სიმღერა ვირის ჭკუაზე
22-09-2014, 12:45

„კიჩი იმ სიყალბის  გამოხატულებაა, რაც

თანამედროვე ცხოვრებაში არსებობს“

კ. გრინბერგი

 

„ხრწნის თუ არა ცუდი ხელოვანი საზოგადოებას, ანუ  სიმღერა ვირის  ჭკუაზე“.

 

რუსთაველის თეატრი და მისი მაყურებელი საკმაო ხანი ელოდა ახალ პრემიერას დიდ სცენაზე. მიზეზთა და მიზეზთა გამო ეს მოლოდინი თითქმის ორი სეზონი გაიჭიმა. და ბოლოს რობერტ სტურუამ გადაწყვიტა პ. კაკაბაძის „სამი ასულის“ დადგმა. მ.  კუჭუხიძე იხსენებდა, რომ როცა დრამატურგისგან ნებართვა აიღო ამ პიესის დასადგმელად,  მან მეორე პიესა „ტყის ქალები“ შესთავაზა, როგორც  სჩანს მაშინ  (მეოცე საუკუნის 70-იანი  წლები) დრამატურგს ამ ნაწარმოების განხორციელება  შეუძლებლად ეჩვენებოდა,  რომელიც თავისთავად  დროს უსწრებდა,   ან რაღაც სხვა მიზეზი ჰქონდა, რომ „ტყის ქალები“ ამჯობინა.

დღევანდელ დღეს  სამხატვრო ხელმძღვანელის ამ არჩევანს უცნაურს ვერ დავარქმევდი. იგი უფლებამოსილია აიღოს ნებისმიერი ნაწარმოები სცენაზე წარმოსადგენად. რისი თქმა უნდა  ამ სპექტაკლით, რაც უკვე ისტორიად იქცა, გაიგებს თუ არა მას მაყურებელი და როგორი გამოვიდა  ის,  მოგვიანებით, როგორც წესი, არჩევანის სისწორე მაყურებლისა და კრიტიკოსთა შეფასებებში იჩენს ხოლმე თავს.  

პ. კაკაბაძის ამ ნაწარმოების მთავარი თემა იმ გმირის მოლოდინია,  რომელიც ქვეყანას  გადაარჩენს. სამი ასული ბებერი ჯაჯას კოშკშია  გამოკეტილი, დღე და ღამ შრომაში  რომ ატარებენ ცხოვრებას. ისინი  ვერ ეღირსებიან ვერც მაცხოვრის ხილვას (მხოლოდ სიზმრად) და ვერც ამ გმირს (რომელიც მხოლოდ მკვდრად მოევლინებათ). ესაა ერთგვარი „გოდოს მოლოდინი“, რომელიც  არ მოდის, თუმცა პიესის ფინალში ჯაჯას სიკვდილი, ლაშქრის ხმაური და საყვირების ხმა ამ იმედს მაინც უტოვებს პიესის პერსონაჟებს.

ჩვენი სასიქადულო დრამატურგის, პ. კაკაბაძის პიესას ის აქვს საერთო რუსთაველის თეატრის წარმოდგენასთან  რომ მისი პერესონაჟები მხოლოდ ქალები არიან და ვიღაცა კარზე აკაკუნებს, რომელიც ამ შემთვევაშიც  მაინც არ მოვა. რაც შეეხება „სამი ასულის“  იდეას -  სამშობლოს მხსნელი  ვაჟკაცის გამოჩენას სტურუას სპექტაკლში იგი  პირველსავე სცენაში იბადება, მაშინვე ხდება  სისხლისღვრის საბაბი და სულ მალე ცაში ამაღლდება და ზევიდან დასცქერის სამყაროს.

რობერტ სტურუას მიერ დადგმულმა პ. კაკაბაძის „სამმა ასულმა“, რომელსაც მან „ასულნი“ დაარქვა  ერთგვარ ტრილოგიად შეიკრა და გაერთიანდა - ხელოვანის ბედი სამშობლოში - იდეით. თ. ჭილაძის „ნადირობის სეზონი“, ტ. მაკნალის „მარია კალასი, გაკვეთილი“ და ბოლოს „ასულნი“, სადაც პირველ მათგანში ხელოვანს კლავენ, მეორეში კი თეატრიდან  აძევებენ. რაც შეეხება მის ბოლო ნამუშევარს, მასში  რეჟისორი გვაფრთხილებს  რომ „ცუდი ხელოვანი ხრწნის საზოგადოებას“.  

„მარია კალასი. გაკვეთილის“ შესახებ  რეცენზიაში ვწერდი: „თუმცა თავის ბოლო ნამუშევრებში რეჟისორი რობერტ სტურუა სულ უფო და უფრო „საკუთრი პერსონის პოლიტიკურ თეატრს“ ამკვიდრებს - „ნადირობის სეზონი“  და ახლა „მასტერკლასი“ ამის დასტურად მიმიაჩნია. ჩემი აზრით სწორედ ეს იყო იმ მოტივაცია, რის გამოც ხელოვანმა ეს პიესა აირჩია“ -  და რეჟისორის მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში სხვა კრიტიკოსებთან ერთად პასუხად მივიღეთ, რომ „რა ვქნა ასე გამომივიდაო“. თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ისეთ დიდ რეჟისორებს, როგორც რობერტ სტურუაა შემთხვევით არაფერი გამოსდით. სტურუა ერთ ინტერვიუში წერდა, რომ არ უყვარს როცა მის სპექტაკლებზე ამბობენ, რომ ისინი ერთმანეთს გავსო.  რა ვქნათ,  რეჟისორმა პოლიტიკური თეატრი გაიხადა ასპარეზად და ბუნებრივია ხშირად უწევს უკვე მიგნებული ხერხების ტირაჟირება და ციტირება. ვიდრე ეს ასე გაგრძელდება ნებსით თუ უნებლიედ მისი სპექტაკლები თავისთავად ერთმანეთს დამსგავსება.

პოსტმოდერნისტული „ნადირობის სეზონის“ შემდეგ რეჟისორი პოსტპოსტმოდერნისტულს (თუ გნებავთ მეტამოდერნიზმს - ტექსტსა და რეალობას შორის ზღვრის გაქრობა, ვირტუალობა, ნეოსენტიმენტალიზმი) ამჯობინებს. რეჟისორის მიერ შეპირებულ ფანტაზია-ხუმრობას პოლიტიკური პანფლეტის  ბუნება  შეეპარა. „საცოდავო ჩემო ეროს“, „საცოდავო ჩემო  ქვეყანას“ გაუთავებელმა ძახილმა და  ალუზორულობამ კიჩის სტილისკენ გადახარა ქმედება, სადაც აშკარად შეიმჩნევა  მისი ნიშნები. ასე მაგალითად, კიჩის დამახასიათებელი ნიღაბი (თეთრად შეღებილი სახები) ,  მუსიკალური ნომერი  (აქ ბრეხტისეული ზონგები), ერთნაირი, ყველას გამაერთიანებელი თეატრალური კოსტუმი,  და მასკულტურის ნიშანი -  ხასიათის სქემატიზაცია და ადამიანის გაუბრალოება (მისი სოციალური ფუნქციის წინ წამოწევით, მაგ. ხელოვანი ადამიანი, ქალი - დიასახლისი)  აქ  ქალი - მხსნელი - ყველაფერი სახეზეა.

სიმღერა ვირის ჭკუაზე

ასულნი, რომლების სპექტაკლში შვიდნი თუ რვანი არიან  დასაწყისში  (უნდა თავიდანვე  ითქვას, რომ სპექტაკლის დაახლოებით ოციოდე წუთი ძალიან გრძელი და არაფრის მთქმელია, რასაც ემატება ბახის შესანიშნავი მუსიკა,  მაგრამ ისე ხმამაღლა რომ ყურები  გტკივა) ერთმანეთს გვანან, ერთნაირად აცვიათ, ერთნაირად დადიან და მოძრაობენ ერთნაირად მღერიან და ცეკვავენ, ალბათ ერთიდაიგივე სახელებიც კი ჰქვიათ. სახეზეა  ქალის  ერთგვარი ნიღაბი, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე ისტორიის რაღაც მომენტში ამ ქალთაგან  ლიდერი არ გამოიყოფა და „ჩემი ერის, ჩემი საცოდავი ქვეყნის“  ძახილით დანარჩენი ასულების გადარჩენის გზას არ მონახავს. იგი  ახალ გამოსავალს სთავაზობს და დანარჩენებიც მიჰყვებიან მას: ზოგს კოჭლობით, ზოგს ცეკვით და ზოგსაც სიმღერით. მაგრამ ყველაფერი დროებითია და გარდამავალი - ყველა მათგანი კრახით  ამთავრებს თავის მხსნელურ  „პოლიტიკურ“ კარიერას, ქვესკნელში ეშვება და საზოგადო ფურთხს იმსახურებს.  

რატომ  ლიდერობის მსურველები ქალები და არა მამაკაცები?  იქნებ სტურუას მამაკაცი პოლიტიკოსი ლიდერის ასახვა  „ცუდადა აქვს დაცდილი“ („ჯარისკაცი, დაცვის ბიჭი, სიყვარული  და ... პრეზიდენტი“)?

სცენაზე მინიმალისტური, პრაგმატულ-პრაქტიკული დეკორაციაა (მხატვარი ა. ნინუა) განლაგებული: ნათურებით განათებული „გზა“, კიბე-კვარცლბეკი, რაზედაც  კი არ ადის,  არამედ ეშვება  ერთ-ერთი ასული, რომელიც გამუდმებით ინგლისურ ფრაზებს იყენებს, ჯერ კიდევ საკუთარი  შემოქმედი მამის არეალის ქვეშაა და რომელშიაც ცხადად ამოიკითხება მისი თანამედროვე პროტოტიპი, ტელეფონის ჯიხური  თუ ლიფტის კაბინა, საიდანაც  ქვეყნის მხსნელ პოლიტიკური მოღვაწეს „ზრდიან“, სასათბურე პირობებში.  

ამ სპექტაკლში ასახული მოვლენები, პერსონაჟები თუ სახე-სიმბოლოები  გამორჩეული მეტაფორული აზროვნების რეჟისორისთვის  ძალზე სწორხაზოვნად და პლაკატურად მომეჩვენა. მათ რიცხვში პირველობს და არცთუ რთული მისახვედრია დღესდღეისთვის უკვე გაცვეთილი თემის ორი უმაღლესი რანგის  სახელმწიფოს მოღვაწის - პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირების ასახვა, სტურუასათვის საყვარელი ძალაუფლების სიმბოლოს - სამეფო გვირგვინის ორად გახლეჩის გზით. იმერული მელოდიები, მოფილოსოფოსო პოლიტიკური მოღვაწის ინტერვიუ და აშ.

თუმცა ეს ყველაფერი ძველია - არახალია. ისევე როგორც ციტატები „ყვარყვარედან“,„რიჩარდ მესამიდან“.  ქალწულთა თუ ასულთა ლტოლვა თავისუფლებისკენ ისიც მოჩვენებითია, ისევე როგორც პ. კაკაბაძესთან - ჯაჯას სიკვდილის შემდეგ კარი ღიაა, მაგრამ გასვლას არავინ აპირებს, სპექტაკლი თავდება და არც არაფერი ხდება.

„მაინც რა არის ჩვენი ყოფა წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?“- მოსთქვავენ პერონაჟები.

სიმღერა ვირის ჭკუაზე

რუსთველის თეატრის მოყვარულმა მაყურებელმა მონატრებული რეჟისორის ახალი პოლიტიკური სპექტაკლი იხილა და მინდა გითხრათ დიდად კმაყოფილი დარჩა, კმაყოფილი იმ „შემოლაწუნებით“, რაც მათ 15 სექტემბერს მიიღეს. ამ თარიღს ვაკონკრეტებ, ერთი მიზეზის გამო. არგამოცხადებულ „შიდა ჩვენებაზე“ იმდენი მაყურებელი გამოცხადდა, რომ მსურველებს დარბაზი ვერ იტევდა და ჩვენ ქართველი „სნობი“ მაყურებელი იმის განცდით და სიხარულით, რომ ამ ჩვენებაზე მოვხვდით, სულ დაგვავიწყდა, რომ ყოველივე ეს, რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ, ჩვენ გვეკუთნოდა და ლოყებიც ჩვენ უნდა აგვწითლებოდა.  იცვლება  ფორმაცია, იცვლებიან ლიდერები და პრეზიდენტები, მაგრამ არ იცვლება საზოგადოება. ყველა „ფურთხის ღირსია“  აკაკის დროსაც და ახლაც.

 

 

 

კომენტარის დამატება

განცხადების დაფა
გამოკითხვა
სტატისტიკა