მართალია თბილისის ოპერის თეატრში ახლა სერიოზული ბატალიები მიმდინარეობს და შესაძლოა ეს წერილიც დროულად არ მიიჩნიონ, მაგრამ თეატრის მთავარი საქმე სპექტაკლის დადგმაა და რაც მათ განახორციელეს იმაზე მსურს ვისაუბრო. ეს სპექტაკლი, ხომ მომავალი წლის სეზონის რეპერტუარშიც იქნება. სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია. ჰოდა, გვიან ვწერ ჩემს მოსაზრებებს იმ სპექტაკლზე, რომლითაც 2016 წლის იანვარში თბილისის ოპერის თეატრი ექვსწლიანი რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა. არ მოვყვები საუბარს გახსნის შესახებ თუ ვის რა ეცვა, რატომ ეცვა და როგორ გაიხსნა თეატრი. სჯობს სპექტაკლზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. გამოგიტყდებით და სოლისტთა პირველი შემადგნელობისთვის არ მომისმენია, თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც მეორე შემადგენლობა იყო, რადგან სწორედ ეს ვოკალისტები გახლავთ ოპერის თეატრის ძირითადი სოლისტები და ისინი შეასრულებენ თავიანთ პარტიებს მიმდინარე რეპერტუარში. და ისინი წარმოადგენენ დღევანდელი თეატრის სახეს.
ერთერთ რიგით სპექტაკლს დავესწარი. თეატრში მისვლისას პირველი, რაც თვალში მომხვდა ეს იყო აღდგენილი ფარდა, სულ სხვა ფერებით. მეტიც, გაცილებით უგემოვნო ფერთა შეხამებით და ნაკლებად ხარისხიანი ბეჭდვითი შესრულებით. ცხადია, სპექტაკლის დაწყებამდე მსურველებისთვის დაარიგეს პროგრამა, სადაც წესით სრული ინფორმაცია უნდა იყოს ნაწარმოების და სპექტაკლის ავტორებზე, შემსრულებლებზე და ტექნიკური მხარის წარმომადგენლებზე. რა თქმა უნდა ეს ყველა მონაცემი ეწერა ერთი მთავარი ინფორმაციის გარდა. პროგრამის შემდგენლებს გამორჩათ ლიბრეტოს ავტორის ხსენება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ვერსიაშიც. ეს სერიოზული შეცდომა, იმედია, მომავალში გამოსწორდება, რადგან ლიბრეტოს ავტორი იგივე მნიშვნელობისაა, როგორც კომპოზიტორი.
სპექტალის მეორე კასტს ოპერის თეატრის ახალგაზრდა სოლისტები წარმოადგენდნენ. რა თქმა უნდა, ამ შემადგენლობაშიც რამდენიმე გამორჩეული ვოკალისტია, რომელთაც შეძლეს პერსონაჟების ხასიათების შექმნა. არ შეიძლება არ აღინიშნოს ეთერის პარტიის შემსრულებელი ხათუნა ჭოხონელიძე. მიუხედავად, მცირედი დეტონაციებისა, მომღერალმა შეძლო მისი გმირის ხასიათის წარმოჩენა. რაც შეეხება ეთერის სახეს, ეს არის ტრაგიკული პერსონაჟი, თუმცა მისი ბედის მიუხედავად მომღერალმა (ხ. ჭოხონელიძე) ეთერს შემატა კიდევ სხვა, ვფიქრობ, ახალი შტრიხი, რომელიც აქამდე ამ გმირში არ ყოფილა. ეს არის მისი მებრძოლი და შეურიგებელი ხასიათი. ცხადია, ეს ამოცანა მას რეჟისორმა მიაწოდა, რომ ეთერი არ შეგუებოდა მის ბედს და მას ბოლომდე გამოეხატა მისი დამოკიდებულება გარშემომყოფთათვის. ფაქტობრივად, რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ ეს მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა ოპერა „აბესალომ და ეთერში“, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის თბილისის დადგმა დიდად არ განსხვავდება 1993 წლის ბათუმის დადგმისგან. ვისაც ახსოვს მაშინდელი წარმოდგენა ბევრ მსგავსებას აღმოაჩენს ამ ორ სპექტაკლს შორის. წარმოდგენაში არაერთხელ შევხვდებით უმიზნო მიზანსცენებს, მოძრაობებს, ჟესტებს. აღსანიშნავია, მეორე მოქმედებაში ქორწილის ეპიზოდი, სადაც ნეფე-პატარძალი სცენის უკან სხედან, მიტოვებულ გარემოში. ისინი არ წარმოადგენდნენ მოქმედების ცენტრალურ ფიგურებს, რაც სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტაა.
არმაზ დარაშვილის აბესალომი ხალასი და გულწრფელი ბუნების პერსონაჟია. მომღერალიც მისი გმირის ხასიათს ძლიერი, მეტალისებრი ხმით გამოხატავს. გამორჩეულია მისი დუეტი მურმანთან, სადაც მომღერლის შესრულება დამაჯერებელს ხდის აბესალომის ბრძოლას სიყვარულისადმი.
საერთოდ, სპექტაკლში იყო ისეთი მომენტები, როდესაც თავად მომღერლები ცდილობდნენ საკუთარი არიის თუ სცენის მაქსიმალური შემართებით შესრულებას, რადგან ამაში დირიჟორი (ზ. აზმაიფარაშვილი) ვერ ეხმარებოდა. ასეთი სცენა იყო პირველ მოქმედებაში, ეთერის არია, რომელიც თავიდან ჩქარი ტემპით დაიწყო და მეორე ნახევარში ტემპი ძალიან შენელდა და როგორც იტყვიან „დაჯდა“. მომღერალი, რა თქმა უნდა, მიჰყვა დირიჟორის ხელს, რომელმაც ვერ შეინარჩუნა არიის ტემპობრივი მონახაზი. ამას ისიც ემატება, რომ ეთერის არის დასაწყისში ორი კლარნეტი (ტერციაში) მთავარ თემას ასრულებს, რომელიც გარე ტაქტით იწყება. დირიჟორის ვერსიის მიხედვით მუსიკოსებმა მერვედები დაუკრეს, პარტიტურაში კი, მეთექვსმეტედებია დაწერილი. ეს ინტერპრეტაციაც არ არის, ეს უხეში შეცდომაა. მსგავსი ფაქტი არაერთხელ იყო წარმოდგენის განმავლობაში. ზ. აზმაიფარაშვილის ტემპო-რიტმი ბევრ შემთხვევაში გაუმართლებელი იყო, თუნდაც მესამე მოქმედების დიდი სცენა „გაუშვი გთხოვ“, რომელიც საკმაოდ ჩქარ ტემპში მიმდინარეობდა, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი; დირიჟორმა ორკესტრი ვერ მოამზადა საკულმინაციოდ და გუნდის შესვლა ტექსტით „ეს რა დღე დაგვიდგა“ არადამაჯერებელ ფონზე წარიმართა. შესაბამსიად, ამ ფრაგმენტში სრულიად დაიკარგა ის დრამატიზმი და სიმძაფრე, რაც მუსიკაში კომპოზიტორმა გადმოსცა. უცნაურია, ის ფაქტი, რომ მაესტრო ზ. აზმაფარაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ედგა სათავეში ამ სპექტაკლს, ანუ ბევრჯერ იდირიჟორა ის, მაგრამ დღემდე ვერ მიაღწია, მხატვრული თვალსაზრისით, შესაფერის დონეს. მაგალითისთვის, ავიღოთ ჩაკრულოს სცენა, რომელიც ისე მდორედ მიმდინარეობდა, რომ ამ საზეიმო და ამაღლებულმა მომენტმა დაკარგა მუხტი და დარბაზში მხოლოდ კარგი მელოდია გვესმოდა. ეს ყველაფერი, რომ ყოფილიყო მხატვრულად ღირებული, კიდევ არ შევნიშნავდი დირიჟორის მანუალურ ტექნიკას, რომელიც ფაქტობირვად ყველა მუსიკალური ნიუანსისას იმეორებდა ერთიდაიგივე მოძრაობებს ერთმანეთთან პარალელურ სინქრონში, ანუ სარკისებურად, რაც სადირიჟორო მანუალური ტექნიკის თვალსაზრისით მაღალ დონეზე არ მეტყველებს. ოპერის თეატრის ორკესტრს გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩნია, ის შედგება პროფესიონალი მუსიკოსებისგან და სასურველია ეს რესურსი მაქსიმალურად გამოყენებული იქნას. კონკრეტულ სპექტაკლზე, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.
აქვე დავსძენ, რომ მსგავსი მინუსებით ჯანლუკა მარჩანოს შესრულებებიც გამოირჩეოდა. ცხადია, მან ძალიან კარგად იცოდა საოპერო ნაწარმოებების მუსიკალური თუ ვერბალური ტექსტი, მაგრამ მას, როგორც დირიჟორისთვის აუცილებელი ცოდნა არ გააჩნდა. მარჩანო ვერ ფლობდა საორკესტრო სტრუქტურის სპეციფიკას. მისთვის უცხო იყო მუსიკოსების ორკესტრში გადანაწილების სწორად დაგეგმილი მექანიზმი, ეს ძირითადად ჩასაბერი საკრავების ჯგუფებს ეხება. შესაბამისად, როგორც მაშინ, ახლაც ორკესტრის ბალანსი, წყობა და ანსამბლურობა ოპერის თეატრისთვის საკადრის დონეზე არ არის. ასეთ თემებზე საუბარი დღევანდელი ევროპის წამყავნ თეატრებში მარტივად, რომ ვთქვათ უხერხულია, ჩვენთან სამწუხაროდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.
სპექტაკლის გამორჩეული ფიგურა გახლდათ მურმანი (ნიკოლოზ ლაგვილავა). მის მიერ შექმნილი სახე სრულიად ეთანხმებოდა მურმანის ბუნებას. მომღერალს კარგად ჰქონდა გათავისებული გმირის ხასიათი, ეს განსაკუთრებით აისახა მის არიაში „ამომავალსა მზესა“ (პირველი მოქმედება). აქვე დავძენ, ეს არია გამორჩეულია ამ ოპერაში, რადგან მასში ლოგიკურად ვითარდება გმირის ცვლილება; პერსონაჟის ერთგვარი გარდასახვა კეთილიდან ბოროტ სახეში. მურმანის არიის ეპიზოდი იწყება, თითქოს, საეკლესიო ჰანგებით და თანდათან გადაიზრდება მძიმე, მელოდიაში. სწორედ, ამ დრამატურგიულ განვითარებას მიჰყვა მომღერალი. მან სწორად განსაზღვრა აქცენტები შესრულების დროს. ხმის მცირედი ფორსირება, კონკრეტულ ადგილებში, პერსონაჟს მეტ დრამატულობას და სიძლიერეს სძენდა. ნ. ლაგვილავამ მისი ვოკალური და სამსახიობო შესაძლებლობანი იდეალურად გააერთიანა და შედეგად დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.
აღსანიშნავია, ოპერის თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი). ეს იყო ერთ ანსამბლად შეკრული გუნდი ჟღერადი ხმებით. მათი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით და ნაწარმოების ღრმა ცოდნით.
ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ ქართველებისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი საოპერო ქმნილებაა, ამიტომაც საზოგადოებას ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა სადადგმო ჯგუფის მიმართ. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა კადრები, სადაც დეკორაცია კარგად ჩანდა და მრავალი ადამიანი აღაშფოთა ფალოსის მსგავსმა ფიგურამ, რომელიც სცენის ცენტრში იყო მოთავსებული. საზოგადოება გაბრაზდა და დაიწყო დიდი კამათი ამის შესახებ. ვფიქრობ, მხატვარს (გოგი ალექსი-მესხიშვილი) ჰქონდა კონკრეტული ჩანაფიქრი და ახსნა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სპექტაკლზე ეს ფიგურა შეცვლილი იყო და დღესაც სცენაზე კუნძის ტიპის ჩამოსაჯდომი ბუტაფორია დგას. წინანდელი ბუტაფორია დაიწუნა ხალხმა და გაჩნდა ეჭვი, რომ მხატვარმა ამიტომ ჩაანაცვლა ის კუნძით. „აბესალომ და ეთერს“ (თუ შეიძლება ასე ითქვას) „ეკადრება“ ყველა ის მხატვრული ვერსია თუ ინტერპრეტაცია, რაც მას მხატვრულად ამართლებს და ღირებულია. თუ მხატვარი მიიჩნევდა, რომ პირვანდელი ბუტაფორია ამართლებდა მის მხატვრულ ჩანაფიქრს ის აუცილებლად უნდა დარჩენილიყო სცენაზე. ძალიან ხშირია პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ან წინა ღამითაც დეკორაციის შეცვლა. რეჟისორებს მთლიანი მიზანსცენებიც კი გადაუკეთებიათ. ეს ბუნებრივი მომენტია, როდესაც შემოქმედი თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ცვლიდეს რაიმეს, მაგრამ უბრალოდ უცნაურად აღიქმება გ. ალექსი-მესხიშვილის მსგავსი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც ბუტაფორიის შესახებ ამბავი ატყდა. გასაკვირია, როდესაც ასეთი გამოცდილი მხატვარი უცბად გადადის მისი შემოქმედებითი პრინციპებიდან და მხატვრულ ჩანაფიქრს უცვლის გეზს. ასევე, სრულიად ამოვარდნილი იყო მეორე მოქმედების კოსტიუმები საერთო კომპოზიციიდან. ის არც ფერთა შეხამებით და არც კონტრასტულ გადაწყვეტაში იკითხებოდა და სოლისტთა სამოსის სილუეტები გაუგებარ სტილს ქმნიდა. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ სხვა მოქმედებებში მთავარი პერსონაჟების კოსტიუმები გამორჩეოდა ფერთა ტონალური შეხამებითა და ფორმებით.
სამწუხაროდ, გამოკვეთილად არ ისმოდა რამდენიმე სოლისტის მიერ ნამღერი სიტყვები. საერთოდ, ყველა მომღერალს (და არა მხოლოდ მონაწილეებს) ვურჩევდი დიდი ყურადღება მიაქციოს იმას თუ რაზე მღერის და არა მხოლოდ იმას, თუ რას მღერის. გასაგებია, რომ ყველა ბგერა ერთნაირი ინტენსივობით და სიძლიერით ვერ გაჟღერდება; ეს ერთერთ სირთულეს წარმოადგენს ვოკალისტებისთვის, მაგრამ ოსტატურად გამოყენებული საშემსრულებლო ე. წ. საიდუმლოებები ამ მინუსს გამოასწორებს, რადგან მაყურებელმა არა მხოლოდ მუსიკა, არამედ სიტყვებიც კარგად უნდა გაიგოს სცენიდან, თავისი დატვირთივთა და მნიშვნელობით. რა თქმა უნდა, ეს ტექსტი მუსიკასთან ერთად გააზრებული უნდა იყოს და მაშინ იქნება შესრულება მეტ-ნაკლებად სრულყოფილი.
დასასრულისას მოგახსენებთ, რომ თბილისის ოპერის თეატრის რეპერტუარს ახალი დადგმა შეემატა. ეს არის კიდევ ერთი „აბესალომ და ეთერი“. და, მაყურებელი კვლავ არაერთხელ იხილავს ამ სპექტაკლს, ვიდრე ახალს არ დადგამენ.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04