სპექტაკლი თეატრზე და თეატრის მოღვაწეებზე. დანახული არც თუ ლამაზი რაკურსით: რეჟისორი–ამბიციური, მისი მეუღლე – უნარდაკარგული და დამონებული, შვილები უნიჭოები და დედის მიერ დათრგუნულები. ესაა მოკლე ანოტაცია რუსთაველის თეატრის ახალი სპექტაკლისა "სანახაობის მომწყობი", კოპროდუქციის, რომელიც ავსტრიელმა რეჟისორმა ქრისტიან პაპკემ ქართულ შემოქმედ ჯგუფთან ერთად განახორციელა. ეს თომას ბერნჰარტის (1931–1989) პიესის პირველი დადგმაა საქართველოში. დრამატურგი, რომელიც თავის ნაწარმოებებში აკრიტიკებდა ყველას და ყველაფერს, საკმაოდ სკანდალური მწერლის რეპუტაციით სარგებლობდა. მან, თავისი ანდერძით, ავსტრიაში საკუთარი პიესების დადგმა აკრძალა. სამაგიეროდ მისი პიესა "კლაუს პაიმენი შარვალს ყიდულობს" დღესაც იდგმება "ბერლინერ ანსამბლის" სცენაზე.
„ჩემი არსებობა მთელი ცხოვრების მანძილზე რაღაცას უშლიდა ხელს. მე ყოველთვის ვიღაცას ვუშლიდი ხელს და ვაბნევდი. ყველაფერი, რასაც ვწერ და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ვიღაცას აბნევს და აღიზიანებს. მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი არსებობა, სხვა არაფერია, თუ არა მუდმივი ხელისშეშლის და დაბნეულობის გამოწვევა.“
ჩვენ ვიხილეთ ამ დრამატურგიული ტექსტის სცენური ვერსია (პიესის მთარგმნელი მ. ფანჯიკიძე, ვერსიის ავტორი ქ. პაპკე), რომელმაც დადგმისას მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. პირველი და უმთავრესი ისაა, რომ მთავარი მოქმედი პირი რეჟისორი ბრუსკონი მამაკაცის ნაცვლად ქალია, რომელსაც მარინა კახიანი ასრულებს. რასაკვირველია დრამატურგიულ ტექსტში ამ სერიოზულმა ჩარევამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სპექტაკლზე: წინა პლანზე წამოვიდა მსახიობისა და რეჟისორის, შემოქმედი ქალის დამოკიდებულება თეატრზე, მსახიობებზე, ზოგადად მამაკაცებზე, გაჩნდა ფემინისტური იდეებიც, უკანა პლანზე გადავიდე ბრუსკონი – დედა და ბრუსკონი – ცოლი.
სიმართლე გითხრათ, ამ ტრანსფორმაციამ და სახეცვლილებამ დიდად არ დააზიანა დრამატული ნაწარმოები, პირიქით ჩემი აზრით მოიგო კიდევაც ვინაიდან მარინა კახიანის შესანიშნავმა ოსტატობამ და თამაშმა ახალი ნიუნსები შესძინა მას. (აქვე მინდა სამწუხაროდ აღვნიშნო, რომ რუსთაველის თეატრში და არა მარტო მასში, შუა თაობის მამაკაც შემსრულებელთა ნაკლებობა შეიმჩნევა, შესაძლებელია ამან განაპირობა ის, რომ მოწვეულმა რეჟისორმა ეს სვლა გააკეთა – თუმცა აქვე ხაზგასმით მინდა გავიმეორო, რომ მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა.)
სპექტაკლის ავსტრიელმა რეჟისორმა ქრისტიან პაპკემ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მძიმე ამოცანა დაისახა. მას სცენაზე უნდა გადაეტანა დრამატურგიული ტექსტი ქმედების გარეშე, პრაქტიკულად მონო პიესა, სადაც მთავარი მოქმედი პირი (სქესს არა აქვს მნიშვნელობა) ძირითადად საკუთარ თავს ესაუბრება და მოპასუხეთ მხოლოდ სრულიად უცნობი ადამიანი – მედუქნე გაუხდია, რადგან სხვასთან (ოჯახის წევრებთან) საუბარი მას უკვე არც სურს და არც ძალუძს. პიესა ქმედების გარეშე, უსაზღვროდ დიდი ტექსტი მუნჯი პერსონაჟების გარემოცვაში, სადაც მთავარი პერსონაჟი ამბავს კი არ ყვება, არამედ უსასვენნიშნო წინადადებებს წარმოთქვამს, რომელთა შორისაც ხშირად ლოგიკური კავშირების აღმოჩენაც ძალზე ჭირს, ბევრ სირთულეებს უქმნის მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს. მარინა კახიანმა ეს შეძლო – მან ჩვენს წინაშე გააცოცხლა ავადმყოფურად ამბიციური პერსონაჟი, ცინიკოსი, პრეტენზიული, ალბათ უნიჭოც, ვინაიდან ქალბატონი ბრუსკონის მსახიობურ თამაშში ჭარბობს ცრუ პათეტიკა, მანერულობა, გაპრანჭულობაც და ათასი სხვა მანკიერება.
უთცბახში ქალბატონი ბრუსკონის ჩამოსვლა (უფრო სწორი იქნება ამოსვლა) პომპეზურია – ულამაზესი შავი გედის ფრთიანი ქუდით, ასევე შავი ტანსაცმლით (კოსტუმების მხატვარი ა. ნინუა), უშველებელი ქოლგით, რომელიც გვაუწყებს რომ ვუყურებეთ ბერნჰარტის ნაწარმოებს. ლამაზი პლასტიკით შესრულებული (ქორეოგრაფი კ. ფურცელაძე) შავი, მომაკვდავი გედის ცეკვით ქალბატონი ბრუსკონი სასტუმრო "შავ გედს" დასცინის. იმ თავშესაფარს, სადაც ბრუსკონების ოჯახი ჩერდება და სავარაუდოდ ეს ცეკვა სიმბოლურად ქალბატონი ბრუსკონის აქ დაღუპვის გამომსახველია, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სპექტაკლის ბოლოში, რომელშიაც თავიდანვე სჩანს რომ ჰეფი–ენდს არც უნდა ველოდეთ.
ქალბატონი ბრუსკონი – მარინა კახიანი – სახელმწიფო არტისტი, დესპოტი ოჯახში და დიქტატორი თეატრში, ყოველთვის ყველაფრით და ყველათი უკმაყოფილოა (როგორ გვაგონებს თვით ავტორს, თომას ბერჰარდტს). ბრაზიანი, თავმომწონე, საკუთარი თავით კმაყოფილი, განდიდების მანიით შეპყრობილი. როდესაც "დამყაყებული და ნესტიანი" გარემო არ ჰყოფნის საასპარეზოდ ზემოთ "ამაღლდება" და იქიდან ამცნობს სამყაროს რომ თეატრი ტყუილია, თეატრი გარყვნილებაა, მსახიობები ტყუიან, მამაკაცთა მოდგმა გადასაშენებელია, რომ მისი მეუღლე პროლეტარიატის პროდუქტია, რომელმაც ამ ტურნეში ჩართვა აიძულა, რომ პროლეტარებმა თეატრიც გაანადგურეს. სამაგიეროდ მას, სახალხო არტისტს, რომელმაც ბერლინში ფაუსტი ითამაშა და ციურიხში მეფისტოფელი, რომელიც ფრიდრიხ დიდს თამაშობს, გრანდიოზული ამოცანა დაუსახავს წინ – მსოფლიო კომედიის დადგმა, სადაც ნაპოლეონი, ჩერჩილი, ჰიტლერი და რაც მთავარია სტალინი იქნებიან გამოსახულნი. მარინა კახიანის გროტესკული ბრუსკინი ძალიან ახლოს დგას გერმანელი ლიტერატურამცოდნის ფ. კაიზერისეულ გროტესკთან, რომელშიაც თავს იჩენს "მტრული, რაღაც არაადამიანური და უცხო". და მართლაც მისი დამოკიდებულება გარემოსთან მტრულია, კრიტიკული, გამსჭვალულია ზიზღითა და სიძულვილით. მისი მეუღლესთან და შვილებთან დამოკიდებულება არაადამიანური, სასტიკი და შერაცმყოფელიც, რომელიც ხშირად იწვევს მათგან უკურეაქციას – ისინი მზად არიან, განსაკუთრებით შვილები – სარა (ქ. ხითირი) და ფერუჩიო (ა. მიქუჩაძე– ღაღანიძე) სამაგიეროც კი გადაუხადონ, თავში ჩაარტყან რაიმე. მათთვის ბრუსკონის თეატრი სამუდამო ციხეა, რასაც დედის სიცოცხლეში თავს ვერ დააღწევენ. ისინი მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს უკეთესად, როდესაც დედამისი ახლო–მახლო არ ჩანს. ბატონი ბრუსკონი (თ. გიორგაძე) მისგან განწირული და უარყოფილი ისეთ ადამიანად უქცევია, რომელსაც მხოლოდ მისი პიესების ბეჭდვა ევალება. დაჩაჩანაკებული, მუდმივად რომ ახველებს, მაშინაც კი ვერ გრძნობს თავს მამაკაცად, თანაც ძალიან იშვიათად როცა, ქალბატონ ბრუსკონს ქალური ინსტიქტები მოაწვება. უცხოა იგი არსებული გარემოს მიმართაც. მისი იდეა სრულ სიბნელეში ჩატარებული (ორიგანული ტექსტის მიხედვით) და გათიშული მობილურებით (ამ სცენური ვერსიით) სპექტაკლი უტოპიაა და მისი განხორციელება შეუძლებელია. ის უცხოა მედუქნისა და მისი მეუღლისთვისაც, რომლებიც მარათლია ემსახურებიან მას, მაგრამ ერთი სული აქვთ როდის დატოვებს იგი აქაურობას. მედუქნე ფარულად ნაჯახსაც კი მოუღერებს, იმდენად აუტანელი და ზედმეტია იგი თუნდაც ამ უსახურ სოფელში.
აქ კი, ამ თეატრში მოჩვენებები დაიარებიან, ხან ზევიდან ლოჟებიდან ჩამოდიან ხან ციდან ცვივიან წიგნებით ხელში, ხანაც იატაკზე დაბობღავენ, ხანაც მიცვალებულების სხეულის ნაწილებს ხარშავენ სისხლიან ქვაბში. თეატრის სარდაფში გადაყრილ, ძველ დეკორაციასა და ბუტაფორიებში მოხვედრილ ბრუსკონის თეატრის განათება საშინლად აწუხებს, მისი სამყარო წყვდიადია, სიბნელე.
მისი იდეალი ცნობილი პიროვნებები: გოეთე, შექსპირი, ვოლტერი, შოპენჰაური, აინშტაინი არიან – მხოლოთ მათ გვერდით მოიაზრებს საკუთარ თავს. ხოლო პოლიტიკური ფიგურები იულიუს კეისარი, მაკედონელი, ნაპოლეონი, ჩერჩილი, სტალინი, ჰიტლერი კი მისი მსოფლიო კომედიის პერსონაჟებად უნდა იქცნენ.
სრულიად სადისტურია და სისასტიკით აღსავსე სცენა სადაც საკუთარ შვილს სარას აიძულებს ხმამაღლა იყვიროს: "ვინაა დედაშენი"? სარა დიდხანს ეწინააღმდეგება, მაგრამ ფიზიკური ზეწოლა იმდენად ძლიერი, იმდენად დამთრგუნველი და შეურცმყოფელია, რომ იძულებული ხდება დანებდეს. – "ყველა დროის ყველაზე დიდი მსახიობი" - აღმოხდება სარა – ქეთი ხითირს.
"ეგრე, ამის გაგონება მინდოდა" – ყვირის ბრუსკონი და ავადმყოფური ამბიცია აპოგეას აღწევს. ეს ამბიცია დაკმაყოფილებულია და იწყება ის რასაც ბრუსკონი –კახიანი რეპეტიციას ეძახის: ესაა საკუთარი შვილების უსაზღვრო წვალება – ფარდა გახსენი, დაკეტე, დეკორაცია აქ დადგი, იქ დადგი, იქით, აქეთ ... "ანტიტალანტებთან" როლზე მუშაობის გამუდმებული ტანჯვა – "თეატრის ციხეა" .
რეჟისორი ქრისტიან პაპკე ქმნის სპექტაკლის მეორე და მესამე პლანს, რაც დრამატურგიულად არაა პიესაში: ესაა მედუქნესა (ნ. ქაცარიძე) და მისი მეუღლის (დ. ხარშილაძე) სცენები, მათი ქალიშვილის, ემეს (რ. მაყაშვილი) და ფერუჩიოს სიყვარულის მომხიბლავ პანტომას "ლა დონა ე მობილეს" მელოდიის ფონზე, რაც თავისთავად სახალისოა და იუმორს მატებს წარმოდგენას.
აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ორიგინალური მუსიკალური საუნდტრეკები და სახასიათო მუსიკალური გაფორმება (ავტორი მ. ხუნდაძე–ლემანი), რომელიც ხაზს უსვამს სპექტაკლის რეჟისორულ კონცეფციას.
რუსთაველის თეატრის უკვე დასახელებული მსახიობები, დაკავებულნი ამ სპექტაკლში, ღირსეულ პარტნიორობას უწევენ მთავარი როლის შემსრულებელს. პროვინციელი მედუქნე–სასტუმროს მფლობელი (ნ. ქაცარიძე), რომელისთვისაც სტუმრების ჩამოსვლა ზეიმის ტოლფასია, მაგრამ ისეთებიც როგორებიც ბრუსკონის ოჯახია, მისთვის მძიმე ტვირთია – ბრუსკონის პრეტენზიულობა, კატეგორიულობა და ზოგჯერ უზომო უხეშობაც მასშიც კი იწვევს პროტესტს, თუმცა იგი იძულებულია დაემორჩილოს, შეასრულოს მისი ყოველი კაპრიზი და იცეკვოს კიდევაც მის წინაშე. მისი მეუღლე (დ. ხარშილაძე) ქალბატონ ბრუსკონის ჩამოსვლის შემდეგ სიხარულით უსრულებს მუსიკალურ არიებს, მაგრამ შემდგომ აგრესიულად ღებულობს მას, სადაც თითქოს მეუღლესთან ეჭვიანობის ნიშნებიც კი იკვეთება. მსახიობების მიერ შესანიშნავად შესრულებული ეს ორივე სახე ძალიან გამომსახველსა და ქმედითს ხდის წარმოდგენას.
ასევე ღირსშესანიშნავია ახალგაზრდა მსახიობთა სარა (ქ. ხითირი), ფერუჩიო (ა. მიქუჩაძე– ღაღანიძე) და ერნას (რ. მაყაშვილი) მიერ შესრულებული როლები. როგორც უკვე აღვნიშნე ორიგინალური დრამატურგიული ტექსტის მიხედვით მათ მხოლოდ ანტურაჟის ფუნქცია უნდა ჰქონოდათ. რუსთაველის თეატრის ამ სპექტაკლში კი მათ რეჟისორის მეშვეობით საკმაოდ მნიშვნელოვანი და ქმედითი ფუნქცია შეიძინეს. სარა (ქ. ხითირი) ამაოდ ცდილობს გაექცეს დედამისის მიერ შექმნილ გარემოს, ფელიჩიო (ა. მიქუჩაძე– ღაღანიძე) ცდილობს დას შეუმსუბუქოს ცხოვრება და დედის რისხვისგან იხსნას, თუმცა არც თვითონაა კარგ დღეში. ერნა (რ. მაყაშვილი) ჯერ კიდევ გულუბრყვილო გოგონა, რომლისთვისაც რაც გარშემო ხდება მხოლოდ თამაშია, ყურადღებით აკვირდება ქალბატონ ბრუსკონის და მოხერხებულ მომენტებში ბაძავს, იმეორებს მის ქმედებებს და დასცინის მას. ამავდროულად ფელიჩიოთი გატაცებული თანაუგრძნობს თავის თანატოლებს.
ნებისმიერი თეატრის სცენური კულტურა იმით ფასდება, რამდენად სრულყოფილია ის პროდუქცია რასაც ის ქმნის, როგორ კულტურულ ნაწარმოებს სთავაზობს მაყურებელს, რაოდენ სახოვანია და რამდენად ესთეტიურად წარსდგება იგი საზოგადოების წინაშე. რუსთაველის თეატრს ეს განსაკუთრებით ხელეწიფება. პრემიერა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ამ კულტურას სრულად პასუხობს და თუნდ გნებავთ აგრძელებს უკვე არსებულ ტრადიციებს. მხედველობაში მაქვს სცენოგრაფიული კულტურა და სპექტაკლის გაფორმების ტექნოლოგია.
"სანახაობის მომწყობის" სცენოგრაფია (ხ. ხუნდაძე), ქმედითი დეკორაციაა. მხატვარმა შემოგვთავაზა და სცენაზე გადაიტანი ის, რაც მხოლოდ სტრიქონებს შორის შეიძლება ამოიკითხო. სახეზეა დრამატურგის, რეჟისორისა და სცენოგრაფის ერთობლივი აზროვნების შედეგი: სპექტაკლის დასაწყისში უზარმაზარი პანო – დეკორაციების საწყობი, უამრავი ბუტაფორიის შესანახი ადგილი, სადაც პირველად ქალბატონი ბრუსკონი აღმჩნდება; მარჯვენა კუთხეში, როგორც ტელევიზიის ეკრანზე პროეცირდება სპექტაკლის დანარჩენ მონაწილეთა ჯგუფური პორტრეტი, სასტუმროს ნომერი მოდერნისტული "პეიზაჟებით და სტალინის პორტრეტით", ფარდის იქით სამზარეულოთი, სადაც ლორიანი წვნიანი მზადდება. აქ, ამ სცენაზე, ყოველი დეტალი გათვლილია, თავის ფუნქციას ასრულებს და თამაშდება. მომავალი სპექტაკლის გაფორმება – მანეკენებით, ისტორიული პიროვნებების – ჰიტლერის, სტალინის ფიზიონომიებით, ნაპოლეონის კოსტუმებით და აშ. ყოველივე ამას ავსებს და განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს მსახიობთა კოსტუმები (მხატვარი ა. ნინუა) შესრულებული დიდი გემოვნებით და უზადო ხელოვნებით.
და აი დადგა პრემიერის დღეც. ყველაფერი მზაადაა, დარბაზი სავსეა, ქალაქის მერიც კი ესწრება წარმოდგენას, სცენაზე ყველა ისტორიული პიროოვნების ორეულები უკვე სახეზეა, მხოლოდ ქალბატონი ბრუსკონი ვერ პოულობს ადგილს. მისი მოძრაობები კონვულსიურია და ისტერიული. და სპექტაკლის დასაწყისის მოლოდინში იხსნის ნიღაბს, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებდა და აღიარებს, რომ: "განდიდების მანია აქვს" და აქვე იწყება კატასტროფა, რომელიც მან თვითონ იწინასწარმეტყველა და რის შედეგებსაც იმკის – გაისმის აკრძალული მობილური ტელეფონის ზარი და მის მიერ შექმნილი თეატრალური სამყარო ინგრევა, "მსოფლიო კომედიის" უტოპიური წარმოდგენა არ შედგება – თეატრში გაჩენილმა ხანძარმა ქალბატონი ბრუსკონი შეიწირა. ფინალი სრულიად ლოგიკურია – ქალბატონმა ბრუსკონიმ საკუთარი თავი ამოწურა.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04