გვანცა გულიაშვილი
ენტონი ბერჯესის ”მექანიკური ფორთოხალი” მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანია - სისასტიკისა და ბოროტების ჰიპერბოლიზირებული დრამა, რომელსაც მოგვიანებით რეჟისორი სტენლი კუბრიკი გამოეხმაურა იმავე სახლეწოდების ფილმით. ფილმი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ მას პიერ პაოლო პაზოლინის ”სალო-სოდომ გომორის 120 დღეს” ადარებდნენ მასში ასახული ბოროტებისა და ადამიანური ცოდვების სიმძაფრით. თუმცა ამჯერად, მინდა მოგითხროთ, ”მექანიკური ფორთოხალის” სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე.
რეზონანსული სპექტაკლების მოყვარულმა ავთო ვარსიმაშვილმა არც ამჯერად უღალატა თავის ხაზს და ბერჯესის გენიალური რომანის სცენიური ვერსია შემოგვთავაზა. ცხადია, გავლენის არიდება, როდესაც კუბრიკზეა საუბარი,არ იქნებოდა იოლი, თუმცა რეჟისორული ჩანაფიქრი, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს კუბრიკთანკოპირებას. მოქმედების დრო და ადგილი მთლიანად არის შეცვლილი, ისევე როგორც პერსონაჟთა სახელები და დამახასიათებელი ნიუანსები. ბერჯესის რომანი ზოგადად ასახავს სადიზმს, როგორც ფსიქოზის ერთ-ერთ ურთულეს გამოვლინებას. ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლში კი მოქმედება 90-იანი წლების თბილისში მიმდინარეობს. გმირებს ქართული სახელებითა და იმ პერიოდის თბილისური, ძველბიჭური-მხედრიონელებისათვის დამახასიათებელი ლექსიკით, გადავყავართ არც ისე შორეულ და ჯერ კიდევ ძალიან მტკივნეულ თბილისურ რეალობაში. მინიმალისტური დეკორაცია - სულ რაღაც ოთხი გამურული აგურის კედელი, რომელზეც ”ვეფხისტყაოსნის” ზიჩისეული ნახატების ჩამოხელ რეპროდუქციებს ვხედავთ, ალბათ, სიმბოლურია (მხატვარი მირიან შველიძე). სპექტაკლი მთლიანად დაყოფილია ეპიზოდებად. აქ არ არის დრამისეული კომპოზიციის ტრადიციული გამოყენება.სიტუაციური თხრობის მანერა დინამიურს ხდის წარმოდგენას და თითქოს აიოლებს საკმაოდ მძაფრი სცენების აღქმას. სცენის სიღრმეში ზემოდან დამონტაჟებულია ოთხი მონიტორი, სადაც მთელი წარმოდგენის განმავლობაში გადის კადრები- 90-იანი წლების თბილისი, მიტინგები, აფხაზეთის ომი, და იმ პერიოდის ქართული სახეები და სახელები-გამსახურდია, კიტოვანი, იოსელიანი, შევარდნაძე... აქ უკვე მკაფიოდ ხდება ილუსტრირება თუ რა პრობლემასა და პერიოდს ეხება რეჟისორი. ეკლექტიკურია სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება-ჯო კოკერის, ბეთჰოვენის სიმფონიებისა და წინწყაროს გამოყენებით, იქმნება შთაბეჭდილება არაერთგვაროვანი და ურთიერთგამომრიცხავი ფონის, სადაც აკადემიურს, მოდურსა და ეროვნულს შორის წაშლილია ზღვარი და ჩნდება ერთგვარი მიქსი, რაც ზოგადად არის დამახასიათებელი გარდამავალი ეპოქისათვის.
გაიცანით ბერჯესის ვარსიმაშვილისეული ოთხი სადისტი - ოთხი თავზეხელაღებული თბილისელი: ლექსო, ჯორჯი ბიჭი, ბნელო და კოსტა. ისინი ტიპური სახეებია თაობის, რომელსაც დღეს ”დაკარგული თაობა” დაერქვა. თმაზე ბრიოლინით, რეიბანებით, ინსპექტორებით, ტყავის ჟილეტებით, ხელში ”ბაბოჩკებით”და, რაც მთავარია, ჯიბეში მხედრიონელის ქსივით. სპექტაკლის პირველივე სცენა, როდესაც ქრება სიბნელე და ხედავ ოთხ სხვადასხვა პოზაში ფეხზედამდგარ, ჩაძინებულ ახალგაზრდას –მიგანიშნებს მათი არაფხიზელი ცხოვრების სტილზე, ისინი ბავშურად იწყებენ ომობანას თამაშს, რაც ასევე ალეგორიაა იმ დაუსრულებელი ომების, რომელიც 90-იანების საქართველოს მოედო. ოთხი სადისტი - სპექტაკლის თითოეულ ეპიზოდში კიდევ უფრო მეტად მძაფრდება მათი დამოკიდებულება სადიზმზე, როგორც ნარკოტიკზე. დიახ, ისინი, უბრალოდ, არანორმალურ ნეტარებას განიცდიან ადამიანთა წამებით.
ჯორჯი ბიჭი-ჯაბა კილაძე, ის დამაჯერებლად ქმნის პრიმიტიული სადისტის სახეს, განსაკუთრებით მძაფრია მისი მონოლოგი, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთ მიზანსცენას წარმოადგენს, მსახიობი, აშკარად, აღძრავს მაყურებელში თანაგანცდის სურვილს. იჯერებ, რომ ეს პიროვნების ტრაგედიაა.
პირველ ეპიზოდში მოხუცი პროფესორის დამცირებით, წიგნების დახევითა და შეურცხყოფით ვლინდება მათი ზიზღი ინტელექტისა და ინტელიგენციის მიმართ - ყველაფერი ფასეულისადმი აგრესია და ღია ცინიზმი. ძნელი სათქმელია, მოხუცის გაძარცვა წარმოადგენს სადისტებისმიზანს თუ მხოლოდ მისი წამება, ფიზიკური შეურაცხყოფა და დამცირება. ისინი თითქოს არაადამიანური აგრესიით ცდილობენ სტერეოტიპების წინააგმდეგ ბრძოლას. მოულოდნელად, ერთ-ერთი მათგანი მოხუცს კლავს, რაც თითქოს მეგობრების გეგმაში სულაც არ შედიოდა, არც თავად ჯორჯი ბიჭი აპირებდა ამას, მაგრამ ის აფექტში ვარდება. ნათელია, რომ ის მკვლელია, პირსისხლიანი მკვლელი, რომელიც ადვილად ვარდება აფექტში და მისი შეჩერება შეუძლებელია.
არნახული სისასტიკით უსწორდება ჯორჯი ბიჭი უწყინარ ლოთსაც. ამ შემთხვევაში, მასში აგრესიას ლოთის საბავშვო მანქანით თამაში იწვევს. ის ომის სინდრომითაა დაავადებული. გამუდმებით წინ უდგას მოკლული მეგობრების სახეები და მისმიერვე აფეთქებული და ცეცხლწაკიდებული ბავშვები. ის ავადაა ფსიქიურად და სადიზმი ამ ავადმყოფობის გამოვლინებაა.
ბნელო-სანდრო მარგალიტაშვილი. სანდრო თეატრის რეპერტუარში ძირითადად კომიკური პერსონაჟებით ახსოვს მაყურებელს, ამ შემთხვევაში განსხვავებულია მისი ამპლუა. უნდა ითქვას, რომ არც თუ ურიგოდ ახერხებს მსახიობი თავზეხელაღებული, პროვინციელის სახის მორგებას, ის არ აპელირებს აქცენტით, მისი ქცევისა და აზრების დინამიკაში იკვეთება პიროვნების სახე, გამუდმებით ინიღბება, ხშირად საუბრობს საკუთარ თავთან და პიროვნულ ჩაკეტილობასთან ერთად, არც ქვენაგრძნობებს ერიდება.
სოფლელი ბიჭი, რომელსაც გამოუდმებით ტანჯავს პროვინციელის კომპლექსი და საკუთარი ამხანაგების მიმართაც განიცდის ზიზღს (რასაც მალავს) - ” ამათი გოგლიმოგლზე გაგზრდილი დედაც...” მისთვისაც სადიზმია გამოხატვის ფორმა, რომელითაც ბავშვობის დროინდელ კოპლექსებს ებრძვის. ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებით, მამის თვალწინ, კიდევ უფრო მძაფრდება წარმოდგება გმირების დაუშრეტელ სადისტურ ფანტაზიებზე.
ესეც კოსტა-ლაშა გურგენიძე, ნაკლებ გამოცდილი და შედარებით ახალგაზრდა მსახიობი. რთულია მის ოსტატობაზე საუბარი, მაგრამ რეჟისორის სასარგებლოდ, უნდა ითქვას, რომ ზუსტადაა შერჩეული როლზე. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო მსახიობისგან არც დრამატული გმირისათვის დამახასიათებელი თანაგანცდის გამოწვევა, არც მანერულობის კონტროლი, ის ერთი დაბნეული ახალგაზრდა სადისტია, თვით სადიზმშიც კი ახალბედა, ამდენად მსახიობის გამოუცდელობასა და პერსონაჟის დაბნეულობას შორის არსებული თანხვედრა აშკარად უკეთ თამაშობს, ვიდრე თავად მსახიობი.
კოსტა შედარებით ახალგაზრდაა და თითქოს შემთხვევით მოხვედრილი ამ ბანდაში. კოსტა შხირად ფიქრობს დედაზე და არც სინანულია მისთვის უცხო, მაგრამ მხოლოდ წამიერად. მეგობრებს აყოლილი, ადამიანებისადმი სასტიკი მოპყრობით, ისიც ცდილობს მიიღოს სიამოვნება.
ლექსო -აპოლონ კუბლაშვილი, თავისუფალი თეატრის ერთ-ერთი წამყვანი სახე. ის ცენტრალური პერსონაჟია, სპექტაკლის კულმინაცია და კვანძის გახსნაც სწორედ მის ექსპერიმენტირებას მოიცავს. რამდენადაც თავად რეჟისორის ჩანაფიქრი უარყოფს კოპირებას ეკრანულ ვერსიასთან, იმდენად მომეჩვენა, რომ მსახიობი ვერ აცდა ეკრანული გმირის გავლენას (კუბრიკის გენიალურ ფილმში მალკოლმ მაკდაუელი განასახიერებს იმავე პერსონაჟს). ასევე, გვერდს ვერ ავუვლით, მანერულობას, რაც მოჭარბებული და ზოგჯერ თვითმიზნურიც იყო, ცხადია, გმირის ხასიათი ითხოვდა მსახიობისაგან მძაფრი ემოციურობისა და სისასტიკის ჩვენებას, მაგრამ მაინც აკლდა მსახიობს დამაჯერებლობა. ტექსტუალური მხარე ხშირად იკარგებოდა მიმიკისა და ჟესტიკულაციის არასწორი გამოყენებით.
ყურადღებით, თქვენ გითვალთვალებენ!
მეორე მოქმედებაში იშიფრება, რომ სადისტებზე გამუდმებით მიდის თვალთვალი. ისინი, როგორც საცდელი ვირთხები, ერთ-ერთი ექსპერინტის დაკვირვების საგნად ქცეულან. ოთხივეს, სათითაოდ კიდევ ერთხელ გადაავლებენ თვალს და მათ შორის განსაკუთრებულად სასტიკს, ინტელექტუალს, გარყვნილს, ცივსისხლიან სადისტს ამოირჩევენ. ეს ლექსოა.
ლექსო არჩეულია, ის თავად აწერს ხელს ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილზე, რის სანაცვლოდაც თავისუფლებას მიიღებს. ექსპერიმენტი 40 დღეს გრძელდება, არც ეს ციფრია შემთხვევითი, რელიგურ დატვირთვას აქ სიმბოლური ხასიათი აქვს. მიზანი კი ლექსოს სადიზმისგან განკურნებაა. ”ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით უფრო მაინც ახლოა ღმერთთან, ვიდრე ის, ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყენებენ?!“- იქნებ, სადაოც იყოს ვინმესთვის ეს ფრაზა,მაგრამ ექსპერიმენტის შედეგი აშკარად ამტკიცებს მის სიმართლეს. შუქთა თამაში და მუსიკის სიმძაფრე მაყურებელსაც ექსპერიმენტის მონაწილედ ხდის. ეს, უკვე რეჟისორის მანიპულაციაა, რაც უნდა ითქვას, რომ აღწევს მიზანს - დარბაზი დათრგუნულია. ლექსო სრულ დეგრადაციამდე მიდის და ამის შემდეგ ის უკვე თავისუფალია - ეს, ის თავისუფლებაა, რომლისთვისაც იბრძოდა! ის პიროვნება აღარ არის, სრულიად წაშლილია სადიზმის ყოველგვარი კვალი, მაგრამ მასთან ერთად ქრება ყველაფერი, რაც ძვირფასი და საყვარელი იყო ლექსოსთვის, ბეთჰოვენის მუსიკაც, ქალით ტკბობის ნეტარებაც და ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი - ეროვნულობა. ის თავისუფლად შეიძლება მართონ და ამას გარდა, მას საზოგადოებაზეც შეუძლია მოახდინოს გავლენა. ეს შიშია, საზოგადოებაში დანერგილი შიში, რომელიც მექანიკური ექსპერიმენტით დეგრადირებულ პიროვნებას შეუძლია დათესოს. ” ეს გზა თავად აირჩიე”. დიახ, ეს ის გზა იყო, რომელიც 90-იანების თაობამ თავად აირჩია. გზა, რომელიც თავისუფლებამდე უნდა გასულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ექსპერიმენტისათვის გამოყოფილ ლაბორატორიაში დასრულდა.
ლექსოს განადგურებამდე კი, ბნელო ჯორჯი ბიჭს კლავს - მეგობრებს ერთმანეთი დაახოცინეს, გააწირინეს და ამ გზითაც ერთადერთ მიზნამდე - სრულ თვითგანადგურებამდე მიიყვანეს. ჯორჯი ბიჭი მოკლული, ბნელო დროსმორგებული, კოსტა ერთი უბრალო ხელოსანი და ლექსო სად არის? ”ვხედავ ხოლმე, სულ ტელევიზორშია”...
ეს ყველაფერი მახსენებს თბილისს, სადაც ე. წ. მხედრიონელთა ბანდები დათარეშობდნენ. თბილისს, სადაც ბნელოდა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ქალაქს, სადაც ”შეგჭამდნენ თუ არ შეჭამდი.” გმირები თითქოს მათივე განცდების მსხვერპლად ქცეულან, ჯორჯი ბიჭის მოკლე მონოლოგი, რომელიც მიზანსცენას წარმოადგენს პირველ მოქმედებაში არის ერთგვარი გამართლება ან ახსნა მათი სისასტიკის-”რა ჩვენი ბრალია ასეთები რომ ვართ?! იქ ჯობდა მოვმკვდარიყავით! ლაწირაკები გაგვყარეს ავტომატებით ხელში საომრად!...” ეს უკვე რეჟისორის მხრიდან აშკარა თანადგომაა ან თანაგანცდის გაღვივების სურვილი დრამატული გმირის მიმართ. ის დროისა და შექმნილი სიტუაციის მსხვერპლია, მის სადიზმს აქვს კონკრეტული საფუძველი, მაგრამ ბოროტება, როგორც გადაბმული ჯაჭვი, ისე მოსდებია ქალაქს და მისგან თავის დაღწევა შორეული და ბუნდოვანი პერსპექტივაა. ეს ის ქალაქია, სადაც აღარავინ ენდობა ერთმანეთს, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგია, სადაც გამუდმებით იბრძვიან თავისუფლებისათვის, რომელიც ამავე ბრძოლაშია დამარხული.
ბოროტება, რომელსაც ბოროტებითვე ვუპირისპირდებით, მას მხოლოდ აძლიერებს...
ვარსიმაშვილის რეჟისორული ჩანაფიქრი, თუკი მისი მიზანი მხოლოდ სრული სიმძაფრით 90-იანების აღდგენა-გახსენება იყო, შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს. ეს თემა მან პირველად არ გაგვახსენა. ბრეჰტის გენიალური ”კავკასიური ცარცის წრის” მისეული ვერსიაც, რომელიც საკმაოდ რეზონანსული იყო, რეჟისორმა იმავე პერიოდს მოარგო. მაშინ ბევრს წერდნენ იმაზე, თუ როგორ გაბედა სტურუას შემდეგ ”კავკასიურის”დადგმა, რაც ვთვლი რომ უსაფუძვლო კრიტიკა იყო, რადგან ერთსა და იმავე პიესაზე უამრავი ინტერპრეტაციით დადგმულა სპექტაკლები და ამის გაპროტესტება უბრალოდ აბსურდამდე მიდის, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესოა ავთო ვარსიმაშვილის დამოკიდებულება 90-იანი წლების ეპოქისადმი და ეს უდაოდ იყო ეპოქა, რომელმაც ცალსახად გადაატრიალა და შეცვალა ბევრი რამ ქართულ რეალობასა თუ ცნობიერებაში. აქტუალობის თვალსაზრისით თემა, ცხადია, ჯერ კიდევ ძალიან ცხელია და დიდხანს არ დაკარგავს ამ ღირებულებას, ამიტომ აქ ვერ შეედავები რეჟისორს, თუმცა სიფრთხილე და სიფაქიზე, რომელსაც ეს და ზოგადად, მსგავსი თემები ითხოვს, აშკარად სადავოა. თუ მაინცადამაინც გინდა გაიხსენო პეროიდი, რომელმაც უამრავის სიცოცხლე, ფსიქიკა, სახლი, სახელი, მიწა, საფლავი... შეიწირა, უნდა დაემსგავსო გაჭიმულ თოკზე მოსიარულე აკრობატს, ის ცხელი და მტკივნეულია, ამიტომ არანორმალურ სიფრთხილეს ითხოვს და რაც მთავარია, ბალანსს. აი, რა დამაკლდა ყველაზე მეტად-ბალანსი. ყოველთვის, როცა მხედრიონზეა საუბარი, აქცენტები მხოლოდ ძარცვა-გლეჯასა და მათ დანაშაულებრივ მხარეზე კეთდება, ეს ყველაზე ჭარბი რაოდენობით იყო მათ ”მოღვაწეობაში” და ამის გვერდის ავლა შეუძლებელიცაა მაგრამ რა ვუყოთ იმ რვაას პატარა ბიჭს, რომელიც პირველად ჩაეწერა მხედრიონელთა რიგებში და ცოცხალი არც ერთი აღარ დაბრუნებულა, თუკი მსგავსი სპექტაკლებით იმ თაობას ვუცოცხლებთ საქართველოს რომელსაც არ ახსოვს 90-იანი წლები, რატომ ვკარგავთ ამ სიკეთეს, ბოროტება, ხომ ისედაც გაცილებით მეტი იყო,?! ეს მედლის ორი მხარეა. რაც მეტად მტკივნეულია თემა, მით მეტად აუცილებელია ”მედალი” ისე დავკიდოთ სცენაზე, რომ მაყურებელმა შეძლოს დაინახოს მისი ორივე მხარე.
ყველას ვისაც მძაფრი შეგრძნებები გხიბლავთ, ვისაც აქვს უნარი აიტანოს სადიზმი სცენიდან, იცოდეთ რომ თავისუფალ თეატრში გელით მექანიკური წარმოდგენა ფორთოხლისმძაფრი არომატით.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04