მოძალადეები. რეცენზია-შთაბეჭდილება სანდრო მრევლიშვილის სპექტაკლზე „პარტახი“
8-04-2016, 07:11

 

დიდი ხანია არაფერი დამიწერია სპექტაკლზე. უფრო მეტიც მრავალი წელია ... მიზეზებზე არ მიფიქრია ჩაღრმავებით, მაგრამ ერთი ვიცი, თუ რამეს ვწერდი, მხოლოდ მაშინ, როდესაც სახლში დაბრუნებულს მომყვებოდა ის ემოცია, რომლის გადმოტანის სურვილიც მიჩნდებოდა მანამ, სანამ ეს ემოცია გაქარწყლდებოდა. 
ჩვენ, თეატრმცოდნეებს, გვჩვევია ხოლმე სპექტაკლის რამდენიმეჯერ ნახვა და მხოლოდ მას შემდეგ ვწერთ ხოლმე ე.წ. რეცენზიას. ბევრჯერ ნახვა იმიტომ გვინდა, რომ არაფერი გამოგვრჩეს, ჩავუღრმავდეთ რეჟისორის ნააზრევს, უფრო კარგად გავიაზროთ მსახიობის თამაშის ნიუანსები და „პროფესიული“ და „კვალიფიციური“ შეფასება მივცეთ იმ შემოქმედებით პროდუქტს, რომლის ანალიზის უფლებასაც ვაძლევთ საკუთარ თავს. ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, კარგიცაა, როდესაც არა ემოციურ დონეზე, არამედ „ემოცია განელებული“, რაციონალური გააზრებით წერ შენს დასკვნას და გამოგაქვს ვერდიქტი - კარგია ესა თუ ის სპეტქაკლი თუ ცუდი.
მე არასდროს დამიწერია რეცენზია „გაციებული“ ემოციით, რატომღაც მიმაჩნდა, რომ მეც ისეთივე მაყურებელი ვარ, როგორც ყველა დანარჩენი დარბაზში მსხდომი ადამიანი და ისე როგორც რიგით მაყურებელს, მეც პირველ რიგში ის მაინტერესებს, ამაღელვა თუ არა იმან, რაც ვნახე. ამიტომ მიყვარს თეატრი - ის იმავე წამს, ფარდის დაშვების შემდეგ გარგუნებს რაღაცას - ან კარგს, ან უსიამოვნოს და იმ წამს გინდა ამის შესახებ უთხრა გვგერდზე მყოფს, ან მოუყვე მკითხველს.
ამჯერადაც ჩვეულებრივი მაყურებლის ემოციით ვწერ ამ სტატიას, ვწერ იმაზე, რაც სპექტაკლიდან სახლში დაბრუნებულს გამომყვა და იმას, რაზეც დავფიქრდი, ავფორიაქდი, დავდარდიანდი ან გამეხარდა...

 

რაც პატარა თეატრის პატარა სცენაზე ვნახე არის ის, რასაც მთელი ცხოვრება ვუყურებ. არაფერი განსაკუთრებული, არაფერი გამორჩეული, ვნახე ის რაც მუდმივია, რაც, მემგონი, მარადიულიცაა. მუდმივი და მარადიული კი არა მარტო სიყვარული, სიკეთე თუ სილამაზეა. მუდმივი და ხშირად საბედისწერო და მარადიული არის ძალადობაც. ძალადობა საკუთარ თავზე და სხვაზე, ძალადობა ადამიანზე, მის ფიზიკურ სხეულზე და მის სულზე, - ძალადობა ზოგადად ცხოვრებაზე. ერთხელ დაბადებულები ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთს არავინ გვიწყობს სხვა, საკუთარი თავის გარდა და ვერ ვგრძნობთ, რომ როდესაც საკუთარ სურვილზე, ვნებაზე, საკუთარ თავზე ვძალადობთ, ამას სიამოვნებით ვაბრალებთ სხვას, დამნაშავეს ვეძებთ სხვაგან და ბოლოს სასოწარკვეთილები ან სხვას ვუსპობთ სიცოცხლეს, ან საკუთარ თავს. 

 

ძალადობა მრავალმხრივია - არის ჩუმი, უსიტყვო, არის აგრესიული, უხსიტყვიანი. არის ქმედითი და უმოქმედო. ხშირად სწორედ ჩვენი უმოიქმედობით და პასიურობით ყველაზე მეტად ვძალადობთ საკუთარ თავზეც და სხვაზეც... 
დღეს ძალზე აქტუალური გახდა ქალებზე ძალადობის საკითხი. ბევრი არასამთვრობო ორგანიზაცია ამ თემით „დაინტერესდა“. ამ ინტერესს სხვადასხვა მოტივაცია გააჩნია. ზოგი გულწრფელია, ზოგიც მერკანტილური. ერთია, ეს თემა მწვავე სოციალური საკითხიდან სულ უფრო მეტად იქცა მოდურ ტრენდად. დღეს მოდაშია საუბარი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამაზე საუბრობს ტელევიზორი, რადიო, გაზეთი, ინტერნეტი, ამაზე საუბრობს ტრეინინგი, კონფერენცია, სემინარი, ამაზე საუბრობს ბროშურა, ბუკლეტი, ამაზე საუბრობს კინო და თეატრი. 
მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს საკითხი არის მაინც მარადიული, მუდმივად მტკივნეული... 

 

ბევრი ორგანიზაცია თუ კონკრეტული პერსონა კიდევ ერთ მოდურ სიტყვას უკავშირებს ამ თემას- სექსიზმს... ეს ტერმინი იმდენად განსხვავებული ინტერპრეტაციით მიეწოდება საზოგადოებას, რომ ხშირად ამ სიტყვამ კომიკური ელფერიც კი შეიძინა და მისდამი ინტერესიც განელდა. 
მე მას ამჯერად თავს დავანებებ - მე ის ამ ეტაპზე არ მაინტერესებს... მე მაინტერესებს ერთ პატარა თეატრში დადგმული სპექტაკლი, რომელიც არა კლასიკოსის, უფრო მეტიც, არცთუ განსაკუთრებით გამორჩეული ქართველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის, ერთი ჩვეულებრივი ნაწარმოების მიხედვით დაიდგა და რომელსაც „პარტახი“ ჰქვია. ეს სპექტაკლი სანდრო მრევლიშვიულმა შუაგულ რუსთაველზე ახლადგახსნილ პატარა თეატრში სახელწოდებით „გლობუსი“ დადგა და მასში მხოლოდ ახალგაზრდები თამაშობენ - ზოგიერთნი ასაკოვნებს, დაპუდრული თავებით, ზოგი - ახალგაზრდებს, ისეთებს, როგორებიც ახლა არიან, ზოგი მკვეთრად გამოხატულ მოძალადეს და ზოგიც ე.წ. მსხვერპლს.
მაგრამ ამ სპექტაკლში ყველაზე მეტად მე ის მომეწონა, რომ ყველა, ვინც ერთი შეხედვით მსხვერპლია და ერთი შეხდვით მოძალადე სინამდვილეში არის მარადიული ძალადობის ხატი-სიმბოლო. 
ზოგიერთი მაყურებელი, ამ სპექტაკლში, მოდურ თემას - ქალებზე ძალადობას დაინახავს. ესეც არის, რასაკვირველია, უფრო მეტიც, აქ ხაზგასმულია, რომ ქალებზე კაცებზე მეტად თავად ქალები ძალადობენ. (ახლა კი ნამდვილად დამადანაშაულებენ სექსისტულ განხადებებში, მაგრამ რავქნა, ასეა ამ სპექტაკლში და მე ხომ არ დამიდგამს, თუმცა ვეთანხმები)

 

საერთოდ საქართველოში ქალი ერთი შეხედვით ყველაზე დაფასებული, ღირსეული და პატივსაცემი ფიგურაა. ყველაფერი ღირებული ქალის სახელს, განსაკუთრებით, დედას უკავშირდება - დედასამშობლო, დედაბოძი, დედაქალაქი, ჩემიდედა..., შენიდედადაა.შ. მიუხედავად ამისა, ეგნატე ნინოშვილთან და სანდრო მრევლიშვილის სპექტაკლშიც ის ყველაზე მოძალადე არსებაა, რომელიც ძალადობს შვილზე, ქმარზე, რძალზე, მულზე, ოჯახის სხვა წევრებზე და ამ ძალადობას საოცრად ცინიკური სახელი - მზრუნველობა ჰქვია. ე.წ. მსხვერპლი კი ოჯახის დედას თავად ხდის უფლებამოსილს მასზე იძალადოს და ნებაყოფლობით ხდება ამ ძალადობის ობიექტი. განსაკუთრებით ვაჟიშვილი, რომელიც არც კი ფიქრობს იმას, რომ ცოლი თავად შეარჩიოს, ამ „პრივილეგიას“, საპატიო უფლებას ის დედას ანიჭებს. ამით ცხოვრებას იმარტივებს - გაამართლებს დედის დამსახურებაა, არ გაამართლებს - დედაა დამნაშავე. ეს პასუხისმგებლობის გადაბარება და, რაც მთავარია, ნებაყოფლობითი პასიურობა ხაზგასმით წარმოაჩენს თავად ამგვარი პერსონაჟის ნებაყოფლობით ძალადობას საკუთარ თავზე, საკუთარ ბედსა და მომავალზე. 
მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ამ სპექტაკლში ყველა პერსონაჟია მოძალადე. რაც ამ ფენომენის მარადიულობას კიდევ უფრო მძაფრად უსვამს ხაზს, რაც ერთი შეხედვით ტრაგიკულ ნაწარმოებს, სადაც მთავარი მოქმედი გმირი თვითმკვლელობით ასრულებს ცხოვრებას, ფარსად აქცევს. ეს ფარსული ირონია და ცინიზმი სპექტალის დასრულების შემდეგ ერთადერთ გრძნობას ბადებს - ახია ჩვენზე! ახია რომ ასე დაგვემართა და ასე დაგვემართება მანამ, სანამ არ ვისწავლით სოციოუმის კანონებისგან თავის დაღწევას, სანამ ჩვენი თავი არ გახდება ჩვენთვის უპირველესი, სანამ ვიქნებით მონა იმისა, თუ რას იტყვის ჩვენზე ხალხი. სანამ არ მივეჩვევით რომ ჩვენს ცხოვრებაში უპირველესი ჩვენი მეა. 

 

ძნელია, თითქმის შეუძლებელია ადამიანი გათავისუფლდეს გარემომცველი სამყაროს კანონიკური დოგმატიკისგან, მაგრამ ეს დოგმა ხომ თავად ადამიანმა შექმნა? განა ჩვენვე არ დავაწესეთ ის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები, რისი მსხვერპლნი თავად ვხდებით? განა ჩვენვე არ ვირჩევთ ნებაყოფლობითი მსხვერპლის როლს მაშინაც კი, როდესაც სინამდვილეში მოძალადეები ვართ? 
განა ლიზა, რომელიც თავს იკლავს იმის გამო, რომ ვერ უძლებს მასზე დედის, მამის, ქმრის, დედამთილის, მულის და კიდევ ათასი მოძალადის მორალურ ტერორს თავად არ არის საკუთარ თავზე მოძალადე, როდესაც უსიტყვოდ ემორჩილება სოციუმის ნებას, როდესაც ცდილობს გახდეს ოჯახის საყვარელი რძალი და, როდესაც საკუთარ თავში იკლავს იმ სურვილებს, რაც მას ადამიანად აქცევს? 
სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენ უკიდურესად გვიყვარს საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებებით გამოწვეული ტრაგიკული ფინალის სხვაზე გადაბრალება მაშინ, როდესაც თავად ვართ ამ ტრაგი-ფარსის შემოქმედნი. რაც ამ ტრაგიკულობას უფრო ამწვავებს და საბოლოოდ დაცინვის ობიექტად აქცევს ისაა, რომ ეს არჩევანი გაუაზრებელია.

 

სანდრო მრევლიშვილმა ეს ნაწარმეობი მეორედ დადგა, რამდენიმე ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეტეხის თეატრში მისი პირველი პრემიერა შედგა. მე მახსოვს ის სპექტაკლი. იმ დროს სრულიად სხვანაირად აზროვნებდა რეჟისორი, იქ იყო მკვეთრი დიფერენციაცია - მსხვერპლი და მოძალადე. 
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი რეჟისორი სრულიად ახალ მოდელს გვთავაზობს, მოდელს ფილოსოფიურად გააზრებულს - სადაც მოძალადე და მსხვერპლი ერთი და იგივე ადამიანები არიან და მათ შორის ზღვარი წაშლილია.
ამგვარი გააზრება ალბათ სწორედ იმ გამეფებულმა და ყბადაღებულმა კლიშეებმა განაპირობა, რომელსაც მუდამ ცხვირში გვირტყამს მედია თუ არასამთვრობო ორგანიზაციები, სადაც ხისტად არის განსაზღვრული - ქალზე ძალადობს კაცი. 

 

სანდრო მრევლიშილი ამ სპექტაკლში სწორედ ამგვარ კლიშეს დასცინის, ამგვარ გაბატონებულ, გრანტების მოსაპოვებლად დამკვიდრებულ ფორმულას უარყოფს და მკაცრად დაირონიულად გვეუბნება- სამყაროში ყველა მოძალადეა და, რაც მთავრია, ეს ძალადობა თავად სოციუმის ნებაყოფლობითი არჩევანია. სამყარო მაზოხისტია, მას სიამოვნებს, რომ ამ ძალადობაში ცხოვრობს, რადგან ხშირად ის უბადრუკი ცხოვრების ხმამაღალი დასრულების შესაძლებლობასაც იძლევა. 
მაზოხისტური ვნებები ვახსენე და ამ სპექტაკლში ის საკმაოდ მკვეთრად ჩანს - ადამიანები თავად საკუთარი ხელით აგებენ ბარიერებს და იმ ბარიერში ცხოვრობენ. მერე ცდილობენ მის დანგრევას, მაგრამ როგორც კი გაჩნდება ნაპრალი, მაშინვე მის ამოვსებას იწყებენ, რადგან ბარიერს მიღმა გასვლა აშინებთ, არიციან ამ ძალადობის მიღმა როგორ იცხოვრონ, რომელ კანონს დაემორჩილონ. ეს ადამიანები საკუთარი ხელით აგებენ კუბოს და ყველაზე კომფორტულად ამ კუბოში გრძნობენ თავს, რომელიც ვამპირებივით მათი ყველაზე კომფორტული მოსასვენებელი ადგილია. კუბოს ჭედავენ, მას მზითვს უწოდებენ და როგორც ძღვენს და დიდ საგანძურს ისე დაატარებენ ყველგან.მოძალადეები. რეცენზია-შთაბეჭდილება სანდრო მრევლიშვილის სპექტაკლზე „პარტახი“
დიახ, ამ პატარა სცენაზე, პატარა ერთსაათიან სპექტაკლში თანამედროვე სამყაროში მარადიულად გადმოსული პრობლემა - საკუთარი კუბოთი ტკბობის მაზოხისტური ვნება გადმოვიდა. გადმოვიდა საკუთარი უბედური ცხოვრების სიამოვნების ღიმილით დასრულების სურვილიც; ხმამაღალი გასროლით, ხმამაღალი შურისძიებაც სხვაზე და საკუთარ თავზე და ამ შურისძიების განცდით მოპოვებული სიამოვნების დამცინავი ღიმილიც. 

 

გამიკვირდა, გულწრფელად გამიკვირდა, რომ ამ პატარა სცენაზე სრულიად ახალგაზრდა არტისტების მიერ ასე სწორად და გააზრებულად ნათამაშები სპექტაკლი ვიხილე. გამაოცა იმ აქცენტებმა, რომლებსაც ეს ახალგაზრდები ყოველი ეპიზოდის შესრულებისას სვამენ. ეს იმგვარი პარტიტურაა, სადაც პაუზას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ქმედებას. სცენის სიპატარავემ სპექტაკლის ფორმაც განსაზღვრა - მინიმალური გამომსახველობითი საშუალებები. მსახიობი ხელსაც კი ვერ გაშლის ომახიანად ემოციის გადმოსაცემად. მთელი დატვირთვა მის შინაგან დინამიკაზე, შინაგან ექსპრესიაზე მოდის. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოვყო ახალგაზრდა ანი ბებიას ლიზა. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ის არ სცილდება ერთ ადგილს. მისი სამოქმედო არე დაახლოებით მეტრანახევარი-მეტრანახევარზეა. ის არ გადის ბარიერს მიღმა და რამდენჯერმე სკივრში - იგივე კუბოში ჩამძვრალი მხოლოდ თავის ამოყოფით გვამცნობს საკუთარი გმირის განცდებს და ემოციურ განწყობას. დამეთანხმებით, ასეთ გარემოში ძნელია მოახდინო სასურველი ეფექტი, გადმოსცე ის რასაც შენი გმირი გრძნობს და განიცდის და კიდევ უფრო ძნელია ის შინაგანი სათქმელი გადმოსცე, რამაც რეჟისორული ჩანაფიქრის რეალიზება უნდა მოახდინოს. ანი ბებიას გასაოცარმა ოსტატობამ ნამდვილად დამატყვევებლად იმოქმედა მაყურებელზე. სხვაზე არ ვიცი, მაგრამ ჩენზე ნამდვილად. ძირითადად თამაშობს მხოლოდ სახით. არა ხელებით, არა პლასტიკით, არა ხმით და ინტონაცით, არამედ სახით - თვალებით, პირით, ღიმილით. მისი ღიმილი მრავალმხრივია: ირონიული, ცინიკური, მწარე, ბედნიერი, ბოროტიც კი. ვფიქრობ, ეს ნამუშევარი ერთ-ერთი საუკეთესოა მისი თობის თანამედროვე მსახიოებების მიერ შესრულებულ მხატვრულ სახეებს შორის. ანი ბებია სცენიდან გვესაუბრება ისე, როგორ საუბარსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ცხოვრებაში და ასევე ხშირად ვერ ვამჩნევთ. მისი საუბარი უსიტყვო და ამავდროულად, მრავლისმეტყველია. მთელი დრამატურგიული ხაზი ნაწარმოების კონცეფცია და სპექტაკლის სათქმელის კომპოზიციური ქარგა ამ ახალგაზრდა, მომხიბვლელი მსახიობის სახისმეტყველებით წარმოჩინდება და მინდა სანდრო მრევლიშვილს გულწრფელად მივულოცო, რომ მისი სარისკო ნაბიჯი, სპექტაკლის მთავარი კომპოზიციური ხაზი ერთი მსახიობის ემოციურ შინაგან რიტმიკაზე აეწყო, წარმატებით დაგვირგვინდა. 

 

არ გამიგოთ ისე, თოთქოს სხვა მსახიობები ვერ შევნიშნე სპექტაკლში, ნამდვილად უმეტესობა საინტერესო სახეებს ქმნის, უბრალოდ ანი ბებია იმის გამო გამოვყავი, რომ თავად რეჟისორმა ააწყო სპექტაკლის არქიტექტონიკა ასე - ლიზა არის ცენტრალური ფიგურა, რომლის ირგვლივაც ეწყობა სხვა ყველაფერი - ლიზაა მთავარი მოძალადე, რომლის აბსოლუტურმა პასიურობამ გაუხსნა ხელი ყველა სხვა ძალადობას და შესანიშნავი საფუძველი მოუმზადა სოციუმს დამტკბარიყო გამორჩეული სისასტიკით. 
არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ „მთავარი დამნაშავის“ მიმართ რეჟისორის დამოკიდებულება - ლიზა თავს იკლავს პირზე ღიმილით. ბევრი რამ დევს ამ ღიმილში: საკუთარი ბედით გამწარებული ადამიანის სიმწრის ღიმილი, ღიმილი იმ გადაწყვეტილების, რაც მას ამ ძალადობისგან ათავისუფლებს, ღიმილი შურისძიების, რომ მისი სიკვდილით ბევრს გაამწარებს, ღიმილი თავისუფლების მოპოვების იმედის და, რაც მთავარია, ღიმილი იმის, რომ მან დაასრულა საკუთარ თავზე ძალადობა.
დასაწყისში აღვნიშნე, რომ მარადიული მარტო მშვენიერი არ არის, რომ მარადიული ძალადობა და სიძულვილიცაა... სანდრო მრევლიშვილმა მეორედ დადგა „პარტახი“ და მისი დადგმის აუცილებლობა ალბათ კვლავ იქნება, მიუხედავად იმისა, რამდენ ფულს დახარჯავენ ე.წ. ენჯეოები და მედიები, ძლადობის წინააღმდეგ მოწყობილ ღონისძიებებში თუ ივენთებსა და პიარ აქციებში. 
არ მიყვარს უპერსპექტივო ოპტიმისტური დასასრული და უიმედო სადღეგრძელოები იმაზე, რომ მომავალი ჩვენს ხელშია და ყველაფერი კარგად იქნება. აწმყოსაც და მომავალსაც აქ, ამ სოციუმში ვქმნით ადამიანები და ადამიანის ბუნება, სამწუხაროდ, ძალადობრივია. გამოსავალი ერთია მხოლოდ - ნუ იძალადებ საკუთარ თავზე და არავინ იძალადებს შენზე. მივაწღევთ ამას? არ ვიცი, არც სანდრომ იცის...

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა