"დურუჯი"
19-06-2014, 01:12

14 ივნისს  თეატრალთა დიდი ნაწილი,  ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში შეიკრიბა.  ინიციატივა, რომელსაც წლების წლის წინ ჩაეყარა საფუძველი დღეს უკვე თამამად შეიძლება ჩაითვალოს ტრადიციად, საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" მიერ  დაარსებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია-"დურუჯი" წელს მეექვსედ გაიცა.
პრემია "დურუჯზე" საბუთების წარდგენის ბოლო ვადა წელს 15 აპრილს ამოიწურა, სულ წარდგენილ იქნა ცხრამეტი თეატრის ოცდაჩვიდმეტი განაცხადი.
ხუთკაციანი ჟიური ორი თვის მანძილზე ადევნებდა თვალს პრემიაზე ნომინირებულ  სპექტაკლებსა და მსახიობებს. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ თეატრმცოდნე - გ. ცქიტიშვილი, ხელოვნებათმცოდნე - ს. კილასონია, თეატრმცოდნე - თ. კიკნაველიძე, დრამატურგი - ი. სამსონაძე და ხელოვნებათმცოდნე- დ. ბუხრიკიძე.
როგორც უკვე, აღინიშნა ტრადიციულად მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში, პომპეზურად- წითელი ხალიჩითა და ულამაზესი კლასიკური მუსიკის ფონზე დაიწყო თეატრალური პრემიის კულმინაციური ფაზა დაჯილდოების ცერემონიალი. პრემია გაიცა შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი
• საუკეთესო მსახიობი ქალი
• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი
• საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი
• საუკეთესო სცენოგრაფი
• საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი - სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით მომავალ, 2014-2015 წლების სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად.
დაჯილდოების ცერემონიალის გახსნის პატივი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დასს ხვდა წილად და ეს სიმბოლური იყო, რადგან, წელს ვასო აბაშიძის დაბადებიდან 160 წლის თავს აღნიშნავს ქართული თეატრი.
საუკეთესო ქალი მსახიობის პრემიაზე ნომინირებული იყვნენ მსახიობები:
1. ლელა ალიბეგაშვილი - "მარია კალასი. გაკვეთილი", თეატრი "ფაბრიკა"
2. . ბაია დვალიშვილი - "ტარტიუფი", კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
3. ბუბა გოგორიშვილი -  "მოჩვენებანი", თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
4. ნიარა ჭიჭინაძე - "ალუბლის ბაღი. რეპეტიცია", ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
5. მაგდა ლებანიძე - "ტროელი ქალები", სამეფო უბნის თეატრი
გამარჯვებულის ვინაობა აუდიტორიას მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ნანი ჩიქვინიძემ განუცხადა. საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული წელს რუსთაველის თეატრის მსახიობს ლელა ალიბეგაშვილს ხვდა წილად.
ქალბატონების შემდეგ საუკეთესო მამაკაცი მსახიობების დასახელების დრო დადგა
კანდიდატთა სია კი ასე გამოიყურებოდა:
1. ალეკო მახარობლიშვილი - "გრონჰოლმის მეთოდი", კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
2. ნიკოლოზ თავაძე - "გრონჰოლმის მეთოდი", კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
3. გია აბესალაშვილი - "მაცეკვე ტანგო", მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრი
4. გია როინიშვილი - "ანტიგონე", ილიაუნის თეატრი
5. გიორგი სურმავა - "Holland, Holland",  ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
პირველედ თეატრალური პრემია "დურუჯის" არსებობის მანძილზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა რეგიონის თეატრის წარმომადგენელი. ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი- გიორგი სურმავა. თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ წარადგინა იგი დამსწრეთა წინაშე.
საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორთა შორის მოიაზრებოდა შემდეგი დრამატურგები:
1. ნინო მირზიაშვილი - "მაცეკვე ტანგო", მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრი
2. ლაშა ბუღაძე - "ქეთათო", თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
3. დავით გაბუნია - "Holland, Holland",  ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
გამარჯვებულის გამოსავლენად სცენაზე იხმეს ბატონი რეზო კლდიაშვილი, ხოლო გამარჯვებულის პატივი წელსაც, ისევ როგორც შარშან დავით გაბუნიას ხვდა წილად.
საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრისათვის პრემია "დურუჯზე" წარდგენილი იყო სულ სამი კანდიდატურა:
1. ლევან ოჩხიკიძე - "მოჩვენებანი", თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
2. თეო კუხიანიძე - "მაკბეტი", ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი
3. ქეთი ნადიბაიძე - "Holland, Holland",  ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
საუკეთესო სცენოგრაფად ჟიურის გადაწყვეტილებით თეო კუხიანიძე დასახელდა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით პრემია "დურუჯის" ფარგლებში ტრადიციულად ჯილდოვდება ახალგაზრდა რეჟისორული ნამუშევარი, გამარჯვებულს კი სამინისტრო გადასცემს 10 000 ლარს, რომელიც მომავალი სეზონის განმავლობაში ახალი სპექტაკლის დადგმას უნდა მოხმარდეს. წელს პირველად განისაზღვრა ახალგაზრდა რეჟისორის ასაკი და ზედა ზღვრად დასახელდა 35 წელი.
საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორთა შორის იყვნენ დასახელებული:
1. დათა თავაძე - "ტროელი ქალები", სამეფო უბნის თეატრი
2. მიშა ჩარკვიანი - "მოჩვენებანი", თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
3. ვანო ხუციშვილი - "მაკბეტი", ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი
საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი ჟიურის გადაწყვეტილებით დათა თავაძე გახდა, სპექტაკლი "ტროელი ქალები" კი ამ წარმატების მიზეზი თავად რეჟისორისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე სპექტაკლით დათა თავაზე საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი. მათ შორის ასევე იყვნენ;
1. თემურ ჩხეიძე - "გრონჰოლმის მეთოდი", კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
2.  რობერტ სტურუა -  "მარია კალასი. გაკვეთილი", თეატრი "ფაბრიკა"
3. დავით მღებრიშვილი - "ალუბლის ბაღი. რეპეტიცია", ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
4. ვანო ხუციშვილი - "მაკბეტი", ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი
ცერემონიის დასასრულს  გამოვლინდა საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, ტრადიციულად ეს ნომინაცია პრემია "დურუჯის"  გენერალური სპონსორი კომპანია რედიქსის დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა წარადგინა. თემურ ჩხეიძის დაბრუნება საქართველოში და მისი კიდევ ერთი ღირსეული სპექტაკლი-"გრონჰოლმის მეთოდი", შესაბამისად დააფასა ქართულმა თატრალურმა საზოგადოებამ.
პრემია "დურუჯი" ერთი წლით დაგვემშვიდობა და დაგვიტოვა განწყობა, რომ მსგავსი  ღონისძიებები, მეტ ფერს, ხალისს, ინტერესს, შინაარსს, სძენს თანამედროვე ქართულ თეატრს.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა