„რკინის თეატრი“ - გაზაფხულის გაკრთომა წამის მეასედში (ბოზების, პოლიციელების, პოლიტიკოსებისა და მათხოვრების ფონზე)
29-10-2014, 12:49
ავტორი:  თეა კახიანი

2014 წლის  7 ივნისს, თბილისში, „რკინის თეატრის“ შენობა გაიხსნა. რეჟისორი, რომელიც თავისი საინტერესო და წარმატებული თეატრალური გამოცდილებით, ამ ტყვიისფერი, შავი და წითელი ფერებით გადაწყვეტილ, ახალ თეატრალურ სივრცეს გვთავაზობს დათო ანდღულაძეა. უკვე რამოდენიმე წელია, თავისი ყოფილი სტუდენტებისაგან შეკრული დასით დგამს  სპექტაკლებს, რომლებიც თავისთავად არ არიან სიახლეს მოკლებულნი, მაგრამ ის, რაც მათ, 7 ივნისს,  წარუდგინეს მაყურებელს, ნამდვილი სიურპრიზი იყო!  აღფრთოვანება გამოიწვია თეატრის შენობის განსხვავებულმა კონსტრუქციამ და განსაკუთრებულმა ატმოსფერომ. სწორედ აქ, აგურის კედლების, ჯვალოს ტომრებისგან შეკერილი „პალავიკის“, წერტილოვანი მხატვრული განათების და სხვა უამრავი არაორდინალური დეტალისაგან შექმნილ სივრცეში  პირველი პრემიერა შედგა. მაყურებელს ჯორჯ ორუელის  ნაწარმოების მოტივეზე დადგმული „ფერმა“ წარუდგინეს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნოეს კიდობანი ყველაზე ხშირად ნათქვამი ასოციაციაა „რკინის თეატრის“ ვიზუალურ მხარესთან მიმართებაში.  გამორიცხული არ არის  მართლაც ასეთი ყოფილიყო თანამედროვე კიდობანი, სიცოცხლის და მისი უმაღლესი გამოვლინების, ადამიანის გადარჩენა რომ დავალებოდა. მასშტაბური, უხეში და დაუმთავრებელი.   

 

სახელწოდება

თეა კახიანი - ის, თუ  რატომ დაერქვა თქვენს თეატრს „რკინის თეატრი“,  როგორც ჩანს საყოველთაო ინტერესის საგანია! ბევრი ფიქრობს, რომ ეს ოთარ ჭილაძის რომანთან არის დაკავშირებული.

დათო ანდღულაძე - ოთარ ჭილაძის რომანს არავითარი კავშირი არა აქვს ჩვენს „რკინის თეატრთან“, უბრალოდ  ბატონ ოთარს ერთხელ ვუთხარი, რომ ახალ თეატრს ვაშენებდი ამ  სახელწოდებით,  რაც ძალიან გაუხარდა. მშენებლობაში 100 ტონაზე მეტი რკინაა გამოყენებული. „რკინის თეატრია“,  იმიტომ, რომ მომწონს ეს მასალა, მისი თვისებები!  ის ერთდოულად მაგარია და თან ადვილად დასამუშავებელი.

თ.კ. - ისტორიიდან მახსოვს, რომ რკინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებლები  ქართველური ტომები, ხალიბები იყვნენ. იქნებ, ესეც არის ამ სახელწოდების არჩევის მიზეზი?

დ.ა. -  არა,  ასეთი ღრმა ფესვები ამას არა აქვს. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო სახელწოდებაა, მაგრამ ახლა იმდენად გავითავისე ის, რომ უკვე თავისთავად არსებობს. ცოცხალი ორგანიზმია და იმდენად დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო, რომ მე, ახლა უბრალოდ  „რკინის თეატრში“ ვმსახურობ.  თანაც ეს სახელწოდება ბუნებრივად დაიბადა. მშენებლობის პროცესში ჩართული მუშებიც კი ამბობდნენ, რომ  „რკინის თეატრში“ მოდიოდნენ. ასე დარჩა დიდხანს და შემდეგ მართლაც განხორციელდა „რკინის თეატრი“.  აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,  ვინც გარკვეული წვლილი შეიტანა ამ საქმეში, განსაკუთრებით ბატონ კობა ჯანიკაშვილს, რომელმაც, სრულიად უანგაროდ, ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია.

 

Back ground

ახალი თეატრის შექმნამდე იყო მკვეთრი პროფესიული მიღწევებით აღნიშნული შემოქმედებითი გზა. მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებული გრიგოლ რობაქიძის  „გრაალის მცველნის“ სცენური ვერსია მთელი ქვეყნის დამოუკიდებლობის  დაუძლეველ სურვილს და მისწრაფებას გამოხატავდა.  საკმარისია გადახედოთ ამ დროის პერიოდულ გამოცემებს, რომ მიხვდეთ,  ეს სპექტაკლი 90-იანების დასაწყისის „ჰიტი“ გახდა!  შემდეგ ახმეტელის თეატრში, მოულოდნელი ფეიერვერკი, ფრიდრიხ დიურენმატის „მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი“, რომელსაც რეჟისორმა „მეორედ მოსვლა“ უწოდა.   ერთდროულად  მასშტაბური და  უმცირეს დეტალებამდე დამუშავებული. სულისშემკვრელად მხატვრულიც! ორივე სპექტაკლმა პროფესიული წრეებისა და ფართო მაყურებლის აღიარება დაიმსახურა, თუმცა ჩემთვის, როგორც მკვლევარისთვის მისი ერთი, ნაკლებად აღიარებული ნამუშევარი ნამდვილ აღმოჩენად იქცა  „38-ე“, შექსპირისა და სტოპარდის ნაზავი,  წარმოდგენა, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვიდაო, რადგან მაქვს საკმარისზე მეტი საფუძველი იმისათვის, რომ მასში გამოყენებული ხერხები და განხორციელებული ექსპერიმენტები დროში წინმსწრებ მიგნებებად მივიჩნიო. ალბათ ასეთი, თამამი და აღიარებაზე არ გათვლილი შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ატარებს იმ ძალას და იმპულსს რასაც შეუძლია წინ გასწიოს მხატვრული აზროვნება, თუნდაც სულ ერთი ნაბიჯით. ბევრისთვის, ჩამოთვლილი, საკმარისი იქნებოდა ქართულ თეატრალურ ისტორიაში თავის ღირსეულად დამკვიდრებისათვის, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის.

 თ.კ. - რამდენი წელი აშენებდით „რკინის თეატრს“,  არ ვგულისხმობ იდეიდან დღევანდელობამდე, ვგულისხმობ ტექნიკურად რამდენი ხანი დასჭირდა ამ თეატრის აშენებას?

დ.ა. – „რკინის თეატრს“ მრავალი წლის განმავლობაში ვაშენებდი. გვქონდა დიდი ჩავარდნებიც, ერთი თვე ვიმუშავებდით, რაღაც სეგმენტს გავაკეთებდით, მერე გავჩერდებოდით.  იმიტომ,  რომ პარალელურად მე ვიყავი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სწორედ ამ პერიოდში გავაკეთე „ახმეტელის“ რეკონსტრუქცია.  იმ დროს, ჩემთვის პირველი რიგის ამოცანა ეს იყო. ამ მოვლენებმა გარკვეულწილად დროში შეაფერხა „რკინის თეატრის“ მშენებლობა, რომლის შექმნის იდეას ჯერ კიდევ მარჯანიშვილის თეატრში ყოფნის პერიოდიდან ვამუშავებდი. მქონდა ეს ადგილი და თუ როგორი უნდა ყოფილიყო თეატრის სივრცე, კონცეფციის დონეზე, ვფიქრობდი. თან ვეჭვობდი, საჭირო იყო კი რამე ახალი, როდესაც არსებული,  ყველაზე კონსერვატიული  თეატრალური სივრცეც კი შეგიძლია აქციო მოულოდნელ, თანამედროვე გარემოდ?!   როდესაც შვეიცარიიდან დავბრუნდი,  ახმეტელის თეატრის რეკონსტრუქცია დავიწყე,  „რკინის თეატრის“ მშენებლობა კი გავაჩერე. საბოლოოდ,  ახმეტელის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, 2007 წელს, მთელი ჩემი ძალისხმევა  გადაერთო ამ მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობდი  ახალგაზრდებთან, ჩემს სტუდენტებთან.  შედეგად დაიბადა სპექტაკლი, რომელიც  ქუჩაში ვითამაშეთ, სახელწოდებით „სულ სხვა ოპერა“.

თ.კ. - „სულ სხვა ოპერა“, რომელიც „რკინის თეატრის“ პირველი სპექტაკლი იყო,  2011 წელს დაიდგა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესს ოთხი წელი დასჭირდა?

დ.ა. - დიახ, რადგან განათლება დროში გაწელილი პროცესია. სწრაფად ეს არ კეთდება.
„რკინის თეატრი“ - გაზაფხულის გაკრთომა წამის მეასედში (ბოზების, პოლიციელების, პოლიტიკოსებისა და მათხოვრების ფონზე) 

 

დრო, პოლიტიკა და პროტესტი

საბჭოთა კავშირი, რეჟიმი, რომელიც უახლოეს წარსულში ხელოვნებამ და მთლიანად ადამიანმა მძიმე ავადმყოფობასავით გადაიტანა, დამოუკიდებლობის პირველი ხიბლი და მისგან მომავალი უამრავი ეკონომიკური თუ მენტალური პრობლემა, ყველაფერმა ერთად შექმნა ძალიან სპეციფიური ქართული სინამდვილე.   ხელოვნება მასში თავის საყრდენს, გადარჩენისთვის აუცილებელ კუნძულებს ეძებს და დროისა და პოლიტიკის კონტექსტში მოქცეული თავის დაღწევას ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის, პროტესტით ცდილობს. 

დ.ა. - ვიყავი სახელმწიფო, აკადემიური თეატრის რეჟისორი საბჭოეთის დროს და ძალიან სწრაფად აღმოვჩნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო თეატრის რეჟისორი. ისე რომ, რაც კი შეიძლებოდა საკუთარ თავზე მეწვნია და  გამოცდილება მიმეღო, ყველაფერი გამოვიარე.   მერე, როცა ის ქვეყანა დაინგრა, გაჩერდა მთელი თეატრები, რამაც ძალიან გამაბრაზა.  ჩვენი გაჩერება არ შეიძლებოდა. იმიტომ მომრავლდა საქართველოში ამდენი უნიჭო პოლიტიკოსი, რომ მოღვაწეობის ერთადერთი სფერო ეს დარჩა. სხვათაშორის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მივადექი ბრეხტის „სამგროშიან ოპერას“, სწორედ ეს იყო! ქვეყანაში დარჩა მხოლოდ ბოზების, პოლიციელების, პოლიტიკოსებისა და მათხოვრების პროფესია.  აი, აქედან გაჩნდა ეს იდეა!

თ.კ. - შემოსავლიან პროფესიებს გულისხმობთ, ალბათ...

დ.ა. - ვგულისხმობ იმ პროფესიებს, რითიც შეიძლება ადამიანმა თავი ირჩინოს.  ქვეყანა, სადაც ფასობს მხოლოდ პოლიტიკოსი, მათხოვარი, ბოზი და პოლიციელი, არ შეიძლება იყოს წარმატებული. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლებაზე და კულტურაზე ზედმეტია საუბარი. ასეთი ქვეყანა ვერ განვითარდება, ის მხოლოდ რეგრესს განიცდის.

თ.კ. - ეს პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირს ნიშნავს,  იმას ნიშნავს, რომ ხელოვანის სათქმელი, ძალიან ახლოს არის პოლიტიკური ვითარების შეფასებასთან, ანალიზთან და ზოგადად, პოლიტიკა განმსაზღვრელია თუნდაც იგივე ხელოვანისთვის.

დ.ა. - ცხადია, ამას გვერდს ვერ ავუვლით, თუნდაც იმ მაგალითით  ვიმსჯელოთ,  კულტურის სამინისტრო რომ გარკვეულ თანხას ბიუჯეტში აბრუნებს! ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ცუდად მუშაობენ. როგორ შეიძლება ასეთი რამ  მოხდეს, როდესაც ჩვენს სფეროში  უამრავი რამ არის გასაკეთებელი და ყოველთვის სახსრების უკმარისობაა.

თ.კ. - ამ პირობებში კერძო თეატრებისთვის, რასაკვირველია, ძალიან რთულია არსებობა.

დ.ა. -  არა  იმ თეატრებისათვის, რომლებიც მიბმულნი არიან კონკრეტულ ორგანიზაციებთან და თუნდაც კომუნალურ ან სადადგმო ხარჯებს მარტივად ფარავენ.  თბილისში სულ ერთი-ორი ნამდვილად კერძო თეატრი არსებობს.

თ.კ. - მათ შორის ყველაზე გრანდიოზული „რკინის თეატრი“

დ.ა. - არ ვიცი რამდენად „გრანდიოზულია“, შეიძლება ყველაზე დიდი იყოს.

თ.კ. - დიახ, მე სწორედ კვადრატულ მეტრებს ვგულისხმობდი

დ.ა. - მაგრამ თეატრისთვის კვადრატული მეტრები არ არის განმსაზღვრელი. მართალია, მე ჩემი სივრცე მომწონს ყველაზე მეტად, მაგრამ მაინც, თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი და აქ გადამწყვეტი ის ხალხია, ვინც ამას ქმნის. თავისთავად ამ ერთობის შენებას დასჭირდა სწორედ ის დრო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.„რკინის თეატრი“ - გაზაფხულის გაკრთომა წამის მეასედში (ბოზების, პოლიციელების, პოლიტიკოსებისა და მათხოვრების ფონზე)

 

ალტერნატივა

ხელოვნება თითქმის ყოველთვის რომელიმე რეალობიდან ამოხტომის სურვილს გულისხმობს. გულისხმობს გრძნობდე, ხედავდე და აკეთებდე სხვა სამყაროს, არსებულის ოპოზიციურ  ანარეკლს, რომელსაც თვითონაც შეუძლია აირეკლოს. 

თ.კ. - შემოქმედებითი მოღვაწეობის არსებული არეალი, ჩაკეტილ სივრცეს გავს, რაც აუცილებლად უნდა გაიხსნას. თავისუფალი ინიციატივა, არაკონიუნქტურული მცდელობები, შეიძლება ვთქვა შემოქმედებითი „ხულიგნობაც“ ისეთივე აუცილებლობაა ჩემთვის, როგორც „დავარცხნილი“ ხელოვნება მასებისთვის.

დ.ა. - უკვე არსებობს ასეთი გამოცდილება და ის გამართლებულია განვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ, ჩვენში, კულტურის ჩინოვნიკებს არც ამის ცოდნა აქვთ და არც უნარი.   - რატომ, დღემდე ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ჩვენ?!  მაინცდამაინც კულტურას სჯიან, თუ რა ხდება? 

თ.კ. - და მიუხედავად ამ არასახარბიელო პირობებისა, მაინც იხსნება ახალი თეატრები, ადამიანები არ ივიწყებენ თავიანთ ჰობად ქცეულ პროფესიებს და არ მიდიან უფრო მეტად მომგებიან სფეროებში.  ე.ი. სიცოცხლისუნარიანები აღმოვჩნდით, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ქართული კულტურა!

თქვენს შემთხევაშიც,  არ მასვენებს განცდა, რომ საკუთარი თეატრი მაინც სხვა გარემოა, სხვა მოცემულობაა, სხვა თავისუფლებაა! მგონია, რომ თუ რამე კარგი და საინტერესო შექმნილა, შექმნილა ყოველთვის სახელმწიფო პოლიტიკის და  სახელმწიფო სტრუქტურის გარეთ. თუნდაც საბჭოთა სისტემის დროს, თუ რამე  ღირებული კეთდებოდა, მხოლოდ იმიტომ რომ დაპირისპირებული იყო იმ სისტემასთან.

დ.ა. -  ხელოვანი არ შეიძლება იყოს სისტემაში.  ის თავისი ბუნებით, თავისი არსით დაპირისპირებულია სისტემასთან. ხელოვანი არ შეიძლება სახელმწიფო მანქანის ნაწილი იყოს.

თ.კ.- ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით „პაგონიანები“, რომ არ ვისხდებით ნავში პოლიტიკოსებთან. თვითონ თეატრი არ იქნება იმ მოცემულობაში, რომ ვიღაცას პირდაპირ ან ირიბად დითირამბები მიუძღვნას.

დ.ა. - სულ არ არის საჭირო მათთან ერთად ნავში ჯდომა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ცურვა იცი. მაგრამ, დღევანდელ  ან  მომავალ ჩინოვნიკს თუ არ ესმის თეატრის მნიშვნელობა, ეს მის უკულტურობაზე მეტყველებს, რაც ძალიან საწყენია და  ეს მე არ მახარებს.

თ.კ. - მინდა გკითხოთ, იქნება თუ არა „რკინის თეატრი“ ალტერნატივა?

დ.ა - საინტერესოა რისი ალტერნატივა შეიძლება ვიყოთ? შეიძლება ვიყოთ უხამსობის, უნიჭობის და პროვინციალიზმის ალტერნატივა

თ.კ. - მიღებული მეინსტრიმის, ასე ვიტყოდი...

დ.ა. - ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ „რკინის თეატრის“ პირველ აფიშაზე „სულ სხვა ოპერა“ იყო, სახელწოდებაც ნიშანდობლივია, ჩვენ მოვდივართ სულ სხვა ოპერიდან!

მეინსტრიმი გვიბიძგებს დღეს იმისკენ, რომ თეატრი იყოს მომგებიანი, მაგრამ, თეატრი, თავის არსში, არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, თუ მოგება გინდა მაშინ უნდა გახსნა სახინკლე ან ბენზინგასამართი სადგური, ან, რა ვიცი, ბორდელი, „კაზინო“, ბანკი... თეატრს აქვს სხვა მოგება, რომელიც არ ჯამდება ბუღალტრული მონაცამებით.   გააჩნია რა გვინდა, რა მისწრაფებები გვაქვს, რა გემოვნება გვაქვს. გააჩნია ქვეყანას რა სჭირდება, სჭირდება ხარისხიანი ნაწარმოებები, უკომპრომისო ხელოვნება, თუ სჭირდება კონიუნქტურა, ორ -სამ დღიანი ტაშ-ფანდური და პროვინციული გართობა?

სალაროს რაც შეეხება, საქართველო არ არის ამერიკა და შვეიცარია, სადაც შეიძლება ბილეთი ღირდეს 100 დოლარი ან ფრანკი. ჩვენი მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი. და რა ვქნათ, მათ არ ვუჩვენოთ სპექტაკლები?  როდესაც სახელმწიფო თეატრის სუბსიდირებას ახდენს, ის პირველ რიგში მაყურებელს აფინანსებს. ხოლო მომგებიანობის დევნაში კეთდება ერთჯერადი, ორ-სამ კვირაში დადგმული სპექტაკლები

თ.კ. - რომლებსაც მე “fast food“-ს ვუწოდებ

დ.ა. - და მართალიც ხართ, რადგან მათ არავითარი მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ. ამის გამო, მსახიობების მთელი არმია „იშტამპება“, პროფესიას კარგავს, ამას  პიროვნული ტრაგედიები და ათასი ცუდი რამ მოყვება. მაყურებლის გემოვნებაც სულ უფრო ეცემა. შეიძლება, სახელმწიფოს მიზანიც სწორედ ეს არის,  რომ ყავდეს ადვილად მართვადი მასა, რომელსაც ექნება მდარე გემოვნება და რომელიც ამ იაფფასიან შოუებს, თეატრალურს თუ პოლიტიკურს, ადვილად მიიღებს.

 

კოოპერაცია

თ.კ. – „რკინის თეატრი“ ეს ახალი შემოქმედებითი სივრცე,  სპექტაკლების გარდა,  კიდევ რას შემატებს ქალაქის კულტურულ ცხოვრებას?

დ.ა. - მე არ მინდა მანიფესტივით გამომივიდეს, მაგრამ მგონია, რომ „რკინის თეატრი“ უნდა იყოს ძალიან აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობის ადგილი, არა მარტო სპექტაკლებისთვის - თეორიული მუშაობისთვისაც. ეს უნდა იყოს თეატრმცოდნეების, ლიტერატორების, ჟურნალისტების, მწერლების და საერთოდ, ხელოვანი ხალხის შეკრების ზონა.   შემოქმედება არის ურთიერთობა. თუ შენ არ ურთიერთობ იმ ხალხთან, ვინც რაღაცას ქმნის თავის სფეროში, შენ იყინები ერთ ადგილას. ცოცხალ ურთიერთობას ვერაფერი ცვლის და ის აუცილებელია!

თ.კ. - ასეთ გაერთიანებებში შეიძლება დაიბადოს კოოპერაციული ხელოვნებაც

დ.ა. - მე ინდივიდუალური ხელოვნების მწამს. ყველა წარმატებული თეატრის ხელოვნება ინდივიდუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურად არის შექმნილი. მას მაინც ადევს გამოკვეთილი ინდივიდუალობის ნიშანი.

ნიჭიერი ხალხისთვის ეს იქნება საკუთარი სახლი.ეს კონცეფცია დევს ამ ორგანიზაციაში. ტრადიციულ კითხვას როცა მისვამენ, იქნება თუ არა ეს თეატრი ღია ახალგაზრდობისათვის - რასაკვირველია იქნება, ოღონდ ახალგაზრდას გააჩნია. გააჩნია რა მოტივირება აქვს მას, რას ეძებს. თუ მას ის მოტივირება აქვს, რაც დღევანდელ კონიუნქტურაში არის მიღებული, მაშინ ის „რკინის თეატრში“ არ უნდა მოვიდეს, აქ მიზანს ვერ  მიაღწევს, აქ არ იქნება „მომგებიანი“ გარემო.

ჩვენ ვიცით საით მივდივართ და „ფერმაში“ არსებული ფლუგერი, იმ ფორმით რა ფორმითაც ჩვენი სპექტაკლის პერსონაჟებს სჭირდებათ ის,  ჩვენ საბედნიეროდ არ გვჭირდება. ისე კი ჩვენი ფლუგერი გვაქვს, და მე მახარებს ის, რომ „რკინის თეატრის“ ყველა მსახიობს აქვს თავისი შინაგანი ფლუგერი

დასი

ზაზა თაგოშვილი, გოგიტა ტრაპაიძე, კახა ნოზაძე,  ნოდარ სიმსივე, მარიამ ამაშუკელი, თორნიკე ჩეკურიშვილი - ეს „რკინის თეატრის“ დასია. მსახიობები, რომლებმაც ახალი თეატრის საძირკველში თავიანთი სულიერი და ფიზიკური ენერგია ჩადეს.

თ.კ. - ბევრი ამბობს, რომ ასეთი შეკრული დასი აქამდე არ გყოლიათ

დ.ა. - მე ვისთანაც ვმუშაობ, ის მიყვარს. არ შეიძლება ვიმუშაო ერთთან და მიყვარდეს სხვა! თავის დროზე, როცა სხვა ხალხთან ვმუშაობდი ისინი მიყვარდნენ. ისინი  მიმაჩნდნენ ყველაზე შეკრულებად და გარკვეულ სპექტაკლებში ეს ჩანდა კიდეც. ახლა ეს არის ჩემი ახალი სიყვარული და თუ სხვებიც ფიქრობენ, რომ ეს შეკრული დასია,  ძალიან კარგია, ე.ი. ტყუილად არ გვიშრომია!

თ.კ. - ისინი ძალიან ნიჭიერი ახალი სახეები არიან და ეს სასიხარულოა.

დ.ა. - ახლისაკენ სწრაფვა ნიჭიერი ადამიანის თვისებაა. ამდენად გეთანხმებით, რომ ეს ახალგაზრდები ნიჭიერები არიან! ბევრი გაიღეს ამისთვის პიროვნულად, რომ თუნდაც,  დღევანდელი მიზნისთვის მიეღწიათ. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ შემოთავაზებები, უფრო მშვიდად ყოფნის ცდუნებები, მათ აირჩიეს ეს გზა!  და საკუთარ არჩევანს რომ აკეთებს ადამიანი, ყოველთვის დასაფასებელია. როცა ცხვრის ჯოგივით გარემოებების ან რაღაც სხვა ფაქტორების კარნახით არ მოქმედებს და პიროვნულ არჩევანს მიყვება. ჩვენ გვყავს მთლად ახალგაზრდებიც, მგონია, რომ მათაც პიროვნული არჩევანი აქვთ გაკეთებული და ეს მათ გემოვნებაზეც მეტყველებს.   

 

გაზაფხულის გაკრთომა წამის მეასედში

თ.კ. - რაც შეეხება სპექტაკლებს, ეს ორი სპექტაკლი, ვგულისმობ „სულ სხვა ოპერას“ და  „ფერმას“,  ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან,  როგორც აღნიშნეთ „სულ სხვა ოპერის“ დადგმის ძირითადი მოტივი რეაქცია იყო იმ მდგომარეობაზე, როცა ქვეყანაში ძირითად პროფესიებად პოლიტიკოსობა, პოლიციელობა, ბოზობა და მათხოვრობა იქცა.

დ.ა. - აქ „პროფესიების“ ამბავი არ არის მთავარი. შეიძლება გქონდეს ძალიან კარგი იდეა, მოწინავე კონცეფცია, მაგრამ მთავარი ხელოვნებაში მაინც ის არის, თუ როგორ აკეთებ ამას, როგორ ასრულებ ჩანაფიქრს!  ყოველ ახალ სპექტაკლზე მუშაობის დაწყების წინ,  რაღაც  გაზაფხულის სურნელის მსგავსი მიტრიალებს,  წამის მეასედში რომ იგრძნობ, ოღონდ მოუხელთებელი რომ არის. მიტრიალებს რაღაც ფორმები და ესეც, თუ რატომ გავედით ქუჩაში, ამ გრძნობასთან არის დაკავშირებული. „სულ სხვა ოპერა“ ქუჩაში ვითამაშეთ არა მხოლოდ პროტესტის გამო, შეიძლება ეგეც იყო, მაგრამ მთავარია, რომ ის გარემო მინდოდა, იმ ფორმას ვხედავდი. შემდეგ სპექტაკლში „ფერმა“ სულ მიტრიალებდა არავერბალური კომუნიკაცია, მაგრამ მაინც ვერ ავცდი ამას. მინდოდა  სხვა ესთეტიკაში დაგვედგა, მინდოდა ყველაფერი მეტაფორებით გადმოგვეცა. რაზეა ეს სპექტაკლი?  - იმ ბოროტებაზე, რომელიც  კაცობრიობას და მსოფლიოს დანგრევით ემუქრება, რომელიც ადამიანს ემუქრება მოსპობით. და ვინ არის ეს, რომელი იმპერიაა? თუ დავაკონკრეტებთ შეიძლება მივადგეთ ჩვენს ახლო მეზობელს ან შორეულ მეზობელს; აი, ესეც არ უნდა დააკონკრეტო, თუ ასე მოიქცევი „რუსთავი2“-ს დაემსგავსები.

თ.კ. - მაგრამ ძალიან რთულად და პესიმისტურად მთავრდება სპექტაკლი

დ.ა. - პირიქით, სიყვარულის ჰიმნით მთავრდება!

თ.კ. - მე მგონია, რომ მთავრდება იმით, რომ ადამიანი გადაგვარდა, მოისპო და ამას აღარაფერი ეშველება!

დ.ა. - როგორ არ ეშველება თუკი  300 წლის ყვავი, მოსე, თავის ეფემერას დასდევს და  მისთვის აი ეს სიყვარულია მთავარი? ე.ი ან ჩვენ ვერ გადმოვეცით ან არასწორად არის წაკითხული.

თ.კ. - ყოველთვის საინტერესო მომენტია ის, თუ როგორ არის დადგმული ნაწარმოები და როგორ აღიქმება საბოლოოდ. საერთოდ, იმდენი სპექტაკლი არსებობს, რამდენი ადამიანიც ნახავს და რამდენი შთაბეჭდილებაც დაიბადება. ეს ყოველთვის ძალიან სუბიექტურია.  ჩემს შემთხვევაში, სწორედ ამ ყვავში და ამ ეფემერაში იმას ვხედავ, რომ ეს ყველაფერი  შეუძლებელია. სიყვარული და ყოველგვარი სიკეთე  შეუძლებელია. ხოლო ადამიანი თანდათან თავის სახეს კარგავს. სპექტაკლი ლაპარაკობს შეუძლებელზე, თუნდაც შეუძლებელ „ჰეფიენდზე“.  და 300 წლის ყვავს როცა უყვარდება ახალგაზრდა, ქერათმიანი ფაშატი, სახელად მოლი, ეს თავისთავად ღიმილისმომგვრელი, თუმცა  შეუძლებელი მოცემულობაა!

დ.ა. - მე მგონია, რომ სწორედ ძალიან გაცნობიერებული და გააზრებულია  300 წლის ყვავის ისტორია. ამას მნიშვნელობა აქვს, რომ ის 300 წლისაა, ეს ჩემი დაწერილია, შემეძლო 12 წლის გამეხადა, მაგრამ მისი ხანდაზმულობა  მეტყველებს, რომ მას უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილების გავლით ყველაზე ღირებული  მისთვის, მაინც ეს ეფემერაა, რომელიც არ არის რეალური, მაგრამ ღმერთმა უწყის ის ეფემერა უფრო რეალურია, თუ ის რეალობა, საიდანაც ჩვენ ვხედავთ!  ჩვენ გვინდა  რაღაცეები მაინცდამაინც ასე ხელშესახებად მოგვეცეს! 

სპექტაკლში ამ ხაზის პარალელურად, ვითარდება მეორე ხაზი, სადაც ქვეყანა ინგრევა, რაც არ უნდა მძიმე შთაბეჭდილება დატოვოს შენზე, ეს სიმართლეა!  იმიტომ რომ მართლა არსებობს ეს მსოფლიო ხულიგანი, რომელიც როდის რას მოიმოქმედებს კაცმა არ იცის!  ჩვენ ხშირად მხოლოდ იმას ვუყურებთ რაც ჩვენს ქალაქში და სინამდვილეში ხდება, მაგრამ, ოკეანის გაღმა რომ ორი კოშკი დაინგრა და იაპონიაში მიწისძვრა მოხდა, ჩვენზეც იმოქმედა ამან! თუ  შენს ნაჭუჭში ხარ ჩაკეტილი ნამდვილ ხელოვნებას ვერ შექმნი! ის ღორი, რომელიც ღორად არის მოსული და მერე ნაწილებად იშლება და საშიშ მასშტაბებს იძენს, ემუქრება კონკრეტულად ადამიანს და ჩვენს თვალწინ ამ ადამიანს  პირუტყვად აქცევს. თანაც ისე, რომ ამ ადამიანს უხარია, რომ საქონლად იქცევა! ეს შენს თვალწინ ხდება!  ეს ერთი სიუჟეტია და პარალელურად არის კიდევ მეორე ხაზი, ყველაზე უფრო ძვირფასი ღირებულება - სიყვარულის ისტორია. 300 წლის არსებაც კი გიდასტურებს, რომ ეს ყველაზე ღირებულია!

და თუ როგორ კეთდება ეს, გავს გაზაფხულის გაკრთომას წამის ერთ მეასედში, რომელსაც ვერ იხელთებ. კმაყოფილებაზე ხომ ლაპარაკიც  ზედმეტია.  ის მხოლოდ ერთხელ წაგიღებს და მერე ისევ მის ძიებაში ხარ!

თ.კ. -თუმცა, ამ სპექტაკლში ხელშესახები იყო ეს ფორმა, რაც თქვენ მოიფიქრეთ.  გადაწყვეტილია  ურთულესი ამოცანა, როგორ წარმოგედგინათ პერსონაჟები, რომლებიც  თან ცხოველები არიან და თან ადამიანები.   ეს ნამდვილად წარმატებით არის გადაწყვეტილი.  აბსოლუტურად პირობით ფორმაში, არარეალისტური და თან ძალიან დამაჯერებელი. ცხოველების თვისებების გადმოცემა, ასე დამაჯერებლად, მარტივი არ არის.

დ.ა. - აქ მსახიობების ლომის წილია, ამას ვერცერთი რეჟისორი ვერ გააკეთებინებს მსახიობს, თუ მას ამის ნიჭი არა აქვს, რაღაც მარიონეტული გამოვა აქედან.   ჩვენი დასი,  ჩვენი თეატრი თანაშემოქმედების პრინციპზე დგას.  თუკი ორი შემოქმედი ხვდება ერთმანეთს, მსახიობი და რეჟისორი, ეს არის ურთიერთთანამშრომლობა და ყველაზე დიდი სიამოვნება! ამ კუთხით, შემოქმედებით ცხოვრებაში  გამიმართლა,  რადგან ძალიან კარგ მსახიობებთან მქონია შემოქედებითი ურთიერთობა: კოტე მახარაძე, მედეა ჯაფარიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, ნანა ფაჩუაშვილი, გურამ საღარაძე, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი, ზურა სტურუა, ვაჟა გელაშვილი, ვერიკოსთანაც კი მიმუშავია. ამ მხრივ განებივრებული ვარ.  ყველას თავისი ინდივიდუალობა ჰქონდა.

თ.კ. - „ფერმას“ რომ მივუბრუნდეთ, მე ყოველთვის მიყვარს იმის თქმა, რაც მომწონს და ასევე იმის თქმაც, თუ რა დამაკლდა და რას ვუყურებდი კიდევ უფრო მეტი სიამოვნებით. ფორმაზე ვსაუბრობდით, რომელიც მართლა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ ნაწარმოებისთვის, მაგრამ მიჩნდება კითხვა და განცდა იმისა, რომ ამ ფორმამ გადაიყოლა რაღაცეები, შინაგანი, შინაარსობრივი. მაგალითად, ორუელი აღწერს ცხოველების შინაგან განცდებს, მათ სულიერ მდგომარეობას, იმას, რომ ეს ცხოველები შეიძლება ბევრად  უფრო უკეთესები არიან, ვიდრე ადამიანები.

დ.ა. - დიახ, მაგრამ ეს უკვე სხვა სპექტაკლია, მესმის რასაც ამბობთ. იქ არის ცხენი, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობს და ბოლოს  ამ ცხენს სასაკლაოზე უშვებენ, რაც რასაკვირველია გულსაკლავია, მაგრამ ამის ჩვენებით უკვე სხვა სპექტაკლს მივიღებდით.

თ.კ. - და ამის გარეშე ოდნავ ილუსტრაციული ხომ არ გამოვიდა სპექტაკლი? ამ შინაგანი თვისებების გარეშე, შინაგანი მდგომარეობის აქცენტირების გარეშე, მხოლოდ ფაქტების და ფორმის ჩვენებით მოქმედი პერსონაჟების  მხოლოდ უარყოფითი მხარე გამოჩნდა და მე დამაკლდა ის დადებითი რაც ყველაფერში არსებობს!  მარტო ერთი რაკურსით რატომ არიან წარმოჩენილები? მარტო ცუდია ამათში?

დ.ა. - სულაც არ არის მხოლოდ ცუდი! იმ ძაღლში კარგიც  არსებობს. თავისთავად, ის კეთილშობილი ძაღლია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს. გონიერი ძაღლია!  მაგრამ ხომ გინახავთ ძალიან კარგი და კეთილი ძაღლი ცუდი და ბოროტი ადამიანის ხელში? საქმე ისაა, რომ ამ ძაღლს სწორედ თავისი  პატრონი უყვარს, ბოროტი და უვარგისიც კი. ეს ძაღლის თვისებაა,  ეს არ არის თავსმოხვეული თვისება. კადრები არსებობს ჰიტლერი როგორი გრძნობით ეფერება თავის ძაღლებს, ოთხ გერმანულ ნაგაზს! არ გამჭირვებია იმის წარმოდგენა თუ მისი როგორი ერთგულები იყვნენ ეს ძაღლები. ცხოველების დამახასიათებელი თვისებები ძალიან კარგად არის დამუშავებული სპექტაკლში. მაგრამ ის, რასაც თქვენ ამბობთ, რასაკვირველია დაგაკლდებოდათ, რადგან ეს სხვა ნაწარმოებია!  ამიტომ ვთვლი, რომ ეს არ არის ორუელის ნაწარმოები, და არა იმიტომ, რომ ვინმე შეიძლება შემედაოს მაქვს თუ არა ლიცენზია ორუელის ნაწარმოების გასაკეთებლად. არ არის ეს ორუელი! გამოყენებულია ორუელის მოტივები, ყველაზე სწორი განმარტება ეს არის ამ შემთხვევაში.  დავამატებ იმას, რომ შემოდგომაზე მაყურებელი იხილავს სპექტაკლის განსხვავებულ ვერსიას.

თ.კ. -  მე უკვე ვნახე ორი ვერსია, და მეორე ვერსია უფრო დახვეწილი იყო ვიდრე პირველი.

დ.ა. - პრემიერის მერე ხშირად ვცვლი და ვამუშავებ სპექტაკლს. მითუმეტეს „ფერმის“ შემთხვევაში,  როდესაც უწყვეტი რეპეტიციის ნახვის შესაძლებლობა არ მქონდა. აი ეს არის თეატრი,  ცოცხალი ორგანიზმი!  სპექტაკლი ყოველთვის სუნთქავს და თუ არსებობს რეჟისორის ნება და ენერგია იმისთვის, რომ მან სრულყოფილებისკენ წაიყვანოს ყველაფერი, ეს კარგია. როდესაც სპექტაკლი იწყებს ცხოვრებას ის პიროვნებასავით არის.  თვითონ იკვალავს გზას, მაგრამ ბავშვის არ იყოს,  რაღაც ეტაპზე შენ  ეხმარები რომ მყარად დადგეს ფეხზე!

თ.კ.  - თუმცა, მე გული დამწყდა იმაზე, რომ  პირველ ვერსიაში  თან კარიკატურული და თან ძალიან საშიში ღორის შემოსვლა, უფრო დიდი მოვლენა იყო, იმიტომ, რომ წინ უძღვოდა დიდი ექსპოზიცია, დიდი მოლოდინი. მეორე ვერსიაში ვნახე, რომ ეს ძალიან ჩქარა ხდება და მოვლენის  სახეს კარგავს, თითქოს მოვლენის მნიშვნელობა  დაიკარგა.

დ.ა. - სამაგიეროდ თვითონ სცენამ იტვირთა ეს, მოვლენის რანგში ავიდა თვითონ სცენა. შემოსვლა არ არის მთავარი, მთავარია თვითონ ამ სცენაში რა ხდება და გასვლაა მთავარი როგორ გადის, როგორ ტრანსფორმირდება, ნაწილებად რომ იშლება და ყოველი მისი ნაწილი საბრძოლო იარაღი ხდება!

თ.კ. - საშიში საბრძოლო იარაღი ხდება!  ეს ჩემი საყვარელი სცენაა ამ სპექტაკლში! დათო, თქვენს სპექტაკლებში გამოყენებულია ძალიან თანამედროვე ფორმები, რომლებიც თითქოს შეერთებულია შორეულ  თეატრალურ  საწყისებთან.  თუნდაც ღია ცის ქვეშ თამაში, ნაკლები ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ვიცი რეჟიორები, ვინც კონკრეტული ტექნიკური საშუალებების გარეშე უარს ამბობს სპექტაკლის დადგმაზე ან სხვაგან თამაშზე. თქვენს შემთხვევაში, ეს ასე არ არის და სპექტაკლებს აკეთებთ იმის გარეშე, რაც შეიძლება მეტად ეფექტურს გახდიდა წარმოდგენას, შეიძლება მეტად ესთეტიკურსაც. თეატრის სასწაული შეიძლება მოიტანო დამატებითი საშუალებების გარეშე. ვწერდი კიდეც ამაზე,   მაყურებელი იმდენად მიეჩვია, რომ ხმა მაინცდამაინც  გამაძლიერებლებით უნდა იყოს მიწოდებული, მას რაღაც ასეთი აჩვენო, უკვე დიდი რისკია!

დ.ა. - თუ დააკვირდით, არც ერთ მაყურებელს არ ჰქონია დანაკლისის შეგრძნება. როცა ჩვენ ვთამაშობდით მიუზიკლს, „სულ სხვა ოპერაზე“ მოგახსენებთ, ვთამაშობდით პრაქტიკულად მუსიკის გარეშე, უფრო სწორად მუსიკას ვქმნიდით ცოცხლად, სხვადასხვა ხერხების გამოყენებით. არავის არ უთქვამს, რომ ან ხმა არ მოდის ან ტექსტი იკარგება ან რა კარგი იქნებოდა, რომ აქ გქონოდათ გამაძლიერებლები და აპარატურა, არავის არ დაკლებია ეს, იმდენად ორგანულად იყო მიწოდებული. 35 სპექტაკლი სრული ანშლაგით ვითამაშეთ...

თ.კ. - ამ შემთხვევაში, ხარისხს შეიძლება არ აკლდება,  ეფექტს ალბათ აკლდება

დ.ა. - თვითონ ამაშია ეფექტი, ის ბგერები რა ბგერებიც შემოდის და სადაც შემოდის, სწორედ ეს კომბინაციაა ეფექტი! და ეს არის ორგანული, აკუსტიკური და ნამდვილი. „ფერმაში“ რომ  ლიტავრები შემოდის და მერე ფორტეპიანო, ამაზე უფრო ეფექტურს ვერავითარი 50 დინამიკი ვერ მიაღწევს.  არსებობს მუსიკის გამოყენების პრინციპები, გემოვნება და უნარი.  ის მიდგომა, რომ აი აქ, ეს მუსიკა მოუხდება და ეს მუსიკა დავადოთ, იაფფასიანი მიდგომაა. ხშირ შემთვევაში მუსიკას მიყავს გარკვეული სცენები  იმიტომ, რომ მუსიკა ხელოვნების უმაღლესი ფორმაა და თუ ამ სცენებს, სპექტაკლში ან კინოში, მუსიკას მოაცილებ, ამ სცენისგან არაფერი დარჩება. ამიტომ უნდა იცოდე სად დაიბადოს მუსიკა!„რკინის თეატრი“ - გაზაფხულის გაკრთომა წამის მეასედში (ბოზების, პოლიციელების, პოლიტიკოსებისა და მათხოვრების ფონზე)

                                   

„TT”

თ.კ. -  დათო, „რკინის თეატრი“ თავის თავში აერთიანებს ე.წ. „ტეტეს“ რას ნიშნავს ეს? იქებ გავაკეთოთ განმარტება მკითხველისთვის

დ.ა. - ეს არის თეატრის კონცეფციის ნაწილი. თეატრს ექნება ასეთი მიმართულება, კინო ხერხებით გადაღებული სპექტაკლების წარმოება. ეს არ იქნება კინო, ეს არ იქნება თეატრი, ეს იქნება „ტეტე“

თ.კ. - შესაძლებელია, რომ არსებული სპექტაკლები გადაიღოთ ამ მეთოდით?

დ.ა. - არა, არსებულ სპექტაკლებს გადავიღებთ ტრანსლიაციურად, ანუ გაკეთდება ჩანაწერი. რადგან ეს წარმოდგენები სპექტაკლებად არიან დაბადებულნი. ანუ თეატრალურ სპექტაკლებად.

თ.კ. - და არ შეიძლება რომ ახალი სიცოცხლეც მიეცეთ მათ?

დ.ა. - როგორ არ შეიძლება, მაგრამ იმდენი ახალი იდეა გვაქვს, იმდენი გვაქვს მოსასწრები, სულ არ არის იმის აუცილებლობა რომ განვმეორდეთ. რაც არ უნდა წარმატებული იყოს სპექტაკლი, არაფერი არ გვესაკლისება. მათ სხვა ფორმაში გადატანას არ ვგეგმავ, შემიძლია ამის გარეშე, და მე ვაკეთებ მხოლოდ იმას, რისი არ გაკეთებაც არ შემიძლია!

თ.კ. - თქვენ უკვე გადაღებული გაქვთ „ანტიგონე“,  სადაც კრეონის როლში ზურა ყიფშიძე დააკავეთ. როდის ექნება მაყურებელს ამ ტელესპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა?

დ.ა. - ზურა ყიფშიძის კრეონი და რუსუდან კობიაშვილის ანტიგონე სწორედ ის შემთხვევაა, რომლის არ გაკეთებაც არ შემიძლია! „ანტიგონეს“ პრემიერას მაყურებელი „რკინის თეატრში“ ახალ სეზონზე იხილავს.

P.S.  ვიდრე ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. იმედს გამოვთქვამთ, წერილში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები ახალი მინისტრისთვის მხოლოდ გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებს.

 

 

 

კომენტარის დამატება

განცხადების დაფა
გამოკითხვა
სტატისტიკა