ვთამაშობთ „იბსენს“ ?....
6-06-2015, 08:04

 

 

გაორება რომ ცუდია, შესანიშნავად მესმის, მითუმეტეს როდესაც საუბარი ეხება შემოქმედებითი ნაწარმოების შეფასებას. ასეთი გაორების მსხვერპლი გავხდი მუსიკისა და დრამის თეატრში თამარ გომართელის მიერ დადგმული ჰ. იბსენის „ჰედა გაბლერის“ ნახვის შემდეგ.

 

ერთის მხრივ ჩემს წინაშე გათამაშდა წარმოდგენა,  სადაც ყოველ პერსონაჟს თავისი ზუსტი ადგილი ჰქონდა მიჩნეული, ხოლო მსახიობები ასევე ზუსტად და ზედმიწევნით ასრულებდნენ რეჟისორის მიერ მიცემულ დავალებას და უფრო მეტიც ყოველი მათგანის შესრულება მართლაც რომ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში, მაგრამ ...

მაგრამ, მეორეს მხრივ იყო თუ არა ეს ჰენრიკ იბსენის მსოფლმხედველობის გამომხატველი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიესის, ავტორისეული კონცეფციის   სცენაზე  ზუსტად გადმოტანა? - ეს დღესაც იწვევს ჩემში ეჭვს, რაც თავისთავად ამ გაორების საფუძველია.

ვეცდები ყოველივეს თანმიმდევრულად მივყვე და იქნებ მსჯელობის ლოგიკამ  ერთ დასკვნამდე მიმიყვანოს.

„ჰედა გაბლერს“ იბსენის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  და არა მხოლოდ იმიტომ რომ მთავარი მოქმედი პირი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს (როსმერიც იკლავს თავს „როსმერხოლმში“).  ამ ნაწარმოებში იბსენმა შეძლო ზუსტად აესახა ის განწყობილება, რაც იმდროინდელ ევროპაში, მათ შორს ნორვეგიაშიც სუფევდა - კერძოდ კი ქალი პიროვნების როლზე საზოგადოებაში. დრამატურგის თითქმის ყველა ნაწარმოებში მამაკაცები ბრძოლისუნარიანობას მოკლებულნი არიან ქალებთან შედარებით და მხოლოდ იბსენის პიესების ქალები იბრძვიან ცხოვრების იმ ბურჟუაზიული წესის წინააღმდეგ, რომელიც უპირისპირდებოდა ინდივიდუალიზმის გამოვლენას, თავისუფლებისაკენ ლტოლვას, რაც საფუძვლად ედო თუნდაც რენესანსულ თეატრალურ სისტემას. ამ ორი დაპირისპირების გასაყარზე მდგარი იბსენი ქმნის  ახალ დრამატურგიას, მისი ყოველი პიესის პერსონაჟები ხელახლა  იწყებენ  ბურჟუაზიულ გარემოსთან  ბრძოლას იმისათვის, რომ  სამწუხაროდ საბოლოოდ დამარცხდნენ.

ამიტომაცაა, რომ პიესის ყველაზე მთავარი, მძაფრი და არსებითი მეორე მოქმედების დასასრულის, ჰედასა და თეას სცენა, რომელიც სამწუხაროდ თ. გომართელის სპექტაკლში იმდენად შეკვეცილია, რომ გამოტოვებულია მთავარი ფრაზა და ამ პიესის ერთ-ერთი დედა-აზრიც, როდესაც ჰედა ამბობს:   -„მსურს ერთხელ მაინც ცხოვრებაში ადამიანის ბედი მეპყრას ხელში“. დიახ, ჰედა გაბლერს იმხელა გავლენა ჰქონდა ლევბორგზე, რომ მისთვის სრულიად მიუღებელი გახდა თეათი მისი ჩანაცვლება, ამიტომაცაა მის მიმართ ასე მძაფრად განწყობილი.

რეჟისორ თ. გომართელის დადგმა ნამდვილად ნოვატორულად უნდა ჩაითვალოს. მას მაყურებელთან ურთიერთობის ორიგინალური ფორმა შემოაქვს, სადაც ბერტა (ცისია მეტრეველი)  კონფერანსიეცაა, მოახლეც და თუ გნებავთ სპექტაკლის ინტერაქტიური წამყვანიც და შემფასებელიც. გავიხსენოთ თუნდაც მისი ჩართვები: „როგორ თამაშობ? „თავისუფალ თეატრში“ ხომ არ გგონია თავი?“,  ან მისი მეოხებით მაყურებელთა ჩართვა ქმედებაში უამრავი სანთებელების ჩართვის და ჩაქრობის მიზნით, ან ის შეგონება რომ საქართველოში ქალებზე ძალადობას აქვს ადგილი, ან ის რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თურმე ნორვეგიას ჰქონია „კულტურის პოლიტიკა“, რაზეც  ჩვენ ახალა ვმუშაობთ,  აშ. და აშ. ბერტას, შემდგომ ასესორი ბრაკის, ლევბორგის  მიკროფონის მეშვეობით ასეთი ჩართვები  საკონცერტო ნომრების იერს აძლევს წარმოდგენას, თუმცა რეჟისორი მაინც ახერხებს წარმოდგენის ერთ ხაზად „შეკვრას“.

სცენა შავ ყუთს მოგვაგონებს (სცენოგრაფი ბიძინა ქავთარაძე), პრაქტიკულად ყოველგვარი დეკორაციის გარეშე, სადაც საქორწილო მოგზაურობიდან დაბრუნებულთა ჯერ კიდევ გაუხსნელი ყუთებია მიმობნეული. ყუთს მხოლოდ ორჯერ გახსნიან და მხოლოდ იმიტომ რომ მისი დახურვით დიდი ხმაური გამოიწვიონ. ძველი როიალი, პატარა მაგიდა სეკრეტერის ფუნქციით, მასზე წყლით სავსე გრაფინით და უშველებელი აქა-იქ ფანჯარაჩამსხვრელი ან უფანჯრო შუშაბადნით, რომლის ერთი კარი  ბაღში გადის. ბაღიც ბნელია და ავისმომსაწვებელი, სადაც  რამდენიმეჯერ საბედისწრო სცენები გათამაშდება. 

ქალბატონი იულიანა ტესმანი (ნინო  გომართელი)  ახალგაზრდა იორგენ ტესმანის გულშემატკივარია, უფრო მეტიც მის ჩამოყალიბებაში,  ოჯახის შექმნაში და სახლის მოწყობაშიც დიდი როლი შეუსრულებია, მზრუნველი მამიდაა, რომელმაც ქონებაც კი დააგირავა ამ სახლის ხალიჩებით მორთვისათვის და როგორც სპექტაკლის ბოლოს ირკვევა (რეჟისორის ვერსიით) არა მხოლოდ ნათესაური გრძნობებია ამ მზრუნველობის საფუძველი. მისი პირველი, ძალზე ემოციური შემოსვლა გროტესკულია. სახის ასეთი ჰიპერბოლირება საინტერესოა, თუმცა ძნელად თუ შეეფერება შინაბერა ნორვეგიელი ქალის წყნარ ბუნებას.

ამ სცენაში და საერთოდ სპექტაკლში ხაზგასმულია  მძაფრი ტემპერამენტი, ხმაური, ფანჯრების ბრახუნი, მათი დახურვა-გახსნა, როილის ტრიალი, მასზე ასვლა, ზედ წამოწოლა და მასზე ძილიც კი თანადროულს ხდის ამ სახლში მიმდინარე მოვლენებს.

ვთამაშობთ „იბსენს“ ?....

გენერალ გაბლერის ოჯახში გაზრდილ ჰედას (სალომე ჭულუხაძე) იარაღები უფრო იტაცებს ვიდრე ქალური აქსესუარები და ქუდები. ჰედასთვის მთავარი თავისუფლებაა, რის გამოც ერთხელ უკვე უარი თქვა აილერტ ლევბორგზე და იარაღის მუქარით მოიშორა თავიდან. ტესმანთან შეუღლებაც ამ თავისუფლების ნაწილია, რადგან აშკარად გრძნობს საკუთარ უპირატესობას მასზე. მის ცხოვრებაში ხელახლა შემოჭრილი ლევბორგი და თეა არღვევენ მის მყუდროებას. ჰედა კვლავ ცდილობს დაიბრუნოს მათზე ზეგავლენა, მაგრამ გარეშე ძალებისა და ფაქტორების გამო კვლავ ფიასკოს განიცდის. ასესორი ბრაკის გავლენის ქვეშ მოქცეული, რომელიც იმ საიდუმლოებას ფლობს, რაც ჰედას თავისუფლებას შეზღუდავს: - „ახლა მთლიანად თქვენს მეუფეობაში  ვარ“ - მიმართავს ჰედა ასესორ ბრაკს.

ჰედა თავს იკლავს არა იმიტომ რომ ლევბორგი დაკარგა ან იმიტომ რომ მან მისი იარაღით ლამაზად ვერ მოიკლა თავი, არა იმიტომ რომ თეა შეძლებს დამწვარი ხელნაწერის აღდგენას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლება დაკარგა და სამუდამოდ ასესორი ბრაკის ზეგავლენის ქვეშ ყოფნა აშინებს.

ჰედა (სალომე ჭულუხაძე) მაღალყელიანი  ჩექმებით, შორტებითა და თეთრი გრძელი პერანგით, თავზე რქებივით შეკრული კიკინებით, უფრო კოლეჯის თინეიჯერ გოგონას, ან ბიჭუნას მოგვაგონებს  ვიდრე ფრუ ტესმანს. მისი ჭირვეული და მკაცრი ხასიათი პირველი ფრაზებიდან ვლინდება. მიხვრა-მოხვრაც  თავნება გოგონასი აქვს. ისევე როგორც უტაქტო სიტყვები მიმართული იულიანა ტესმანისადმი. მის ყოველ ქმედებას გულგრილობისა და უინტერესობის კვალი ადევს. ჩანს რომ ამ ოჯახში ბედნიერება ძალზე შორსაა. მთელი პირველი მოქმედების განმავლობაში მისი განწყობა ხშირად იცვლება. იგი ხან დამყოლია და მორჩილი, ხან მეამბოხე და ჭირვეული, ხან კი ცინიკოსი და ბოღმიანი, ხან კი შურისძიებით აღსავსე. განწყობის ასეთი ცვალებადობა იმის მანიშნებელია, რომ ერთი წელი ტესმანთან ცხოვრებამ მას სიყვარული და ბედნიერება ვერ მოუტანა, ვერც სხვა რაიმე საქმით დაკავდა, ვერ მეუღლის მეცნიერული მოღვაწეობით დაიტერესდა. ხოლო პროფესორი ტესმანის კარიერა და მაღალი თანამდებობა (საქორწინო გარიგების თანახმად) ჰედას სურვილების დაკმაყოფილებითვის სჭირდებოდა - პირადი მოახლე, საკუთარი ცხენი, ახალი როიალი ძველის ნაცვლად და თუ ამ ყველაფერზე უარის თქმა მოუწევს  იგი არ დანებდება და აუცილებლად იბრძოლებს მათ მოსაპოვებლად. ამჯერად კი, ყველაფერს მოკლებულს ერთი გასართობი დარჩენია - კვლავ მამის, გენერალ გაბლერის მიერ დატოვებული იარაღი, რასაც ძალიან ხშირად პირდაპირი დანიშნულების მიხედვით იყენებს. ჯერ, ახალგაზრდობაში მისი სამიზნე ლევბორგი ხდება, მოგვიანებით კი ასესორი ბრაკი, რომელიც შემთვევით გადაურჩება მის ნასროლ ტყვიას.

ჰედა არ უშვებს საკუთარ თავზე სხვის ზემოქმედებას, საპირისპიროდ, თვითონ ცდილობს ყველაზე მაღლა დადგეს და ყველა დაიმორჩილოს: ტესმანი, ლევბორგი, თეა, მხოლოდ ასესორ ბრაკთან აგებს ბრძოლას, რაც საბედისწერო ხდება მისთვის.

ფრაუ თეა ელვსტედთან,   (ნინო მითაიშვილი) საბრძოლველად კი სულ სხვა იარაღს იყენეს: ჯერ მზადაა თმები დააგლიჯოს, როგორც ერთად სწავლის დროს, ან უფრო მეტიც, თმებზე ცეცხლის წაუკიდოს, შემდეგ კი ერთად ეწევიან  სიგარეტს, მაგრად ჩაეხუტება და დიდხანს კოცნის ტუჩებში. მისი მთავარი ამოცანაა დაიმორჩილოს თეა, შეურაცჰყოს და  გაანადგუროს. თეაც ვერ უწევს წინააღმდეგობას. იგი სუსტია და სასოწარკვეთილი. ლევბორგში შეყვარებული, მხოლოდ მისით და მისი მომავალი წიგნით სულდგმულობს. ამიტომაც ადვილად ეგება მახეში. ჰედამ ბოლომდე მოიპოვა მასზე ზეგავლენა და მხოლოდ მაშინ, ბოლოსკენ,  როცა ჰედა  ყველასგან მიტოვებული წინა სასიკვდილო კონვულსიებს განიცდის, თეა თავისუფლდება მისგან და ახერხებს მისი გავლენისგან დაღწევას.

თეა თავისი ჩაცმულობით და ქცევით უფრო თანამედროვე შოუ-ბიზნესის წარმომადგენელს ან „X  ფაქტორის“ მონაწილეს უფრო ჰგავს (კოსტუმების მხატვარი ნინო ჯაში), ვიდრე ლევბორგის ბედით დამწუხრებულ, არც თუ უნიჭო ქალბატონს, რომლის უშუალო დამსახურებაა მეცნიერის მიერ შექმნილი  წიგნი, რამაც ასე ჯერ აღაფრთოვანა და შემდგომ დაამწუხრა  იორგენ ტესმანი. ხელნაწერი, რომელის საბედისწერო აღმოჩნდა როგორც  ავტორისათვის, ასევე ჰედა გაბლერისათვის. რეჟისორმა ძალზე ორიგინალურად გადაწყვიტა ჰედას და ლევბორგის  გამომშვიდობების სცენა, როცა  ჰედა ლევბორგს არჩევანს სთავაზობს - ან ხელნაწერი ამ რევოლვერი. ორიგინალურია იმდენად, რამდენადაც ასეთი შეთავაზება პიესაში არ არის.

(ჰედა მალავს ხელნაწერს და შემდგომ წვავს). სპექტაკლის მიხედვით ლევბორგი თვითონ ამბობს უარს ხელნაწერზე, რისი ლოგიკური გაგრძელებაც თვითმკვლელობაა (არა ისე ლამაზად, როგორც ჰედას სურდა), მაგრამ მაინც...

პიესაც და შემდგომ მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლიც აგებულია მთავარ  მოქმედ  პირთა სამკუთხედებზე: ტესმანი-ჰედა-ლევბორგი, ტესმანი-ჰედა-ასესორი ბრაკი, ჰედა-ლევბორგი-თეა. პირველ აქტში ასესორი ბრაკის მიერ იატაკზე მოხატული სამკუთხედიც ამის ნიშანია. მაგრამ სპექტაკლის ბოლო სცენები, სადაც იკვეთება ასესორი ბრაკის ახლახან მოპოვებული უპირატესობა და გავლენა ჰედაზე, ტესმანისა და თეას მცდელობები ხელნაწერის აღდგენისთვის, აშკარად არღვევს სამკუთხედის პრინციპს. ხდება ახლი გადაწყვილება:  თეა - ტესმანი, ჰედა-ასესორი ბრაკი, იულიანა ტესმანი-იორგენ ტესმანი ( ძალიან საკვირველი ინცესტური განაცხადი?!).

ასესორი ბრაკი საკუთარ თავში დარწმუნებული, ძლიერი, მოხეხებული და გამჭრიახი მაჩოა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს. ჰედას ნასროლი ტყვიით შეშინებული მაინც არ კარგავს, ან თუ კარგავს მხოლოდ რამდენიმე წამით, თვითდაჯერებულობას და სულ ცოტა ხანში ჰედას სასიყვარულო სამკუთხედს სთავაზობს, რომელიც სულ მალე მოსწყინდება და უკვე მის დამორჩილებას განიზრახავს, როგორც მორალურად ასევე ფიზიკურად, რასაც წარმატებით აღწევს კიდევაც. ზ. ჩიქობავას  ბრაკი ცბიერია, მოქნილი. ადვილად აღწევს სხვათა თვალში მაღალი პრესტიჟის მოპოვებას, რის გამოც ყველაფრის საქმის კურსშია რასაც გამუდმებული ტელეფონების ზარებიც მეტყველებს. სპექტაკლის ფინალში, საყოველთაო ფერხულში ჩაბმულიც ლიდერია და ყველა საწადელს მიღწეული გამარჯვებას ზეიმობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზალიკო ჩიქობავას მიერ განსახიერებული ეს როლი საუკეთესოდ მიმაჩნია ამ თეატრში შესრულებულ როლებს შორის, სადაც მსახიობმა ზუსტად გამოსახა ასესორი ბრაკის იბსენისეული სახე.

ფრუ თეა ელსტედი ერთის მხრივ გულუბრყვილო, ქარაფშუტა ქალს მოგვაგონებს, ყოველ შემთხვევაში სპექტაკლის პირველ აქტში მაინც, რომელიც სიყვარულის გამო იმ დამცირებაზეც  კი  მიდის, რომ ტესმანების ოჯახს ესტუმრება თხოვნით. თუმცა სკოლოს დროიდან მშვენივრად ახსოვს ჰედას დამოკიდებულება მის მიმართ.

მეორე მხრივ იგი საკმაოდ ჭკვიანი და ძლიერი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო არა მარტო შეეცვალა ლევბორგის ხასიათი, სწორ გზაზე დაებრუნებინა იგი, არამედ მოახერხა მასში კვლავ გაეღვივებინა მეცნიერული ძიების სურვილი, რის შედეგადაც შეიქმნა ჯერ ერთი წიგნი, ხოლო მოგვიანებით „მომავლის კულტურის პოლიტიკის“ პროექტიც.

მოგვიანებთ თეაში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა წარმატებისკენ სწრაფვა, რომ ლევბორგისგან უარყოფილი მაინც პოულობს ძალას ახლა იორგენ ტესმანის მხარეს გადავიდეს და მასთან მეცნიერულ შრომაში მოიპოვოს ბედნიერება. ახლა ტესმანი უკვე ქვრივია და თავისუფალი.

ვთამაშობთ „იბსენს“ ?....

სპექტაკლში რამდენიმე არსებითი სცენაა გამოტოვებული პიესის ტექსტუალური მასალიდან. ჰედასა და თეას დიალოგის თაობაზე უკვე ვწერდი ზემოთ. ასევე მნიშვნელოვანია სცენა, როდესაც ჰედა თითქმის ძალით აიძულებს ლევბორგს ორი ჭიქა პუნში მიირთვას, რაც შემდგომ მისი ტრაგედიის მიზეზი ხდება. ყოფილი ალკოჰოლიკი ვეღარ უძლებს ცდუნებას და ყველაფერი რაც შემდგომში მას თავს გადახდება სწორედ ჰედას ამ საქციელის შედეგია.

ასევე შემოკლებულია ჰედას თვითმკვლელობის წინა სცენა. რეჟისორი ასესორი ბრაკის მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლა: - „ვიდრე მე ჩუმად ვარ, არაფერი გემუქრება“ რაც აუცილებელი იყო, მაგრამ არა საკმარისი და უბრალო მაყურებლისთვის ბუნდოვანს ხდის ჰედას თვითმკვლელობის მოტივაციას.

ბატონი იორგენ ტესმანი (შაკო მირიანაშვილი)  უფრო ნევრასტენიკია, ვიდრე ჩამოყალიბებული მეცნიერი. მისი პროფესორობისკენ ლტოლვა უფრო სოციალურია, ვიდრე პატივმოყვარეობითი. მამიდის ვალების გადახდა, ჰედას კაპრიზების შესრულება წარმატებული კარიერის შედეგი უნდა გამხდარიყო. ამდენად მისი ჯერ ისტერიკა, ხოლო შემდგომ მძიმე დეპრესია პროფესორის ადგილის დაკარგვის შიშით სრულიად გასაგებია და დამაჯერებლადაა შესრულებული მსახიობის მიერ. ასევე მაღალი ემოციური ნოტებითაა გამოხატული მსახიობის მიერ ის სიხარული, როცა შეიტყობს ლევბორგის აზრს, რომ მას წან არ  აღუდგება. შ. მირინაშვილის ყოველი ჟესტი, ერთგვარი მანერულობაც, რასაც მსახობი იყენებს იორგენ ტესმანის როლის შექმნაში გვარწმუნებს, რომ საქმე ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობთან გვაქვს, რომელმაც მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე უკვე შექმნა  ძალზე მნიშვნელოვანი სახასიათო როლები სპექტაკლებში „დორიან გრეის პორტრეტი“ და „ფსკერზე“.

პიესისა და სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი აილერტ ლევბორგია, რომლის გარშემოც ვნებათაღელვა ტრიალებს. ჰედას ყოფილი მეგობარი, ტესმანის ყოფილი კოლეგა, თეას და წითელთმიანი მომღერლის  საყვარელი, თავის დროზე იმედის მომცემ მეცნიერად სახელდებოდა. მისი შემოსვლა სცენაზე  (ჯ. სხირტლაძე) საკუთარი თავის წარდგენით და დიდი მონოლოგით იწყება საუბარს თეატრის არადემოკრატიულობაზე, რეჟისორის დიქტატზე და საერთოდ იმაზე რომ მას, მსახიობს სულ სხვანაირად წარმოედგინა თავისი პერსონაჟი ამ სპექტაკლში. ასეთი  aparte თითქოს უნდა დაეხმაროს მსახიობს როლის თავისებურ ინტერპრეტაციაში (გავიხსენოთ ბ. ბრეჰტის „განდგომის“  მეთოდი), თუმცა ჯ. სხირტლაძე მაინც მიჰყვება რეჟისორის  მიერ შემოთავაზებულ სქემას.

ჰედასგან დაშინებული და გაქცეული ლევბორგი ალკოჰოლიზმისა და გარყვნილების მორევში გადაეშვება და მხოლოდ თეასთან  შემთხვევითმა შეხვედრამ იხსნა იგი. მას ახალმა პარტნიორმა და საყვარელმა მისცა ის, რაც ჰედასგან დააკლდა - თვითდაჯერებულობა და საკუთარი თავის პატივისცემა, მაგრამ ჰედასთან ხელახალი შეხვედრა ისევ აბრუნებს მას წარსულში. ჰედასა და ლევბორგის სცენებში იგრძნობა ურთიერთლტოლვა, ძლიერი ვნება, რომელსაც დროდადრო თვით ჰედა ეწინააღმდეგება და უფრო ხშირად გარეშე ფაქტორები (ტესმანი, ასესორი ბრაკი, თეა)  უშლიან ხელს ყველაფერი უთხრან ერთმანეთს ან ცოტა ხნით მაინც განცალკევდნენ. ჰედა კვლავინდებულად ძლიერია მასზე. ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი, როცა ჰედა არჩევას სთავაზობს ხელნაწერსა და რევოლვერს შორის, ლევბორგი

თავისდასაწინააღმდეგოდ იმ არჩევანს აკეთებს, რომელიც ჰედას სურს.

ამ სახლიდან გასულმა ლევბორგმა უარი თქვა საკუთარ მომავალზე, აღიარებაზე „თეასა და ლევბორგის ბავშვზე“, როგორც ისინი ამ ხელნაწერს უწოდებენ და სიკვდილი არჩია არც თუ ჰედას ზეგავლენის გარეშე. მაგრამ გარეთ გასული ისევ სუსტი და უნებისყოფო აღმოჩნდა. ლამაზი თვითმკვლელობის ნაცვლად შემთვევით გავარდნილმა ტყვიამ იმსხვეროპლა იგი, რითაც სრულად დაუნგრია ჰედა გაბლერს ოცნებები, რაც ახლა უკვე მისი თვითმკლელობის ერთ-ერთი საბაბი გახდა.

მოიკლავდა თუ არა ჰედა გაბლერი თავს თუ არა ასესორი ბრაკი? ალბათ არა. მხოლოდ გარემომ „რას იტყვის ხალხი“, მისი სახელის გარშემო ატეხილმა მოსალოდნელმა სკანდალმა უბიძგა ჰედას თვითმკვლელობის აქტისაკენ.

ჰედა შავებშია შემოსილი, ხელში იარაღი უჭირავს, რომელსაც დროდადრო თავს ესხმიან სპექტაკლის სხვა პერსონაჟები და სისხლს ადენენ. ჰედა თავსაც კი ვერ იცავს. ჰედას გვემა გრძელდება საერთო ფერხულისა და მუსიკის ფონზე,  თითქოს დანარჩენნი: თეა, იორგენ ტესმანი, იულიანა ტესმანი, ასესორი ბრაკი მასზე უკეთესები იყვნენ და აქ ისევ იკვეთება  იბსენისეული თეზა - ისინი ვინც გარემოს (საზოგადოებას) უპირისპირდებიან სასიკვდილოდ არიან განწირული.

რეჟისორმა, თ. გომართელმა, ჰ. იბსენის „ჰედა გაბლერის“ მოტივებზე შექმნა სპექტაკლი, სადაც ბევრი რამ ჰგავს ორიგინალს, უფრო მეტი კი არა. მიუხედავად ამისა წარმოდგენა გამოვიდა საინტერესო თავის ფორმით, ინტერმედიური ჩანართებით  (მაგალითად მატარებლის სცენა - ქალი დგას სადგურში), ზონგებით, გადახვევებით, მსახიობთა ოსტატური შესრულებით. თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ თუ კლასიკას (და ჰ. იბსენი ასეთად ნამდვილად გვევლინება) კიდებ ხელს დასადგმელად, უკეთესი იქნება დავდგათ ისე, როგორც ავტორს სურდა.

 

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა