© ლაშა ჩხარტიშვილი; თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
© თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი
საქართველოში 2016 წელს ფუნქციონირებდა სულ 44 თეატრი, მათ შორის, 38 არის სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ხოლო 6 კერძო, დამოუკიდებელი თეატრი. თუმცა საქართველოს თეატრალურ რუკაზე თეატრების რაოდენობა გაცილებით მეტია, ისინი ფუნქციონირებენ როგორც იურიდიული პირები და მათი ოფიციალური ლიკვიდაცია არ მომხდარა, მაგრამ 2016 წელს ამ რამდენიმე თეატრს არ გაუმართავს არც ერთი პრემიერა და არც რიგითი სარეპერტუარო სპექტაკლი. ამის გამო, ჩვენ არ მიმოვიხილავთ ასეთ თეატრებს. გარდა ამისა, კვლევაში, რომელსაც აწარმოებს ყოველწლიურად თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი, წელს მონაწილეობა არ მიუღიათ ორ სახელმწიფო პროფესიულ თეატრს: ა). ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს და ბ). თბილისის მარიონეტების სახელმწიფო პროფესიულ თეატრს. შესაბამისად, სტატისტიკურ მონაცემებში მათი აქტივობები გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ჩვენი კვლევა ეფუძნება 42 თეატრის მონაცემებს.
კვლევაში „ქართული თეატრი 2016 წელს“ წარმოდგენილია დედაქალაქის 18 (ისე კი 2016 წელს დედაქალაქში ფუნქციონირებდა 20) და რეგიონის 26 თეატრი. რეგიონის თეატრებიდან სამი: სოხუმის დრამატული, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა და ცხინვალის სახელმწიფო პროფესიული თეატრები ათწეულების განმავლობაში მოღვაწეობენ დედაქალაქში და მართავენ წარმოდგენებს თბილისის სხვადასხვა სათეატრო სცენებზე.
წლის მნიშვნელოვანი მოვლენები
ტრადიციულად, წლის შეჯამებისას გამოვყოფთ მნიშვნელოვან ფაქტებს და მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ქართულ თეატრში. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ 2016 წელს საზეიმოდ გაიხსნა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა ორი სახელმწიფო პროფესიული თეატრი: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი. თეატრები აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, განათებისა და გახმოვანების სისტემით, მოძრავი სცენით და თეატრებს შეუძლიათ სრული დატვირთვით მუშაობა. თუმცა როგორც სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, ზოგიერთი თეატრის უკეთესი მუშაობისათვის, მასტიმულირებელი სულაც არ გახლავთ რეაბილიტირებული შენობა და კარგი სამუშაო პირობების შექმნა. შიდა კონფლიქტებს ეწირება შემოქმედებითი პროცესი და ზარალდება არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ თეატრი. ამის მაგალითია, თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრი, რომლის მუშაობის შესახებაც ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ. აქ კი გამოვთქვამთ იმედს, რომ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ სოტკილავა თეატრს არა მხოლოდ ჩვეულ სამუშაო რიტმს დაუბრუნებს, არამედ ბევრ შემოქმედებით წარმატებასაც მოუტანს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დაიწყო ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია. ოზურგეთის თეატრის შენობა ყველაზე მასშტაბური კულტურული სივრცეა მთელს გურიაში, რომელიც იძლევა ნებისმიერი შემოქმედებითი პროექტის განხორციელების საშუალებას. ამავე წელს დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (განსხვავებით ოზურგეთის თეატრის შენობისაგან) სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროცესი.
2016 წელს ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაარსდა, რომლის ორგანიზატორიც და ინიციატივის ავტორი საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, იყო ოზურგეთის თეატრი (ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე). ფესტივალმა უმასპინძლა 10-ზე მეტ თეატრს. ფესტივალზე წარმოდგენეილი იყო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები, მათ შორის, ლიტვიდან. სპექტაკლში „გამარჯობა ხალხო“ (რეჟისორი ვასილ ჩიფგოგიძე) ერთდროულად ლიტველი და ქართველი მსახიობები მონაწილეობდნენ.
ყოველწლიურად, წლის მნიშვნელოვან თეატრალურ მოვლენებში, შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად, მოიაზრება: თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (Tbilisi International), მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი(Gift), ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი.
2016 წელს ტრადიცულმა ფესტივალებმა: ბათუმის მონოპიესების ფესტივალი, ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” და გორის კომედიის ფესტივალი, შეიძინეს საერთაშორისო სტატუსი და მასში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, გერმანიის, ირანის თეატრალურმა დასებმა და ცალკეულმა არტისტებმა.
2016 წელს ბევრმა ქართულმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ფესტივალში და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ გამორჩეულია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლის „ტრამვაი სურვილი“ (რეჟისორი ქეთი დოლიძე) წარმატება ედინბურგის ფესტივალზე, რომელსაც „SG Fringe“-ის 5 ვარსკვლავი მიენიჭა. განსაკუთრებით სასიხარულოა, ქართველი რეჟისორების ლევან წულაძის, ავთანდილ ვარსიმასვილის, დავით დოიაშვილის, ირაკლი გოგიას და დათა თავაძისწარმატებები ევროპაში. ევროპულ სათეატრო რუკაზე უკვე რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის პარალელურად, რამდენიმე წელია ფიქსირდებიანახალი თაობის რეჟისორები, რაც ქართული თეატრის პოპულარიზაციას უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარესზე.
2016 წელს ქართული თეატრის სცენას, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თუმანიშვილის თეატრში წარმატებულად განხორციელებული სცენური როლით- მეფე ლირი, დაუბრუნდა ზურაბ ყიფშიძე. მსახიობის ნამუშევარი (სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ გეწაძე) უკვე აღინიშნა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ და მას, ჟიურიმ წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ტიტული მიანიჭა.
გასულ წელს,ქართულ თეატრს ოზურგეთის თეატრში დადგმული სპექტაკლით „ბოშები“სათეატრო საზოგადოებას და ერთგულ მაყურებელსგამოემშვიდობა მაესტრო გიზო ჟორდანია. გიზო ჟორდანიამ ოზურგეთის თეატრში მუშაობისას გააერთიანა თეატრის დასის ყველა თაობა და მასთან შემოქმედებითმა თანამშრომლობამგარკვეული გამოცდილება შესძინა დასს. ასევე გასულ წელს ქართველ რეჟისორთა რიგებს გამოაკლდა ნუგზარ ლორთქიფანიძე.
პრემიერების რეიტინგი
2016 წლის სტატისტიკური კვლევის შედეგად, 42 თეატრის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს სახელმწიფო პროფესიულ და კერძო თეატრში განხორციელდა 228 პრემიერა, მათ შორის 0,8% არის აღდგენილი სპექტაკლები, რომელიც გასული ორი სეზონის განმავლობაში თეატრებს არ წარმოუდგენიათ. 228 პრემიერიდან დედაქალაქის 25 სახელმწიფო პროფესიულ თეატრში (მათ შორისაა, საბავშვო თეატრები და ცხინვალის, სოხუმის დრამატული და მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ვინაიდან ისინი თბილისში მოღვაწეობენ) 122 პრემიერა განხორციელდა. ხოლო რეგიონის 17 სახელმწიფო დრამატულ, თოჯინურ და კერძო თეატრში 106 ახალი სპექტაკლი დაიდგა. განვლილი წლების სტატისტიკას რომ გადავავლოთ თვალი, შევნიშნავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრემიერების რაოდენობა საგრძნობლად არა, მაგრამ მაინც იზრდება (2013 წელი - 160; 2014 წელი -174; 2015 წელი - 217 და 2016 წელი 228), თუმცა ეს პროცესი მხატვრულ ხარისხზე განსაკუთრებულად არ აისახება. მართალია, იდგმება საინტერესო სპექტაკლებიც, მაგრამ ამ პროცესს კომპლექსური სახე არ აქვს და არც პროცესის პროპორციულია რაოდენობა და მხატვრული ხარისხი.
ბოლო ოთხი წლის პრემიერების რაოდენობის სტატისტიკა გრაფიკულად ასე გამოიყურება:
(იხილეთ სურათი 1).
თუ გადაავავლებთ თვალს ცალკეულ თეატრებს (იხილეთ სურათი 2) აღმოვაჩნეთ, რომ საქართველოს მასშტაბით პრემიერების რეიტინგში მარჯანიშვილის თეატრს უჭირავს ლიდერის პოზიცია. 2016 წელს მარჯანიშვილის თეატრმა 17 ახალი დადგმა შესთავაზა მაყურებელს. მას წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე უპირობო ლიდერის პოზიცია უჭირავს და მისი უშუალო კონკურენტი, ამ მხრივ, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრია, რომელმაც 2016 წელს ერთი პრემიერით ნაკლები გამოუშვა. (16 პრემიერა). ამ თეატრების ასეთი აქტივობა არ არის მოულოდნელი შედეგი, ვინაიდან ამ ორ თეატრს გააჩნია სამი სივრცე, სადაც მუდმივად მიმდინარეობს რეპეტიციები და წარმოდგენები. სამი სივრცე თეატრებს შორის კიდევ ორ თეატრს აქვს: რუსთაველის და გორის დრამატულ თეატრებს. ამ ორ თეატრში პრემიერების გამოშვების სიმცირე სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. თუკი გორის თეატრს მცირე ბიუჯეტი აქვს (რომელიც ზუსტად ოთხჯერ ნაკლებია რუსთაველის თეატრისაზე), სამაგიეროდ რუსთაველის თეატრს აქვს მეტი შესაძლებლობები, მათ შორის, ფინანსური რესურსიც, მაგრამ ორივე თეატრი თითქმის თანაბარი რაოდენობის (რუსთაველის თეატრი 7, გორის თეატრი -6)პრემიერებს უშვებენ. დასკვნის გამოტანა ამ შემთხვევაში ძალზედ მარტივია.
პრემიერების რეიტინგში შემდეგ საპატიო ადგილს თბილისის სახელმწიფო საბალეტო დასი იკავებს, რომელმაც 10 ახალი დადგმა შესთავაზა მაყურებელს და მას მოსდევს 9 პრემიერით თავისუფალი თეატრი. სახელმწიფო თეატრში 10 პრემიერა სავსებით ნორმალური მაჩვენებელია, თუმცა როცა სხვა (დანარჩენ) სახელმწიფო თეატრებს დამოუკიდებელი თეატრი უსწრებს აქტივობაში, ეს მხოლოდ დამოუკიდებელი თეატრის (ამ შემთხვევაში, თავისუფალი თეატრის) ხელმძღვანელობის ეფექტუნარიანი მუშაობის და გამართული ფანდრაიზინგის შედეგია. ფაქტია, რომ დამოუკიდებელი, კერძო თეატრი, რომელიც ფინანსებს გრანტების სახით მოიპოვებს, უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე ბევრი სახელმწიფო პროფესიული თეატრი, რომელსაც უფრო მეტი საფიქრალი აქვს შენობის შენახვიდან დაწყებული, სადადგმო ხარჯების მოძიებით დამთავრებული, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფ თეატრებს, რომლებსაც ბევრი პრობლემა ამ მხრივ მოგვარებული აქვთ, ხშირ შემთხვევაში ლიდერის პოზიციებზე დგანან.
პრემიერების რეიტინგში 8-8 პრემიერით მეხუთე ადგილი უკავიათ ახმეტელის, ქუთაისისა და ბათუმის დრამატულ თეატრებს. შარშანდელ წელთან შედარებით ახმეტელის თეატრში შედარებით ნაკლები პრემიერა შედგა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის რეიტინგში მოხვდა, ხოლო რაც შეეხება ქუთაისის და ბათუმის დრამატულ თეატრებს, მათ ამ მიმართულებით პროგრესული ნაბიჯები გადადგეს, დაიბრუნეს მაყურებელიც და საგრძნობლად დაწინაურდნენ, რაც სხვა შედეგებშიც აისახა კიდეც. (იხილეთ სურათი 3).
რაც შეეხება პრემიერებს საბავშვო და საყმაწვილო თეატრებში: რეიტინგში ლიდერის პოზიცია 6 ახალი დადგმით თბილისის თოჯინების თეატრს უჭირავს, მას 5 პრემიერით მოსდევს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, ასევე 5 ახალი დადგმა განახორციელა ახალციხის თოჯინების თეატრმა, ხოლო ქუთაისის თოჯინების თეატრში 4 ახალი სპექტაკლი დაიდგა.
მესამე კატეგორია პრემიერების რეიტინგში არის კერძო თეატრები, რომელთა რიცხვი საქართველოში შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. კერძო თეატრებს შორის პრემიერების კატეგორიაში ლიდერის პოზიცია თავისუფალ თეატრს უჭირავს, მან 9 ახალი დადგმა განახორციელა, ხოლო 6 პრემიერა შედგა ილაუნის თეატრში. ამ კატეგორიაში გამორჩეულ პოზიციაზე ეს ორი თეატრია, რომელსაც 3-3 პრემიერით მოსდევს თბილისის მოძრაობისა და ბათუმის ექსპერიმენტული თეატრები. კერძო თეატრების ინიციატივები ორმაგად საყურადღებოა და დასაფასებელი, ვინაიდან ისინი გაცილებით რთულად მოიპოვებენ სახსრებს. მათი პრემიერების რაოდენობაც მიუთითებს მენეჯმენტის, ფანდრაიზინგის ეფექტუნარიანობაზეც. 9 დამოუკიდებელი თეატრიდან მხოლოდ 4 ახერხებს 2-ზე მეტი პრემიერის გამართვას წელიწადში.
თუ კი პრემიერების რეიტინგის დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით დავყოფთ, ასეთ სურათს მივიღებთ: (გთხოვთ იხილოთ სურათები 4-5)
ქართული თეატრი და დრამატურგია
ჩვენს კვლევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიაა ქართული თეატრის ინტერესი დრამატურგიისადმი, ვინაიდან დრამატურგიის არჩევანში იხატება არა მხოლოდ ქართული თეატრის მსოფლმხედველობა და მისწრაფებები, არამედ აზროვნების მასშტაბი, სიღრმე და ხედვა ჩვენს თანამედროვეობაზე, წარსულსა და მომავალზე. დრამატურგიის არჩევანი ხატავს რეჟისორთა გემოვნებასაც და მათ ფართო ან მცირე თვალსაწიერს. დრამატურგიის არჩევანი პირდაპირ კავშირშია სარეპერტუარო პოლიტიკასთანაც.
2016 წელს საქართველოს ყველა ტიპის 42 თეატრში დაიდგა 127 თანამედროვე ქართველი და 29 უცხოელი თანამედროვე ავტორის პიესა. ხოლო 143 დადგმა განხორციელდა ქართველი და უცხოელი კალსიკოსების პიესებსა და ნაწარმოებებზე (რომანი, მოთხრობა, პოემა) დაყრდნობით. ეს მაჩვენებელი ბევრ ფაქტორს ავლენს, მათ შორის იმას, რომ ქართული თეატრი თავს არიდებს თანამედროვე დრამატურგიას, მათ შორის, ქართულს და უფრო მიმართულია კლასიკისაკენ. ეს ტენდენცია ბევრი რამით შესაძლოა იყოს განპირობებული.
რაც შეეხება თანამედროვე უცხოელი ავტორების დადგმის სიმწირეს. ვფიქრობ, ამის მიზეზიც არაერთი ფაქტორით არის განპირობებული.
ამიტომაც არის, რომ ქართული თეატრი მიმართულია უფრო კლასიკისაკენ, ქართულ სცენაზე უკვე ადაპტირებული დრამატურგიისაკენ და ძირითადად უცხოური კლასიკისაკენ, ვინაიდან ქართულისგან განსხვავებით არჩევანი უცხოურ ლიტერატურაში უფრო დიდია. ბუნებრივია, კლასიკისადმი დიდი ინტერესი სულაც არ არის უარყოფითი მოვლენა, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს კლასიკის თანამედროვე ინტერპრეტაცია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართული თეატრი იმეორებს ტრადიციებს კლასიკის ინტერპრეტაციაში.
გარდა ამისა, ძირითადად, თეატრები არ ფიქრობენ სხვადასხვა მაყურებელის მოთხოვნილებაზე და მათი სურვილების და ინტერესების გათვალისიწნებაზე. თეატრების რეპერტუარს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს რეჟისორთა სურვილების გათვალისიწნება და პიესები ირჩევა არა იმის მიხედვით, თუ რა პოტენცია არსებობს ამა თუ იმ კონკრეტულ თეატრში, არამედ რისი განხორციელება სურს თავად რეჟისორს. ამიტომაც, იდგმება მაგალითად, „ჰამლეტი“ ისეთ თეატრში, სადაც ჰამლეტის როლის შემსრულებელი არ არის. ხშირია შემთხვევა, როცა ერთი რეჟისორი ერთი და იგივე დამდგმელ ჯგუფთან ერთად, ერთი და იგივე პიესას დგამს რეგიონის თუ დედაქალაქის სხვადასხვა თეატრში. იშვიათი გამონაკლისის გარდა, რეგიონებში თეატრები უფრთხიან ახალ, დედაქალაქის სცენებზე ჯერ არა აპრობირებულ პიესებს. რეგიონების თეატრების რეპერტუარი ძირითადად ეფუძნება კლასიკას და ტრადიციებს, გამოცდილებას, რაც თეატრს ჩაკეტილ ნაჭუჭში და მუდმივად წარსულში ამყოფებს. უკვე მრავალგზის გადამღერებული პიესების დადგმა იოლი გზაა და მოვალეობის მოხდას უფრო გავს, ვიდრე თეატრის განვითარებაზე ზრუნვას. ეს პირველ ყოვლისა, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პასუხსიმგებლობის საკითხია, რომელიც საზოგადოებამ დაიქირავა და მნიშვნელოვანი საქმე მიანდო. მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა თეატრი ერთადერთი კულტურის კერაა რეგიონში, რომელიც მისიას ხშირ შემთხვევაში ვერ ასრულებს.
ბოლო ოთხი წლის ინტერესი დრამატურგიისადმი კი გრაფიკულად ასე გამოიხატება: (იხილეთ სურათი 6)
2016 წლის ქართული თეატრის რეპერტუარი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და თეატრის სტაბილური ფუნქციონირების მანიშნებელი არის რეპერტუარი. პრემიერებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე განხორციელებული სპექტაკლების ერთგვარი კონსერვაცია, მათი ხშირი ჩვენება და განხორციელებული სპექტაკლების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. რეპერტუარის სტაბილურობა კი, პირველ ყოვლისა, მაყურებელზეა დამოკიდებული, ვინაიდან მაყურებლის ინტერესი განაპირობებს სპექტაკლის სიცოცხლისუნარიანობას. ამ მხრივ, ლიდერის პოზიცია საქართველოს სახელმწიფო თეატრებს შორის, რომელთაც სარეპერტუარო სპექტაკლების მაღალი მაჩვენებელი აქვს უჭირავს შემდეგ თეატრებს: მარჯანიშვილის თეატრი (57), თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი (49), კინომსახიობთა თეატრი (31), რუსთაველის თეატრი (27), გრიბოედოვის თეატრი (26), ქუთაისის დრამატული თეატრი (24). ეს თეატრები ახერხებენ დადგმული სპექტაკლების შენარჩუნებას და ეს მაჩვენებელი მიუთითებს მათი რეპერტუარის მრავალფეროვნებაზე.
საბავშვო და საყმაწვილო თეატრებს შორის კი, ამ მხრივ, ლიდერია ქუთაისის თოჯინების თეატრი, მას რეპერტუარში 25 სპექტაკლი აქვს, 18 სპექტაკლით მას თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი მოსდევს, ხოლო მესამე ადგილს 13 სპექტაკლით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი იკავებს.
კერძო თეატრებს, შორის გამორჩეული ლიდერი თავისუფალი თეატრია, რომელსაც რეპერტუარში 28 სპექტაკლი აქვს, ხოლო ზუსტად ნახევარი მონაცემით მეორე ადგილს ილიაუნის თეატრი იკავებს, მის რეპერტუარში 14 მოქმედი სპექტაკლია. მესამე ადგილზე მოძრაობის თეატრი დგას 7 სარეპერტუარო სპექტაკლით. თავისუფალი თეატრის ლიდერობა ამ პოზიციაზე განპირობებულია თეატრის ხანგრძლივი სტაბილური მუშაობით და სწორი მენეჯმენტით, რაც შეეხება ილიაუნის თეატრს, გასულ წელს თეატრმა რთული პერიოდი განვლო, რეპერტუარს გამოაკლდა ოთარ ეგაძის სპექტაკლები. ამ დანაკლისის მიუხედავად, ილიაუნის თეარმა შეძლო 14 სპექტაკლის შენარუნება და ძველის ახლით ჩანაცვლება, რითაც მან მეორე ადგილი დაიკავა რეიტინგში. მესამე ადგილზე კი 7 სპექტაკლით მოძრაობის თეატრია.
რეგიონის თეატრების ცალკე გამოყოფის შემთხვევაში კი ასეთ სურათს მივიღებთ: 25 სპექტაკლით პირველ ადგილს ქუთაისის თოჯინების თეატრი იკავებს, მას მოსდევს ქუთაისის დრამატული თეატრი 24 სარეპერტუარო სპექტაკლით, მესამე პოზიციაზე დგას გორის დრამატული თეატრი 22 სპექტაკლით, ხოლო ოზურგეთის თეატრი რეპერტუარს 16 სპექტაკლით ავსებს, მას რეიტინგში 15 სპექტაკლით ფოთის დრამატული თეატრი მოსდევს.
ყველა ტიპის საქართველოს თეატრების რეპერტუარის რეიტინგი კი ასე გამოიყურება: (იხილეთ სურათი 7)
ქართული თეატრი საზღვარგარეთ/მსოფლიო საგასტროლო რუკა
ძალზე მნიშვნელოვანია ქართული თეატრის თეატრის საგრძნობი გამოჩენა მსოფლიო თეატრალურ რუკაზე. ბოლო წლებში, ამ მხრივ, ნამდვილად შესამჩნევია პროგრესული ნაბიჯების გადადგმა თეატრების მხრიდან. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის გარდა, ამ პროცესს ხელს უწყობს სხვა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები, თეატრების საგარეო ურთიერთობათა სამსახურების კონცენტრირებული მუშაობა, პირადი კონტაქტები გაფართოება და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. ბოლო წლების მანძილზე შესამჩნევია ქართული თეატრების აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებში, ფორუმებში და კონკურსებში; ასევე გაზრდილია როგორც გასტროლების, ასევე იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ქართული თეატრები მართავს გასტროლს. ორმაგად სასიხარულოა, რომ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობენ რეგიონის თეატრებიც და მათ შორის ლიდერის პოზიცია დაუთმობლად უჭირავს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს. თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას ძალისხმევით ბოლო ათწეულის მანძილზე ფოთის თეატრს არ ჰქონია ისეთი სეზონი, რომ მას მონაწილეობა არ მიეღოს საერთაშორისო ფესტივალში. ფოთის თეატრის მსგავსად აქტიურობს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, რომელიც წელიწადში 2-3 საერთაშორისო გასტროლს აწყობს და ხშირ შემთხვევაში თეატრი სამშობლოში პრიზებით და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებით ბრუნდება. საერთაშორისო ფესტივალებში ქვეყნის გარეთ მონაწილეობენ გორის, რუსთავის, ცხინვალის, ქუთაისის თოჯინების თეატრებიც.
2016 წელს ქართული თეატრები იმყოფებოდა მსოფლიოს 3 კონტინენტზე (აშშ, ევროპა, აზია), 21 ქვეყანაში, სადაც22 თეატრმა 115 გამართა წარმოდგენა. 2016 წლის განმავლობაში 22 თეატრი სტუმრობდა მათ შორის, რამდენიმე თეატრი არა ერთხელ შემდეგ ქვეყნებს: აზერბაიჯანი, აშშ, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, ფინეთი, შოტლანდია.
თუ 2016 წლის ქართული თეატრის მსოფლიო სგატროლო რუკის გამოკვლევის შედეგებს შევადარებთ განვლილი ორი წლის მონაცემებს, აღმოვაჩენთ, რომ ქართული თეატრი გასულ წლებში ამ მხრივ უფრო აქტიური იყო. მაგალითად 2014 წელს ქართული თეატრები იმყოფებოდა მსოფლიოს სამ კონტინენტზე, 22 ქვეყანაში, სადაც 15 თეატრმა გამართა 161 წარმოდგენა; ხოლო2015 წელს მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 24 ქვეყანაში,18 ქართულმა თეატრმა 105 წარმოდგენაგამართა.
ყველაზე მეტი წარმოდგენა ქართულმა თეატრმა უცხოეთში 2014 წელს გამართა, ყველაზე მეტი თეატრი უცხოეთში 2016 წელს გავიდა, ხოლო ყველაზე მეტ ქვეყანაში კი 2015 წელს. უფრო თვალნათლივ ეს სქემა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ (სურათი 8)
2016 წელს ყველაზე მეტი, ექვს სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლი განახორციელა გრიბოედოვის თეატრმა, რეიტინგის სათავეში მოექცა ასევე მარჯანიშვილის თეატრი, რომელიცხუთ ქვეყანას სტუმრობდა, ხოლო თბილისის საბალეტო დასი ოთხ ქვეყანაში იმყოფებოდა. ხუთეულის ბოლოში, 3-3 ქვეყანაში განხორციელებული გასტროლით მოექცნენ კინომსახიობთა თეატრი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრები. უცხოეთში წარმოდგენების გამართვის რაოდენობის ხუთეულში 2016 წელს პირველ ადგილს 30 სპექტაკლით იკავებს კინომსახიობთა თეატრი; მას 21 სპექტაკლით მეორე პოზიციაზე მოსდევს გრიბოედოვის თეატრი, ხოლო მესამე ადგილზეა მარჯანიშვილის თეატრი 17 წარმოდგენით. რეიტინგში ასევე მოხვდნენ თბილისის სახელმწიფო საბალეტო დასი 14 წარმოდგენით და თბილისის სომხური თეატრი 7 სპექტაკლით. რაც შეეხება კერძო თეატრების რეიტინგს: სამ ქვეყანაში იმოგზაურა თავისუფალმა თეატრმა, ორში ილიაუნის თეატრმა, ხოლო ერთ ქვეყანას სტუმრობდა ბათუმის ექსპერიმენტული თეატრი.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნების რაოდენობის რეიტინგი, არამედ ისიც, თუ რამდენი საერთაშორისო გასტროლი განახორციელა თეატრმა. ამ მხრივ, ლიდერის პოზიცია გრიბოედოვის რუსულ დრამატულ თეატრს უჭირავს, რომელმაც 2016 წელს 15 საერთაშორისო გასტროლი განახორციელა, მას რეიტინგში, მეორე ადგილზე, მოსდევს მარჯანიშვილის თეატრი 6 საერთაშორისო გასტროლით, ხოლო მესამე ადგილს თანაბრად, ხუთი საერთაშორისო გასტროლით იყოფენ თბილისის სახელმწიფო საბალეტო დასი და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრები.
რეგიონების თეატრებში კი, საპატიო პირველი ადგილი, თანაბრად უჭირავს ფოთის დრამატულ და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრებს. მათ 2016 წელს სამი საერთაშორისო გასტროლი განახორციელეს. რეგიონის თეატრებიდან, წელს, საერთაშორისო გასტროლზე კიდე 4 თეატრი - ბათუმის დრამატული (1), ბათუმის დამოუკიდებელი (2), ცხინვალის (1) და რუსთავის (1) დრამატული იმყოფებოდნენ. საერთო რეიტინგი კი ასეთია: (იხილეთ სურათი #15)
გასტროლები საქართველოში 2016
რაც შეეხება თეატრების გასტროლებს და გასვლითი წარმოდგენების რეიტინგს საქართველოში: 2016 წელს 34-მა თეატრმა 377 წარმოდგენა გამართა საქართველოს 152 ქალაქში, რაიონში და გეოგრაფიულ პუნქტში. გამოიკვეთა, რომ ყველაზე უფრო ხშირად თეატრები (თბილისიდან და რეგიონებიდან) სტუმრობენ შემდეგ ქალაქებს: ფოთს (19 ჯერ); გორს (18 ჯერ); ბათუმს (13 ჯერ), ქუთაისს (10 ჯერ) და ოზურგეთს (8 ჯერ). ძნელი გამოსაცნობი არ არის თუ რატომ მოექცა ეს ქალაქები რეიტინგის სათავეში. ყველა ამ ქალაქში ტარდება თეატრალური ფესტივალი გარდა ბათუმის დრამატული თეატრისა. ბუნებრივია ფესტივალებში მონაწილეობა თეატრების უმრავლესობას სურს და ამიტომაც ფოთი, გორი, ქუთაისი და ოზურგეთი იქცა 2016 წლის ქართული თეატრების გასტროლების ეპიცენტრად. ბათუმის რეიტინგულობა მასპინძლის სტატუსში განპირობებულია ერთის მხრივ, ქუჩის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსებით და მეორეს მხრივ, საკურორტო ქალაქის სტატუსით, რადგანაც გასტროლების უმრავლესობა ემთხვევა ზაფხულის პერიოდს. თავად დედაქალაქმა კი 8-ჯერ უმასპინძლა რეგიონის თეატრებს საგასტროლოდ, რაც საგანგაშოდ მცირე მაჩვენებელია. რეგიონის ბევრი თეატრი საერთოდ არ მართავს სანგარიშო გასტროლებს დედაქალაქში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. დედაქალქში რეგიონის თეატრების ჩამოსვლას ერთი მხრივ, ხელს უწყობს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამა და ამავდროულად ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი, რომლის პროგრამაშიც არაერთხელ მოხვდა რეგიონის თეატრები, მაგრამ მეორე მხრივ, ამ პროცესის მიზეზი ერთგვარად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ რეგიონებში იმართება სხვადასხვა სახის ფესტივალები და სწორედ მათ პროგრამაში ვხვდებით ბევრ თეატრს რეგიონიდან.
თეატრების სტაბილური ფუნქციონირება 2016 წელს
თეატრის მკვლევარებისთვის და ალბათ, პირველ ყოვლისა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის, როგორც თეატრების დამფუძნებლისთვის და მთავარი დონორისთვის, უნდა იყოს საინტერესო თუ რამდენად სტაბილურად ფუნქციონირებს თეატრები. თეატრების ფუნქციონირება გამოიხატება სარეპერტუარო სპექტაკლების წარმოდგენების სიხშირით. ხშირია შემთხვევა, როცა საპრემიერო ჩვენებების შემდეგ სპექტაკლები ქრება რეპერტუარიდან. ერთი სპექტაკლის მომზადებაზე იხარჯება გარკვეული ფინანსური და ადამიანური რესურსი, რომელიც სეზონის დასრულებამდე ქრება აფიშიდან. სპექტაკლის „სიკვდილის“ მიზეზი კი სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული: ა). სუსტი მხატვრული ხარისხი; ბ). მოძველებული და არააქტუალური თემით, გ). სუსტი სამსახიობო ანსამბლით, დ) თეატრის სუსტი მარკეტინგული გათვლით და პიარით.
საქართველოს 42 თეატრში 2016 წლის განმავლობაში გაიმართა სულ 4344 წარმოდგენა, ამათგან: თბილისის ყველა სახელმწიფო თეატრში 2247; საქართველოს საბავშვო და საყმაწვილო სახელმწიფო თეატრებში 1687;საქართველოს კერძო თეატრებში 467;საქართველოს ყველა რეგიონის თეატრში 1669;ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ დედაქალაქის და საბავშვო საყმაწვილო თეატრები უფრო სტაბილურად მართავენ წარმოდგენებს, ვიდრე რეგიონის და კერძო თეატრები. კერძო თეატრების ეს ციფრი მიღებულია მხოლოდ იმით, რომ მათი რაოდენობა საქართველოში 5-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე სახელმწიფო თეატრების. დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონში კი თეატრების რაოდენობა თითქმის თანაბარია. რეგიონებში სპექტაკლების სისტემატიური გამართვა ერთი მხრივ, პრობლემებთან არის დაკავშირებული და ძნელია პატარა ქალაქებში მაყურებლის მობილიზება, ვინაიდან თეატრის მაყურებელი ზოგადად საქართველოში 0,65% შეადგენს, ხოლო პოტენციური მაყურებელი კი 35%. რეგიონებში კი მაყურებლის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია (0,13%).
საქართველოს სახელმწიფო თეატრებს შორის წარმოდგენების გამართვის თვალსაზრისით კონკურენცია არც ისე დიდია. ამ მხრივ, ერთმანეთის კონკურენტები კარგად გამოიხატება ციფრებში. წარმოდგენების რაოდენობის თვალსაზრისით საქართველოს სახელმწიფო თეატრების ხუთეულში პირველ ადგილას თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრია, რომელმაც 2016 წელს 642 სპექტაკლი ითამაშა, მას მეორე ადგილზე 442 სპექტაკლით მოსდევს მარჯანიშვილის თეატრი, ხოლო მესამე ადგილს 381 სპექტაკლით ქუთაისის თოჯინების თეატრი იკავებს. მეოთხე ადგილზე ახმეტელის თეატრია, რომელმაც 2016 წელს 283 სპექტაკლი წარმოადგინა, 191 სპექტაკლი ითამაშა წლის განმავლობაში თბილისის თოჯინების თეატრმა. ამ ხუთეულში რეგიონის თეატრებიდან მხოლოდ ქუთაისის თოჯინების თეატრი მოხვდა.თეატრის სფეციფიკიდან გამომდინარე ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან საბაშვო წარმოდგენებზე იმდენად დიდია მაყურებლის მოთხოვნა და ინტერესი, რომ თავად დრამატული თეატრებიც კი სწორედ საბავშვო წარმოდგენებით ახერხებენ რეიტინგში მოხვედრას. ლიდერის პოზიცია წარმოდგენის რაოდენობის თვალსაზრისითაც საგრძნობლად ბევრ თეატრში საბავშვო სპექტაკლს უჭირავს. რეგიონის დრამატულ თეატრებს შორის, მხოლოდ ქუთაისის და ოზურგეთის თეატრები გამოირჩევიან წარმოდგენების გამართვის მაღალი მაჩვენებლით. (გთხოვთ, იხილოთ სურათი 9).
ამასთანავე, გამოვლინდა ის თეატრები, რომლებმაც ყველაზე ცოტა წარმოდგენა გამართეს წლის განმავლობაში. წარმოდგენების რიცხვი იმდენად მცირეა, რომ ფაქტობრივად, თეატრი ამ მაჩვენებლით, არაფუნქციურ თეატრების (დახურული თეატრების) რიცხვს უტოლდება. კერძო თეატრის შემთხვევაში წარმოდგენების რაოდენობის სიმცირე გასაგებიცაა, მაგრამ უფუნქციოდ დარჩენილ სახელმწიფო პროფესიული თეატრს ამ მხრივ, ვფიქრობ გამართლება არ აქვს. თეატრი, რომელიც 365 დღის განმავლობაში 20-მდე სპექტაკლსაც ვერ მართავს, ეს ფაქტობრივად უფუნქციობას ნიშნავს. (ასეთი თეატრების სია შეგიძლიათ იხილოთ სურათზე # 21).
ლიდერი სპექტაკლები/რეიტინგული სპექტაკლები-2016
ჩვენი ინტერესების სფეროში მოექცა ის კონკრეტული სპექტაკლები, რომლებიც წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ წარმოადგინეს თეატრებმა. ჩვენ მას ლიდერი სპექტაკლები ვუწოდეთ. ვფიქრობ, რაკი თეატრი კონკრეტულ სპექტაკლს ნიშნავს დიდი ინტენსივობით, მასზე მოთხონაც არის, ამ კონკრეტულ სპექტაკლებს აქვს არა მხოლოდ მაყურებლის სწრებადობის მაღალი მაჩვენებელი, არამედ არის შემოსავლიანუნარიანიც.
ჩვენ შევადგინეთ ამ სპექტაკლების გაერთიენებული თეატრების ოცეული, მათ შორის, თეატრების მიხედვით და სპექტაკლების წარმოდგენის რაოდენობის მიხედვითაც. აღმოჩნდა, რომ (როგორც მოსალოდნელი იყო) ყველაზე რეიტინგული არის საბავშვო სპექტაკლები და კომედიები, ამის გამო, ჩვენ რეიტინგის ერთ-ერთ ვერსიაში გამოვრიცხეთ საბავშვო წარმოდგენები და საბავშვო თეატრებიც. ვცადეთ დაგვედგინა დრამატული სპექტაკლების რეიტინგი და მივიღეთ ასეთი სურათი.
მივყვეთ თანმიმდევრობით:(იხილეთ სურათები #16-17, ცხრილი#10) მოცემულია საქართველოს ყველა თეატრის ის სპექტაკლები, რომელიც ყველაზე მეტჯერ იყო წარმოდგენილი.
სურათი #18(ცხრილი #11)მოცემულია სპექტაკლების რეიტინგი საბავშვო თეატრების გამოკლებით, რომელიც აჩვენებს, რომ თვით დრამატულ თეატრებშიც კი, ლიდერის პოზიცია საბავშვო სპექტაკლებს უჭირავს. ფაქტია, რომ დრამატული თეატრებისთვის მომგებიანი პროექტი არის საბავშვო სპექტაკლის განხორციელება, ვინაიდან მაყურებლის დასწრებისა და ბილეთების გაყიდვის მაჩვენებლებით, ასეთი ტიპის სპექტაკლები დრამატულ (მათ შორის, კომედიებს) სპექტაკლებს უწევენ სერიოზულ კონკურენციას
მესამე, ცხრილი #12 (სურათი #19) წარმოადგენს დრამატული თეატრების სპექტაკლების ისეთ რეიტინგს, სადაც ამოღებულია საბავშვო სპექტაკლები. სურათი კი ასეთია:
მაყურებლის დასწრების მაჩვენებლები
თეატრი არსებობს მაყურებლისთვის - ეს აქსიომაა, რომელზედაც არავინ კამათობს. ნებისმიერი წარმოდგენა სწორედ მაყურებლისთვისაა (რომლიც მოიცავს ყველა ტიპის, მსოფლმხედველობის, სოციიალური სტატუსისა და განათლების მოქალაქეს) განკუთვნილი. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ინტენსივობით და რაოდენობით ადევნებს თვალს პრემიერებსა და სარეპერტუარო სპექტაკლებს მაყურებელი როგორც დედაქალქში, ისე რეგიონებში.
საქართველოს 42 თეატრს 2016 წელს 522 330მაყურებელი სტუმრობდა. ამათგან დედაქალაქის თეატრებს 374534,ხოლო რეგიონის თეატრებს 147796 მაყურებელი. საინტერესოა წლების მიხედვით მაყურებლის სწრებადობის რეიტინგიც. სურათი კი ასეთია: 2013 წელს 37 თეატრს 434 904 მააყურებელი სტუმრობდა, 2014 -ში საქართველოს 51 თეატრს 423 028, ხოლო 2015 წელს 40 თეატრის მონაცემებზე დაყრდნობით ქართულ თეატრს 553 535 მაყურებელი ჰყავდა. თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა 3,5 მილიონს შეადგენს და მაყურებლის უმრავლესობა ძირითად შემთხვევაში ერთი და იგივე ადამიანები არიან, გამოდის, რომ თეატრში საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/7 დადის, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. პროცენტებში ეს მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: 2016 წელს თეატრში მივიდა საქართველოს მოსახლეობის 14,96 % ; დედაქალაქის თეატრებში 25 %; რეგიონებში 7,39 %.
ბილეთების გაყიდვის რეიტინგი თეატრების მიხედვით კი ასეთია (იხილეთ სურათი #10):
მაყურებლის სწრებადობის რეიტინგი საქართველოს სახელმწიფო თეატრებში კი ასეთია: (იხილეთ სურათი #11),
ამავდროულად, ჩვენ დარბაზების დატვირთულობას პროცენტულადაც ვითვლით, რომელიც ობიექტურ სურათს გვაძლევს (ერთმანეთს ვადარებთ დამსწრე მაყურებლის რაოდენობას, დარბაზში ადგილების რაოდენობას და სპექტაკლების წარმოდგენების რაოდენობას). აქ იკვეთება ერთი თავისებურება: თეატრები, რომლებიც იშვიათად მართავენ წარმოდგენებს, მათ, ბუნებრივია, მაყურებელი ჰყავთ, ხოლო თეატრები, რომელიც რეგულარულად, ფაქტობრივად, ყოველდღიურად წარმოადგენენ სპექტაკლებს, შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ. სინამდვილეში კი, წლის განმავლობაში მათ რეალურად უფრო მეტი მაყურებელი მიიღეს (მოემსახურს), ვიდრე თეატრებმა, რომლებიც მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში მართავენ წარმოდგენებს. აქ, გასათვალისიწნებელია ისიც, რომ ზოგიერთ თეატრს დიდი დარბაზი აქვს, რომელიც 500-დან 900-მდე მაყურებელს იტევს. დეტალურად ამ მონაცემების გაცნობა შეგიძლიათ სურათზე #20.
ბიუჯეტი
2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ თეატრებზე სუბსიიდიის, პროექტების დაფინანსებისა და პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დახარჯულია დაახლოებით 65417564ლარი; ეს ციფრი არის წილი იმ რესურსისა, რასაც იყენებს და ხარჯავს ქაართული თეატრი ყოველწლიურად. (ბიუჯეტში გათვალისიწნებული არ არის ორი თეატრის ბიუჯეტი, საქართველოს კულტურის სამინისტროს პროგრამული დაფინანსებები სრულად, საერთაშორისო და ეროვნული მასშტაბის თეატრალური ფესტივალები).
საჭიროა, სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააწესოს გარკვეული რეგულაცია, თეატრების ბიუჯეტის შედგენისას. თეატრის ბიუჯეტის მატება უნდა იყოს გამოწვეული თეატრების აქტიურობით, პრემიერებით, წარმატებული საერთაშორისო თუ ეროვნული პროექტებით. ის თეატრები, რომლებიც არც პრემიერებს სთავაზობენ მაყურებელს, არც სტაბილურად ფუნქციონირებენ და არც მაყურებლის დასწრების მაჩვენებლებით გამოირჩევიან, არ უნდა იქნენ წახალისებული სახელმწიფოს მიერ, უფრო მეტიც, სახელმწიფომ ისინი უნდა აიძულოს გახდნენ ქმედითუნარიანი.
კოპროდუქციები ქართულ თეატრში
ქართულ თეატრში ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია აღდგა - კოპროდუქციების შექმნა რეგიონის თეატრებს შორის. 2016 წელს შეიქმნა 4 კოპროდუქცია: 1). „მეთევზე ერთი, ორი...“ (ჭიათურისა და ქუთაისის დრამატული თეატრების ერთობლივი სპექტაკლი; რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი); 2). „მეზუნია ჩიტები“ (რკინის თეატრის ინიციატივა, რომელმაც გააერთიანა კინომსახიობთა, რუსთავის, ზუგდიდის და ქუთაისის თეატრის მსახიობები; რეჟისორი დავით ანდღულაძე); 3). „მგზნებარე შეყვარებულები“ (თბილისის მოზარდ მაყურებელთა და ზუგდიდის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი). 4) „ვთამაშობთ ჯინს“ (დამოუკიდებელი პროექტი, რეჟისორი კოტე აბაშიძე, რომელმაც გააერთიანა მარჯანიშვილისა და ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრების მსახიობები). კოპროდუქციის განხორციელება ბევრი თვალსაზრისით არის საინტერესო, გარდა იმისა, რომ არტისტები ცვლიან გამოცდილებას და ეცნობიან ერთმანეთს, ნებისმიერი კოპროდუქცია არის ერთგვარი გამოწვევა დამდგმელი ჯგუფისთვის, რომელიც ყოველთვის ექცევა მაყურებლისა და ექსპერტების, შემოქმედებითი წრეების ყურადღების სფეროში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებს არ ჰქონდეს ერთჯერადი სახე და საინტერესოა მათი სიცოცხლისუნარიოანობის გაზომვაც. ვინაიდან პროექტის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, რამდენად მოსწონს წარმოდგენა პროფესიულ კრიტიკას, არამედ რამდენად ბევრი მაყურებელი ნახავს მას და რამდენად ხანგრძლივი აღმოჩნდება პროექტი. ეროვნული კოპროდუქციების რეიტინგის გასაცნობად, შეგიძლიათ იხილოთ სურათი #12.
საინტერესოა საერთასორისო კოპროდუქციების 2016 წლის რეიტინგი; ბოლო წლებში, საქართველოს თეატრებში შესამჩნევია ტენდენცია, როცა უცხოელი რეჟისორი, სცენოგრაფი და ქორეოგრაფიმუშაობს ქართველ მსახიობებთან. ერთი მხრივ,კოპროდუქციების განხორციელება დადებითი მოვლენაა, ვინაიდან ხდება ახალი გამოცდილების გაზიარება და ექსპერიმენტების განხორციელება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მხატვრული ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. ხშირია შემთხვევა, როცა უცხოელი რეჟისორის მუშაობის მეთოდოლოგიას და სტილისტიკას ეჭვის თვალით უყურებენ ტრადიციებს და სტანისლავსკის სკოლას ჩაბღაუჭებული ქართველი არტისტების ნაწილი. მუშაობის პროცესში ჩნდება გარკვეული უნდობლობა და ეს ასახვას ჰპოვებს იმ პროდუქტზე, რომელიც მალევე იხსნება რეპერტუარიდან. (უნდობლობის გამო ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებსაც ექმნებათ პრობლემები უფროსი თაობის მსახიობებთან მუშაობის დროს).2016 წელს საქართველოს 42თეატრიდან7 თეატრში 9 უცხოელმა რეჟისორმა განახორციელა სპექტაკლები შემდეგი ქვეყნებიდან:იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან. კოპროდუქციების განხორციელების თვალსაზრისთ 2016 წელს აქტიურობდნენ შემდეგი თეატრები დედაქალქიდან: მარჯანიშვილის თეატრი (პოლონეთი, იტალია); თბილისის სახელმწიფო ბალეტის თეატრი (იტალია);თუმანიშვილის თეატრი (იტალია); გრიბოედოვის თეატრი (ფინეთი); პანტომიმის თეატრი (პოლონეთი). რეგიონების თეატრიდან კი ლიდერის პოზიცია უჭირავს ბათუმის თეატრს (ლიტვა; პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი) და მესხეთის თეატრს (პოლონეთი).
საერთაშორისო კოპროდუქციებში მნიშვნელოვანი იყო ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის მიერ ლიტვაში, პანევეჟიშის დრამატულ თეატრში განხორციელებული ნოდარ დუმბაძის „გამარჯობა ხალხო!“, რომელიც ნაჩვენები იყო ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალის ფარგლებში. სპექტაკლში ლიტველ მსახიობებთან ერთად ოზურგეთის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობდნენ. შესაბამისად, სპექტაკლი ქართულ და ლიტვურ ენებზე წარიმართა.
2016 წელს უცხოელი რეჟისორების მიერ ქართულ სცენაზე განხორციელებული სპექტაკლებიდან, ჩვენების, მაყურებელთა სწრებადობოსა და ბილეთების გაყიდვის რაოდენობით, პირველ ადგილს იკავებს ბათუმის თეატრის სპექტაკლი „რამდენი დემონიც გნებავთ“ (10 ჩვენება), მეორე და მესამე ადგილებს 8-8 ჩვენებით ინაწილებს გრიბოედოვის თეატრში დადგმული „გაყინული სურათები“ და თუმანიშვილის თეატრში განხორციელებული „არ გვიხდიან, არ გადავიხდით“, რეიტინგში შემდეგ ადგილს, 7 ჩვენებით იკავებს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „მთის გოლიათები“. მთლიანი რეიტინგის ნახვა შეგიძლიათ სურათზე #14.
ყველაზე პროდუქტიულები ნამუშევრის რაოდენობის მიხედვით
2016 წელს საქართველოს 42 თეატრში 228 სპექტაკლის დადგმაზე იმუშავა:167-მა რეჟისორმა;146-მა სცენოგრაფმა (მათ შორის, კოსტიუმების მხატვარმა);98 - მა ქორეოგრაფმა და 1320 მსახიობმა (ამათგან 982 მამაკაცი, 338 ქალი). ყველაზე პროდუქტიულ რეჟისორებად 2016 წელს სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში გვევლინებიან ირაკლი გოგია (7 დადგმა), დიმიტრი ხვთისიაშვილი (5 დადგმა), ხოლო მესამე ადგილს 4-4 დადგმით ინაწილებენ გიორგი სიხარულიძე და ელენე მაცხონაშვილი. რაც შეეხება თავისუფალ რეჟისორებს, რომლებიც 2016 წელს ყველაზე აქტიურები იყვნენ არიან: გეგა ქურციკიძე, ნიკოლოზ საბაშვილი და ლევან უზუნიანი, რომელთაც თანაბრად 4-4 სპექტაკლი დადგეს.
ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში აშკარად შესამჩნევია ტენდენცია, როცა სცენოგრაფებად თავად რეჟისორები გვევლინებიან. წლიდან წლამდე ეს სია უფრო გრძელდება. 2016 წელს 24 რეჟისორი მოგვევლინა სცენოგრაფად; 13 რეჟისორი კი სპექტაკლის სცენოგრაფიის, ქორეოგრაფიის და მუსიკალური გაფორმების ავტორია ერთდროულად.
ყველაზე პროდუქტიული სცენოგრაფები 2016 წელს იყვნენ: ლომგულ მურუსიძე (12). მარიკა კვაჭაძე (8), ვახტანგ ქორიძემ და ბარბარა ასლამაზაშვილმა 7-7 ახალ სპექტაკლზე იმუშავეს, ხოლო 6 სპექტაკლის მხატვარი იყო ლელა ფერაძე.
ქორეოგრაფებში, 42 თეატრის მონაცემების საფუძველზე, უპირობო ლიდერის პოზიცია გია მარღანიას უჭირავს, რომელმაც 11 დადგმაზე იმუშავა, 7 სპექტაკლის ქორეოგრაფი იყო მარინე ქვეითაია, ხოლო კოტე ფურცელაძემ 6 დადგმაზე იმუშავა, როგორც დამდგმელმა ქორეოგრაფმა.
ქალ მსახიობებს შორის თბილისის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების მსახიობი მაია მალხაზიშვილი არის ლიდერი, რომელმაც 8 ახალ დადგმაში მიიღო მონაწილეობა, მას თანაბრად შვიდი როლით მოსდევს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავა, ოზურგეთის თეატრის მსახიობი შორენა გვეტაძე და თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თბილისის თოჯინების თეატრების მსახიობი ირინე კუკულაძე.
ყველაზე პროდუქტიული მამაკაცი მსახიობის რეიტინგში, 2016 წელს პირველ ადგილს თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობი რატი ნავაძე 9 როლით იკავებს, მას 8 როლით რეიტინგში მეორე ადგილზე მოყვება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი კიკნაძე, ხოლო 7-7 როლით მესამე ადგილს ინაწილებენ ახმეტელის თეატრის მსახიობი გიგი მიგრიაული და ოზურგეთის თეატრის მსახიობი ალექსანდრე ლომიძე.
საუკეთესო ხუთეული-2016
განმარტებები:
გამოკითხვაში, მონაწილეობის მიღება შევთავაზეთ 34 თეატრის თეორეტიკოსს, თეატრმცოდნესა და კრიტიკოსს. შეთავაზებას დათანხმდა 20, ხოლო დიდმა უმრავლესობამ უარი განაცხადა ორი მოტივით: ა) თავად წარმოადგენენ თეატრს (ანუ კონკრეტულ თეატრებში მოღვაწეობენ) და ბ) არ იცნობენ რეპერტუარის 10%-საც კი. ერთმა უარი განაცხადა ობიექტური მიზეზით, ხოლო ორისთვის გამოკითხვის შეთავაზებული წესი (მეთოდი) არის მიუღებელი. გაგაცნობთ ჟიურის 20 წევრს:
¨ ირინა ღოღობერიძე, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის პრეზიდენტი, საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
¨ ნიკოლოზ წულუკიძე, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი
¨ მაკა ვასაძე, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდეობის დოქტორი, საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი
¨ ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი
¨ ლელა ოჩიაური, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი
¨ დავით ბუხრიკიძე, კრიტიკოსი, ჟურნალ “ლიბერალის” ბლოგერი
¨ გიორგი ყაჯრიშვილი, დამოუკიდებელი თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
¨ გუბაზ მეგრელიძე, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
¨ გურამ ბათიაშვილი, დრამატურგი, ჟურნალის “თეატრი და ცხოვრება” მთავარი რედაქტორი
¨ თამარ ქუთათელაძე, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
¨ მარინა ხარატიშვილი, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
¨ გიორგი ცქიტიშვილი, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
¨ გულიკო კაკაბაძე, თეატრმცოდნე, გადაცემა „თეატრალური შეხვედრები“ ავტორი და წამყვანი
¨ ზაზა სოფრომაძე, თეატრმცოდნე
¨ დოდო ხურცილავა, თეატრმცოდნე
¨ ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე
¨ გვანცა გულიაშვილი, თეატრმცოდნე
¨ ნუცა კობაიძე, თეატრმცოდნე
¨ თამთა ქაჯაია, თეატრმცოდნე
¨ სოფო ძიძიგური, თეატრმცოდნე
ქართული თეატრი 2016 წლის რეიტინგები და საუკეთესოთა ხუთეულები:
სცენაზე განხორციელებული ახალი ქართული პიესა/სათეატრო ტექსტი -2016
დავით გაბუნია, დათა თავაძე - პრომეთე/ დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ალექს ჩიღვინაძე, მარინა რევია, სამეფო უბნის თეატრი
ალექს ჩიღვინაძე, ოლიმპიური თამაშები, სამეფო უბნის თეატრი
დათა ფირცხალავა, დიდი შესვენება, მესხეთის (ახალციხის თეატრი)
ნინო ხარატიშვილი, მრისხანება , თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
საუკეთესო დებიუტი - 2016
გურამ ღონღაძე, მარინა რევია, სამეფო უბნის თეატრი
ირაკლი გურგენიძე, დაგვიანებული ჩაი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
ცოტნე ხუბუტია, კვაჭი, ცხინვალის თეატრი
ანა ბებია, პარტახი, რუსთაველის 19
ილია ქორქაშვილი, ჟული, გორის ერისთავის თეატრი
საუკეთესო თოჯინური სპექტაკლი - 2016
ბატონი ზომერი, იოსებ ბაკურაძე, ბორჯომის თოჯინები თეატრი
შვლის ნუკრის ნაამბობი, ნიკა საბაშვილი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
გამოუქვეყნებელი ნოველა, ელენე მაცხონაშვილი, თბილისის თოჯინების თეატრი
მზის სხივი, ეკატერინე სირაძე, ქუთაისის თოჯინების თეატრი
2016 წლის საუკეთესო საბავშვო სპექტაკლი
მაუგლი, ნიკა საბაშვილი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
რაპუნცელი, ლაშა გოგნიაშვილი, რუსთავის თეატრი
საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი/ქორეოგრაფიული სპექტაკლი - 2016
გია მარღანია, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
თიკო ქოიავა, კახა შარტავა, რიჩარდ III, ილიაუნის თეატრი
მარიამ ალექსიძე შექსპირი, სიყვარული, რუსთაველის თეატრი
კოტე ფურცელაძე, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
საუკეთესო სცენოგრაფია/კოსტიუმები -2016
ქეთი ნადიბაიძე, პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
გიორგი სიხარულიძე, ესმა ხეცურიანი, რევიზორი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი
თამარ ოხიკიანი, ხალხის მტერი, ფოთის ვალერიან გუნიას თეატრი
საუკეთესო მუსიკა, მუსიკალური გაფორმება სპექტაკლში - 2016
გია ყანჩელი, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
ვატო კახიძე, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
ნიკა ფასური, პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ზვიად ბერიაშვილი, სტუმარ-მასპინძელი, ახმეტელის თეატრი
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი - 2016
პაატა ინაური, პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი, მეფე ლირი, სამეფო უბნის თეატრი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
რეზო ქაროსანიძე, რევიზორი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი
შაკო მირიანაშვილი, სხვების ცხოვრება, ტავისუფალი თეატრი
გიორგი შერვაშიძე, პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ანდრია ვაჭრიძე, ჩარლის დეიდა, ჩეხოვი, რეპეტიცია, ილიაუნის თეატრი
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი - 2016
კატო კალატოზიშვილი, პრომეთე - დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ნატუკა კახიძე, კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, მარჯანიშვილის თეატრი
თათია თათარაშვილი, რამდენი დემონიც გნებავთ, ბათუმის თეატრი
ანა ვასაძე, უსახელო ვარსკვლავი, მარჯანიშვილის თეატრი
ანა სანაია, ადამიანთა სიყვარული, მარჯანიშვილის თეატრი
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - 2016
ზურა ყიფშიძე, მეფე ლირი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
აპოლონ კუბლაშვილი, მოთამაშეები, გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი
ზუკა პაპუაშვილი, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
ბესო ბარათაშვილი, უცხოობაში, Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
კახა მიქიაშვილი, სხვების ცხოვრება, თავისუფალი თეატრი
საუკეთესო მსახიობი ქალი - 2016
ნინო კასრაძე, მარინ რევია, სამეფო უბნის თეატრი
ნინელი ჭანკვეტაძე, ჩიტები, რკინის თეატრი
ბაია დვალიშვილი, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
ნინო ბურდული, დაგვიანებული ჩაი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
ქეთი ცხაკაია, მოხუცი ქალის ვიზიტი, მარჯანიშვილის თეატრი
ნანა ფაჩუაშვილი, სასტუმრო ორი სამყარო ს გასაყარზე, რუსთაველის თეატრი
მანანა კოზაკოვა, უცხოობაში, Begalut , მარჯანიშვილის თეატრი
2016 წლის საუკეთესო რეჟისურული ნამუშევარი
დათა თავაძე, პრომეთე/ დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ლევან წულაძე, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
რობერტ სტურუა, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
გიორგი სიხარულიძე, რევიზორი, ქუთაისის მესხიშვილის თეატრი
მიხეილ ჩარკვიანი, კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, მარჯანიშვილის თეატრი
2016 წლის საუკეთესო სპექტაკლი
დათა თავაძე, პრომეთე/ დამოუკიდებლობის 25 წელი, სამეფო უბნის თეატრი
ლევან წულაძე, უცხოობაში Begalut, მარჯანიშვილის თეატრი
რობერტ სტურუა, დაკანონებული უკანონობა, რუსთაველის თეატრი
მიხეილ ჩარკვიანი, კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, მარჯანიშვილის თეატრი
თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირმა ორი სპეციალური პრიზი დააწესა, რომლებიც გადაეცათ: ა) თემურ ჩხეიძეს - წარმატებული პროექტისთვის „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი-თემურ ჩხეიძის სახელოსნო“ და ბ) გურანდა გაბუნიას - 60 წელი სცენაზე (მარჯანიშვილისა და გრიბოედოვის თეატრების სცენებზე განხორციელებული როლებისთვის).
ასევე, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის ინიციატივით, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა რეჟისორი გივი სარჩიმელიძე (ახალი სათეატრო განზომილების აღმოცენისთვის), მთარგმნელი მანანა ანთაძე (ქართული დრამატურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის), ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორი გურამ ბათიაშვილი (სათეატრო კრიტიკის მხარდაწერისა და განვიტარებაში შეტანილი წვლილისთვის), ქუთაისის და ჭიათურის თეატრების კოპროდუქცია „მეთევზე ერთი, ორი“ (ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი საუკეთესო სპექტაკლი) და საქართველოში მოქმედი ყველა ფესტივალის გუნდი.
საუკეთესო ხუთეულების მიმოხილვა
მკითხველი უკვე გაეცნო რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით გამორჩეულ თეატრებსა და სპექტაკლებს, დასახელდა ყველაზე პროდუქტიული რეჟისორები, სცენოგრაფები, ქორეოგრაფები და არტისტები, რომლის პარალელურად ჩატარდა გამოკითხვა პროფესიონალებში, რომლებმაც მხოლოდ ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით დაასახელეს მათი ფავორიტი სპექტაკლები, რეჟისორები, არტისტები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით.
ყველაზე მეტ ნომინაციაში მოხვდა სამეფო უბნის თეატრი, რომელიც 3 სპექტაკლით („მარინა რევია“, „პრომეთე, დამოუკიდებლობის 26 წელი“, „ოლიმპიური თამაშები“) 13 ნომინაციაში დასახელდა. ორი სპექტაკლით (“უცხოობაში, Begalut”, „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“) რეიტინგში მარჯანიშვილის თეატრი 13 ნომინაციით მოხვდა რეიტინგში. სამი სხვადასხვა სპექტაკლით 7-ჯერ დასახელდა რუსთაველის თეატრში განხორციელებული დადგმები. ხოლო ორი სპექტაკლით 5-ჯერ დასახელდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი.
გადავავლოთ თვალი, ნომინირებულ და საუკეთესო ხუთეულებში მოხვედრილ წარმოდგენებს. მივყვეთ თანმიმდევრობით.
თუ გავითვალისიწნებთ, რომ სამეფო უბნის თეატრის დარბაზი 177 მაყურებელს იტევს და ამ თეატრს მხოლოდ ერთი სივრცე გააჩნია, დავრწმუნდებით, რომ მას მაყურებელი არ აკლია. კრიტიკოსთა გამოკითხვაზე დაყრდნობით ამ თეატრში ორი სპექტაკლი ლიდერობს: „პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი“ (რეჟისორი დათა თავაძე) და „მარინა რევია“(რეჟისორი გურამ ღონღაძე). დათა თავაძის სპექტაკლი წლის განმავლობაში 15-ჯერ იყო წარმოდგენილი და ის 1561 მაყურებელმა ნახა (1196 ბილეთი გაიყიდა), ხოლო გურამ ღონღაძის სპექტაკლი მხოლოდ 4-ჯერ იყო წარმოდგენილი და მისი ნახვა 739 მაყურებელმა მოასწრო. (სპექტაკლის ჩვენება დროებით შეჩერებულია ობიექტური მიზეზების გამო). 4 ჩვენების მაგალითზე „მარინა რევიას“ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლი აქვს. გამოდის რომ სამეფო უბნის თეატრის მაგალითზე, რაოდენობა და ხარისხი ერთმანეთთან თანხვედრაშია. ამ თეატრის გამორჩეული სპექტაკლები მაყურებელში იწვევს ინტერესს და მოთხოვნის შესაბამისად, „პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი“ ამავე თეატრში ჩვენების წარმოდგენის რაოდენობით გასული სეზონის ყველაზე რეიტინგულ სპექტაკლს „მოახლეები“ უწევს თანაბარ კონკურენციას. „მარინა რევიას“ ხშირი წარმოდგენის შემთხვევაშიც კი, მას იგივე რეიტინგი ექნებოდა, როგორც სხვა ლიდერ სპექტაკლებს. ამ დასკვნის საფუძველს 4 ჩვენებაზე დამსწრე მაყურებლის და გაყიდული ბილეთების რაოდენობა გვაძლევს.
მარჯანიშვილის თეატრიდან პროფესიონალთა შეფასებისას მაღალ რეიტინგში სამი სპექტაკლი მოექცა: ლევან წულაძის „უცხოობაში, Begalut“, მიხეილ ჩარკვიანის „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ და სანდრო ელოშვილის „მოხუცი ქალის ვიზიტი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი კიდევ ორ ნომიაციაში (საუკეთესო მამაკაცი და სცენოგრაფია) საკმაოდ ბევრი ხმით იყო დასახელებული, რეიტინგის ზღვარი ვერ გადალახა. „მოხუცი ქალის ვიზიტს“ მარჯანიშვილის თეატრი მესამე სივრცეში ე.წ. „სარდაფში“ თამაშობენ. სპექტაკლი 13-ჯერ იყო წარმოდგენილი და დარბაზი ამ სპექტაკლზე 129 აყურებელს იტევს. 13 წარმოდგენისას ბილეთი 354 მაყურებელმა შეიძინა, ხოლო წარმოდგენა 456 -მა მაყურებელმა ნახა. მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით, სპექტაკლს „მოხუცი ქალის ვიზიტი“ მაღალი მაჩვენებელი არ აქვს. ამის მიუხედავად კრიტიკოსთა უმრავლესობა ამ სპექტაკლს გამოარჩევს.
არაერთ ნომინაციაში დასახელდა ლევან წულაძის სპექტაკლი, რომელიც თეატრმა 14-ჯერ წარმოადგინა. სპექტაკლი დიდ სცენაზე განხორციელდა. დარბაზი 436 მაყურებელს იტევს და მასზე ბილეთი 2357-მა მაყურებელმა შეიძინა და ხოლო 3089 მაყურებელი დაესწრო სპექტაკლს. მიშა ჩარკვიანის „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ კი, რომელიც სამ ნომინაციაში დასახელდა, 186-მა მაყურებელმა ნახა 7 წარმოდგენის განმავლობაში. (გაყიდული ბილეთების რაოდენობა 112, დარბაზში მაყურებლის 50 ადგილია). გამოდის, რომ 7 წარმოდგენიდან სპექტაკლს მხოლოდ 3 ანშლაგი ჰქონდა.
რუსთაველის თეატრის 2016 წლის დადგმებიდან კრიტიკოსთა უმრავლესობა რობერტ სტურუას „დაკანონებულ უკანონობას“ მიიჩნევს. დასახელებულ სპექტაკლებში მოხვდა მარიამ ალექსიძის „შექსპირი.სიყვარული“ და გიორგი თავაძის „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“. რობერტ სტურუას „დაკანონებული უკანონობა“ თეატრმა დიდ სცენაზე (მაყურებელთა დარბაზი 778 ადგილით) წლის განმავლობაში 10-ჯერ წარმოადგინა. 10 სპექტაკლზე 5048 ბილეთი გაიყიდა და მას 6103 მაყურებელი დაესწრო. გამოდის, რომ სპექტაკლის მიმართ ინტერესი მაყურებელში დიდია, ვინაიდან 10 წარმოდგენიდან სპექტაკლმა თითქმის 8-ჯერ (7,8) ანშლაგით ჩაიარა. 2 -ჯერ წარმოადგინეს „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ (მცირე სცენა, 263 ადგილი), რომელსაც 430 მაყურებელი დაესწრო (გაყიდული ბილეთების რაოდენობა 400). ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ სპექტაკლს, თუნდაც საპრემიერო ჩვენებებზე მცირე რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა.
კინომსახიობთა თეატრიდან კრიტიკოსთა მიერ ორი სპექტაკლი დასახელდა: ზურაბ გეწაძის „მეფე ლირი“ და ირაკლი გურგენიძის „დაგვიანებული ჩაი“. პირველი სპექტაკლი 14-ჯერ იქნა წარმოდგენილი წლის განმავლობაში, ხოლო მეორე 7-ჯერ. „მეფე ლირი“ განხორციელდა დიდ სცენაზე, რომელიც 180 მაყურებელს იტევს და მასზე 1658 ბილეთი გაიყიდა. ამ მონაცემის მიხედვით 14-ვე სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. „დაგვიანებული ჩაი“ მცირე სცენაზე განხორციელდა, რომელის 55 მაყურებელს იტევს. 7 სპექტაკლზე 281 ბილეთი გაიყიდა და მას 385 მაყურებელი დაესწრო.
ასეთი იყო 2016 წლის ქართული თეატრი ციფრებსა და კრიტიკოსთა მოსაზრებებში. ბუნებრივია, ჩვენი კვლევა არ არის უნივერსალური და ის ვერ ასახავს ობიექტურ სურათს, თუნდაც იმის გამო, რომ კვლევაში ორი სახელმწიფო თეატრი არ მონაწილეობს, რომლებიც ქმნიან საინტერესო პროდუქციას და დებენ გასათვალისწინებელ რაოდენობრივ მონაცემებს. ამიტომაც, კვლევის ავტორებს არც აქვთ პრეტენზია, რომ ჩვენი შეხედულებები, კვლევის მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები არ მოითხოვს გადახედვას. მიუხედავად ყველაფრისა, კვლევა მაქსიმალურად უახლოვდება ქართულ თეატრში შექმნილ რეალობას და ხატავს იმ ტენდენციებს, რომელთაც თანამედროვე ქართულ თეატრში აქვს ადგილი.
საქართველოს თეატრები
# |
თეატრის დასახელება |
დატვირთულობის % |
სპექტაკლების რაოდენობა წლის მანძილზე |
1 |
ბალეტი თბილისი |
86.01 |
37 |
2 |
თეატრი ათონელზე |
84.42 |
22 |
3 |
გრიბოედოვის თეატრი |
79.93 |
116 |
4 |
სამეფო უბნის თეატრი |
76.12 |
104 |
5 |
ქუთაისის ოპერა |
69.26 |
3 |
6 |
სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი |
68.89 |
11 |
7 |
რუსთაველის თეატრი |
67.91 |
150 |
8 |
ბათუმის თეატრი |
67.72 |
93 |
9 |
თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი |
67.02 |
642 |
10 |
სოხუმის თეატრი |
66.59 |
21 |
11 |
ახალციხის თოჯინების თეატრი |
65.62 |
127 |
12 |
რკინის თეატრი |
65.04 |
8 |
13 |
აზერბაიჯანული თეატრი |
65.09 |
3 |
14 |
თავისუფალი თეატრი |
64.98 |
239 |
15 |
თუმანიშვილის თეატრი |
64.06 |
99 |
16 |
ზუგდიდის თეატრი |
63.84 |
15 |
17 |
თელავის თეატრი |
62.93 |
43 |
18 |
გორის თეატრი |
60.02 |
66 |
19 |
ახმეტელის თეატრი |
59.56 |
283 |
20 |
მოძრაობის თეატრი |
58.90 |
83 |
21 |
რუსთავის თეატრი |
54.01 |
64 |
22 |
ოპერათბილისი |
52.78 |
20 |
23 |
სენაკის თეატრი |
51.11 |
14 |
24 |
ილიაუნის თეატრი |
49.56 |
76 |
25 |
ქუთაისის თოჯინების თეატრი |
49.40 |
381 |
26 |
თბილისის თოჯინების თეატრი |
47.81 |
191 |
27 |
ფოთის თეატრი |
46.19 |
61 |
28 |
მარჯანიშვილის თეატრი |
45.50 |
442 |
29 |
ხულოს თეატრი |
43.60 |
13 |
30 |
ჭიათურის თეატრი |
42.28 |
22 |
31 |
ბათუმის თოჯინები და მოზარდმაყურებელთათეატრი |
39.35 |
165 |
32 |
ბორჯომის თოჯინების თეატრი |
37.72 |
65 |
33 |
ზესტაფონის თეატრი |
37.39 |
54 |
34 |
პანტომიმის თეატრი |
32.99 |
68 |
35 |
გურჯაანის თოჯინების თეატრი |
22.79 |
105 |
36 |
ქუთაისის თეტრი |
17.16 |
129 |
37 |
მესხეთის თეატრი |
10.27 |
49 |
დედაქალაქის თეატრები
# |
თეატრის დასახელება |
დატვირთულობის % |
სპექტაკლების რაოდენობა წლის მანძილზე |
1 |
ბალეტი თბილისი |
86.01 |
37 |
2 |
თეატრი ათონელზე |
84.42 |
22 |
3 |
გრიბოედოვის თეატრი |
79.93 |
116 |
4 |
სამეფო უბნის თეატრი |
76.12 |
104 |
5 |
რუსთაველის თეატრი |
67.91 |
150 |
6 |
თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი |
67.02 |
642 |
7 |
რკინის თეატრი |
65.04 |
8 |
8 |
აზერბაიჯანული თეატრი |
65.09 |
3 |
9 |
თავისუფალი თეატრი |
64.98 |
239 |
10 |
თუმანიშვილის თეატრი |
64.06 |
99 |
11 |
ახმეტელის თეატრი |
59.56 |
283 |
12 |
მოძრაობის თეატრი |
58.90 |
83 |
13 |
ოპერა თბილისი |
52.78 |
20 |
14 |
ილიაუნის თეატრი |
49.56 |
76 |
15 |
თბილისის თოჯინების თეატრი |
47.81 |
191 |
16 |
მარჯანიშვილის თეატრი |
45.50 |
442 |
17 |
პანტომიმის თეატრი |
32.99 |
68 |
რეგიონის თეატრები
# |
თეატრის დასახელება |
დატვირთულობის % |
სპექტაკლების რაოდენობა წლის მანძილზე |
1 |
ბათუმის თეატრი |
67.72 |
93 |
2 |
სოხუმის თეატრი |
66.59 |
21 |
3 |
ახალციხის თოჯინების თეატრი |
65.62 |
127 |
4 |
ზუგდიდის თეატრი |
63.84 |
15 |
5 |
ახმეტელის თეატრი |
59.56 |
283 |
6 |
რუსთავის თეატრი |
54.01 |
64 |
7 |
სენაკის თეატრი |
51.11 |
14 |
8 |
ქუთაისის თოჯინების თეატრი |
49.40 |
381 |
9 |
ფოთის თეატრი |
46.19 |
61 |
10 |
ხულოს თეატრი |
43.60 |
13 |
11 |
ჭიათურის თეატრი |
42.28 |
22 |
12 |
ბათუმის თოჯინების დამოზარდმაყურებელთათეატრი |
39.35 |
165 |
13 |
ბორჯომის თოჯინების თეატრი |
37.72 |
65 |
14 |
ზესტაფონის თეატრი |
37.39 |
54 |
15 |
გურჯაანის თოჯინების თეატრი |
22.79 |
105 |
16 |
ქუთაისის თეტრი |
17.16 |
129 |
17 |
მესხეთის თეატრი |
10.27 |
49 |
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04