ვარჯულებ ჭირვეულებს ...
25-12-2015, 00:00

 

ინგლისელ რეჟისორს და ვებერ დაგლასის  სტუდიის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგს, ჰილარი ვუდს კარგად იცნობენ საქართველოში. მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ქართულ თეატრთან. ეს ურთიერთობა კ. მარჯანიშვილის თეატრში დადგმული უ. შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრათი“  დაიწყო და დღემდე გრძელდება. შემდეგ იყო ტ. უილიამსის  „კამინო რეალი“ და თ. ბართაიას  „კაბა“ მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრში. მასტერ კლასები  ფესტივალის  „საჩუქარი“ ფარგლებში, სადაც  ვებერ დაგლასის  სტუდიის მსახიობებიც მონაწილეობდნენ. პირველი და მთავარი,  რაც ჰილარი ვუდის შემოქმედებას გამოარჩევს, არის თავისი თანამემამულის, უდუდესი დრამატურგის  უილიამ შექსპირისადმი ერთგულება და მეორე, წარმატებული და ძალზე  საპასუხისმგებლო პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელსაც იგი ვებერ დაგლასის ხელოვნების დრამატულ სტუდიაში ეწევა.

მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის წინადადებით ამ რეჟისორმა ახლახანს განახორციელა უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“  ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და კეთილი კომედია ამ დრამატურგის მემკვიდრეობაში. ჰ. ვუდი კარგად იცნობს კინომსახიობთა თეატრის შემოქმედებით კოლექტივს. მაგალითად, სპექტაკლ  „კამინო რეალში“  თითქმის მთელი დასი იყო დაკავებული. ამჯერად კი რეჟისორმა ძირითადი აქცენტი ახალგაზრდობაზე გააკეთა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს,  რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები (აკაკი ხიდაშელი, თემურ გვალია, გია აბესალაშვილი, ზურაბ ანთელავა)   ღირსეულად უმშვენებენ გვერდს ამ თაობას.    ახალგაზრდობაზე აქცენტი ეს კანონზომიერიცაა - ჰილარი ვიდთან მუშაობა ნიშნავს კიდევ ერთხელ გაიარო დიდი სკოლა სამსახიობო ხელოვნებაში. უდიდესი პედაგოგიური გამოცდილების რეჟისორის სწავლების მეთოდი თანხვდენილია ასევე დიდი პედაგოგის, მიხეილ თუმანიშვილის სკოლასთან, რაც ასე ადვილად გასაგებია და მისაღწევია მ. თუმანიშვილის ან მისი მოწაფეების აღზრდილთათვის. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ჰ. ვუდის შექსპირისეული ტექსტისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ წარმოდგენის დროს.

სავარაუდოდ ამან გამოიწვია, რომ სპექტაკლის პირველი ვერსია უფრი ხანგრძლივი აღმოჩნდა მაგრამ არამოსაწყენი. რამოდენიმე წარმოდგენის შემდეგ  კი იგი დაიხვეწა, შემოკლდა და უფო დინამიური გახდა (ახალი რედაქციის ავტორი  რეჟისორი  ქეთი დოლიძე).

სპექტაკლის მოქმედება მეოცე საუკუნის 60-იან წლებშია გადატანილი - შეიკისა და ტვისტის ჰანგები და რიტმები (მუსიკალური გაფორმება ჰილარი ვუდი) ახალისებს იმდროინდელ ახალგაზრდობას: თავგამოდებით ცეკვავენ ამ ამერიკული ჰანგებზე  პადუას ახალგაზრდა თაობა: კატერინა. ბიანკა და მათი ხელის მთხოვნელები - გრემიო, ჰორტენზიო, ვინჩენცო და პეტრუჩიო. ბატისტას (მალხაზ აბულაძე)  პირველივე განცხადებას  მისი უფროსი ქალიშვილის კატერინას (თამრი ბზიავა) პროტესტი და აღშფოთება მოჰყვება. მამა-შვილის გაუთავებელი კამათი და კატერინას მძიმე ხასიათის გამოვლენა ბოლომდე მიყვება პირველი აქტის მოქმედებას.

თამარ ბზიავას კატერინა - მოხდენილ კოსტუმში გამოწყობილი (კოსტუმების მხატვარი ლალი ბადრიძე) თვითნება, ჭირვეული, ანჩხლი და კაპასი, ეგზალტირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ვერ იტანს დამცირებას და ოდნავ შევიწროებასაც კი. მისი ყოველი ჟესტი და ქმედება თუ სიტყვა მიმართულია საკუთარი პიროვნული უფლებების, თავმოყვარეობის  დასაცავად. მიუხედავად მუდმივი კონფლიქტისა მაინც მამის დამჯერი და მისი პატივისმცემელია.

ბატისტას უმცროსი ქალიშვილი ბიანკა (ირინა გიუნაშვილი, ანა მატუაშვილი) მორჩილი, უფრო მომხიბლავი, რომელმაც ერთი შეხედვით დაიმსახურა  ლუჩენციოს სიყვარული და თუ რაიმე ხდება პიესაში - კერძოდ კი პეტრუჩიოს მიერ კატერინას ხელის თხოვნა - ბიანკასა და ლუჩენციოს (სოსო ხვედელიძე)  შეუღლების საბაბითაა განპირობებული, ვინაიდან მხოლოდ კატერინას გათხოვების შემდეგ ეხსნებათ (შექსპირისეული ინტრიგა) გზა შეყვარებულებს საქორწინოდ. ვარჯულებ ჭირვეულებს ...

კატერინა (თ. ბზიავა) ასევე მუდმივ კონფლიქტშია საკუთარ დასთან. მამის მიერ უმცროსი ქალიშვილისადმი გამოჩენილ სითბოსა და სიყვარულს ძალიან მტკივნეულად აღიქვავს და ხელს არ უშვებს მომენტს, რომ რაიმე მწარე რეპლიკა არ მიაყოლოს მას. კატერინას მტერი მხოლოდ მისი ხასიათა არაა, არამედ მისი მწარე ენა.

ბიანკა (ი. გიუნაშვილი, ა. მატუაშვილი) ითმენს არა მხოლოდ დის შეურაცხყოფას, არამედ მამის სიმკაცრეს და იმ დასჯის მეთოდებს, რასაც მის წინააღმდეგ იყენებენ. კატერინას რისხვა ხშირად თავს ატყდება  ბიანკას და ხელჩართულ ბრძოლაშიც  კი გადადის. ეს  სცენა დიდი ვნებათაღელვით და ემიციითა შესრულებული მსახიობების მიერ.

გადაცმებისა და ორსახეობის ოსტატი შექსპირი ამ პიესაშიც მიმართავს გადაცმის ხერხს, როდესაც ლუჩენციო (ს. ხვედელიძე), ტრანიო (გუგა კახიანი)  და ჰორტენზიო (ნიკა წერედიანი, ცოტნე მეტონიძე) როლებსა და ტანსაცმელს გაცვლიან. დრამატურგი ყოველთვის ქმნის „ფართო პანოებს“ მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით აცოცხლებს სიუჟეტს, ოსტატურად ხლართავს  ინტრიგას. ასე მაგ. ბატისტასთან ქალების ხელის სათხოვნელად  მოსვლის სცენა, სადაც ერთდროულად ორივეს  კატერინასა და ბიანკას მაძიებლები მოსამსახურეთა თანხლებით მოიყრიან თავს:   პეტრუჩიო, გადაცმული ტრანიო, ლუჩენციო, გრემიო (აკაკი ხიდაშელი), ჰორტენზიო,  ბიონდელო  (ილია ჭეიშვილი).

კატერინასა და პეტრუჩიოს (ვანო დუგლაძე) შეხვედრა თავისათავად კონფლიქტით და ურთიერთდაპირისპირებით იწყება. მახვილსიტყვიერად ექიშპებიან ერთმანეთს. პეტრუჩიო (ვ. დუგლაძე)  ოსტატურად ახერხებს ყველას დარწმუნებას, რომ კატერინა შეუყვარდა და მხოლოდ მას ისურვებს ცოლად. და ამ დღინად იწყება კატერინას „მორჯულება“, რომელიც  შემდგომ პეტრუჩიოს სახლში დასრულდება. პეტრუჩიო (ვ. დუგლაძე) დიდი ძალისხმევით, ეშმაკობით, გამჭრიახობით აღწევს იმას რაც ვერ შეძლო ვერც  ქალიშვილის მამამ, ვერც  მისმა დამ  და ვერც  სხვა მთხოვნელებმა.  პირადი დამცირებით, შეურაცხყოფით,  ხანდახან  ფიზიკური ქმედებებით, საკვების აკრძალვით აღწევს იგი დასახულ მიზანს და ცოტა ხანში კატერინა მორჩილ, მოსიყვარულე მეუღლედ იქცევა. მსახიობი თამრი ბზიავა ოსტატობით გვიჩვენებს ამ ტრანსფორმაციას, ახალი პიროვნების ჩამოყალიბებას. მის  მოყვარულ და ერთგულ ცოლად  გადაქცევას.

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა