წარსული მიღწევებით მანიპულირება დიდი ხანია ჩვენი კულტურის და ხასიათის ნაწილად იქცა. საჭიროების მიხედვით, წინაპრების სახელებსა და გვარებს ისე ამოვიყენებთ ხოლმე გვერდზე, როგორც კარგად ნაცადსა და გამოყენებად იარაღს, რომლის ტარების უფლებაც ყველას აქვს. "საქართველოს თეატრალური საზოგადოებისთვის" იარაღად ქცეულ ილია ჭავჭავაძეს, თუ ადრე თეატრალთა პირველი პროფესიული გაერთიანების მართვა ევალებოდა, დღეს მისი ხელშეუხებლობის გარანტია.
ჩვენ, ამ ორგანიზაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს მუდმივად გვახსენებენ, თუ ვისი დაარსებულია ის და წლების განმავლობაში ვინ იყვნენ მისი წევრები. წარსულს ამოფარებული "თეატრალური საზოგადოება" ცდილობს მუდმივად გაექცეს საღ აზრს, რომელიც მისი წევრებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუზიარებელი ხდება. ალბათ ამიტომაც "ილიას" მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ვინმემ აგვიხსნას რა სარგებლობა მოაქვს იმ ორგანიზაციას, რომელიც ისე ასცდა დროსა და სივრცეს, რომ მისი არსებობა მთლიანად დაგვავიწყდებოდა, წელიწადში ერთხელ, პრემიების გადაცემის ტრადიცია და მისი თანმდევი პრობლემები რომ არა.
წლებია, რაც "თეატრალური საზოგადოება" ღრმა კრიზისს განიცდის, თეატრალების უმეტესობა ამ თემაზე იუმორით საუბრობს ან დუმილს ამჯობინებს (ალბათ ისევ ილიას ხათრით). ეს დუმილი განსაკუთრებით უპრიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში ჩანდა. მაგრამ ახლა, როდესაც თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე და მისი წევრები თავად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემებზე სასაუბროდ საუკეთესო დროა! მითუმეტეს, რომ თანამედროვე სამყაროში პროფესიულ კავშირებს გადამწყვეტი თუ არა მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც კონკრეტული სფეროების, ასევე ჯანსაღი საზოგადოების განვითარებაში.
"თეატრალური საზოგადოება" კი თანამედროვეობის მიღმაა. ის მიმდინარე თეატრალურ პროცესებში ვერც ჩართვას ახერხებს და ვერც მის ხელშეწყობას, წარმართვაზე რომ არაფერი ვთქვათ. გაერთიანება, რომელიც უნდა იცავდეს მსახიობების, რეჟისორების, სცენოგრაფების, დრამატურგების, კრიტიკოსების, თეატრებისა და ა.შ. ინტერესებს, უნდა ზრუნავდეს მათი შემოქმედებითი და ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე, ახდენდეს მიმდინარე ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას, რეაგირებდეს სფეროში წარმოქმნილ თითოეულ პრობლემაზე, მონაწილეობდეს კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში, აბსოლუტურად პასიური და ქმედით უუნაროა. მისი დისკრედიტაცია ისეთ მწვავე ხასიათს ატარებს, რომ "თეატრალური საზოგადოება", "აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი", ხელოვანთა შეხვედრის ადგილიც კი აღარ არის. შენობის უდიდესი ნაწილი სხვადასხვა კომერციულ თუ არაკომერციულ ორგანიზაციებზეა გაქირავებული. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ "საზოგადოების" ფეისბუქ გვერდზე წაიკითხოთ არის: "ქირავდება ფართი". საინტერესოა ილია, როგორც საზოგადო მოღვაწე და ამავდროულად პირველი საადგილმამულო ბანკის დამაარსებელი საქართველოში, როგორ შეაფასებდა ამ "ბიზნესის" რენტაბელურობას სრული შემოქმედებითი და ორგანიზაციული უუნარობის ფონზე?
ასევე საინტერესოა, ახალ თაობაში სრულიად არაპოპულარული ორგანიზაცია რატომ არ ცდილობს შეცვალოს არსებული მდგომარეობა? რატომ არ ცდილობს გაიზიაროს მათი შეხედულებები? მუდმივად ფინანსების არარსებობაზე აპელირება ამ შემთხვევაში უადგილო იქნება, ისევე როგორც ინფორმაციის გაცვლის დღემდე გადაუჭრელ პრობლემასთან მიმართებაში. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური ქსელების და ინფორმაციის ათასგვარი მატარებლების პირობებში "თეატრალური საზოგადოება" ინფორმაციულად სტერილურია. კითხვაზე, თუ როგორ უნდა გავიგოთ მეტი "საზოგადოების" ან მისი დაწესებული პრემიების გადაცემის პროცედურების შესახებ, პასუხი საბჭოურია: - "პირადი კონტაქტებით". თან ეს ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გაცემული პასუხია. თეატრალურ სფეროში ალბათ ეს ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც გათანამედროვების მცდელობა არ ჰქონია. "თეატრალური საზოგადოება" არ ფლობს თანამედროვე ინსტრუმენტებს, ეს იგივეა რაც არ ფლობდე თანამედროვე საკომუნიკაციო ენას. ამ პირობებში დიალოგის წარმართვა თითქმის შეუძლებელია. არადა საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ გოგი ქავთარაძეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობის და დროის მუდმივი უკმარისობის მიუხედავად მეორე ვადით აგრძელებს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეობას, უნდა ესმოდეს დიალოგის აუცილებლობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. "თეატრალურ საზოგადოებაში" დღეს არც ერთი არსებობს და არც მეორე. ორგანიზაციამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო შეექმნა საკუთარი ვებ-გვერდი, თუნდაც უფასო ბლოგი, რომელზეც განთავსდებოდა ინფორმაცია ამ გაერთიანების შესახებ, გამოქვეყნდებოდა სიახლეები მიმდინარე საქმიანობაზე. ცივილური სამყაროსთვის, ეს, ორგანიზაციების გამჭვირვალობის ყველაზე მარტივი და ნომინალური მაჩვენებელია. გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ "თეატრალურ საზოგადოებაში", ინფორმაციის შეკავება მიზანმიმართულად ხორციელდება. ფინანსების არარსებობის საბაბით ჩაკეტილ, კლანურ ორგანიზაციად რჩება, რომელიც მხოლოდ რომელიღაც ვიწრო წრის ინტერესებს ემსახურება და არა მთელ სათეატრო სივრცეს. ალბათ ეს ცვლილებების შიშთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ ხელოვან ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ცვლილებები გარდაუვალია. არავის სჭირდება უფუნქციო, კერძო ინტერესებს მორგებული პროფესიული გაერთიანება, რომელსაც წლების განმავლობაში არავითარი წვლილი არ შეუტანია მიმდინარე სათეატრო პროცესებში, არ გამოუხატავს არავითარი პოზიცია სფეროში არსებული კონკრეტული პრობლემების ირგვლივ. მის მიერ დროგამოშვებით ორგანიზებული საღამოებიც კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მარტივად რომ ვთქვათ მოკლებულია დროისა და გემოვნების შეგრძნებას. ხაზს უსვამს ამ ორგანიზაციის უსიცოცხლობას, სიახლისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას!
ცხადია, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ "თეატრალურ საზოგადოებას" მიკუთვნებული ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება". ერთადერთი პროფესიული გამოცემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის, გურამ ბათიაშვილის მხრებზე დგას. რამოდენიმე წელია ჟურნალი ჯერ თბილისის მერიის, შემდეგ კი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცემა. ამრიგად გაუგებარიც კია რა ნიშნით უნდა ჩაითვალოს ჟურნალის არსებობა "თეატრალური საზოგადოების" დამსახურებად.
"თეატრალური საზოგადოების" წლის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა სხვადასხვა ნომინაციაში ყოველწლიური პრემიების გაცემაა, რომელიც პროცედურული დარღვევებით ხორციელდება. წელს, უკვე მეორედ, პრემია გადაეცა ჟიურის წევრს (!), ასევე ჯილდოვდებიან პრემიაზე არწარდგენილი პირები და სპექტაკლები რომლებიც ჟიურის სრულ შემადგენლობას არ უნახავს. ვის, თუ არა დეპუტატ გოგი ქავთარაძეს უნდა ესმოდეს პროცედურული დარღვევების დაუშვებლობა!
რადგან ცივილურ სამყაროში მიღებული სტანდარტებით (ვებგვერდით, სოციალური ქსელების გვერდებით, ბლოგებით) ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, გვინდა ამ წერილით მივმართოთ "თეატრალური საზოგადოების" თავმჯდომარეს, ბატონ გოგი ქავთარაძეს, წარმოდგვიდგინოს ის დებულება და დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ხდება თეატრის მოღვაწეთა პრემირება. ასევე, ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია საზოგადოების ბალანსზე არსებული ქონების და შემოსავლების შესახებ. ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ჩვენს სფეროში ერთადერთი პროფესიული გაერთიანების რეალობა, ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას მისი უმძიმესი, ანაქრონიზმთან მიახლოებული მდგომარეობის გამო და ვითხოვდეთ არსებული სიტუაციის გამოსწორებას! ვფიქრობთ, "თეატრალური საზოგადოების" მმართველ პირებს ჰქონდათ საკმარისი დრო და საშუალებაც (ხელისუფლების მხარდაჭერის ჩათვლით) იმისათვის, რომ შეეცვალათ ვითარება, ეზრუნათ ორგანიზაციის შელახული რეპუტაციისა და სახელის აღდგენაზე. სამწუხაროდ მათ ეს ვერ ან არ მოახერხეს! წლები გადის და მხოლოდ ხავსის ფენა იცვლება საზოგადოების კედლებზე. ასე გაგრძელება შეუძლებელია!
გვესმის, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენა რთული იქნება, მაგრამ მაინც, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად, მისი გაცნობის დაჟინებულ სურვილსაც გამოვთქვამთ. იქნებ რამე მართლაც არ ვიცით? იქნებ "თეატრალური საზოგადოება" მართლაც ილია მართლის გზას ადგას, როდესაც მარჯვენა ხელი სიკეთეს ისე სთესს, რომ მარცხენამ არაფერი იცოდეს?!
დარწმუნებული ვართ, "თეატრალური საზოგადოების" არაერთი წევრი იზიარებს ჩვენს პოზიციას და იმედს ვიტოვებთ თითოეული მათგანი მზაობას გამოხატავს ცვლილებებისათვის!