სამი ამბავი კრიმინალზე
14-05-2015, 10:28

 

საკმაო ხანია დავით გაბუნიას დრამატურგიამ თეატრის რეჟისორების ყურადღება მიიქცია. ნ. ჩაკვეტაძე, მ. ჩარკვიანი, პ. ციკოლია, დ. თავაძე ახალგაზრდა რეჟისორთა ის პლეადაა, რომელმაც ამ დრამატურგის პიესები სცენაზე გააცოცხლა. მთრგმნელისა და დრამატურგის პიესათა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. ზოგიერთი მათგანი კი რამდენიმე პრემიით აღინიშნა, მაგ. „Holland, Holland“, „დურუჯის“, „რამდენიმე დამამძიმებელმა გარემოებამ“  მ. თუმანიშვილის ფონდის პრემია მოიპოვა. ავტორი თავის პიესებში თანამედროვე თემებს ეხება და ძირითადად იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც დღევანდელ ახალგაზრდობას აწუხებს. მისი ბოლო პიესა „ბეჩავიც“, ამ მხრივ იქცევს ყურადღებაც. იგი  ახლახანს წარმატებით დაიდგა სამეფო უბნის თეატრში (რეჟისორი მ. ჩარკვიანი).

პიესის „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოების“   თემა და სათაური იქცა,  ასე ვთქვათ, რეჟისორ ნიკა ჩიკვაიძის შემოქმედებით წყაროდ, რომელმაც დავით გაბუნის სამი პატარა პიესა: „დედა“, „ლავინიას ყურები“  და „თურქი ბიჭის, სეფიდეხ  ნესინის ცხოვრება  და აღსასრული“ ერთ სასცენო ნაწარმოებად გააერთიანა „ყველა  დამამძიმებელი გარემოების“   სახელით, რითაც როგორც სჩანს ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ სცენაზე გადატანილი ამბები „გარემოებებითაა დამძიმებული“- კერძოდ კი სამივე მათგანი ერთ-ერთი პერსონაჟის ძალადობრივი გზით სიკვდილის  შესახებ მოგვითხრობს.

დრამატურგ დავით გაბუნიას პიესების „ნატურალისტური“ ბუნება, ან თუნდაც ამ მიმართულებისკენ მობრუნება დასტურია იმისა, რომ საზოგადოებაში ყველაფერი მთლად ნორმალურად არაა. ის გამონაკლისი შემთხვევებიც რაც მის პიესებშია ასახული, ამის  დამამტკიცებელია.

თუ ენრიკო ფერის ტრაქტატის, „დამნაშავეთა ტიპები ლიტერატურასა და ხელოვნებაში“, კლასიფიკაციას გავიზიარებთ, ამ სამივე  პიესაში იკვეთება დამნაშავეთა შემდეგი სახეები: ფსიქიკური აშლილობის  დამნაშავე - დედა პიესიდან „დედა“,  დამნაშავე ვნებების გამო - ცოლი პიესიდან „ლავინიას ყურები“ და  შემთხვევითი ანუ ანგარებითი დამნაშავე,  მესამე ნაწარმოებიდან,  „თურქი ბიჭის, სეფიდეხ  ნესინის ცხოვრება და აღსასრული“ და რაც მთავარია ყველა დანაშაულის ჩამდენი ქალია.

სპექტაკლი „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე უფრო ადრე იწყება, ვიდრე მაყურებელთა დარბაზის კარი გაიღებოდეს. ჩვენ თეატრის ფოიეში უკვე გვესმის სამგლოვიარო საგალობელის ჰანგები (მგალობლები: მზია მურადაშვილი, ლია შამავა, ნინო არჩვაძე) და შესვლისთანავე მიცვალებულის პანაშვიდზე აღვმოჩნდებით. ჩვეულებრივ მრავალსართულიანი სახლის მერვე სართულზე უდროოდ დაღუპულ ათი წლის ბიჭს გლოვობენ,  რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის  დროს  სახლის აივნიდან გადმოხტა.

სცენაზე უშველებელი კუბოა (სცენოგრაფი მარიამ ჭელიძე), რომელსაც შემდგომ რეჟისორი ხშირად სცენურ ფიცარნაგადაც გამოიყენებს. მისი  გაზვიადებული ფორმა დიდ ტკივილსა და დიდ ტრაგედიაზე მიუთითებს, რომელსაც გარშემო ჭირისუფლები შემოსხდომიან, როგორც ტრადიციულ კავკასიურ ტირილშია მიღებული (ზოგიერთი მათგანი დღევანდელი სპექტაკლის მაყურებელიც კია). იგრძნობა რომ საკმაოდ გაჭირვებულ ოჯახში ვიმყოფებით, თაროებზე ცარილი ქილებია განლაგებული, მის ქვემოთ კი ელექტრო ქურა, ასე აქტიური რომ იყო ჯერ კიდევ გაზიფიკაციით არ განებივრებულ მოსახლეობაში. მეორე კედელზე ოჯახური სურათი ჰკიდია. იქვეა  წიგნების თაროებიც.

დედა (ქეთი ცხაკაია) ადგილს ვერ პოულობს, მძიმედ განიცდის შვილის დაღუპვას. უეცრად ფეხზე წამოიჭრება, ბარბაცით სტოვებს დარბაზს ათასი ბოდიშის მოხდით. მგლოვიარე ტანსაცმელი მოსავს, მხოლოდ წითელი ფეხსაცმელი გამოიყურება მეტად უცნაურად ამ ჩაცმულობაში - ან ეს მისი ერთადერთი ფეხსაცმელია, რომელიც მას გააჩნია, ან ალკოჰოლით გაბრუებული ვერც კი გრძნობს როგორი უადგილოა ამ სიტუაციაში ასეთი ფეხსაცმლით გამოჩენა. მათსა და დანარჩენ ჭირისუფალთა, სავარაუდოდ მეზობლებს  შორის კონტაქტი არ იგრძნობა და ალბათ არასდროს არც ყოფილა.

შვილის დაკრძალვის შემდეგ თითქოს არაფერი მომხდარიყოს დედა (ქეთი ცხაკაია) შავებს იხდის, წითელ კაბაში გამოეწყობა (აი თურმე რატომ აცვია დასაწყისში წითელი ფეხსაცმელი),  მაქმანებიანსახელოიან შავ პიჯაკს მოისხამს და იწყება დედის მონოლოგი, რომლიც დროსაც იგი ცდილობს აგვიხსნას რაც მას და მის შვილს გადახდათ. ომის საშინელების მომსწრენი და მტრის ხელში ჩავარდნის შიშით შეპყრობილი პატარა, რომელსაც დედამ ოთხი ჭიქა არაყი დაალევინა რომ მისი შიში დაეთრგუნა, მერვე სართულიდან გადახტა. დედა გამომძიებელთან დაკითხვაზე მყოფს ჩამოგავს. ქეთი ცხაკაია ამ ისტორიას ყვება ნერვიულად, ნაწილ-ნაწილ, პაუზებით, ჯერ მხოლოდ ფაქტების მოხმობით, თუ როგორ მიატოვა ქმარმა, როგორი წვალებით ზრდიდა შვილს, თუმცა არაფერს აკლებდა. ცხადად იკვეთება ეგოისტი დედის პორტრეტი, რომელიც ახლა იმითაა კმაყოფილი რომ  მისი შვილი სამუდამოდ ათი წლის დარჩა და მას შვილის სიყვარულში უკვე აღარავინ შეეცილება.  ამ მონოლოგის ბოლოსკენ თანდათან იკვეთება სინდისის  ქენჩნა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მონანიების განცდა, მისი სიტყვები უკვე აღსარებაში გადაიზრდება და უკვე ეჭვი გეპარება მის სიმართლეში - სულაც არაა გამორიცხული, რომ ამ ფსიქიკაშერყეულ ქალს აივნიდან გადაეგდო საკუთარი შვილი.  დედა ვერ უძლებს „დაკითხვის“ ფორმას და გარბის, გარბის რომ ერთი მაგრად გამოთვრეს და სპექტაკლის ბოლოს მოგვევლინოს ბოთლით ხელში გალეშილი ნასვამი და გვაუწყოს, რომ ყველაფერი დამთავრდა. 

პირველი დედის როლის შემსრულებელი (სპექტაკლში მეორე დედაცაა - მასზე  ქვემოთ)  მსახიობი ქეთი ცხაკაია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია - მკვეთრად გამოკვეთილი სახასიათო ამპლუით. მის მიერ უმაღლესი პროფესიონალობით შერულებული როლების ერთხელ ნახვა საკმარისია, რომ დიდხანს შემოგრჩეს მეხსიერებაში:  გრეთჰენი - ვ. გოეთეს „ფაუსტში“ (რეჟისორი ლ. წულაძე) ჰამლეტი - უ. შექსპირის  „ჩემი ჰამლეტი“ (რეჟისორი ბ. კუპრეიშვილი, 2011 წლის „დურუჯის“ გამარჯვებული), კალანდრინი - ჯ. ბოკაჩოს „დეკამერონი“ (რეჟისორი ლ. წულაძე), ადამი - უ. შექსპირის „როგორც გენებოთ“ (რეჟისორი ლ. წულაძე).  და რაოდენ სასიამოვნოა, რომ თანამედროვე თეატრში ასე ადვილადაა შესაძლებელი სხვა თეატრის მსახიობების  მოწვევა, მსახიობების, რომლების ზუსტად გამოხატავენ რეჟისორის ჩანაფიქრს. იგივე შეიძლება ითქვას მეორე დედის როლის შემსრულებელ მაია ლომიძეზეც.სამი ამბავი კრიმინალზე

 

მეორე პიესის მოქმედი პირნიც გონებაარეული კრიმინალური წყვილია: ცოლი - (ანუკა გრიგოლია), ქმარი (სოსო მათიაშვილი, გიორგი ჩაჩუა). მათი ურთიერთობა გამომწვევ-გამაღიზიანებელია,  სადისტურ-მაზოხისტური ელემენტებით. ცოლი ამაყობს იმით, რომ  ქმარს „არ აძლევს“,  ქმარი კი სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ხშირად მიმართას ანანიზმს. საკონდიტრო ქარხანაში მომუშავე ცოლი ოთახშიც ფქვილითა და ვანილითა ამოთხვრილი, სახლშიც კონდიტერობს, შიგა და შიგ კვერცხებსაც ამტვრევს თავზე საკუთარ მეუღლეს, უხვად აცხობს ნამცხვრებს და მაყურებელსაც სთავაზოს თავის გამომცხვარ, ახლა უკვე ქიშმიშის მაგივრად საკუთრი ქმრის სხეულის ნაწილებით შეზავებულ ნამცხვარს - დიახ, მათმა ურთიერთობამ აპოგეას მიღწია და ცოლმა ქმარი მოკლა, ნაკუწებად აქცია.

 

მესამე პიესა „თურქი ბიჭის, სეფიდეხ  ნესინის ცხოვრება და აღსასრული“ განსაკუთრებით გამოირჩევა საინტერესო ხასიათებით და და მსახიობური შესრულებით: დედა - მაია ლომიძე, უფროსი ბიჭი ნიკო/ნინო - ტატო გელიაშვილი, უმცროსი გოგო თეკლა - ნინა კალატოზიშვილი. გამოიკვეთა რომ ახალგაზრდა რეჟისორ ნიკა ჩიკვაიძეს ხელეწიფება  არა მხოლოდ მსახიობთა შერჩევა როლის თავისებურებიდან გამომდინარე, არამედ მათთან ამ როლზე მუშაობის უნარ-ჩვევებიც.

თურქეთში სამუშაოდ წასული დედის მიერ, საკუთარი შვილების ბედნიერებისათვის ჩადენილ დანაშეულებრივ ქმედებას,  მსახიობმა მაია ლომიძემ, გამართლება მოუნახა. იგი არაფრით დაუშვებდა რომ მისი თურქი მეუღლის ქონება სხვას დარჩენოდა. მიღებული გადაწყვეტილება კოლექტიურია და ამ დანაშაულში შვილებიც -ტრასვესტიტი ნიკა/ნინო და ფეხმძიმე თეკლაც ეხმარებიან. „სამაის“ (ქორეოგრაფი სოფო ყაზახაშვილი) ჰანგებზე აცეკვებული სამეული საკუთარ სიმართლეში  და გადაწყვეტილების სამართლიანობაში დარწმუნებულია. და-ძმა გამუდმებული ჩხუბით და ერთმანეთის შეურაცყოფით არიან დაკავებული, მაგრამ ბოლოს მაინც რიგდებიან ხოლმე. დედამ  სანაქებოდ ვერ გაზარდა შვილები, სამაგიეროდ სხვისი მემკვიდრეობით მათი მომავალი უზრუნველყო.

გაბუნიას მიერ აღწერილ სამყაროში ყველაფერი თავდაყირა დგას  და შექმნილი მდგომარეობა ყველაზე ახლობელი ადამიანების, დედა-შვილის, ცოლ-ქმრის ურთიერთობებზეც აისახება.  წინა პლანზე გადმოდის ავადმყოფური ვნებანი, ეგოისტური მოთხოვნილებები, სადისტური გრძნობები, დანაშაულებრივი ქმედება, დაუსჯელობის სინდრომი, სიძულვილი და ბოროტება.

სამი ამბავი კრიმინალზე

 

„თავისუფალი თეატრის“ ახალი სპექტაკლის რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე დებიუტანტია, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი დრამატურგიულ ტექსტებს, ავტორის მიერ მოცემულ ხასიათების სცენაზე გამოსახვას. სცენოგრაფიისა  და მუსიკის მეშვეობით შექმნა გარემო, სადაც ყველა მსახიობი ზუსტად გადმოგვცემს თვითეული სახასიათო პერსონაჟის გრძნობათა ბუნებას, ჩადენილი ქმედების ლოგიკურობას. სამივე პიესა პატარა დრამაა, რეჟისორის მიერ სწორად გახსნილი და ტრაგიკომედიული ფერებით შეზავებული. რასაკვირველია  სპექტაკლს კეთილი ბოლო არა აქვს და არც დამნაშავენი ისჯებიან. 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა