეტად გამოკვეთა სჭირდება. როგორ ხდება  გარდაქმნა ოჯახიდან გაქცეული, ისტერიკის ზღვარზე მდგარი ქალიდან, სრულფასოვან პიროვნებამდე, ვისაც შეუძლია საკუთარი შეცდომებიც აღიაროს და ყველაზე ძვირფას, დედობრივ გრძნობაზე მაღლაც დადგეს. ეს უკანასკნელი იმდენად რთული და იშვიათი შემთხვევაა, რომ დამაჯერებლობის მეტ ხარისხს მოითხოვს.კრამერი VS კრამერი

-მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ! - თედის (ნიკა კუჭავა) ამ საყვარელ ფრაზაში ჩანს ოჯახური პრობლემების წინაშე მარტო დარჩენილი მამაკაცის სასოწარკვეთაც და გამოსავლის პოვნის იმედიც.  ამ თავისებური ავტოტრეინინგის გავლით თედი მართაც ახერხებს, მოიკრიბოს მოთმინება, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიცნოს საკუთარი შვილი და დაუმეგობრდეს მას. ნიკა კუჭავა სპექტაკლის დასაწყისში ტიპიური კარიერისტია, ფინანსურ წარმატებაზე ორიენტირებული, თითქმის დაპროგრამებული, დიდი ენთუზიაზმით რომ შორდება ადამიანურ სისუსტეებსა და საწყისებს. ვეღარ უსმენს და უგებს ცოლს, რომელიც სპექატკლის ექსპოზიციაში მონდომებით  ცდილობს ესაუბროს და აუხსნას საკუთარი სულიერი  მდგომარეობა. ფაქტია, თედი ვეღარ აღიქვამს მას, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს, ალბათ ვერც კი შენიშნა როდის იქცა ჯოანა საოჯახო მეურნეობის და მისი ცხოვრების ჩვეულებრივ, დამატებით ატრიბუტად.   სწორედ ის მომენტი გამოეპარა, საიდანაც მისმა ოჯახმა რღვევა დაიწყო.  ჯოანა წავიდა. თედი იძულებულია შვილის აღზრდაზე იზრუნოს. იძულებულია უპასუხოს კითხვას „რა მოხდება  სპილო რომ ღობეზე შემოჯდეს? “,  თანდათან ხვდება, რომ ადრეც უნდა ეპასუხა... სრულიად ახალგაზრდა პარტნიორთან ერთად, ნიკა კუჭავა ახერხებს საკუთარი პერსონაჟის ხასიათის თანმიმდევრულ განვითარებას. ის თანდათან მზრუნველ, მოსიყვარულე, იდეალურ მამად იქცევა და რასაკვირველია ეს კარიერისა და სამსახურის ხარჯზე ხდება. შედეგად უფროსი (ვალერი კორშია), რომელსაც თედი მეგობრად თვლიდა სამსახურიდან ათავისუფლებს. უნდა ვთქვა, რომ არის სცენები რომლებიც ზუსტად იმეორებს ფილმს,  არ არის გამდიდრებული ახალი აქცენტებითა და ფერებით, რეჟისორს შეეძლო პირდაპირ ფილმის კადრები გაეშვა სცენის თავზე დამონტაჟებულ ეკრანზე. ვხუმრობთ, მაგრამ ასეთი „ხუმრობაც“ ასლზე უკეთესი გამოსავალი მგონია. ამავდროულად,  ყველაზე სარისკო სცენები, სპექტაკლში დადებითად არის გადაწყვეტილი. ვგულისხმობ ბავშვის როლის განხორციელებას. საბედნიეროდ, თედის და ბილის  სცენები ძალიან ორგანული და ბუნებრივია. ბილს რეჟისორი ზედმეტი სიფრთხილის გამო ძალიან ხშირად უშვებს „დასაძინებლად“, მიუხედავად ამისა,  სანდრო შარაშიძე სრულფასოვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანას, თავისი გულუბრყვილობით, უცოდველი გამომეტყველებითა და ზოგჯერ  ჭირვეულობით ამ სპექტაკლისთვის აუცილებელ  თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში.

სპექტაკლის სცენოგრაფია აერთიანებს მოქმედების რამოდენიმე ადგილს: სახლს, სამსახურსა და სასამართლოს. პირველ პლანზე სახლია, ოჯახი, რომელსაც მინიმალური ავეჯი გამოხატავს. „ზადნიკთან“ კომპიუტერები და საოფისე ინვენტარია მოთავსებული. სახლი და სამსახური დროდადრო  შირმით იყოფიან ერთმანეთისაგან. სცენის შუაში კიდევ ერთი, შედარებით პატარა და მრგვალი სცენაა. სპექტაკლის ბოლოს მასზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. უნდა გადაწყდეს რომელ მშობელთან იცხოვრებს ბილი. მოსამართლე ვირტუალურია, მისი მხოლოდ ხმა ისმის და ამით სასამართლოს განზოგადება ხერხდება. თითქოს პერსონაჟები საკუთარ  თავს ესაუბრებიან, ერკვევიან საკუთარ დამოკიდებულებებში. ადვოკატები, ზურა ბეგალიშვილი და ჯანო იზორია, მხოლოდ „ეხმარებიან“ მათ ამ პროცესში. ეს „დახმარება“ ზოგჯერ სასტიკ და დაუნდობელ ხასიათს ატარებს, საჭიროების მიხედვით ჯოანასა და თედის ნების საწინააღმდეგო არგუმენტებიც მოჰყავთ.    

 

სწორედ ეს საშინელი სამსჯავრო განაპირობებს სპექტაკლის ფინალს, არ არსებობს სასამართლო რომლის გადაწყვეტილება პიროვნების გადაწყვეტილებაზე უფრო ზუსტი და ნამდვილი იქნება. ჯოანა შვილს მამასთან ტოვებს, და ეს პიროვნების გადაწყვეტილებაა!კრამერი VS კრამერი

მახსოვს ბავშვობის შთაბეჭდილება, როცა ბენტონის ფილმი პირველად ვნახე,  როგორ მაღიზიანებდა მერილ სტრიპის გმირი. ვერ ვხვდებოდი, ამ  ქალს რატომ უნდოდა დაენგრია დასტინ ჰოფმანისა და მისი შვილის იდილია, ფილმის ფინალი კი ჩემთვის ნამდვილი ჰეფი ენდი იყო. კმაყოფილი ვიყავი.   ჰეფი ენდი ახლაც ძალაშია, მხოლოდ ჯოანა აღარ არის მტერი. და რა მტკივნეულ და სულის შემძვრელ ფიქრებზეა გამოტარებული მისი ბოლო ფრაზა : - „როგორ გამოვიყურები?“ 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა