აურზაური ეფესოში („შეცდომათა კომედია“ მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში)
14-08-2015, 11:10

 

თეატრის უფარდო სცენას თავისი უპირატესობაც ჰქონია (ადრეულ სტატიებში ხშირად ვწერდი, რომ ფარდის ახდის და სიურპრიზის მოთხოვნილება მაქვს მეთქი).  სპექტაკლის დაწყებამდე შეგიძლია დააკვირდე იმ მიკროსამყაროს, სადაც წარმოდგენა უნდა  გათამაშდეს. უილიამ შექსპირის „შეცდომათა კომედია“ რთულად დასადგმელ ნაწარმოებს განეკუთვნებოდა, თუმცა არსებობს ლეგენდა, რომ იგი შექსპირის მოღვაწეობის დროს დაიდგა (1576 წ.). მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში რეჟისორ გურამ ბრეგაძის მიერ დადგმული  სპექტაკლი ერთგვარად იმეორებს  შექსპირისდროინდელ  სცენოგრაფიას - „გზაჯვარედინზე სათამაშოს“ და მოქმედება ხდება ეფესოს მთავარ მოედანზე, პატარ-პატარა მინის სახლებით, რომელიც ერთდროულად საპატიმროს კამერებიცაა და საცხოვრებელი ბინებიც (სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე).

 ამ სპექტაკლში შექსპირი ყველგანაა - იატაკზე,  შემსრულებელთა კოსტუმებზე მოხატული, ზონგებში „ოი, უილიამ, უილიამ!“ და რასაკვირველია იმ ბრწყინვალე ტექსტებში, რომელიც სცენიდან გვესმის.

ინგლისელი დრამატურგის კომედია, სათაურის მსგავსად „შედომათა კომედიის“ ჟანრს უნდა მივაკუთვნოთ ასეთი რომ არსებობდეს.  ისე კი მას განსაზღვრავენ როგორ გარემოებათა კომედიას, რომლის  პირველწყაროს რომაელი დრამატურგის პლავტის „ორი მენეხმა“ წარმოადგენს. შექსპირის მიერ დამატებით მეორე ტყუპი წყვილის შემოყვანამ უფრო დახლართა სიუჟეტი და რომ არა განსაზღვრება „სარაკუზელი“, „ეფესელი“, აუცილებლად აურევდა მკითხველს გზა-კვალს.

პიესის ასეთი კონსტრუქცია დამატებით სიძნელეებს უქმნის დამდგმელ რეჟისორს. თავისთავად ამან განაპირობა ის, რომ ამ პიესის უფრო კინოვერსიებია ცნობილი  (მაგ. რეჟისორ  ვადიმ გაუზნერის)  რამაზ ჩხიკვაძის (მოხუცი მსახიობი), სოფიკო ჭიაურელის (კურტიზანი ქალი  და მიხეილ კოზაკოვის (ანტიფონე)  მონაწილეობით, ვიდრე თეატრალური წარმოდგენები.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ახლგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილმა რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ წარმატებით გაართვა თავი ამ სირთულეს ვიდეოინსტალაციებითა და ეკრანების შემოტანის გზით. მან მოახერხა ის, რომ ორი ანტიფონე და ორი დრომიო სცენაზე ერთმანეთში ერევათ მხოლოდ პიესის სხვა მოქმედ პირებს და არა მაყურებელს.

ტრაგიკულია ეგეონის, სარაკუზელი ვაჭრის ბედი, რომელსაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში მსახიობი ონისე ონიანი გვიხატავს. შვილებისა და  მეუღლის საძებნელად ეფესოში ჩამოსული საპყრობილეში აღმოჩნდება, როგორც სარაკუზელი და მხოლოდ ეფესოს მთავრის (ზურაბ ინგოროყვა) კეთილგანწყობა, მისი ბედით და გასაჭირით დაინტერესება, ყურადღება და თუ გნებავთ მხარდაჭერა გადაარჩენს მას უცილობელი სიკვდილისგან. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირებამ შეიძლება ბევრი ადამიანი შეიწიროს, მათ შორის ისინიც, ვინც მხოლოდ თავისი პროფესიით არიან დაკავშირებული მტრულად განწყობილ ქვეყანასთან და ამ ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ აკავშირებს - ვაჭრები, კომერსანტები, მსახიობები, მხატვრები და ხელოვნების სხვა მოღვაწენი. იმედია ისინი ეშაფოტზე არ დაისჯებიან და მათ ისევე არ ემუქრებათ ჩამოხრჩობა, როგორს ეგეონს ან თუნდაც რეჟისორებს რობერტს სტურუას, ლევან წულაძეს ან გურამ ბრეგაძეს, რომელთაც სპექტაკლის დასაწყისში  ეკრანზე „ჩამომხვრჩალებს“ ვხედავთ.

ეგეონი (ო. ონიანი) მოსთქვავს თავის უბედურებაზე რაც მას თავს გადახდა. სავარძელში მოკალათებული, ელეგანტურად გამოწყობილი ეფესოს მმართველი  (ზურაბ ინგოროყვა) ყურადღებით უსმენს საცოდავ ტყვეს, რომელსაც სიკვდილისაგან მხოლოდ ასი მარკა თუ გადაარჩენს. მთავარი კეთილშობილია და გულკეთილი, რომელიც ბოლო შანსს აძლევს ეგეონს, რომ „საჭირო თანხა დაისესხოს, დაიხსნას თავი“, უფრო მეტიც, არ ტოვებს მას ამ გაჭირვებაში უკან დაყვება და კვებავს კიდეც ( „მაკდონალდის“ რბილი ჰოთდოგებით“!).

რეჟისორი პარალელური სამყაროების შექმნის მიზნით სცენების უმეტესობას ორ-ორჯერ იმეორებს. ასე მაგალითად ეგეონის მონათხრობი, ცოლისა და ცოლისდის სცენები, ელენეს  გამოსვლა (სამჯერ)  და აშ.

ვიდეოინსტალაციითა და ტექნიკური საშუალებით ორიგინალურად და ლამაზადაა გადაწყვეტილი  ანტიფონეს და დრომიო სარაკუზელის ოკეანის ტალღებიდან ამოსვლა   ეფესოში.

სცენაზე ერთდროულად ორი სხვადასხვა ხასიათის, მაგრამ გარეგნულად იდენტური პერსონაჟის განხორციელება საკმაოდ რთულია. თუნდაც იმიტომ, რომ მაყურებელმა სწორად აღიქვას ამა თუ იმ პერსონაჟის ხასიათი და მისი ქმედების არსი და მოტივაცია. ამ რთული ამოცანის წინ აღმოჩნდა ორი მსახიობი: დათო ხახიძე,  ზაზა იაკაშვილი და უნდა ითქვას, რომ მათ შესანიშნავად გაართვეს თავი ამ ამოცანას.

ანტიფონე სარაკუზელი კეთილშობილი ვაჭარია, ადვილად შედის ადამიანებთან კონტაქტში, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნიდან  ძმის საძიებლადაა ჩამოსული. ერთადერთი რაც აოცებს და ვერაფრით ხვდება ისაა თუ  რატომ უცინიან და ესალმებიან უცხო ადამიანები, რატონ ჩუქნიან ფულსა და ოქროს ყელსაბამს, რატომ პატიჟებენ უცხო სახლში და რატომ იჩემებს უცხო დიდგვაროვანი ქალბატონი მის მეუღლეობას.

ანტიფორე ეფესელი თავდაჯერებული ვაჭარია, სარგებლობს მაღალი რეპუტაციით, მდიდარი და ლაღია, უხვად არიგებს საჩუქრებს, მეოჯახეა, თუმცა მფარველობს და მეგობრობს ცნობილ კურტიზან ქალთან - ელენასთან (ეკა ნიჟარაძე).

ზაზა იაკაშვილის დრუმიო ეფესელი მოქმნილი თვალთმაქცია, ცოტა თავხედი მსახური, მსახიობმა მეორე დრუმიოსგან განხვავებით ამ პერსონაჟს ენაბლუობა შესძინა, რითაც იგი კიდევ უფრო განსხვავდება დრუმიო სარაკუზელისაგან. დრუმიო სარაკუზელი კი უფრო დამჯერია, უფრო მეტად მორჩილი, მხიარული და იუმორიანია. იგი ზედმიწევნით ასრულებს ბატონის დავალებებს და უფრო მეტიც, მისი ერთგული მეგობარია, ყოველთვის მზადაა იხსნას იგი გამოუვალი და გაუგებარი სიტუაციიდან, თუნდაც მაშინ როცა მას დაატყვევებენ. 

ედრიანა (ნათია არბოლიშვილი) თითქოს მორჩილი მეუღლეა, მაგრამ მაინც მზადაა აუმხედრდეს მეუღლეს თუნდაც იმიტომ, რომ კაცებს უფრო მეტი უფლებები გააჩნით. არც იმითაა კმაყოფილი, რომ ანტიფონე მარტო სეირნობას უკრძალავს.აურზაური ეფესოში („შეცდომათა კომედია“ მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში)

ნ. არბოლიშვილის ედრიანას შეწუხებას საზღვარი არა აქვს და ვერც მის დას ლუსიანას (ანა სანაია) შესწევს მისი დამშვიდება. ქმარზე ეჭვიანობით აღსავსე, ძალზე განიცდის, რომ მეუღლემ მის მიმართ ინტერესი დაკარგა, სხვა ქალებში ერთობა, აღარც შეპირებული საჩუქარი - ოქროს ყელსაბამი აღელვებს, იმდენად დამძიმებულ განწყობაზეა და ეჭვიანობასაა აყოლილი.

მეორე ანტიფონეს გამოჩენის შემდგომ ეფესოში სიტუაცია იძაბება. ამას ხელს უწყობს ისიც რომ დრომიოც ორია. რეჟისორი და მსახიობები გრიმისა და კოსტუმების მონაცვლეობით (მხატვარი ქეთი ციციშვილი) აღწევენ მაქსიმალურად განასხვავონ ისინი ერთმანეთისგან, მაგრამ შეინარჩუნონ  ის ინტრიგა რაც შექსპირისეულ დრამატურგიულ ტექსტშია ჩადებული.

ანჯელო  (ჯაბა კილაძე)  გაქნილი და გაიძვერა ოქრომჭედელია, რომელც მევახშეებისგან აღებული ფულით ეწევა ბიზნესს და თავისი ეშმაკობით ყოველთვის ახერხებს უმძიმესი სიტუაციიდანაც კი თავის დაღწევას.  ჯაბა კილაძის ანჯელო  ყველასგან გამოირჩევა ჩაცმულობით, საუბრისა და ქცევის მანერებითა და მანერულობით, „სელფების“ ოსტატი ჯანსაღ სიცილს იწვევს მაყურებელში და მისი ანჯელო აშკარად ახალისებს წარმოდგენას.

რეჟისორის მიერ შემოთავაზებული პიესის ვერსია სინთეტური თეატრის პრინციპზე აგებული: იგი დიდ დატვირთვას აძლევს მუსიკას (გამფორმებელი ზურაბ ინგოროყვა), ზონგებს, ცეკვასა და პლასტიკას (ქორეოგრაფი გია მარღანია), თუნდაც  ერთი ელენეს (ეკა ნიჟარაძე)  გამოსვლა მთელ სპექტაკლად ღირს. განსაკუთრებული  სიზუსტით  და საოცარი პლასტიკითაა დადგმული მასობრივი სცენები - სავარაუდოდ ბერძნული ქოროს მსგავსად, სადაც დაკავებულნი არიან ახალგაზრდა მსახიობები (ნოდარ ძოწენიძე, გიორგი ხურცილავა, გიორგი კიკნაძე). ამ ქოროს რეჟისორმა  დიდი ფუნქცია დააკისრა, ისინი ერთდროულად ზედამხედველები, ბოქაულები, ამალა, მსახურნი და ასევე ეფესოს მაცხოვრებლები და მოვლენათა განვითარების შემფასებლებიც არიან.აურზაური ეფესოში („შეცდომათა კომედია“ მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში)

ედრიანასა და ანტიფონე სარაკუზელის შეხვედრა კვლავ იწვევს დიდ გაუგებრობას. უცოლო კაცისთვის იმის მტკიცება, რომ ედრიანა მისი მეუღლეა, საერთოდ უფრო მეტად დააბნევს ანტიფონე სარაკუზელს, რომელსაც უცაბედად ლუსიანა ჩაუვარდება გულში. სხვის სახლში, სხვისი მეუღლის მიერ სადილად მიწვეული ანტიფონე სარაკუზელის გაკვირვებას საზღვარი არაა აქვს.

განსაკუთრებული კომიზმითაა დატვირთული სცენა ანტიფონე ეფოსელის სახლის წინ - როდესაც მეუღლე შეგვიანებულ ანტიფინეს კარსაც კი არ უღებს - განსაკუთრებით აქტიურობენ გლობუსივით მრგვალი მოახლე ლუსია (ქეთი კანტიძე) და დრომიო სარაკუზელი.

გაუგებრობა გაუგებრობას ემატება და თითქმის ყველა პერსონაჟი და მაყურებელიც უკვე ძალიან დაბნეულნი არიან ვინ ვინ არის.

მხოლოდ რამდენიმე მომენტში, როცა ანტიფონე და დრომიო სარაკუზელები ან ეფესოელები ერთად აღმოჩნდებიან სცენაზე ხდება მოქმედებათა ლოგიკისა და ჭეშმარიტების აღდგენა.

გულისტკივით მინდა აღვნიშნო, რომ ის ბედნიერი ფინალი რაც უილიამ შექსპირის ამ კომედიაშია გურამ ბრეგაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში არ გამოიკვეთა. ცხადია აქ, ამ წარმოდგენაშიც ყველაფერი კარგად თავდება და ყველა გაუგებრობას თავისი გასაღები მოეძებნა, მაგრამ ის რომ ეგეონმა თავისი მეუღლე ემილია (ირმა ბერიანიძე)  იპოვა, რომელიც მონოზვნად იყო აღკვეცილი და ტყუპმა ძმებმაც ბოლოსდაბოლოს იპოვეს ერთმანეთი ფინალში ცხადად არაა გამოკვეთილი. მაშინ რა აზრი ჰქონდა ემილიას მოქმედებაში ჩართვას მისი პომპეზური შემოსვლებითა და გასვლებით?

სავარაუდოა რეჟისორმა ჩათვალა, რომ  ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო. თუმცა ისიც გასაგებია, რომ საერთო ზეიმი ტექნიკურად ვერ შედგებოდა, თუნდაც ერთი მსახიობის მიერ ერთდროულად ორი როლი განხორციელების გამო. და აქაც ისევ ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკა მოგვევლინა მხსნელად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა