კრიმინალის სამძიმარზე უკეთესი მომავლის იმედით
4-02-2015, 19:38

თავისუფალი თეატრის სცენაზე, 12 იანვარს, ნიკა ჩიკვაიძის პრემიერა შედგა. ახალგაზრდა დრამატურგის, დავით გაბუნიას სამი პიესა: "დედა", "ლავინიას ყურები" და თურქი ბიჭის სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული" რეჟისორმა ერთ წარმოდგენაში გააერთიანა და მაყურებელს სახელწოდებით "ყველა დამამძიმებელი გარემოება" წარუდგინა.
ნიკა ჩიკვაიძე თეატრალური უნივერსიტეტის, მაგისტრატურის I კურსის სტუდენტია, ის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობს და სწავლის დაწყების დღიდან ეს მისი რიგით მეოთხე სპექტალია, რომელსაც ჯერ კიდევ რეჟისორული ხერხისა თუ ფორმის ძიების პროცესი ეტყობა, თუმცა, უნდა ითქვას, ამ ეტაპზე უკვე ნამუშევარი საკმაოდ სერიოზული და დახვეწილია. 
რეჟისორს წარმოდგენაში სხვადასხვა რანგის და ასაკის მსახიობები ყავს დაკავებული: უკვე შემდგარი, მარჯანიშვილის თეატრის ცნობილი მსახიობი, ქ-ნი ქეთო ცხაკაია, ახალგაზრდა მსახიობი გრიბოედოვის თეატრიდან (ნინა კალატოზიშვილი), სტუდენტი მსახიობი (გიორგი ჩაჩუა), პანტომიმის მსახიობი (ტატო გელიაშვილი) და სხვა.
გაბუნიას სამი პიესა, რომელთაც საერთო კრიმინალური ხაზი, მძიმე გარემოება აერიანებთ, ერთგვარი გამოხმაურებაა დღევანდელ რეალობაში დაძაბული და ტრაგიზმით სავსე მოვლენებისა. მაყურებელი სპექტაკლში ოილად ამოიცნობს იმ გარემოებას, რომელიც დღეს, საქართველოში ყველას გვაწუხებს. კრიმინალური ფონი მთელს წარმოდგენას მთავარ თემად გასდევს, თუმცა მძიმე სიტუაციისა და მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რეჟისორმა წარმოდგენას ზედმეტად კომიკური და ცინიკური ელფერი მისცა. სპექტაკლი ტრაგი-კომიკური ჟანრისაა.
კარი იღება და მაყურებელთან ერთად სამი, შავად შემოსილი მგლოვიარე ქალი, სანთლებით ხელში დარბაზში შედიან. ისინი მღერიან საგალობელს "უფალო შემიწყალენ", დარბაზიდან სცენაზე ადიან და იქ აგრძელებენ გალობას. დეკორაციას მთლიანად სამგლოვიარო იერი აქვს. კუბოს ფორმის დიდ ფიცრულს, რომელიც ყვავილებითაა გარშემორტყმული, თითქმის Mმთელი სცენა უკავია. სცენის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ხუთ-ხუთი სკამია ჩაწყობილი, რომელიც მაყურებელს ეკუთვნის. ისინი, გარდა იმისა, რომ თეატრში სპექტაკლის საყურებლად არიან მოსულები, ასევე წარმოდგენის მონაწილენი ხდებიან, როგორც სამძიმარზე მოსული გარდაცვლილის ახლობლები და შემდგომ სცენებშიც ისინი სხვადასხვა ამბავში იღებენ მონაწილეობას.
მისტიური განათების ფონზე გლოვა-გალობა მთავრდება, სამი შავოსანი ქალი სცენას გალობითვე ტოვებს. წარმოდგენის პირველი ნაწილი იწყება. ვხედავთ წითელ კაბაში გამოწყობილ ქალს (ქ. ცხაკაია), მარტოხელა დედას, რომელიც თავისი ამბის მოსაყოლად სცენის შუაგულში სკამზე მოთავსდება. არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ქალი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამიც არის, გამაოგნებელ ამბავს უყვება გამომძიებელს (რომელიც არ ჩანს, ანუ იგულისხმება). მისი ტრაგედია საკმაოდ მძიმეა. გაჭირვებისა და უცხო ქვეყნის მიერ დამონების შიშის საფუძველზე ის თვითმკვლელობას გადაწყვეტს თავის შვილთან ერთად. მერვე სართულის აივნიდან აპირებს გადახტომას, თუმცა ჯერ მისი ათი წლის შვილი გადახტება, თავად კი გადახტომას გადაიფიქრებს და უვნებელი რჩება. დედა ერთადერთს იმას ნანობს, რომ თითონაც არ გადახტა. დედა-შვილისგან ჟღერს ფრაზა "მე ქართველი ვარ და იმათ მონობას მირჩევნია მოვკვდე", ეს ფრაზა დღევანდელი საზარელი რეალობის ასლია. ქართველს ვინმეს მონობას, ყოველთვის სიკვდილი ურჩევნია, სიკვდილი, როგორც თავისუფლების სიმბოლო. ტრაგედიას, რომელიც ყოვლისმომცველი და შემზარავია, დედა შეფარული, ირონიანარევი ტონით, შეშლილი ქალის მანერულობით ყვება, რაც კომიზმის ელემენტებს ქმნის და ტრაგედიას კომედიად აქცევს. კრიმინალის სამძიმარზე უკეთესი მომავლის იმედით
დედა ამთვარებს ჩვენების მიცემას და სცენას ტოვებს. მეორე სურათი იწყება. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ამბავი. ცოლი საკონდიტრო მაღაზიაში მუშაობს, ქმარი კი – ძაღლების ჩხუბის ბიზნესითაა დაკავებული, რაც მის ცოლს სასტიკად არ მოსწონს და წაუყენებს პირობას: სანამ ამ ბიზნესს არ შეეშვება, მასთან სექსუალური კონტაქტი აღარ ექნება. ქალი  ცოტა გიჟია, მაგრამ ქმარს, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან უყვარს და ყველაფერში უწევს ანგარიშს. წარმოდგენის ამ ნაწილში მრავლად მოისმენთ უხეშ, უხამს და უცენზურო სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელიც რეალურად ძალიან ხშირად გვესმის. მიუხედავად იმისა, რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ სპექტაკლში უცენზურო სიტყვების გამოყენებისა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში ამან არ გამოიწვია დიდი გაღიზიანება, ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ ბუნებრივადKჟღერდა. ამ სცენაში კიდევ ერთი თამამი ნაბიჯის მომსწრე ვხდებით. ეს არის აბაზანაში მყოფი შიშველი ცოლი, რომელიც წელს ქვემოთ არ ჩანს, ზურგით დგას, და მისი შიშველი მკერდის ნაწილს მაყურებელი მაიც ხედავს. ცოლ-ქმრის ეპიზოდი სითამამითა და გახსნილობით გამოირჩევა, რომელიც ასევე სავსეა ტრაგი-კომიკურობით. მათი ტრაგედია შემდეგში მდგომარეობს: ფინალში, ფსიქიური შეშლილობის ნიადაგზე, ცოლი ქმარს კლავს, წვრილად კუწავს და კექსის ცხობის დროს, მასში ქიშმიშის მაგივრად ურევს, რომელსაც შემდგომ მაყურებელს ურიგებს და აიძულებს ჭამოს.
წარმოდგენის მესამე ნაწილი საკმაოდ მხიარული და სანახაობრივია. სამაიას მუსიკის ფონზე სცენაზე სამი მოცეკვავე ჩნდება - დედა და მისი ორი შვილი (ტრანსვესტიტი და ორსული გოგონა). გროტესკული პერსონაჟები, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფიგურები არიან. ისინი პროვინციული წარმოშობის, დაბალი დონის პერსონებს წარმოადგენენ, თავიანთი საუბრის სტილითა და უკულტურო მანერულობით. 
დედა სამუშაოდ თურქეთშია წასული და ქვრივი კაცის ოჯახში დამხმარედ მუშაობს. საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულებასთან ერთად მას თურქთან (თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ) ახლო ფიზიკური კონტაქტიც უწევს. ბოლოს კი არაფორმალურად ცოლადაც მიჰყვება, რის შემდეგაც თავისი ორი შვილიც იქ გადაჰყავს საცხოვრებლად. ქმრის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, დგება საშიშროება, რომ მისი კანონიერი შვილი სეფიდეხი ყველაფრის მფლობელი გახდება და ამათ სამივეს სახლიდან გაყრის. ქალი, თავისი შვილების დახმარებით ბალიშით გუდავს მემკვიდრეს. დამნაშავეთა ოჯახი თურქეთის საელჩოს მუდარით მიმართავს, რომ ნუ დატოვებენ თურქეთის ციხეში და გაუშვან საქართველოში, იქ მოიხდიან სასჯელს.
სპექტაკლში ნაჩვენები მოვლენები დღევანდელ მძიმე გარემოებებს ასახავს, აქ წარმოდგენილი ისტორიები ყველასათვის ნაცნობი სიტუაციებია, რომლებიც ჩვენს რეალობაში ხდება. უამრავი სოციალურ-პოლიტიკური პრობლემა, რომლის მსხვერპლი უბრალო მოსახლეობა ხდება, გამოსავლის ძიებაში ფატალური შედეგით სრულდება. 
სამი სისასტიკით სავსე ტრაგიკული ეპიზოდი, რომელიც კომიზმითაა გაჯერებული, მაყურებელს შემზარავ ამბებზე აცინებს, ეს დღევანდელი მდგომარეობის, მწარე რეალობის ანალოგიაა, სიმწრისა და სიგიჟის სიცილი.
უნდა აღინიშნოს რანგობრივად განსხვავებულ მსახიობთა საკმაოდ საინტერესო ჯგუფი. არაჩვეულებრივი ქეთო ცხაკაია, რომელიც დახვეწილი არტისტიზმით გამოირჩევა. მისი საკმაოდ გრძელი მონოლოგი, ამბავში სულ უფრო და უფრო გითრევს და ინტერესით გავსებს. აპარტეზე მომართული მსახიობი მაყურებელს თავისი ამბით ატყვევებს. ის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ქალია, რომელმაც შვილი სასიკვდილოდ გაწირა. ის ამ ამბავს სრულიად აუღელვებლად და ემოციის გარეშე ყვება. ეს პერსონაჟი, მიუხედავად მისი საქციელისა, სიბრალულს და თანაგრძნობას იწვევს.
ცოლ-ქმრის წყვილი, ორი ნიჭიერი ახალგაზრდა, დამწყები მსახიობები. აღსანიშნავია მათი ოსტატობა და მონდომება. ისინი საკმაოდ შთამბეჭდავ დუეტს ქმნიან.
ბოლო სცენის მონაწილე მსახიობები ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული და უცნაური სახეები არიან. პანტომიმის მსახიობს ტატო გელიაშვილს სპექტაკლში ტრანსვესტიტის როლი აქვს. ამ ფაქიზ თემასთან დაკავშირებით ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს, ამიტომ მომიწევს ცოტა მკაცრი ვიყო. მისი გმირი ჯერ კიდევ საკმაოდ დასახვეწია. არაფრისმთქმელია შექმნა პერსონაჟი მხოლოდ კოსტიუმირებით. გმირი არადამაჯერებელია, რომელიც საჭიროებს მეტ კონკრეტულ მახასიათებლებს: მანერულობა, მეტყველება და ა. შ.კრიმინალის სამძიმარზე უკეთესი მომავლის იმედით
მაია ლომიძე, რომელიც ორი შვილის დედას თამაშობს, ამ წარმოდგენაში ყველაზე დიდი გროტესკული პერსონაჟია. გაჭირვებაში და მძიმე გარემოებაში მყოფი ქალი, რომლისთვისაც დახვეწილი მანერები და კულტურა უცხოა, უკმეხი პასუხები და მდაბიო მანერულობა ახასიათებს.  ის თვითგადარჩენის ინსტიქტით და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს.
ყველა მოქმედება სცენაზე დამაგრებულ კუბოს ფორმის ფიცრულზე ხდება, ეს ერთგვარი მეტაფორაა იმისა, რომ ტრაგიზმი და კრიმინალი უნდა დასამარდეს, გამოვიგლოვოთ და სამუდამოდ დავასამაროთ. 
სპექტაკლში გვხვდება შოუს ელემენტები, მაგალითად წარმოდგენაში მაყურებლის ჩართულობა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, სპექტაკლზე მოსული მაყურებლის ნაწილი სცენაზე ხვდება და იქ იკავებს ადგილს, სადაც უშუალო მონაწილე ხდება გამართული პანაშვიდის, თითქოს სკამებზე სამძიმარზე მოსული გარდაცვლილის ახლობლები სხედან. ცოლ-ქმრის სცენაში, სადაც ცოლი ვანილს მიმოაფრქვევს აქეთ-იქეთ, ის მაყურებლისაკენ იწევს და ატყუებს, თითქოს მათ უნდა შეაყაროს. ამ ეპიზოდის ფინალშივე, ის თავის გამომცხვარ კექსს ჭრის და თეფშებით მაყურებელ ურიგებს, აიძულებს გასინჯონ და უთხრან გემრიელია თუ არა. ყველაზე დიდი ეფექტი კი აპარტეზე მომართული მსახიობები არიან, რაც მთელი წარმოდგენა გრძელდება. მსახიობები თავიანთ ამბებს საელჩოს წარმომადგენელსა თუ გამომძიებელს უყვებიან, რომლებიც, როგორც ასეთი, სპექატკლში წარმოდგენილნი არ არიან. მაყურებელი ასრულებს მათ როლს, ის დიალოგის მეორე მხარეს წარმოადგენს – "უსვამს კითხვას მსახიობს, როდესაც ის პასუხობს და პასუხობს, როდესაც მსახიობი კითხვას უსვამს". ძალზედ საინტერესო რეჟისორული ხერხი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაყურებლის ჩართულობას გულისხმობს. ისინი მუდმივად მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში არიან.
თავისი ფორმით წარმოდგენა პარალელებს ავლებს კინემატოგრაფიულ ფორმასა და ხერხებთან. მაგალითად: პირველი "მონო სცენა", სადაც მსახიობს საკმაოდ დიდი მონოლოგი აქვს, მოქმედების გარეშე, მონოტონური საუბრის ტონითა და ძლივს შესამჩნევი მოძრაობებით გვიყვება შემზარავ ამბავს. მონო სპექტაკლში მსგავს სიტუაციას ხშირად ვაწყდებით, მაგრამ იქ რეჟისორი  მაინც ცდილობს ქმედებითა და სხვა საგნების გათამაშებით გაამდიდროს მსახიობის მონოლოგი. ეკრანზე როდესაც მსგავსი შემთხვევაა, კამერას საშუალება აქვს მსახიობი რამდენიმე რაკურსითა და დეტალებით გვაჩვენოს. ამ სპექტაკლში კი რეჟისორს მოსაწყენი მონოლოგის მრავალფეროვნების მისაცემად გამოყენებული აქვს აპარტეს ხერხი, სადაც მსახიობი სრულიად იპყრობს მაყურებელს და აინტრიგებს თავისი მონათხრობით. მდგომარეობას ამძაფრებს ის მოვლენა, რომ რამდენიმე მსახიობი საერთოდ არ არის სცენაზე და არც მაყურებელში ზის, საითკენაც მსახიობები არიან მომართულები. მაშასადამე მაყურებლს უწევს გონებაში ჩამოაყალიბოს ის კითხვები და ფრაზები, რაზეც მსახიობები პასუხს სცემენ და რაც სავარაუდოდ შეიძლებოდა დასმულიყო.
ამ შემთხვევაში მახსენდება ავსტრიელი არაჩვეულებრივი რეჟისორის მიხაილ ჰანეკეს, ასევე არაჩვეულებრივი 2012 წლის კანის ფესტივალის ოქროს პალმის მფლობელი ფილმი "Amour", სადაც რეჟისორს მსგავსი ხერხი აქვს გამოყენებული. ორი მსახიობის დიალოგის დროს, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, ეკრანზე კამერა მხოლოდ დიალოგის ერთ მხარეს გვაჩვენებს, მეორე მსახიობის რეპლიკები კი კადრს მიღმა გვესმის. ამ დროს მაყურებელს უმძაფრდება ინტერესი დაინახოს დიალოგის მორე მხარე, მისი მიმიკა, მოქმედება, მდგომარეობა, ემოციები. ნიკა ჩიკვაიძის ამ სპექტაკლშიც, შეიძლება ითქვას, ანალოგიური ხერხია გამოყენებული. მაყურებელი პროცესში ხვდება რომ დიალოგის მეორე მხარე არ ჩანს სპექატკლში, რომ ეს მხარე ყოველი მათგანია, მათ უნდა დაძაბონ გონება და "ჩაერთონ" წარმოდგენაში. ალბათ ამ ფორმის გარეშე ეს სპექტაკლი წარუმატებელ და ჩავარდნილ სპექტაკლადაც კი ჩაითვლებოდა. 
სპექტაკლში წარმოდგენილი პერსონაჟები და ისტორიები ნამდვილია, ისინი ჩვენს მძიმე რეალობას ასახავენ. მარტოხელა დედები, რომელთაც ძალიან უჭირთ, თუნდაც შვილის მარტო გაზრდა. ქართველები, რომლებიც სხვა ქვეყნის მონობას სიკვდილს არჩევენ. მწვავე ურთიერთდამოკიდებულება ცოლ-ქმარს შორის, რომელთაც ერთმანეთის არ ესმით და უკმაყოფილონი არიან ერთმანეთით, მიუხედავად ამისა მაინც ერთად არიან. ქალები, რომლებიც ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ სხვის ოჯახში სამუშაოდ მიდიან და რომელთაც რაღაცის გამორჩენა სურთ. ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც რაიმე მიზეზით და ჩანაფიქრით ორსულდებიან და გენდერ არეული თაობა, რომელთაც ვერ დაუდგენიათ თავიანთი სასურველი სქესი. 
მესამე ეპიზოდის სამივე პერსონაჟი (დედა და მისი ორი შვილი: ფეხმძიმე გოგონა და ტრასვესტიტი) აუცილებლად პერდო ალმოდივარის პერსონაჟებს მოგვაგონებენ სხვადასხვა ფილმებიდან, განსაკუთრებით ტრაგიზმით სავსე ტრანსვესტიტი.
წარმოდგენის საერთო სურათი ლარს ფონ ტრიერის, პედრო ალმოდოვარისა და ფრანსუა ოზონის საერთო ნამუშევარს მოგაგონებთ, მათთვის დამახასიათებელი კრიმინალიზმით, ტრაგიზმით, გაუგებარი და უცნაური პერსონაჟებით და მსუბუქ დეტექტიური, შოკისმომგვრელი ამბებით. საერთო ჯამში საკმაოდ სახალისო და საინტერესო წარმოდგენაა თავისი ფსიქო-ტიპაჟებით.
ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი "ყველა დამამძიმებელი გარემოება" მისი ექსპერიმენტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.
დღევანდელი რეალობისა და აღნიშნული წარმოდგენის საერთო ჯამური სურათი ასეთია: სცენა-კრიმინალის ადგილი, მდგომარეობა-ტრაგიკული, სადაც განუკითხაობა მეფობს, მაყურებელი-დღევანდელი საქართველო, რომელიც ყველაფერს ხედავს, ყველაფრის მონაწილეა, მაგრამ უძლურია რაიმე რეაგირება მოახდინოს. კუბო, რომელიც კრიმინალს და ძალადობას ასამარებს, მომავალი გაბრწყინებული საქართველოს იმიტაციაა.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა