ლირის სიმღერები
9-10-2014, 14:30

ვიმღეროთ ლირი, ცრემლით, სხეულით, დაძაბულობით, ბგერით რომელიც ჩვენი სულიდან მოდის. იმღერე ყველგან და განიცადე ყოველთვის, მოემზადე კათარზისისთვის, იტირე უდიდეს ტრაგედიაზე და გაიაზრე თხემით ტერფამდე, ეს ის შეგრძნებებია რომელიც 27 სექტემბერს თეატრმა ,,თხის სიმღერა" (პოლონეთი) ჩემში და არა მხოლოდ ჩემში დაბადა. უყურებ და ნელ-ნელა შედიხარ  ტრანსში, რომელიც გიპყრობს და 65 წუთის მანძილზე გჭიმავს.

1996 წელს გრეგორ ბრალისამ და ანა ზუბრზიჩკამ თეატრი ,,თხის სიმღერა" დაარსეს. ისინი ინოვაციურ დასად აღიარეს, რადგან მუდმივად სწავლობენ, იზრდებიან და ეძებენ იმ გზებს, რომლებიც ანვითარებენ თეატრალურ-სამსახიობო ტექნიკას. ამ დასის მსახიობები გამორჩეულად მუშაობენ მოძრაობაზე, ხმაზე, სიმღერაზე და ამ ყველაფრის გაერთიანებაზე.

წარმოდგენის პრემიერა ედინბურგის ფესტივალზე 2012 წელს მოხდა, ხოლო 2014 წელს, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ესტუმრნენ, სადაც დატოვეს თავიანთი ღრმა კვალი. ,,ლირის სიმღერები"-  ესაა დრამატული წარმოდგენა, მასში არა ტექსტით, არა უბრალო მოქმედებთ, არამედით სიმღერითა და ბგერითაა გადმოცემული შექსპირისეული სული და ენერგეტიკა, აქ ამბის მოყოლასთან ერთად შენ ყველაფერს გრძნობ, სხეულში გეჭრება და თავიდან ფეხებამდე შენში ისადგურებს. დადგმა ინსპირირებულია კანდინსკის ნახატების გამოფენით ლონდონში და მასში გამოყენებულია 12 სიმღერა. რეჟისორი წარმოდგენაშიც სწორედ იმ გამოფენის მსგავსად სხვადასხვა ფერებს იყენებს, რომლებიც ბგერებში, რიტმში და მთლიანად მუსიკაშია ასახული. სრულიად ახალი მიმდინარეობა მუსიკაში, არა კლასიკური ვოკალი (ბელკანტო) და საშემსრულებლო ფორმა, არამედ თანამედროვე ვოკალური ტექნიკა.  სწორედ ამ ფორმით იყო ეს სპქტაკლი გაკეთებული და მსახიობების სიმღერაც ზუსტად იგივე სტილით და ტექნიკით შესრულებული. სპექტაკლმა სრულიად გადმოაყირავა ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლებოდა ლირი დაედგათ კიდევ ერთხელ. 12 სიმღერა, რომელიც იწყება და ლოგიკური შინაარსით ჯაჭვურად ებმევა ერთმანეთს, გვიამბობს მეფე ლირის ტრაგიკულ ისტორიას, სიმღერები ინგლისურ და კოპტურ ენებზე იყო შესრულებული. ექსპრესია თანდათან სულ უფრო და უფრო იძაბება, იჭიმება, მუსიკა დრამატიზირდება, მოძრაობა და სანახაობა კიდე მეტად შემზარავი ხდება (არადა აქ არავითარი სპეც ეფექტები არ არსებობს, აქ ყველაფერი წმინდა შესრულება და არტისტიზმია) მხოლოდ ხმით, რიტმით, მუსიკით და მოზომილი, მაგრამ ძალიან ზუსტი ფიზიკური გამომსახველობით. მსახიობის ტექნიკა, მეტყველების მანერა, რომელიც თითოეულ წამღერებულ თუ ნამღერ სიტყვას მკაფიოდ გამოსცემდა. გასაოცარი იყო ტექნიკურად ძალიან სწორად  შესრულებული, სიმღერის დროს მუცლიდან ამოსული ბგერები,  ურთულესია ასე ზუსტად დასვა ბგერა მუცლის დიაფრაგმაზე, და შემდეგ ასევე სწორი ფორმით ამოუშვა ის მზის სინათლეზე. 

სასწაული რომელიც სცენაზე იბადება, იქ ცოცხლობს, და შემდეგ ისევე ქრება ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ,,ლირის სიმღერები" სოწორედ ამ სიტყვებით შემიძლია შევაფასო, ნამდვილი კათარზისი და სანახაობა, რომელიც სულის შემძვრელად მოგვიტანეს თითოეულ ჩვენგანს, არა მხოლოდ გაგვაგებინეს, არამედ გვაგრძნობინეს, და ეს არ იყო შექსპირის პირდაპირი ციტირება, ან მისი ტექსტის ადაპტირება, ეს გახლდათ სიმღერები რომლებიც მთელი თავისი შინაარსითა და ემოციურობით ამ ტრაგედიას კიდევ უფრო ხილულს და მტანჯველს ხდიდა. ვიმღეროთ ლირის სიმღერები, ფსალმუნები და მოხდება სასწაული, კათარზისი თავად ამ წარმოდგენაში.

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა