ქართული საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა, კრედიტუუნაროებად და კრედიტუნარიანებად. ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა არაა და კრედიტუნარიანია, ჩვენი მოქნილი საბანკო სისტემის წყალობოთ, ამავდროულად პოტენციური უსახლკაროცაა. ამიტომ მხოლოდ დროის საკითხია ახლა ხარ უსახლკარო თუ ოდნავ მოგვიანებით იქნები. შეგიძლიათ თქვათ, რომ ვაჭარბებ, თუმცა ალბათ ზუსტად ისე, როგორც შემწეობის მოთხოვნის რიგში მყოფი სოციალურად დაუცველი ადამიანები. მოიმარჯვეთ სოციალური სააგენტოს სარეიტინგო ქულები და შეაფასეთ ჩვენი სინამდვილე! მოუთმენლად ველით წამს, როდესაც აღიარებთ, რომ მართლები ვართ, ღარიბები ვართ, ფსკერზე ვართ! საიდანაც ერთადერთი გამოსავალი სოციალური შემწეობა კი არა, ამქვეყნიური ცხოვრების საზღვრების გადალახვაა. რთულად მისაღები სიმართლეა - განწირულები ვართ! მით უფრო, რომ ირგვლივ ეს არავისთვის არის მნიშვნელოვანი. სულ ერთია რამდენი ბავშვი თუ ქალი მოკვდება შიმშილის ან ძალადობისაგან, სულ ერთია რამდენი ადამიანი დასახიჩრდება ფიზიკურად თუ სულიერად, სულერთია რამდენი ადამიანი დაკარგავს თავშესაფარს. ეს მხოლოდ სტატისტიკის საქმეა და ამის გამო არაფერი შეიცვლება. ეს არ არის ის, რის გამოც გლობალური ცვლილებები ხდება. სჯობდა თავიდანვე გვცოდნოდა, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებული ენერგია ბევრად ნაკლები ღირს ვიდრე ნავთობის. სჯობდა გვცოდნოდა, რომ პრიორიტეტებს და მნიშვნელობებს ბაზარი არეგულირებს. ბაზრის გარდა დანარჩენი ყველაფერი სიყალბე და თავის მოტყუებაა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რუკებზე მართალთა ქვეყანა არ არსებობს, თავის მოტყუება არ ღირს!
მაშინ, როცა უოლ სტრიტის აქციებზე, 2011 წელს, ათეულ ათასობით ახალგაზრდა არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას და მსოფლიოში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებდა, ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ქვეყანაში სიღარიბემ 20 % იკლო. ცხადია არ არსებობდა კონტრარგუმენტი, როგორც დღემდე არ არსებობს მემარცხენე პოლიტიკური დისკურსი. სწორედ ამ პირობებში და სწორედ ამ მოცემულობებში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმული მ. გორკის "ფსკერზე" უფრო მეტი და უფრო იმედისმომცემია ვიდრე სხვა, უკანასკნელ წლებში განხორციელებული სპექტაკლები, რომლებიც უმეტესწილად რეჟისორების სიზმრებს, ხელოვნებით მიღწეულ ნირვანას, მხატვრული მიგნებების ან მათი განმეორებების ხიბლს და ბოლოს ამაოების და აპათიის სევდანარევ და ზოგჯერ მოტკბო ტკივილს გამოხატავენ.
სოციალური პრობლემების მიმართ ქართველი რეჟისორების ინდეფერენტულობა წლების განმავლობაში პირდაპირ იყო განპირობებული პოსტმოდერნული მგრძნობელობით, რომელიც 90–იანი წლებიდან ნებისმიერი დომინანტი აზრის მნიშვნელობაში იმედგაცრუებას გულისხმობდა. ამიტომ ფოკუსში საყოველთაო ირონიული განწყობით გაჯერებული გამომსახველობითი ხერხებით თამაში და ესთეტიზმთან მიახლოებული ძიებები მოექცა.ამ პერიოდმა დიდხანს და საკმაოდ პროდუქტიულად იარსება ქართულ სცენაზე. სამეფო უბნის თეატრის, რკინის თეატრის ძიებებით და ახლა უკვე მუსიკისა და დრამის თეატრში "ფსკერზეს" დადგმით შეიძლება ითქვას, რომ ინდეფერენტული და ხშირად ინფანტილური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ თანდათან ისევ პროტესტის გრძნობით იცვლება. სადაც უმთავრესია პროტესტის მძაფრი შინაგანი განცდა ადამიანის, როგორც მთავარი ღირებულების ნიველირების გამო.
ალბათ, ეს არის დათო დოიაშვილის სპექტაკლის მამოძრავებელი ბირთვი, რომლისგან წამოსული იმპულსები უცნაური სიმართლით გაიძულებენ მიმოიხედო ირგვლივ. თანამედროვე ციფრული ილუზიის და ფერადოვანი სარეკლამო რგოლების მიღმა დაინახო მატერიალურად და სულიერად გაღატაკებული ადამიანები, მტვერსა და ღორღში მათი გროვებად დაყრილი სხეულები, ალკოჰოლით და ნარკოტიკებით გაჟღენთილი ტვინები, რომლებსაც ერთ დროს ძვირფასი სტრიქონებიც გადაავიწყდათ.
სპექტაკლის დაწყებამდე კაპელდინერები პირბადეებს არიგებენ, თუმცა ბოლომდე ისიც ვერ დაგიცავთ მოქმედების მსვლელობისას ჰაერში გაფანტული მტვრის ბუღისაგან. სცენაზე ნამდვილი მიწა ყრია, აქა- იქ, უზარმაზარი შავი ლოდებიც. უკანა ფარდის ნაცვლად ფიცრული კედელია აღმართული, მხატვარი (გიორგი უსტიაშვილი). ეს კედელი მოქმედების განმავლობაში ადამიანებს მკვეთრად აცალკევებს ერთმანეთისაგან. სცენაზე, სამოქმედო არეალი მიწაყრილით არის შემოსაზღვრული, როგორც კი მსახიობები მიწაყრილს გადააბიჯებენ მოქმედება სრულდება. სპექტაკლის განმავლობაში თითქმის ყველა მოქმედი პირი ამ სამოქმედო არეალის განაპირას ზის და თავის როლს ელოდება. ასე, რომ აქ ზუსტად იცი, ხედავ, როდის თამაშობს, "გატყუებს" არტისტი და როდის აღარ. სიმართლის, ტყუილისა და მათი დაპირისპირების თემა მნიშვნელოვანია სპექტაკლში. სიმართლე მხოლოდ ის არის რისიც გჯერა! ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟისორი გორკის პიესის საკუთარ ინტერპრეტაციაში ცნობიერების პრიორიტეტულობას უსვამს ხაზს. იმას, რომ ყველაფერი გონებიდან მოდის. ეს ეხება ყველაფერს, სიღარიბეს, სიყვარულს, ღმერთის არსებობასაც კი! აქ სიმართლე და რწმენა გაიგივებულია! ალბათ, ამიტომაც ცენტრალური ვიზუალური სიმბოლო თევზია, რომელიც ჯერ გრანდიოზული, ულამაზესი სხეულით და მისი ცისფერი ანარეკლით აიწყობა ჩვენს წინაშე, შემდეგ დაიშლება, დანაწევრდება და ბოლოს, მთელი სცენის დიაგონალზე გაშლილი მისი შიშისმომგვრელი ფხაღა დაგვრჩება. როგორც ცნობილია თევზის სიმბოლოში ადრეული ქრისტიანობის პერიოდიდან მთელი ქრისტიანული მორწმუნეობის იდეოლოგია იყო ჩადებული. ცხადია რეჟისორის მხრიდან მისთვის ამხელა დატვირთვის მინიჭება რწმენის, უმთავრესად საკუთარი თავის რწმენის, კრიზისზე მიუთითებს და ჩემი აზრით დასმული პრობლემების სათავედ და ამოსავალ მიზეზად არის წარმოჩენილი. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს სიმბოლიკა ბუნებრივად არის ჩაწერილი მ. გორკის რეალისტური პიესის დოიაშვილისეულ ინტერპრეტაციაში, რადგან თავად გორკის ტექსტიდან არის ხორცშესხმული. პიესის დასაწყისშივე ვასკა პეპელი ახსენებს უზარმაზარ თევზს, რომელიც საკუთარ სიზმარში ნახა. ტექსტში თევზი და თევზის ჭერა ოცნებასთან და საკუთარი თავის რეალიზებასთან არის დაკავშირებული. ხოლო სპექტაკლში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია და როგორც აღვნიშნეთ, საკუთარი შესაძლებლობების, სიყვარულის და ღმერთის რწმენას მოიცავს. თევზი, პირველად მაშინ აღიმართება ჩვენს წინაშე, როდესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი - ანა (ბ. გოგორიშვილი) ამქვეყნიური ცხოვრებიდან მიდის. კლეშჩის (ალ. ბეგალიშვილი) ცოლი დოიაშვილის ინტერპრეტაციაში ორსულადაა. ბ. გოგორიშვილი შენელებული, ტეხილი მოძრაობით და ასეთივე მეტყველებით განასახიერებს ქალს, რომელიც საკუთარი ქმრის და სოციალური მდგომარეობის მარყუჟებმა, ჯერ ჯანმრთელობას, შემდეგ კი სიცოცხლეს გამოასალმა. რაც საქართველოში მომხდარი ბოლო დროინდელი ტრაგიკული შემთხვევების თითქმის პირდაპირი ასლია. ალბათ, გაგახსენდებათ, სულ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ქმრის მიერ მოკლული ცოლი და საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. ფსკერზე ვართ, რეჟისორი მართალია! მაგრამ სპექტაკლში ოჯახური ძალადობის მძიმე სოციალური პრობლემა ბიბლიური ციტატების სარჩულშიც ექცევა. პირველი მოქმედების დასასრულს მაყურებელი ხედავს მოულოდნელ, მკვეთრ მეტაფორას, გარდაცვლილ ანას სახვევს ხსნიან და მისი მუცლიდან ბავშვის ნაცვლად უამრავი წითელი ვაშლი გადმოცვივდება! ეს ქმრის მიერ მოცემული ვაშლებია, რომელიც ანამ სათითაოდ შეაგროვა. თუ ამ მეტაფორის ახსნას შევეცდებით აუცილებლად სათავეებიდან დავიწყებთ და გაგვახსენდება საწინააღმდეგო ისტორია და ქალთა მიმართ ძალადობაში მამაკაცების შურისძიების სურვილს და მის განხორციელებას დავინახავთ. თითქოს უხსოვარ დროში ქალთა მიერ ჩადენილი გამოუსწორებელი ცოდვისა და მამაკაცის სამოთხიდან განდევნის სასჯელს! გარდაცვლილი ანა სცენიდან გაყავთ და ამ დროს, ციდან, წითელი ვაშლების წვიმა იწყება. თითოეული მათგანი მძიმედ ეცემა შავ მიწაზე და ყრუ, არასასიამოვნო ხმას გამოსცემს. ამ ნაცრისფერ, რუხ გარემოში ერთადერთი სიმკვეთრე ამ ვაშლების სიწითლეა, გამყარებული სისხლის წვეთებივით რომ ეფინება არემარეს.
სცენაზე გორკის მიერ დასახელებული პროფესიის წარმომადგენლები მოქმედებენ: ზეინკალი, მექუდე, პელმენებით მოვაჭრე ქალი, მეჩექმე, მსახიობი, პოლიციელი, თავშესაფრის პატრონი და მისი ცოლი. თითოეულ მათგანს საკუთარი გასაჭირი აქვს. თითოეული მათგანი თავისებურად მიათრევს ცხოვრებას. საერთო ენაც ნაპოვნი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა სისასტიკის, დამცირების, აბუჩად აგდების ენაა, თანაცხოვრებისთვის მაინც გამოსადეგია, ვიდრე არ გამოჩნდება სტუმარი, ლუკა (გ.გველესიანი). ის განსხვავებულია, თითქმის არაამქვეყნიური. გ.გველესიანი ოდნავ ზეაწეული, დამრიგებლური ტონით თამაშობს არქეტიპული ბრძენის როლს. მეჩვენება, რომ ეს როლი თავისი გადაჭარბებული მორალურობით, ყველაზე რთულად შესასრულებელია. მსახიობის და რეჟისორის წინაშე იდგა ამოცანა ნაჩვენები სისასტიკის და შეულამაზებელი ყოფითობის ფონზე მის დიდაქტიკასა და პათოსს სასაცილო და კარიკატურული იერი არ მიეღო. ვთვლი, რომ ამ ამოცანის დადებითად გადაჭრა სპექტაკლის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა. მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ისედაც ბეწვის ხიდზე გამავალი პათეტიკური ინტონაციების მუსიკით აბსოლუტურად არასაჭირო და არაბუნებრივი ფორსირება, სპექტაკლის ემოციურად სწორად აღქმის შესაძლებლობას ამცირებს. ამ წარმოდგენაში ნაპოვნი სხვა ხმოვანი ეფექტები, როგორიც არის უკვე აღნიშნული ვაშლების ჩამოვარდნის ყრუ და არასასიამოვნოდ ბრტყელი ხმა, და მეორე მოქმედებაში ჭერიდან მჟონავი წვიმის წვეთების თუნუქის სათლებში შეგროვებისას წარმოქმნილი ბრახაბრუხი, ერთდროულად დაუცველობის, სიცივის, სისველის და ამით სპექტაკლის მხატვრული განწყობის ზუსტ შეგრძნებას იწვევს. ეს ნატურალისტური "ხმაურები" ბევრად უფრო მეტს სძენს სპექტაკლს, ვიდრე გაუგებრად ხმამაღლა მჟღერი ორიგინალური მუსიკა (ნიკოლოზ რაჭველი).
გ.გველესიანის მიერ შექმნილ სახეში დიდაქტიკას მოქმედების უბრალოება აბალანსებს, გულწრფელი, ძირითადად მტკიცე გამომეტყველება კი მისი ქადაგებების სერიოზულობას უსვამს ხაზას. ლუკას მოულოდნელი სტუმრობით ყველაფერი იცვლება, პერსონაჟები გამოღვიძებას იწყებენ. იწყება დაფიქრება არსებულ აუტანელ ყოფაზე. იწყება სიმართლესთან მიახლოების მტკივნეული პროცესი. თვითანალიზი სანუგეშოს არაფერს გვეტყვის. სცენაზე საკუთარ თავსა და ერთმანეთში რწმენადაკარგული, იმედგაცრუებული, თავდაჯერებას მოკლებული მოლასლასე ლანდები დადიან. ადამიანისგან მხოლოდ მათი აჩრდილებია დარჩენილი.
აღსანიშნავია ლუკასა და თავშესაფრის პატრონის, მიხეილ ივანიჩ კოსტილევის (ზ. ჩიქობავა) სცენა, ის წინ უსწრებს კულმინაციურ სცენას და ერთგვარად ამზადებს მას. დასაწყისში კოსტილევი ლუკას ემუდარება ილოცოს მასზე, მაგრამ მისი ეს წამიერი უიმედობა სასწრაფოდ იცვლება უდიდესი სიძულვილით გარშემომყოფთა მიმართ. ის ტიპიური მონათმფლობელია, რომელიც ადამიანში მხოლოდ მონას ხედავს. მასში უნაყოფო ნიადაგის მსგავსად, აღარაფერი გაიზრდება. ამ კოორდინატთა სისტემაში მოაზროვნე ადამიანი, როგორც ასეთი, არსებობას წყვეტს! ზ. ჩიქობავას განრისხებული და ამავდროულად უსუსური კოსტილევი, რომელსაც ერთადერთი საყრდენი წერტილი, საკუთარი თავშესაფარი, თანდათან ხელიდან ეცლება, ლუკასთან დიალოგის გზით გააცნობიერებს საკუთარ არსს, ისეთივე შემზარავს, როგორი გამოხატულებაც რეჟისორის ნებით მისმა ცენტრალურმა სცენამ მიიღო. კოსტილევი აუპატიურებს საკუთარი ცოლის დას, ნატაშას (ა. წერეთელი) ამ აქტში მოთავსდა მისი, როგორც ადამიანის სრული კრახი. ის, მანამდე გარდაიცვალა ვიდრე მას ფიზიკურად გაანადგურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პიესაში, ჩემი აზრით, კოსტილევის პერსონაჟი საკმაოდ ცალსახა ხასიათის მატარებელია, დ. დოიაშვილი და ზ. ჩიქობავა ახერხებენ მისი ხასიათის წინააღმდეგობრიობის წარმოჩენას. მსახიობი უზუსტესი აქცენტებით ამდიდრებს საკუთარ პერსონაჟს. ქმნის მესაკუთრის სახეს, რომელიც სინამდვილეში საკუთარ ცოლსაც კი ვერ ფლობს და ამ ტყუილში გახვეული სულ უფრო მეტად ივსება სიძულვილით, ზიზღით მთელი სამყაროს მიმართ. ეს სამყარო და ზოგადად ცხოვრება ხომ მისი ყველაზე დიდი მტერია, რადგან მოვა დრო და ჩამოართმევს ყველანაირ მატერიალურ ქონებას. ამ გზით ნივთებისა და სიმდიდრის ფლობაზე დამოკიდებული კოსტილევი ტრაგიკულ გმირადაც კი წარმოგვიდგება. ტყუილი, რომელშიც კოსტილევი ცხოვრობს კიდევ უფრო ცხადად არის გამოხატული ცოლთან, ვასილისასთან ურთიერთობაში. ქმარმა იცის რომ ცოლი ღალატობს. არ აპროტესტებს, მაგრამ მუდმივად ცდილობს დაარეგულიროს ეს პროცესი, კონკრეტულ ჩარჩოში მოაქციოს ის, რათა საკუთარი თავმოყვარეობა ზომაზე მეტად არ შეელახოს.
კოსტილევისგან ნებადართულ დროში კი ვასილისა კარპოვნა უნებართვო გეგმებს ახორციელებს. ცოცხლდებიან მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზე არსებული უცნაური რეკვიზიტები. თოხი და ფოცხი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კონკრეტულ პოზიციაში, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებს ემსგავსებიან. საყვარლები, ვასილისა (ნ. ბუთხუზი) და ვასკა (თ. გოგორიჭიანი) გახდილ ტანსაცმელს აღნიშნულ სამუშაო იარაღებზე კიდებენ, უფრო სწორად, როგორც მანეკენებს ისე მოსავენ მათ. და როდესაც მსახიობები სცენიდან გავლენ და სცენაზე ფირზე ჩაწერილი მათი ხმა რჩება, ჩვენს თვალწინ თოხი და ფოცხი ერთმანეთთან მოსაუბრე ადამიანებად იქცევიან. თუ ვინმე ინტერესდება თანამედროვე რეჟისურის ძიებებით, შეუძლია ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაამახვილოს ყურადღება. ამ შესანიშნავად მოფიქრებულ სცენაში ერთმანეთს ავსებს გამომსახველობითი ფორმა და შინაარსი. ორი ადამიანი, რომელსაც ერთმანეთი არ უყვარს, მაგრამ სჭირდება, უზუსტესი მეტაფორით გამოიხატა, ადამიანები მეტად საჭირო სამუშაო იარაღებმა ჩაანაცვლა. ამ სცენაში ვნახეთ შესანიშნავი სამსახიობო დუეტი. მათ მეტყველებაში თანაგრძნობის ნასახიც არ არის, ცივად, უხეშად მიმართავენ ერთმანეთს, ასეთივე უხეშია მათი ფიზიკური კონტაქტი. ორივე მსახიობი აბსოლუტურად ზუსტია დიალოგში, დამოკიდებულებებსა და შეფასებებში. ასეთ ფსიქოლოგიურ გულწრფელობას და სიმართლეს მოკლებულია ხოლმე ქართული სპექტაკლები. პარტნიორთან ურთიერთობის სინამდვილეს საიდანაც მაყურებლის თანაგანცდა იბადება, ხშირად რუსულ წარმოდგენებში შევნატრით.
ვასილისა ქმრის სიკვდილს გეგმავს. იმედოვნებს, რომ ვასკას დაყოლიებასაც შეძლებს. შეძლებს დაარწმუნოს, რომ ეს მისთვისაც მომგებიანი იქნება. მაგრამ გარიგება ვერ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ პეპელი თავზეხელაღებულია, გაცნობიერებულად ასოციალურია და ბავშვობიდან შეგუებულია, რომ "ქურდის შვილი ვასკაა", გარშემომყოფთა შორის ყველაზე სამართლიანი და პრინციპულია. ლიტერატურაში გავრცელებული კეთილგონიერი ყაჩაღების მოდელს თ. გოგრიჭიანის პერსონაჟი ერთი საინტერესო დეტალით სცდება. ის თვითგვემას იწყებს. ზურგზე გადაჭერილი მათრახის ხმა კი გაიძულებს მისი ტკივილები დაიჯერო. ვასილისასა და ვასკას სცენაში კიდევ ერთი საინტერესო ხერხია გამოყენებული, ისინი მიკროფონებთან დგანან და ერთმანეთს ისე ელაპარაკებიან. რაშიც მძაფრად გამოიხატება როგორც ერთმანეთთან გაუცხოება, ასევე საკუთარი ხმის, საკუთარი "მეს" გაძლიერების სურვილი. ერთმანეთის მიმართ უნდობლობა მარტივად აისახება საუბრის ჩანაწერში, მუდმივი კონტროლის ამ ცნობილ მექანიზმში, რომელიც მთელი სპექტაკლის მანძილზე ფრაგმენტულად გვესმის და გვახსენებს იმ ათი ათასობით ჩანაწერს, ჩვენი თანამოქალაქეების პირადი ცხოვრების დეტალებს რომ ინახავდა.
ერთმანეთთან ჯაჭვურ რეაქციაში მყოფი ღალატი, უნდობლობა და ძალმომრეობა ვირუსივით სწრაფად ვრცელდება და მთელ სოციუმს აავადებს. ყველაზე რთულად ეს შეუქცევადი პროცესი ფაქიზი ბუნების ადამიანებს გადააქვთ, უფრო სწორად ვერ გადაქვთ. მსახიობი (კ. კინწურაშვილი) მთელი სპექტაკლის განმავლობაში ებრძვის საკუთარ თავს, ცდილობს იპოვოს ძალა, ფერფლიდან აღდგომაში რომ დაეხმარება. ზოგჯერ მოგონებებს იღვიძებს, ზოგჯერ სიყვარულს და მომავლის იმედს იშველიებს. მაგრამ საბოლოოდ მისი უეცარი და სპონტანური სიყვარულის ობიექტს ნასტიას (ნ. კალატოზიშვილი) იმედგაცრუება ელოდება. კ. კინწურაშვილის გმირი ყველაფერს რასაც კი შესაძლოა ის დაღუპვისაგან ეხსნა, არყით სავსე უდიდეს "ბოცაში" შეაზავებს და საბოლოო თავდავიწყებას მიეცემა. მგონია, რომ მიუხედავად კარგად შესრულებული როლებისა, არსებობს ისეთი მონაკვეთები რომლებიც თავისუფლად შეიძლებოდა არ ყოფილიყო სპექტაკლში. ეს პირველ რიგში ეხება ფიცარნაგი კედლის უკან ხშირად განმეორებულ სექსის სცენებს და თოვლის ეფექტის გამოყენებას. ერთხელ მიგნებული რამდენადაც საინტერესო და შთამბეჭდავია პირველად, შეიძლება სწორედ იმდენადვე მომაბეზრებელი და გაუმართლებელი იყოს მეორედ.
დავით დოიაშვილის სპექტაკლში არის უამრავი კარგად მოფიქრებული დეტალი, რომელიც სრულ ჰარმონიაშია მთლიანობასთან. გამორჩეულად დეტალიზებულია ბარონის პერსონაჟის გახსნის სცენა. ბარონი (ა. სოლოღაშვილი), რომელსაც საკუთარი სახელი არ გააჩნია, გვიყვება ულამაზეს მამაპაპისეულ სასახლეზე, სიმდიდრეზე, მსახურებზე და თან სცენაზე აგებს პატარა სამყაროს, რომელიც ზღაპარივით წარმოგვიდგება და ვერ ვარკვევთ ეს ყველაფერი მართლა იყო, თუ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. მისი მონათხრობი ოცნებას გავს, რომელიც ზუსტად ისევე არამყარია, როგორც, ცხოვრებისეული მრავალი როლი განათლების, დაოჯახების, სამსახურის და პატიმრობის უამრავ პირობითობასთან ერთად. ყველაფერი დროებითია და განადგურებას ექვემდებარება. სიუჟეტურ ხაზთან ერთად, რომლის მიხედვით ვასკა პეპელი ვასილისას დას, ნატაშას ირთავს ცოლად და ვასილისას უდიდეს რისხვას და მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას იწვევს, სპექტაკლში მთელი რიგი ფილოსოფიური კითხვები ჩნდება. წარმოდგენის ფინალში სატინის მიერ (დ. ბეშიტაიშვილი) მიკროფონში წაკითხულ მონოლოგში "ამაყად ჟღერს ადამიანი" რომელიც არც მე ვარ, არც შენ და არც ისინი, და ვართ მე, შენ და ისინი! ამ ერთიანობას, მის მთლიან სურათს ქმნის უკანა ფიცრულ კედელზე პროეცირებული, ყოფით, არაფრით გამორჩეულ ადგილებში გადაღებული, სპექტაკლის პერსონაჟების ნატურალისტური სურათები. ეს არის ის, რაც შეიძლება ამ მცოცავ, არამდგრად სამყაროში ბედნიერების და სიმშვიდის მომტანი იყოს, ეს არის თითოეული წამი, როდესაც იღიმი ან გიხარია, ან როდესაც იმედი გაქვს ან როდესაც რაღაცის, თუნდაც ძალიან უცნაურის, გეამაყება. და ამ ამაღელვებელ მომენტში ყველაფერი ისევ ხელიდან გეცლება, ქვიშის საათივით იწურება, საპნის ბუშტივით სკდება. ვუბრუნდებით რეალობას, რომელშიც მსახიობი თავს იხრჩობს! ნუ იქნებით სენტიმენტალურნი, თავზე ხელს არავინ გადაგისვამთ, ისევე როგორც რეჟისორი არ დაგიტოვებთ არავითარ იმედს. დაიჯერეთ, რომ ამ სინამდვილეში შესაძლოა ცოცხლებზე უკეთ გარდაცვლილებმა იგრძნონ თავი, თუ თქვენ სხვა სინამდვილეს ვერ შექმნით...
"ფსკერზე" ის სოციალური პროდუქტია, რომელიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. და საბედნიეროდ, მიუხედავად თავისი სოციალური მნიშვნელობისა ატარებს მაღალ მხატვრულ ხარისხსაც. თითოეულ მის კომპონენტში, რეჟისორის კონცეფციიდან დაწყებული, უკლებლივ ყველა მსახიობის მიერ კარგად გააზრებული მხატვრული სახეებით გაგრძელებული, განათებით (ია ნადირაშვილი), მხატვრობით და მიუხედავად ტექნიკური შენიშვნებისა, მუსიკით დამთავრებული, გააჩნია ის მაღალი ემოციურ-ენერგეტიკული ზემოქმედების ძალა, რომელიც ერთიანობაში ქმნის ნამდვილ ხელოვნებას. სპექტაკლში დაკავებულნი არიან: შაკო მირიანაშვილი (ბუბნოვი), გიგი ქარსელაძე (ალიოშკა), გიორგი ბახუტაშვილი (თათარი), ეკა დემეტრაძე (კვაშნია), ტატო ჩახუნაშვილი (პოლიციელი). კოსტუმების მხატვარია ანანო მოსიძე, პიესა თარგმნა მანანა ანთაძემ. ხმის რეჟისორია ბექა მაღლაკელიძე. მსურს მივულოცო მთელს შემოქმედებით ჯგუფს მ.გორკის პიესის ასეთი წარმატებული სცენური განხორციელება. მგონია, რომ ეს ის სპექტაკლია რომელსაც თეატრის ისტორიკოსები საეტაპოს უწოდებდნენ ხოლმე!