ქალი და ისიც ლედი მაკბეტი
13-06-2014, 16:35

 

„ბოროტებაში  არის  სიკეთე  და  სიკეთეშიც  ჩანს  ბოროტება“ ,  ესაა  ფრაზა,  რომელიც  იოანე  ხუციშვილის  მიერ  დადგმული,  სამ  მოქმედებიანი  სპექტაკლის,  „მაკბეტის“  ნახვის  შემდეგ,  მაყურებელს  ყველაზე  მეტად  დაამახსოვრდება.  სპექტაკლის  ნახვის  შემდეგ,  მაყურებელი  დარწმუნდება  იმ  პრობლემური თემების  აქტუალურობაში,  რომლებსაც  რეჟისორი  სვამს.

ქუთაისის  ლადო  მესხიშვილის  სახელობის  პროფესიული  სახელმწიფო  თეატრის  სცენაზე  დადგულმა  სპექტაკლმა,  დიდი  ინტერესი  გამოიწვია  თბილისელ  მაყურებელში.  სასიამოვნოა, რომ  ახალგაზრდა რეჟისორს შექსპირის  პიესაში  დასმული  პრობლემატიკა  კარგად  აქვს  შესწავლილ-ათვისებული, რაც არც თუ ხშირი  მოვლენაა. (ბოლო პერიოდში ახალგაზრდების მიერ დადგმულ სპექტაკლებში შეინიშნება ზედაპირულობა და ლიტერატურულ პირველწყაროსადმი ზერელე დამოკიდებულება)  „მაკბეტი“  შექსპირის  ერთ-ერთი  ყველაზე  სისხლიანი  პიესაა,  სადაც  ჩანს,  თუ  რა  შეუძლია  გააკეთოს  ადამიანმა  ძალაუფლებისთვის.  რეჟისორი კი ამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზეზებს და შედეგებს გვიჩვენებს.

სპექტაკლში  მთავარ  როლებს  ბაჩო  ჩაჩიბაია  (მაკბეტი)  და  ნინო  ჭოლაძე  (ლედი  მაკბეტი)  ასრულებენ.  როგორც  რეჟისორმა  აღნიშნა,  სპექტაკლი  რომელ  თეატრშიც  არ  უნდა  დადგმულიყო,  მთავარი  როლის  შემსრულებლები  მაინც  აღნიშნული  მსახიობები  იქნებოდნენ.  სპექტაკლის  ნახვის  შემდეგ,  დარწმუნდებით  რეჟისორის ზუსტ და სწორ  გადაწყვეტილებაში. 

რეჟისორი მსახიობებთან აწყობილი ზუსტი მიზანსცენების წყალობით, გვიჩვენებს ძნელად დასაჯერებელ ამბავს.  აქ, ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, კაცს კი, რაოდენ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ამიტომ ქალი ხდება აქტიური, რომელიც სიყვარულის სახელით და მოტივით, ცდილობს მისი საყვარელი კაცის კარიერის შექმნას. მას სურს მისი კაცი გახდეს წარმატებული და ამაში არაფერია დასაძრახი, მთავარია რა გზას ირჩევს ლედი მაკბეტი წარმატებისთვის.

ნინო ჭოლაძე  ძლიერ, ურყევ, მიზანდასახულ  ქალს  თამაშობს.  შექსპირის  ქალები  ხშირ  შემთხვევაში  გამოირჩევიან  სიძლიერით,  თუმცა  საბოლოო  ჯამში  მათი  დამორჩილება,  არცთუ  ისე  ძნელია.  ლედი  მაკბეტი,  მას  შემდეგ  რაც  შეიტყობს,  რომ  მისი  ძალაუფლება  შესაძლოა  გაიზარდოს,  ფაქტობრივად  უარს  ამბობს  თავის  სქესზე,  და  მამაკაცურ  მანერებს  ისისხლხორცებს,  ხოლო  მაკბეტი,  თავისი  სუსტი  ხასიათიდან  გამომდინარე  დიდხანს  ორჭოფობდა  მეფის  მოკვლისას,  ხოლო  დანაშაულის  ჩადენის  შემდეგ  ფაქტობრივად  მთელი  სიცოცხლის  განმავლობაში  ტანჯავდა  ჩადენილი.  სარკეში  ჩახედვისასაც  კი  საკუთარ  ცოდვებს  ხედავდა.  პიესით ნაცნობ ამ ნიუანსებს მსახიობები ზუსტად და საინტერესოდ გადმოსცემენ.ქალი  და ისიც ლედი მაკბეტი

მიმდინარე  მოვლენებში გადამწყვეტ  როლს  თამაშობს  სამი  კუდიანი,  რეჟისორმა  ამ პერსონაჟთა საინტერესო  ინტერპრეტაცია  შემოგვთავაზა  კახაბერ  შარტავასა  (მეორე  კუდიანი)  და  გაგი  შენგელიას  (მესამე  კუდიანი)  საშუალებით.  მსახიობები  თავიანთი  თამაშის  მანერითა  და  მიმიკებით,  სცენაზე  უჩვეულო  პერსონაჟებს  ქმნიდნენ.  მათი  როლი  სპექტაკლში  მნიშვნელოვანია,  როგორც  შინაარსობრივად,  ისე  ვიზუალური  თვალსაზრისით,  რადგან  სწორედ  ამ  პერსონაჟების  საშუალებით  შემოდის  სპექტაკლში  თანამედროვეობის  ელემენტები.  პირველი  კუდიანის  როლს  ევა  ხუტუნაშვილი  ასრულებს,  მისი  როლი  ბევრად  განსხვავდება  სხვა  კუდიანებისგან,  ეს  ფინალშიც  გახდება  შესამჩნევი. 

მას  შემდეგ,  რაც  მაკბეტი  მეფე  ხდება,  იწყება  მისი  ტირანული  მმართველობა.  მისი მეფობა  შეიწირავს  უამრავ  ადამიანს,  მათ  შორის,  მის  მეგობარ  ბენქოს  (გიორგი  ზანგური) ,  თუმცა  მაკბეტს  ეს  გადაწყვეტილება  დაუფიქრებლად  არ  მიუღია.  იგი  ცდილობს  ბენქოს  გადმობირებას,  თუმცა  არა  პირდაპირი  გზით,  ბენქო  თანახმაა,  მაგრამ  სურს  მეფის  ერთგული  დარჩეს,  სწორედ  ეს  პირობა  გადააწყვეტინებს  მაკბეტს,  რომ  ძალაუფლებისკენ  სწრაფვას  შეეწიროს  მისი  მეგობარიც.  საკმაოდ  მძიმეა  სცენა,  სადაც  ბენქოს  კლავენ,  აქ  ორი  პარალელური  რეალობა  ერთ  სცენაზე  თამაშდება.

რეჟისორი  გადმოგვცემს  მაკბეტისა  და  ლედი  მაკბეტის  განცდებს.  მათი  გამეფების  შემდეგ  მხოლოდ  ცოტა  ხანს  თუ  დატკბნენ  თავიანთი  ძალაუფლებით.  ღამის  კოშმარები,  შიში,  ეჭვები  და  უნდობლობა  მოსვენებას  არ  აძლევდა  თითოეულ  მათგანს.  სიკვდილის  სცენაც  საკმაოდ  დრამატულია.  ლედი  მაკბეტი  მთელი  სპექტაკლის  განმავლობაში  ქმრის  დამშვიდებასა  და  მის ახალ  გარემოსთან  ადაპტირებას  უთმობდა  დროს,  ის არ გაურბის პასუხისმგებლობას და ცდილობს იტვირთოს მისი ქმრის ცოდვაც, რომელსაც ხშირ  შემთხვევაში  მარტოც  უმკლავდება.  თუმცა,  გარემო  იმდენად  მძიმეა, რომ  ვერ შეძლებს  ქმრის  მხარდაჭერას  ბოლომდე,  ნინო ჭოლაძის გმირი სიცოცხლეს  თვითმკვლელობით ასრულებს  და  ქმარს  მწარე  რეალობის  წინაშე  მარტო ტოვებს.  მაკბეტის  დამძიმებულ  სულს  ცოლის  ტრაგიკული  სიკვდილით გამოწვეული ტანჯვაც  ემატება.  ქალი  და ისიც ლედი მაკბეტი 

როდესაც  ტირანი  მმართველები  კვდებიან,  ფიქრობ,  რაღა  უნდა  მოხდეს  სცენაზე,  რომ  კვლავ  ისეთი  დაძაბული  გახვიდე  თეატრიდან,  როგორც  პირველი  და  მეორე  მოქმედებისას  გახვედი.    სამ  მოქმედებიან    სპექტაკლში  მოვლენები  ნელა  და  ყველა წვრილმანის  გათვალისწინებით  მიმდინარეობს. რეჟისორი გვევლინება როგორც ორიგინალური ინტერპრეტატორი, რომელიც ფინალს წვრილმანი ნიუანსებით ავსებს და ორმაგად საინტერესოს ხდის, რომელიც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. რეჟისორმა გამოავლინა ღრმა ხედვა და ორიგინალური აზროვნების უნარი.  სპექტაკლის  ფინალში  მოულოდნელი  პერსონაჟები  ჩნდებიან,  რაც  მაყურებელს დაუტოვებს  კვლავწარმოების  შთაბეჭდილებას.  თითქოს  ყველაფერი  უბრუნდება თავდაპირველ  მდგომარეობას,  ემგვანება  შეკრულ  წრეს,  მხოლოდ  ახალი  მოთამაშეებითა  და ახალი მსხვერპლით.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა