გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული თავისუფალი თეატრი ერთადერთი კერძო, დამოუკიდებელი თეატრია საქართველოში, რომელსაც აქტიური ფუნქციონირება დაარსების დღიდან დღემდე არცერთი წუთით არ შეუწყვიტავს. თავისუფალი თეატრი სარეპერტუარო სპექტაკლებში დასმული პრობლემათა სიმწვავის, პირდაპირობის, სიმართლის შეულამაზებლად ასახვისა და გადაცემის, არცთუ მომგებიანი ცხოვრების წესის მიუხედავად, უძლებს დროს, მთავრობებს, ეკონომიკურ კრიზისს და აქტიურად განაგრძობს ცხოვრებას ქართული საზოგადოებისთვის, მაყურებლისთვის, რომელიც მას არასდროს აკლდა.
მეთექვსმეტე სათეატრო სეზონი თავისუფალმა თეატრმა ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლით „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ გახსნა. მაკკოი ხორასის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის ინსცენირების ავტორი თავად რეჟისორია, თუმცა ავთო ვარსიმაშვილი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ინსცენირების, არამედ გადმოქართულების ავტორადაც მოგვევლინა. ამ მხრივ, მას საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და ამ მიმართულებით მის შემოქმედებით ანგარიშზე რამდენიმე წარმატებული სპექტაკლია (გახსოვთ ალბათ მისივე „კომედიანტები“, რომელიც ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში ჯონ ოსბორნის ამავე სახელწოდების ნაწარმოების გადმოქართულების საუკეთესო მაგალითია). უნდა ითქვას, რომ ავთანდილ ვარსიმაშვილმა გადმოქართულებისას მხოლოდ მოქმედი გმირების სახელები და მოქმედების ადგილი კი არ შეცვალა (როგორც ამას ბოლო პერიოდში მთარგმნელები, მათ შორის, სახელგანთქმულები აკეთებენ), არამედ შექმნა ახალი ქართული გარემო და რეალობა, რომელიც ორგანულად შეერწყა ჩვენს თანამედროვეობას გმირთა ხასიათებითა და სიტუაციებით. ზედმეტ ფიქრსა და აზროვნებას გადაჩვეულ ფართო საზოგადოებრიობას რეჟისორმა ამ გზით გაუადვილა სპექტაკლში დასმული პრობლემების აღქმის ამოცანა. ლოკალურ ჭრილში დასმული აქტუალური საკითხისთვის კი დაუტოვა ანალიზისა და დაფიქრების საშუალება, რათა მარტივად გავარკვიოთ სად ვართ, რანი ვართ და როგორ შეიძლება დავაღწიოთ თავი იმ უფსკრულს, რომელშიც დიდი ხანია გადავიჩეხეთ და დღემდე ვერ ვაღწევთ თავს. ავთო ვარსიმაშვილმა ტექსტი მოქნილი, სიტყვა ქმედითი და ეპიზოდები კი თეატრალური გახადა. პერსონაჟთა სამეტყველო ენა თანამედროვეა. რეჟისორი არ გაურბის სლენგს, ჟარგონს, ენაში დამკვიდრებულ ფორმებს, შესაბამისად რეალობას (თეატრიც ხომ ჩვენი ცხოვრების სარკე უნდა იყოს). ამ გზით კი, სპექტაკლის ავტორი კიდევ უფრო აახლოებს მაყურებელს პერსონაჟებთან და ზრდის სპექტაკლის მსვლელობაში მაყურებლის ჩართულობის ხარისხს.
მხოლოდ დროს და სიტუაციას მორგებული ტექსტის წარმატებული ადაპტაცია არ არის ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლის ხიბლი. ის კარგად იცნობს მაყურებელს და ფლობს მისი მონუსხვის ხერხებსაც, რაც მიზანსცენათა თანმიმდევრულ (განვითარებად) წყობაში, სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებასა (ემოციის გასაძლიერებლად) და პრობლემის ზუსტად მიგნებულ და რაც მთავარია, ზომიერად გაჟღერებაში გამოიხატება. რეჟისორი ამჯერადაც არ ინდობს, არ აერიდება არავის და არაფერს, არც შეფარვით გზებს ეძებს სიმართლის სათქმელად, რეალური სურათის დასახატად. აქ ყველაფერი ხელისგულზეა გათამაშებული, რადგან მეტაფორების თეატრი წარსულს ჩაბარდა და დროც ამ მეტაფორათა ამოსახსნელად აღარც მაყურებელს აქვს. ამ ფორმით რეჟისორი ცდილობს პირდაპირ იქონიოს ზეგავლენა მაყურებელზე, რასაც აღწევს კიდეც.
ავთო ვარსიმაშვილი სატელევიზიო რეალური შოუს მონაწილე ოთხი წყვილის მაგალითზე გვიჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, სოციუმს თავისი პრობლემებით, რეალობით, ცხოვრების წესით, ხასიათით, დადებითი და უარყოფითი თვისებებით. რეჟისორი მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ ამ ერთი ძირითადი და უაღრესად მტკივნეული პრობლემის კვლადაკვალ იკვეთება უამრავი ხაზი, რომელიც თვალნათლივ გვაჩვენებს იმ მიზეზებს რეალობისა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ მძაფრი სოციალური თემატიკისა და აქტუალურ პრობლემათა ერთობლიობის სპექტაკლია, რომელიც უნდა ნახოს არა მხოლოდ ფართო მაყურებელმა, არამედ ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც საკუთარ პროტოტიპებს იოლად აღმოაჩენენ თავისუფალი თეატრის სცენაზე გათამაშებულ ერთ კონკრეტულ ამბავში. სპექტაკლში არეკლილია ჩვენი ცხოვრების ეპიზოდები, ბოლო წლებში ქვეყანაში მომხდარი და მიმდინარე მოვლენები - გზას აცდენილი ახალგაზრდები, ტოტალური უმუშევრობის და მიგრაციის პრობლემა, ომებით გამოწვეული მოუშუშებელი ტრაგედია და ტკივილები, საზოგადოების საშუალო ფენის შიმშილი...
ვარსიმაშვილის სპექტაკლი, ისე როგორც სპექტაკლში მიმდინარე სატელევიზიო რეალური შოუ, ჩვენი დღევანდელობის სარკეა, სცენაზე მხატვრულად სარკისებურად აისახება ჩვენი ყოფა (სცენოგრაფები შოთა გაბალიშვილი, თეო კუხიანიძე). სცენაზე გათამაშებულ ისტორიებს დიდი მანძილი არ აშორებს მაყურებლისგან, ამიტომაც მოვლენებს მთელი სიმძაფრით, რეალობის შეგრძნებით აღიქვამს მაყურებელი, რომელიც ისევე განიცდის სცენაზე მომხდარს, როგორც თავად გმირები. სცენოგრაფებმა შექმნეს ზუსტი და მეტაფორული სამყარო - საჯინიბო, თავისი მოდერნიზებული ატრიბუტიკით. მსახიობთა კოსტიუმებშიც შეიტანეს დეტალები, რომლითაც სპექტაკლის გმირები ცხენოსნობის მარათონში მონაწილეებს მიუახლოვეს. შთამბეჭდავია დერბის სცენა, როცა რეალური შოუს გმირები ცხენებივით ერთვებიან მარათონში. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება რეალური სურათი, რომელიც არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ეპიზოდს თეატრის ენით გადმოსცემს, არამედ ზოგადად, ადამიანთა ცხოვრებისეულ მარათონს. გარეგნულად მოქმედება ცხენსაშენის ინტერიერში, თავლაში წარმოებს, სინამდვილეში კი ეს რეალური ტელეშოუა, რომელშიც განსხვავებული ინტერესების ადამიანები ნებაყოფლობით მონაწილეობენ. სცენოგრაფებმა ორიგინალურად გაიაზრეს სივრცე, ცხენებივით შოუს მონაწილეები მათი განსხვავებული ხასიათებისა და ინტერესების მიუხედავად, ერთნაირ სტანდარტულ სიბრტყეზე მოათავსეს. სივრცე, სადაც მოქმედება ხდება, რომელიც არაერთი სცენური მხატვრული მეტაფორის შემცველია, სარკისებურად ირეკლავს პერსონაჟებს, მაყურებელს, მოქმედებებს, სცენურ რეალობასა და შინაგან განცდებსაც კი, რომელიც გაორმაგებული სიმძაფრით მოქმედებს მაყურებელზე.
რეალურ შოუში მონაწილეებს ერთი ინტერესი აქვთ, მოიგონ 100 000 ლარი, მაგრამ მათ განსხვავებული ხასიათები, ცხოვრების წესი და განვლილი გზა აქვთ. მათი შესაძლებლობებიც და წარსულიც განსხვავებულია, თუმცა ისინი საერთო ენას მაინც პოულობენ. ამ რეალურ შოუში, ისე როგორც ცხოვრებაში, უყვარდებათ და ერთმანეთს შორდებიან, ებრძვიან და ერთმანეთის გვერდით დგანან, აკეთებენ აღმოჩენებს და უმკლავდებიან მოულოდნელ, არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებს. ისინი სავსე არიან ანგარებით, ფარისევლობით, ერთგულებით, ერთმანეთის პატივისცემით. მათ ორმაგი სახე აქვთ, ერთი რეალური და მეორე პარალელური-მხოლოდ კამერებისთვის განკუთვნილი (იძულებით ღიმილიანი). მათ აქვთ მიზნები და ოცნებები, რომლისკენაც ისწრაფვიან. მიზნების მისაღწევად და ოცნებების ასახდენად კი მათ რთული, სამკვდრო-სასიცოცხლო გზის გავლა უწევთ, ზოგიერთი მათგანი ვერც უძლებს და მარათონს ეთიშება. მხოლოდ ერთი წყვილი (ნინი-ქეთა ლორთქიფანიძე და ოთო- გიორგი ჯიქია) აღწევს საწადელს და იმარჯვებს. სპექტაკლში მონაწილე მსახიობები: გიორგი ზანგური, მარიამ დანირაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, ანა ალადაშვილი, ლაშა გურგენიძე, მამუკა მუმლაძე, სალომე ჭულუხაძე და გიორგი ჯიქია შოუს მონაწილეებს განასახიერებენ. ამავდროულად ისინი ქმნიან ზოგად მხატვრულ სახეებს, საზოგადოების ტიპებს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ეპიზოდურ, მაგრამ დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეს ქმნის თინათინ კორძაძე (ფატი), რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების კრებითი სახეა სპექტაკლში. თინათინ კორძაძის გმირი, მოულოდნელად პარტერიდან ავარდება სცენაზე და აპროტესტებს რეალურ შოუს. მსახიობი ქმნის დაპროგრამებული, გონებრივად ოდნავ დაქვეითებული გმირის ტიპაჟს, რომელსაც აბსურდული მიზეზების გამო მიაჩნია, რომ შოუ უნდა დაიხუროს. მისი არგუმენტები რეალობას აცდენილია და მარცხისთვის განწირული. მით უმეტეს, როცა მომდევნო ეპიზოდებში ირკევა მისი გაუჩინარების მიზეზი: გაჩუმების სანაცვლოდ, მან რეალური შოუს მესვეურებიდან გარკვეული თანხა მიიღო პროტესტის შესაწყვეტად.
სპექტაკლში განსხვავებულ და მოულოდნელ ამპლუაში - შოუს წამყვანის როლში მოგვევლინა მსახიობი ჯაბა კილაძე, რომლის საუბრის მანერა და ინტონაცია გარკვეულ მომენტებში დავით აქუბარდიას გვაგონებს. მსახიობი ახერხებს შექმნას საზოგადოებრივი მონსტრის - ტელევიზიის კრებითი სახე, რომელიც მხოლოდ რეიტინგზე ფიქრობს და არ ადარდებს ადამიანების ფსიქოლოგიური, სულიერი, ფიზიკური მდგომარეობა. რომელსაც დაკარგული აქვს თანაგანცდის გრძნობა და ქცეულია რობოტად, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს-შექმნას რეიტინგული შოუ. ჯაბა კილაძის გმირი არ არის ცალსახა და ერთფეროვანი. მის ხასიათში წარსულიდან სულ სხვა ცხოვრებისეული გამოცდილება ვლინდება, რომელიც აღსარებასავით წამოსცდება მას, თუმცა ეს მას სრულებითაც არ ამართლებს. მის გმირს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მოქალაქეობრივი შეგნება და მოტივაცია არ აქვს. შესაბამისად, მაყურებელს გამოაქვს დასკვნა, რასაც რეზიუმეს სახით ამბობენ კიდეც სპექტაკლში, რომ „ჩვენი ტელევიზიები არის ყველაზე დიდი მარაზმი, რომელთაც უხარიათ საშინელებათა ტირაჟირება“. ჯაბა კილაძე წარმატებულად ქმნის ქართული ტელევიზიის ზოგად სახეს, ხშირად ცვლის ნაცნობ ინტონაციას, თუმცა ტოვებს მთავარს - დაუოკებელ წყურვილს დიდი რეიტინგის დასაწერად, ამიტომაც მის გმირს სინდისზე ხელი აღებული აქვს და ბევრი გრძნობაც შეგნებულად გამორთული აქვს.
მოქმედების პარალელურად, პირდაპირი ეთერის პრინციპით სცენის ზემოთ სახელდახელო ეკრანზე გადის კადრები პროექციის საშუალებით, რომელიც დეტალებზე მუშაობს და მიმიკის გაძლიერების ეფექტით ჩვენ ვხედავთ გმირთა შინაგან განცდებს, თუმცა მსახიობები იმდენად ძლიერად გამოხატავენ გმირთა განცდებს, რომ ეკრანზე მათი პორტრეტების ჩვენება ემოციის გაძლიერების მიზნით ზედმეტიც კი არის.
სპექტაკლის ქორეოგრაფიული გადაწყვეტა მარიამ ალექსიძეს ეკუთვნის. საცეკვაო შოუში მონაწილეები ბევრს „ცეკვავენ“. სპექტაკლში ქორეოგრაფია ესკიზების სახით გვხდება, აქ ვერ შეხვდებით დასრულებულ საცეკვაო ნომერს, ერთი და იგივე ქორეოგრაფიული ნახაზი რეფრენივით გასდევს რამდენიმე სცენას, მონოტონური მოძრაობები იდეურად ჩვენს ინერტულ ცხოვრების წესსა და შინაარსზეც მიუთითებს. შოუს მონაწილეების პროტესტი პლასტიკაშიც ვლინდება, მაგრამ მას ლოკალური ამბოხების მასშტაბი აქვს. მსახიობთაგან დახვეწილი პლასტიკით ლაშა გურგენიძე, მარიამ დანიდარაძე და ქეთა ლორთქიფანიძე გამოირჩევიან.
ვარსიმაშვილის სპექტაკლში სატელევიზო რეალური შოუ პატარა მოდელია იმის, რაც ჩვენს გარშემო ხდება, რომ ცხოვრებაც ისეთივე მარათონია, როგორც თავად შოუ და ჩვენ ამ შოუს მონაწილეები ვართ.
ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი ჩვენზეა, რიგით მოქალაქეებზე, ხელმოცარულ და გზასაცდენილ ახალგაზრდებზე, ნიჭიერ მომავალ თაობაზე, რომელსაც სურს იცხოვროს ნორმალურ და სტაბილურ ქვეყანაში, იმ თაობაზე, რომელიც ომობდა, იმ ძლიერ ქალებზე, რომლებიც კაცებს ზურგით მიათრევდნენ, იმ ცხენად გადაქცეულ ადამიანებზე, რომელსაც ქანცგაწყვეტილობის ჟამს ხოცავენ, იმ თავლაზე, რომელშიც ცხენებივით ვცხოვრობთ და გადმოგდებულ ლუკმა- პურს ველოდებით, იმ წინააღმდეგობებზე, რომელიც ცხოვრებაში გვხდება და იმაზეც, როგორ მარცხდებიან და იმარჯვებენ მიზანდასასხული ადამიანები. ეს სპექტაკლი ძლიერი და სუსტი ნებისყოფის ადამიანებზეა, ყველაზე, ვინც ჩვენს დროში ცხოვრობს და არსებობს. ეს მძაფრი და ტკივილებით დამძიმებული სპექტაკლი იმ მარათონზეა, რომელშიც რამდენიმე ათეული წელია ვმონაწილეობთ და ფინალამდე ჯერ ბევრი გვიკლია. სპექტაკლიდან კარგად ჩანს, რომ რეჟისორი ჯეროვნად იცნობს ეპოქას და გარემოს, რომელშიც ცხოვრობს და მოღვაწეობს, აქ ადამიანები დანერვოზებულები არიან, რომელნიც ჩაკეტილ სივრცეში თავისივე ნებით ცხოვრობენ და ისტერიულად იბრძვიან გამარჯვებისთვის. ეს ავთო ვარსიმაშვილის თეატრია, რომელიც თავისი სპექტაკლებით ყველა დროში ახერხებს იყოს უკომპრომისო, ობიექტური, მწვავე, კრიტიკული, კონიუნქტურის გარეშე და ყოველთვის ობიექტური სიმართლის მხარეს.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04