რას მერჩი ადამიანო?!
21-09-2015, 13:00

 

ზუგდიდის თეატრში, რომლის შენობა ამორტიზებულია და დარბაზში მაყურებელთა შესვლა სიცოცხლისთვის სახიფათოცაა, ახალი სათეატრო სეზონი საპრემიერო წარმოდგენით გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი წერედიანმა, ამჯერად, ზუგდიდის თეატრის მსახიობებთან სამუშაოდ ნიკა საბაშვილი მიიწვია, რომელმაც ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დადგა. წარმატებული ახალგაზრდა რეჟისორის ზუგდიდის თეატრში მოწვევით სამხატვრო ხელმძღვანელმა ერთდროულად ორი „კურდღელი დაიჭირა“: 1. საბავშვო თოჯინური სპექტაკლის რეპერტუარში გაჩენით გაზარდა მაყურებლის არეალი და სპექტრი; 2. დასს მისცა მათთვის უცხო, განსხვავებულ სპეციფიკაში მუშაობის საშუალება. თოჯინურ სპექტაკლზე მუშაობა ზუგდიდის თეატრის დასისთვის ერთგვარი გამოწვევაც კი იყო, რომელსაც (ბარემ, აქვე ვიტყვი) მსახიობებმა წარმატებით გაართვეს თავი.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები ქართული კლასიკური ლიტერატურის გამორჩეული მემკვიდრეობაა, რომელიც ღირებულებათა გადაფასების, ავტორიტეტების მსხვრევის ეპოქაში, არც აქტუალობას კარგავს, არც სიმძაფრეს და არც მხატვრულ ხარისხს. ნიკა საბაშვილის სპექტაკლიც ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „შვლის ნუკრის ნაამბობი“ სცენაზე თოჯინებით გაცოცხლების ის მცდელობაა, რომელიც მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს არა მხოლოდ ტექსტის სიმძაფრის, მელანქოლიურობისა და სევდიანი სიუჟეტის გამო, არამედ სცენაზე შექმნილი მიკროზღაპრული სამყაროს გამოც, რომელიც უფრო მძაფრად, სახიერად და ხელშესახებად შეგაგრძნებინებს ადამიანთა ტრაგიკულ ბედს, მის კონფლიქტს სამყაროსთან და დაგაფიქრებს სავალალო შედეგებზეც კი.

ნიკა საბაშვილის სპექტაკლი გვახსენებს ბავშვობაში საზეპიროებად ნასწავლ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე მოთხრობას, რომელსაც უფროსი თაობა დაშორდა არა მხოლოდ დროის ფაქტორით, არამედ თავისი ცხოვრების წესით. სასიხარულოა, რომ ეს სპექტაკლი სწორედ მომავალი თაობის მაყურებლისთვის არის გათვლილი და განკუთვნილი, რომელიც იოლად ზემოქმედებს მოზარდზე, რადგან მათ მეხსიერებაში მკვეთრად ილექება გაცოცხლებული, სანახობრივი სიტუაციები და მაყურებელს ქმედით ნაბიჯებსაც კი ადგმევინებს, ისე როგორც, სპექტაკლის დასრულებისას პატარა მაყურებელმა, რომელიც თეატრში ბაბუამ მიიყვანა ათქმევინა: სახლში, რომ მივალ მამას თოფი უნდა დავუმალო, რომ აღარ ინადიროსო. ამ სპექტაკლის მიზანიც სწორედ ადამიანების გამოფხიზლება, ჰუმანურობის გაღვიძება, სიკეთის ქმედების მოტივაციის ამაღლება, ერთმანეთის დანდობა და ყოველივე სულიერისადმი სიყვარულია.

ნიკა საბაშვილი შვლისა და ნუკრის ცხოვრების მაგალითზე მოგვითხრობს დედა-შვილობის შესახებ, რამდენად ინტიმურია, ფაქიზი და ნატიფი მათი კავშირი, სიყვარული ერთმანეთის, სამყაროს, ბუნების, ტყის სულიერი ბინადრებისა მიმართ და რამდენად ძლიერია შიში (ოღონდ არა სიძულვილი) ადამიანების მიმართ. ეს ხაზი კი სპექტაკლში ორი მიმართულებით არის ნაჩვენები: პირველი სიტუაცია ასეთია: შველი და მისი ნუკრი ტყის პირას ბებიას და შვილიშვილს გადაეყრებიან, შეშინებული ცხოველები არ ენდობიან ადამიანებს. მართალია, ბებო და ბიჭუნა მათ მოკვლას არ აპირებენ, მაგრამ ბიჭუნა მაინც აგრესიულობით გამოირჩევა, რაც შველს და მის ნუკრს მაინც აფრთხობს. შვლის მეორე შეხვედრა ადამიანთან ტრაგიკულად სრულდება. მას ადამიანი (ლაშა ხიზანეიშვილი) თოფით კლავს. დრამატულად არის დადგმული ეს სცენა, თითქოს ტყეში სანადიროდ გამოსულ ადამიანს მთელი ბუნება უჯანყდება, ხის ტოტები მას შველთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ, აფერხებენ და მორბენალ მონადირეს გადაადგილებაში ხელს უშლიან, ბარიკადებს უმართავენ, თუმცა მონადირე მაინც ეწევა შველს და თოფით კლავს მას. დაობლებული ნუკრი, რომელიც გვიან აცნობიერებს დედის სიკვდილს, რამდენჯერმე იმეორებს ერთიდაიმავე სიტყვას - დედა... ნუკრის როლს მზევინარ ჩარგაზია ასრულებს, რომელიც ამ სპექტაკლში არტისტული გულწრფელობით, სცენური სიმართლითა და ზომიერი ემოციურობით გამოირჩევა. რაც შეეხება თავად შველს (მარინა დარასელია), ისიც ნუკრივით სათუთი და ფრთხილია, ოღონდ მეტად გამოცდილი და წინდახედული. მისი ხმის სფეციფიკურობის მიუხედვად, მსახიობი ქმნის თბილი, სპეტაკი და სანდომიანი პერსონაჟის მხატვრულ სახეს, თუმცა არ იქნება ურიგო მსახიობმა სიტუაციების შესაბამისად ტექსტის წარმოთქმის არქიტექტონიკაში მეტი ფერი და ხასიათი შეიტანოს პერსონაჟის ხასიათის მრავალფეროვნებისთვის.

მონადირემდე შველი და მისი ნუკრი სამყაროს შეცნობის გზას გადიან. ისინი ხვდებიან ტყეში ზღარბს, კუს, ყვავილებს, მდინარის ხეობებს, კლდესა და ჩანჩქერს. სპექტაკლში ყველა სულიერია და მეტყველი (ნიკა საბაშვილი ხელმძღვანელობს ვაჟა-ფშაველას სხვა მოთხორბების ტექტებითაც). ნუკრის მეგზური ამ სამყაროში შველია, რომელიც ეტაპობრივად აცნობს მათ შვილს და ამზადებს მას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ამ სამყაროს ოსტატურად აცოცხლებენ ზუგდიდის თეატრის მსახიობები: გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, კობა მატკავა, ლაშა ხიზანეიშვილი, ილია საჯაია. დრამატული თეატრის მსახიობები გამართულად ატარებენ თოჯინებს, აცოცხლებენ საგნებს, სინქორნულად ამოძრავებენ რეკვიზიტებს და ქმნიან ანსამბლურობას. ილია საჯაია ამ სპექტაკლის მხატვარიცაა. მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, რეგიონულ თეატრებში ჭირს ადგილობრივი პროფესიული კადრების მოზიდვა და დამკვიდრება, მათი პროფესიული რეალიზაცია. ამიტომაც ახალგაზრდა ხელოვანები არ ბრუნდებიან  რეგიონებში შემოქმედებითი სიკვდილის შიშით. ზუგდიდს კი გაუმართლა იმ მხრივ, რომ პროფესიონალი არტისტი (სცენოგრაფი) დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, ხოლო თავად სცენოგრაფს იმაში გაუმართლა, რომ მას თეატრის ხელმძღვანელობამ მისცა საკუთარი  პოტენციალის გამოვლენისა და მუშაობის საშუალება. მოგეხსენებათ, თოჯინური ტიპის სპექტაკლში გადამწყვეტ როლს სწორედ სცენოგრაფია თამაშობს. სპექტაკლის წარმატებაში დიდი წილი პასუხისმგებლობა აკისრია მხატვარს და მის ხედვაზე (დეკორაციის შესრულებაზეც) ბევრი რამ არის დამოკიდებული. ილია საჯაიამ კი გამოავლინა სივრცის გრძნობა, მხატვრულად აზროვნების უნარი. მის მიერ შექმნილი გარემო ქმედითია, აზრობრივად დატვირთული, ხოლო თოჯინები დიმანიკური და მეტყველი.

სპექტაკლი ტყის პეიზაჟის გაცოცხლებით იწყება, რომელსაც ხელებითა და თითებით აცოცხლებენ მსახიობები. ისინი საკმაოდ რთულ ქორეოგრაფიულ ნახაზს ასრულებენ, რომელიც განწყობას ქმნის, მაგრამ მაინც ილუსტრატიულ ხასიათს ატარებს. მაყურებლის წინაშე ცოცხლდება ტყე, ყვავილები, ხეები, მდინარეები, ჩანჩქერები, კლდე, ტყის სულიერი ბინადრები. იქმნება შთამბეჭდავი და ზღაპრული სანახაობა, რომელიც ქართული მუსიკალური ფოლკლორის თემების თანხლებით ცოცხლდება. ნიკა საბაშვილი ამჯერადაც ფანტაზიის მქონე გამომგონებელ რეჟისორად გვევლინება. მისთვის ზუგდიდში დადგმული თოჯინური სპექტაკლი არ არის პირველი და ახალგაზრდა რეჟისორმა ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე სპექტაკლი განახორციელა თბილისის თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრში, რომელმაც მაყურებლის და სათეატრო კრიტიკის მოწონება დაიმსახურა. მისი ძიების ხაზები თანმიმდევრულია და განვითარებადი, რომელიც უცხოური გამოცდილების ქართულ და მისეულ ვერსიას წარმოადგენს. ხერხები, რომელსაც რეჟისორი იყენებს და აგებს მის სპექტაკლებს არის ძიების შედეგები მოცემულ ეტაპზე, რომელიც არცთუ ისე აპრობირებული იყო აქამდე ქართულ თეატრში. ზუგდიდში დადგმული სპექტაკლი კი არ წარმოადგენს უკვე განხორციელებული, მიგნებული ხერხების, მიზანსცენების ხელახალ განმეორებას.

სპექტაკლის ფინალში კი ისმის სასოწარკვეთილი, დაობლებული ნუკრის გულიდან ამოხეთქილი ფრაზა - რას მერჩი ადამიანო?! რომელზედაც პასუხი ადამიანს არ აქვს, შესაბამისად, ეს კითხვაც პასუხგაუცემელი რჩება. 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა