მეტაფიზიკური ამბოხი თავის არსით პოზიტიური შინაარსის მატარებელია. ის ითხოვს გარკვეულ ღირებულებას (დაუშვათ, სამართლიანობა), რომლის გარეშეც თვითნებობა, დანაშაული და ჩაგვრა იმეფებს ამქვეყნად. მეცხრარამეტე საუკუნეში ჩამოყალიბებული ამბოხის თეორიამ უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა მეოცე საუკუნეში, დოსტოევსკის, ნიცშესა და სხვათა შემოქმედების წყალობით და შეიძლება ითქვას, დაკარგა კიდეც საწყის ეტაპზე მასში არსებული კეთილშობილური მიზანი. ნიჰილიზმის ეპოქამ შთანთქა ამბოხის შემოქმედებითი ძალა და ამბოხის მიზანზე წარმოთქმულ ფრაზას „ვჯანყდები ე.ი. ვარსებობ“ რამდენადმე აზრი შეუცვალა. ვიდრე ექსისტენციალიზმი ამბოხის სიკვდილს დაადასტურებდა ადამიანური არსებობის ყველაზე მნიშვნელოვან გამართლებად ამბოხი მოიაზრებოდა.
ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი“ ზუსტად გამოხატავს ამბოხებული ადამიანის შინაგან განცდებს, იმას თუ რამ შეიძლება დაბადოს ზოგადად ამბოხის სურვილი და მიუხედავად მიღწეული მიზნისა, რამდენად ტრაგიკული შეიძლება აღმოჩნდეს მთელი ეს პროცესი. ალექსანდრე ახმეტელის თეატრის სცენაზე რეჟისორმა ირაკლი გოგიამ შექმნა ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია ვაჟას პოემის, სადაც ვფიქრობ უზუსტესი აქცენტებით, სიფრთხილითა და გამომსახველობითი ფორმების სისადავით შეძლო ვაჟას სათქმელის სცენაზე მოქმედებაში გადმოტანა.
ქართულ თეატრს ახსოვს “სტუმარ-მასპინძელის” სხვადასხვა ინტერპრეტაციები, როგორც ჩანს ეს არის პოემა, რომელიც მისი ფორმით, შინაარსით, ღირებულებებით, სტილისტიკით, პერსონაჟთა სახეების მრავალგვარობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქრთველ რეჟისორებში. ირაკლი გოგოიას დადგმა კლასიკური ნაწარმოების თანამედროვე კონტექსტში გააზრებისა და ამავე დროს უკიდურეს არქეტიპულ საწყისებთან მიახლოების ერთგვარი ნაზავია.
არ არის მარტივი მუშაობა ტექსტზე, რომელიც თითქოს უკვე არაერთგზის გადამუშავდა და გაანალიზდა. რთულია ასეთ დროს სიახლის ძიება, მაყურებლისთვის უკვე ამოწურულ ამბავში ექსპერიმენტის ჩვენება. ვფიქრობ, რეჟისორის ერთგვარი ავანტურა გამართლდა, ის ახერხებს პოემის ქვეტექსტების ძალიან საინტერესოდ ამოკითხვას და მათთვის შესაბამისი გამომსახველობითი ფორმების ისე მორგებას, რომ მაყურებელში უკვე აღმოჩენილის თავიდან აღმოჩენის განცდა აღძრას.
რიტუალური და ფოლკლორული ფორმების გამოყენებით ირაკლი გოგია სცენაზე მისტიკურ, მითოლოგიურ სიუჟეტს ათამაშებს. ის მიზანმიმართულად უგულებელყოფს პოემის სიუჟეტისათვის კონკრეტული დროისა და სივრცის ხაზგასმას. პერონაჟთა ჩაცმულობა აბსოლუტურად აცდენილია ვაჟასეულ გააზრებას, სცენაზე არა ქისტი, ან ხევსური, არამედ პირველყოფილი, მეტყველებამდელი ადამიანის ჩაცმულობით დგანან ჯოყოლა და ზვიადაური. ამ შემთხვევაში რეჟისორი ცალსახად მიგვანიშნებს, რომ ამბავი, რომელიც სცენაზე უნდა გათამაშდეს გაცილებით ღრმა წარსულიდან იღებს სათავეს და კაცობრიობის განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზევე არსებობდა ადამიანის ქვეცნობიერში.
სპექტაკლის სადა და მინიმალისტური სცენოგრაფია, ზუსტად ესადაგება ვაჟას პერსონაჟების და თავად პოემის სიუჟეტის არასწორხაზოვან ბუნებას, სცენის სიღრმეში და თავზე დაკიდებული სარკეების მეშვეობით მაყურებელი განსხვავებული რაკურსით უყურებს სპექტაკლის გმირებს, თავად პერსონაჟებიც საკუთარი ანარეკლის პარალელურად ქმნიან სამყაროს, რომელშიც ადამიანს რამდენიმე სრულიად განსხვავებული სახე აქვს. რეჟისორი ირაკლი გოგია და სცენოგრაფი ლაშა იაშვილი ამ ფორმით ვფიქრობ, უზუსტესად გამოხატავენ ვაჟასეულ არა სტერეო, არამედ უსასრულოდ მრავალპლანიან სამყაროს. საინტერესო დეტალია ასევე, თოკები, რომელთაც რეჟისორი გარდა ტექნიკური დანიშნულებისა ალეგორიულ კონტექსტსაც უსადაგებს, ეს თოკები, ზოგჯერ ზვიადაურს რომ ბოჭავს და სხვა შემთხვევაში ჯოყოლას საყრდენად ქცეულა, საბოლოოდ ამ ორი სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის ადამიანის საერთო ბედისწერისა და ღირებულებების შემაერთებელ ძალას წარმოადგენს.
სპექტაკლის მხატვარი მარიკა კვაჭაძე ძირითადად შავსა და თეთრ ტონებს იყენებს. შავ, გრძელ კაბებში ჩაცმული ქალთა ქორო, მთხრობელი და თავად აღაზა ირეკლებიან სცენის სიღრმეში განთავსებულ სარკეებზე. ზვიადაური და ჯოყოლა პირველყოფილი ტყავის კაბებით და მუსა, რომელიც ბერის შავ სამოსშია გამოხვეული.
სპექტაკლის მუსიკალური გადაწყვეტა მთლიანად ფოლკლორულ მოტივებზეა აგებული. ქალთა კამერული გუნდი „ქალდეა“(ხელმძღვანელი -ზვიად ბერიაშვილი) ცოცხალი შესრულებით ერთგვარი ქოროს ფუნქციას ითავსებს თითქოს და ამავე დროს, იგივე გუნდი სპექტაკლის სხვადასხვა ეპიზოდში მასის, კრებითი სახის სიმბოლოდაც წარმოგვიდგება. აქვე მინდა აღვნიშნო, თავად ჯოყოლასა და ზვიადაურის პერსონაჟთა შემსრულებელი მსახიობების საოცარი ვოკალური მონაცემები.
სპექტაკლის დასწყისშივე მაყურებლისთვის ცხადი ხდება, რომ მძიმე და ტკივილიან ისტორიას ვნახავთ სცენაზე, „თენდები, ნურც გათენდები“-ამ სიტყვებით ასრულებს მელიზმებითა და დრამატიზმით სავსე ხალხურ სიმღერას გუნდის სოლისტი და განათებული სცენის სიღრმეში უკვე ჯოყოლასა და ზვიადაურის პერსონაჟებს ვხედავთ.
რეჟისორი, შეიძლება ითქვას, სრული სიზუსტით მიჰყვება ვაჟას ტექსტს. ახმეტელის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ცხადაძე ქმნის ჯოყოლას ძალიან საინტერესო პერსონაჟს. მისი თამაშის სტილი მთლიანდ არის დაცლილი მანერულობისაგან. მსახიობი ცდილობს გამოკვეთოს კონფლიქტი, რომლიც თავად ჯოყოლას შიგნით იბადება. ის პირევლ რიგში საკუთარ თავს უჯანყდება და მხოლოდ ამის შემდგეგ თემს. მუსასგან სტუმრის ვინაობის გაგებისას მასში ჩვეულებრივი ქისტის ბუნება იღვიძებს, მაგრამ მისთვისაც გაუცნობიერებლად ზვიადაურის მიმართ გაჩენილი თანადგომის სურვილი იმარჯვებს და ჯოყოლა უკვე საკუთარ თავზე გამარჯვებული გადაწყვეტს არ დაემორჩილოს თემის ადათს, მან ზუსტად იცის რამდენად დრამატული შეიძლება აღმოჩნდეს ეს წინააღმდეგობა, მაგრამ შეგნებულად ირჩევს ამ გზას, გზას, რომელიც გაუკვალავია, გზას, რომელმაც უნდა დაამსხვრიოს თემის, ამ შემთხვევაში ყალბი, ბოროტი, სტერეოტიპული საზრისი.
გაცილებით ფერმკრთალია ზვიადაურის სახე ირაკლი გოგიას სპექტაკლში. ეს ნამდვილად არ არის ვაჟას ზვიადაური. ის თითქოს მხოლოდ საბაბია, რაც იწვევს ჯერ ჯოყოლას ამბოხსა და შემდეგ უკვე აღაზას საოცარ განცდებსა და წინააღმდეგობებით სავსე გრძნობებს. ჯოყოლასა და აღაზას პერონაჟებისაგან განსხვავებით ზვიადაური, რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით, კონფლიქტის თითქოსდა უჩინარი მხარეა. ის არ არის ფიგურა სპექტაკლში, პოემისაგან განსხვავებით. ახალგაზრდა მსახიობი ანდრია გველესიანი წარმოგვიდგენს ზვიადაურს, რომელიც ბედის უკუღმართობით ცუდ დროს ჩაიგდეს ხელადა. რეჟისორი არ ცდილობს აქცენტი გადაიტანოს პოემაში ასე მნიშვნელოვნად და მკაფიოდ ხაზგასმულ ფრაზაზე _“ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა“. მსხვერპლად შეწირვისას იმეორებს ამ ფრაზას ზვიადაური, მაგრამ თითქმის ჩურჩულით. საკუთარ ძალაში დარწმუნებულია, მაგრამ არა ომახიანი, გოგიას სპექტაკლში ზვიადაურის ეს ფრაზა.
მუსა რეჟისორის ჩანაფიქრით თემის კრებითი სახეა და არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდი. მსახიობი გიგი მიგრიაული, სპეციფიკური ინტონაციითა და ერთგვარად დაღლილიხმის ტემბრითა და საუბრის მანერით ქმნის თემის სახე-სიმბოლოს. გოგიას სპექტაკლში თემი დაღლილია, დაღლილია საკუთარი ადათ-წესების მონობით, მიუხედავად ამ განცდისა, ვერაფერს უხერხებს შურისძიების სურვილს და გენეტიკურად კოდირებულ დოგმას, რომ მტერი უნდა მსხვერპლად შესწიროს საკუთარ მკვდარს.
რეჟისორი ქმნის კონფლიქტს, სადაც არ არსებობს ერთი ჭეშმარიტება. ის სპექტაკლის ამგვარი გადაწყვეტით ხაზს უსვამს ვაჟას პოემის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის შემთხვევა, როცა მთელი ტრაგიზმი, სწორედ დამნაშავის არ არსებობაშია. თემიც მართალია და ჯოყოლაც, ზვიადაური მტერია, მაგრამ კარგი ყმაა, აღაზას მკვდარი ძმის ტკივილსა და რისხვასაც აქვს საფუძველი და თავად აღაზაც უძლურია საკუთარი განცდების წინაშე. ყველაზე მთავარი, ალბათ, რეჟისორისათვის მთელი ამ მრავალპლანიანი, შინაგანი დინებებით აღსავსე დრამის ჩვენება და გასცენიურება იყო და ვფიქრობ, ირაკლი გოგიამ ძალიან დამაჯერებლად და სადა, არა პომპეზური, არა ეპატაჟური ფორმებითა და გადაწყვეტებით შეძლო მთავარი სთქმელის გადმოტანა სცენაზე.
გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სრულიად განსაკუთრებული პერსონაჟია ვაჟას აღაზა. თინა გვაზავა წარმოგვიდგენს ქისტ ქალს, ქალს, რომელიც მოსალადნოელი და თავზარდამცემი შედეგის მოლოდინის მიუხედავად, ხმამაღლა იტირებს ზვიადაურს, ქალს, რომელიც ცეცხლში შევარდება უცხო ტომელის, უფრო მეტიც, მტრისა და ქისტების ამომგდების გამო, დევებისა და მკვდარი ძმის ლანდებში გახვეულიც ვერ ამოიგდებს თავიდან და გულიდან განცდასა და სურვილს, რომელსაც სტუმრად მოსული თავს მეხივით დატეხილი კაცი აღუძრავს. აღაზა არის ქალი, რომელსაც განსაცდელში ჩავარდნილი საკუთარი ქმარი დაავიწყდება, თემს ათქმევინებს „ვის ცოლი, ვის ქმარს სტირისას“, ქალი, რომელიც ყველას გაჟლეტას ინატრებს იმ ერთი უცხოს გადასარჩენად და ქალი, რომელსაც ამ გრძნობის აღიარებისა არ შერცხვება. ირაკლი გოგია ცდილობს აჩვენოს ზუსტად ეს სახე და ამ შემთხვევაში ის არ მიმართავს არანაირ ექსპერიმენტს, რეჟისორი მოქმედებაში იმეორებს ვაჟას ნათქვამს, სცენა, როდესაც მოკლულ ზვიადაურს აპატიოსნებს აღაზა, სავსეა ტკივილით, წინააღმდეგობებითა და ეროტიზმით. დაცლილი ყალბი პათეტიკისა და ვულგარულობისგან.
ეპიზოდი, რომელსაც პოემაში განსაკუთრებული და არსებითად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ჯოყოლასა და აღაზას დიალოგია. ერთი მხრივ აღაზა, რომელიც აღიარებს, რომ მტერი დაიტირა და აქ , თავისთავად იგულისხმება ის შინაგანი განცდები, რომელთაც მოიცვეს აღაზა და მეორე მხრივ ჯოყოლა, რომელიც საოცარ პასუხს სცემს ცოლს. ამ პასუხით უკვე ცხადი ხდება, ჯოყოლა მისი ჰუმანიზმით სრულიად ამოვარდნილია თემის საერთო კონტექსტიდან, ის არ არის იმ საზოგადოების ნაწილი, რომელშიც ცხოვრობს, მას აქვს უნარი თემისგან განსხვავებით საკუთარ ცოლს სხვისი ქმრის დატირება არათუ აპატიოს, არამედ მის ხელშეუხებელ უფლებად გამოუცხადოს. რეჟისორი ირაკლი გოგია მუხლებზე დამდგარ აღაზას და მის თავზე წამომართულ ჯოყოლას გვიჩვენებს, ჯოყოლას, რომელიც თავზე ხელს კიდებს ცოლს, წამოაყენებს, და დაარწმუნებს, რომ მისი ტირილი და განცდები, მხოლოდ მასვე ეკუთვნის და არავის აქვს უფლება მათი განსჯისა. სცენა, როდესაც ჯოყოლა ცოლს ნაზად მიეალერსება იტევს ერთი მხრივ, მამაკაცისა და ქალის საოცარ ინტიმს და მეორე მხრივ, მათ თანამოაზრეობასა და საზოგადოებისგან გარიყულობას მიანიშნებს.
სპექტაკლის რეჟისორი ხევსური ქალის პერსონაჟს წარმოგვიდგენს, რომელიც ზოგ შემთხვევაში სიუჟეტში ერთვება და უმეტეს წილად კი მთხრობელის ფუნქცია აქვს. მსახიობი გვანცა კანდელაკი, მისთვის დამახასიათებელი შარმითა და ქარიზმით საინტერესო და სახასიათო სახეს ქმნის სპექტაკლში.
სპექტაკლის აქტუალობაზე, ალბათ, ყველაზე მეტი შეიძლება ვიდავოთ, ის რომ ვაჟა-ფშაველა ჯერ ისევ მომავლის ავტორია, არავისთის წარმოადგენს სიახლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებითად მთავარი და აქტუალობის განმსაზღვრელიც არის ის რეჟისორული გადაწყვეტები, რომელსაც ირაკლი გოგია სთავაზობს მაყურებელს. სპექტაკლის ფინალში დედაბოძს შემდგარი ზვიადაურისა და ჯოყოლას პერსონაჟები, რომლებიც რეჟისორის ჩანაფიქრით პოემის ბოლოს ზმანების ერთგავრ ინტერპრატაციას წარმოგვიდგენენ აუცილებლად დააფიქრებს მაყურებელს, რაზე დგას ჩვენი ცნობიერება? რა ამოძრავებს ადამიანს, რა ქმნის საყრდენს? ღირებულებები, რომლებიც დროსთან ერთად კარგავენ ფერს, ტრადიციები, რომელთაც ვუპირისპირდებით, ვუფრთხით ან ვუფრთხილდებით და ამ ყველაფრის მიღმა, ან იქნებ სადღაც ძალიან სიღრმეში ჩვენი ქვეცნობიერი, რომელიც მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ვნებებზე გავლით გვიყალიბებს შეხედულებებს.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04