სანამ გავყვები მდინარეს
15-10-2016, 13:34

ხშირად მიფიქირია, რამდენი წლის ვიყავი, როცა გავიაზრე, რომ ქალი ვარ. არ ვიცი... ვერასოდეს გავიხსენე ეს ზუსტად. მაგრამ ძალიან კარგად, თითქმის კინო კადრივით ცხადად მაქვს მეხსიერებაში ჩარჩენილი ერთი ეპიზოდი. მე და დედა სახლიდან გამოვედით, ეზოში ჩვენი მეზობლი ბიჭი შეგვხვდა, დედას მიესალმა ღიმილით, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს და ჩაიარა. ვიგრძენი რომ სხეულის ყველა ძვალი ერთად მიკანკალებდა, სახეზე თითქოს რაღაც ძალიან ცხელი მედო და თვალებში სიმძიმე მაწვებოდა, ყურებში გაბმული სტვენასავით ხმა ჩამესმოდა. დედას ხელი მოვკიდე და არ ვიცი რატომ, მაგრამ გიჟივით მომინდა მეთქვა ის რაც ვთქვი: „ეს ბიჭი მომწონს.“ რვა წლის ვიყავი... ის 20-ის...

მაგრამ ეს მაინც არ იყო ის წამი, როცა აღმოაჩენ, რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს, რაც ბევრ რამეს განსაზღვრავს მომავალში, რის გამოც ბევრს იდარდებ, იტირებ, შეშინდები და იმდენი ემოცია გადაგივლის ერთბაშად, რომ იმ საწყისს, მთავარს გააქრობს, წაშლის შენი მეხსიერებიდან. გარემო, რომელშიც იზრდები, ადამიანები, ვისთანაც იზრდები, ამბობენ, რომ განაპირობებენ ბევრ რამეს, არ ვიცი ეს ასეა თუ არა, ალბათ, გარკვეულწილად ასეცაა, მაგრამ მთავარი მაინც მიუწვდომელი, გაუმხელელი და უახლოესი ადამიანებისთისაც შეუმჩნეველი რჩება ბოლომდე, და ის ყველაზე მეტად განგსაზღვრავს, როგორც ინდივიდს...

არ ვაპირებ ვწერო „შენზე“, რამე გირჩიო, გასწავლო, დაგარიგო, მოგიწოდო, რაც გინდა ის ქენი... მით უფრო ვიღაც მესამეზე, საკუთარ თავზე დავწერ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ასე ახლოს ჩემსავე თავთან არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა, თითქოს მთელი ცხოვრებაა თვითანალიზით ვერთობი.

„აი იქ“... არადა აი აქ ხდებოდა ყველაფერი, სადღაც შიგნით, ძალიან შიგნით. ოთხივე მე ვიყავი. ოთხი ქალი, სხვადასხა და ერთნაირი...  ეს არ არის სპექტაკლი, რომელზეც დაწერ თეატრალურ რეცენზიას დაახლოებით ასეთი ფრაზებით-„ რეჟორის ამოცანა... მსახიობთა შესრულების მანერა... სპექტაკლის ესთეტიკა... პრობლემის აქტუალობა... მაყურებელში თანაგანცდის გამოწვევის უნარი... რჟისორული გადაწყვეტა ... და არც ვაპირებ. ვიჯექი პარტერში და ვგრძნობდი როგორ იხსნებოდა ჩემს სხეულზე, ყველა ფორი და ეს ტექსტი, რომელსაც სცენიდან ვისმენდი ჩემი გახსნილი ფორებიდან  გადმოდიოდა, მწვავდა, მტკენდა, მახრჩობდა. ბევრი ტექსტი... ყველაზე მართალი ტექსტი, რაც  კი ოდესმე სცენიდან მომისმენია და აღმიქვამს, ვიღაცას ვეჭირე მკლავებით და მაჯანჯღარებდა, რამდენჯერმე ღრმად ვცადე ჩასუნთქვა, მაგრამ ჰაერი სადღაც დიაფრაგმასთან ლოდად იქცეოდა და ვეღარც უკან ვუშვებდი და ვერც სხეულს ვშველოდი, ვხედავდი გოგონებს, ქალებს, ჩემს თავებს, ოთხად ქცეულ საკუთარ თავს და მეგონა ბევრი სარკე იყო ჩემ გარშემო, ვიღაც ხმამაღლა იცინოდა, ხო, იცინოდა გამომწვევად, საზიზღრად, სახეში მაყრიდა, ფრაზებს, და ამბებს ჩემი რომ ერქვათ, არავისთვის გამხელილ ისტორიებს მამხობდნენ თავზე...

დღევანდელ დღემდე არასოდეს დავფიქრებულვარ, რომ ერთხელაც შეიძლება ავყვირდე სინფონიური მუსიკის კონცერტზე, ის ნებისმიერ ისეთ გარემოს გულისხმობს, რომელიც პომპეზურობით, სიყალბით, ერთგულებით შენიღბული გულგრილობითაა სავსე, არასოდეს მომსვლია თავში აზრად, რომ შესაძლოა, სულაც არ ვარ ერთადერთი ვისაც წარმოსახვაში საკუთარი თავის სიმაღლიდან ვარდნისას შვილების სახეები უდგება თვალწინ... დაუკმაყოფილებელი ემოციებით, მიუღწეველი, იქნებ გამონაგონი გრძნობებით საკუთარ თავში გამოკეტილი, აიფარებ დალაგებული, დაუთოვებული, დასუფთავებული სახლის გარემოს, მოვლილ, კარგად აღზრდილ, შვილებს დაატარებ ცურვაზე, უცხო ენებზე, ცეკვისა და მუსიკის თუ ათასი სხვა ვიღაცისგან რატომღაც სავალდებულოდ მიჩნეულ წრეებზე და იჯერებ რომ კარგი დედა ხარ, იჯერებ, რომ კარგი ცოლი ხარ იჯერებ, რომ ყველაფერი რასაც შიგნით განიცდი, რაც გაგიჟებს და რასაც ასე გულმოდგინედ მალავ არასოდეს უნდა გაამხილო და ამასობაში ხვდები, რომ ვერაფერიც ვერ დააჯერე იმას, იმას-საკუთარ თავს, აი სხვებს კი აბოლებ, მაგრად აბოლებ, ერთადერთი ხარ ვისი მოტყუებაც ვერ გამოგდის და ისევ და დაუსრულებლად იბრძვი საკუთარი თავის გადარჩენისთვის, მოტყუებისთვის, მარტო დარჩენილი რას აღარ ებღაუჭები, ხან საკუთარი „განსაკუთრებული“ შვილის მასწავლებელზე გიღიზიანდება ლიბიდო, ხანაც  მეძავის როლი გესახება შვებად, პატარა, თითქმის საკუთარი შვილის ტოლი ბიჭი აღგაგზნებს და მის თბილ ლოგინზე მოშარდვით განიცდი ორგაზმს... ისევ მეორე პირში წერაზე რატომ გადავედი? შენ რატომ მოგმართავ? რატომ გაბრალებ რაღაცეებს? რატომ მიჭირს სულ რამდენიმე წამის წინ დადებული პირობა შევასრულო რომ მხოლოდ საკუთარ თავზე მინდა ვწერო?  იმიტომ რომ ეს აუტანელია...

სანამ გავყვები მდინარეს

აი იქ,  პირველ პირში გიყვებიან და ისე სადად, მარტივად გიყვებიან, ისეთი სისასტიკით გიმეტებენ სიმართლის მოსასმენად, რომ გამოდიხარ გაბრაზებული, გამწარებული, თითქმის დანაწევრებული, სულ ცალცალკე გრძნობ ყველა ორგანოს და ცდილობ მათ შეგროვებას, რომ აღიდგინო საკუთარი თავი ისეთი, როგორადაც  აჩვენებ ყველას, მაგრამ ხვდები, რომ აღარ გამოგდის, ხვდები რომ გინდა გაშიშვლებული იდგე ქუჩაში, ყველა შენ გიყურებდეს, ყველა თითს იშვერდეს შენსკენ, ტელეფონებ მომარჯვებულები ფოტოებს გიღებდნენ და აღარც საკუთარი ქმარი მოგდევდეს უკან სააშუელად...

ალბათ, ვიღაც ჩათვლის, რომ ეს არის სპექტაკლი, სადაც ოჯახს დასცინეს, როგორც ასეთს. გამეცინება... რომ ეს არის წარმოდგენა, სადაც რეჟისორმა საკუთარი განხორციელბული, ან თუნდაც განუხორციელებელი ფანტაზიები ზედმეტი ფიქრის, რაიმე განსაკუთრებული ფორმის გამოგონების გარეშე დაგვიდო სცენაზე და გვასმენინა, ან თუნდაც ჩათვლის, რომ ეს სპექტაკლი სექსზეა... და თუ ყველა ცალ-ცალკე და ერთად მართალი აღმოჩნდება,  ფროიდიდან დაწყებული, რომელიც ამბობდა „ყველაფერი სექსიაო“ მაშინ? შეიცვლება რამე ჩემთვის? ერთი კონკრეტული, ჩვეულებრივი ქალისთვის? არა. არა, იმიტომ, რომ ასე შეულამაზებლად არასდროს არავის უთქვამს ჩემთვის- სასაცილო ხარ... და როცა შოკის პირველმა ტალღამ გადაიარა მეც დავიწყე სიცილი... ვხედავდი საკუთარ თავს პეპელასავით მოფრიალე ფრთებით, რომელსაც მხეცი, ცხოველი უყვარს, უყვარს და აგლეჯინებს საკუთარ სხეულს, და ნეტარებს ტკივილით, რომელსაც მხეცი, მისი მხეცი, მისი საკუთარი ცხოველი აყენებს, ალეწვინებს ძვლებს, დასისხლიანებული სხეულით ეკვრის და კიდევ უფრო მეტად აღაგზნებს მისი სისხლის ნაკადის ღვრა საყვარელი მხეცის პირიდან... ვუყურებდი როგორ ვინახავდი, როგორ ვზრუნავდი საკუთრი ოჯახის პრესტიჟზე, სასტუმროს ბნელ კუთხეში შეყუჟული, ვიღაც უცნობის მიერ სულ რამდენიმე წუთის წინ ფულის(რომელიც არც არაფერში მჭირდება და არც ვიცი ზუსტად რამდენია)სანაცვლოდ ნახმარი, ვუყურებდი საკუთარი „განსაკუთრებული“ სინდრომის მქონე შვილის მასწავლებელზე გიჟივით აღგზნებულ საკუთარ თავს, როგორ ვიყავი მზად საკლასო ოთახშივე  მიმეღო მისგან ნეტარება, მაშინ როცა გარეთ სულ მარტოს დავტოვებდი ჩემს საყვარელ შვილს, ვხედავდი როგორ ვეჭვიანობდი ჩემი შვილის თანატოლ ბიჭზე, რომელსაც საღამოობით პატარა გოგონა მოჰყავდა სახლში და ნაჯახით ვუმტვრევდი კარს გონება არეული... ვხედავდი და ვიცინოდი და ვიცინოდი და ვიცინოდი... და სულ არ მეცინებოდა და ისევ ვიცინოდი და ვიცინოდი...

ეს ფსიქოთერაპიული სეანსი მეორე მოქმედებაში უკან გადაახვიეს ჩემს ბავშვობაში, ანდა სულაც პირიქით წინ მომავალში, აი იქ, სადაც ჩემი შვილის ამბავი დაიწყო...თითქოს ჩემს ქვეცნობიერში ცდილობდნენ ხელების ფათურს, ერთგვარ ჰიპნოზს გავდა, იმის გასარკვევად, რამ მაქცია, ასეთ ქალად. პატარა გოგო ხარ, ახლად ამოსული უმწიფარი ძუძუებით, ებრძვი შენს სხეულში ჰორმონებად გადაქცეულ გაუაზრებელ, თავგანწირვამდე მტკივნეულ სურვილებს, რაღაც გაურკვეველ კლიშეებს გახვევენ თავს, დაუცველი ხარ სურვილებისგან საკუთარი და სხვათა სურვილებისგან, არაფერი გესმის გარკვევით, იცინი ხმამაღლა და არადამაჯერებლად და ცდილობ გამოჩნდე უფრო ლაღი, მარტივი და თუნდაც თამამი ვიდრე სინამდვილეში ხარ. უცბად ეჯახები კედლებს, ზუსტად ვერ ხვდები რას გიკრძალავენ, რას გიშლიან, რისკენ გიბიძგებენ ან რას მიგითითებენ, რატომ ხარ საშიში ყველა იმ სტეროტიპისთვის რაც შენ გარშემო ამყარებს კედლებს და ვიდრე შეძლებ ამოამტვრიო თუნდაც პატარა სარკმელი ამ კედელზე, საიდანაც შემოსული ჰაერი გონზე მოსვლის საშუალებას მოგცემს, შესაძლოა ხალიჩაში გადახვეული მდინარის ნაპირმა გამოგრიყოს... მკვდარი, უსულო, ლამაზი, ახალგაზრდა ზრდადაუსრულებელი სხეულითაც ახერხებ აღაგზნო მამრი, მაგრამ შენ რა გინდოდა? რა გჭირდებოდა? რას ითხოვდი ან რისკენ ისწრაფვოდი სხვებმა კი არა თავადაც ვერ გაიაზრე, შეგჭამეს, გაგაქრეს, ძველ, შალის ხალიჩააში გადაახვიეს შენი თავგანწირვა და  მდინარეში მოგისროლეს. მერე გამოიძიეს, გამოიკვლიეს დამნაშავეები თითით საჩვენებლებად აქციეს, შენივე ოჯახი, შენივე მშობლები, გაბატონებული, თავსმოხვეული სტერეოტიპების, ტრადიციების ფსევდო ღირებულებების მონები.დამნაშავე ხარ მხოლოდ შენ შენ აქციე ისინი თითით საჩვენებელ, გასარიყ, ვანდალებად, რაში ხარ დამნაშავე? იმაში რომ  საერთოდ იყავი, რომ გაჩნდი, რომ გინდოდა, რომ ცდილობდი, რომ ვერ ამოიცანი, ვერ გაიაზრე, ვერ ჩამოყალიბდი, რომ თავჩაღუნულმა არ იარე. ისევ შენ მოგმართავ, ისევ დავკარგე პირველი პირი? ისევ გაურბივარ საკუთარ თავს...  თითქოს შეგპირდი... აუტანელია, აუტანელია წერო პირველ პირში და კიდევ უფრო აუტანელია ისმინო სხვისი ისტორია პირველ პირში, რომელიც სინამდვილეში შენია.

დღეს, როცა ფემინიზმი ქალის ისეთივე აქსესუარად იქცა, როგორიც დაუშვად ფრანგულის ცოდნა, ან ინსტურმენტზე დაკვრა იყო რამდენიმე საუკუნის წინ, რაც მის მაღალ სოციალურ სტატუსსა და ინტელექტს უსვამდა ხაზსს, თითქოს ბანალურიცაა ქალებს მიუძღვნა სპექტაკლი, მაგრამ თანამედროვეობაში ისე რთულია არაბანალურის ძიებაში დროის დაკარგვა, რომ სისულელეც კი მგონია ამაზე სერიოზული მსჯელობა. რას ვითხოვ მე ხელოვნებისგან?  ხო, მე პირადად და არა რაღაც კრებითი, აბსტრაქტული სოციუმი. დავრწმუნდი, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, რამდენად აქვს ხელოვნებას პოტენციალი გაუძლოს დროს, სულ არ მაინტერესებს იქნება თუ არა ის აქტუალური და ღირებული ორიათასი წლის მერე, ამ საზომით ვერ ავზომავ ვერასდროს და ვერაფერს. დღეს მიჭირს, დღეს მტკივა, დღეს მჭირდება, ხოდა დღეს მაჩვენე , დამეხმარე, ან თუნდაც უბრალოდ გამიმეტე სიმართლისთვის, განმაცდევინე საკუთარი თავის გვერდიდან ყურების აუტანლად მტკივნეული შეგრძნება, ნუ გადამარჩენ, ნუ გამცემ ყველა კითხვაზე პასუხს, მაგრამ მომეცი ემოცია, რომელიც მთელი კვირის მანძილზე უამრავჯერ წარმომადგენინებს როგორ ფრიალებს ჩემი კაბა ვარდნისას და მე გეტყვი, რომ, ის რაც შენ შექმენი ჩემთვის ყველაზე ნაღდი და მართალია და ხელოვნებისგან მე  არც ველი სხვას არაფერს.

ვინც თვლით, რომ სკაბრეზი არ არის სათეატრო ფორმა, ვისაც მოგეჩვენებათ ან უკვე მოგეჩვენათ, რომ ამდენი უხამსობა სცენიდან გულის ამრევია, ვინც ამაზე უფრო შორს ვერ წახვედით არანაირი სურვილი არ მაქვს შეგეწინააღმდეგოთ, მაგრამ როგორც თქვენ, ისე მეც მაქვს საკუთარი აზრი და როგორც მე მომახალეს სიმართლე სახეში, ისე მეც გეტყვით, რას ვფიქრობ თქვენზე- თქვენ არ ცხოვრობთ, არც არასოდეს გიცხოვრიათ...

და მე სულ არ მშურს თქვენი.

მივყვები მდინარეს და თუ ჭიამაიები ამომივა პირიდნ გაანადგურეთ, დასრისეთ, დაჭყლიტეთ...გრთავთ ნებას.

 

კომენტარის დამატება

განცხადების დაფა
გამოკითხვა
სტატისტიკა