დამოუკიდებლობა - მითი და რეალობა
6-03-2017, 12:46

პირადი მეხსიერება,  ხშირად, შეიძლება საერთო მეხსიერების ნაწილი იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ასაკი და შენივე ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორია ერთმანეთს ემთხვევა. შენი დაბადება - ახალი სახელმწიფოს დაბადებას, რომელშიც უნდა გაიზარდო და განვითარდე, ჩამოყალიბდე და დამოუკიდებელ პერსონად იქცე. სად გადის ზღვარი ადამიანის პირად თავისუფლებასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას შორის? განაპირობებს თუ არა ეს ორი ერთმანეთს? ან სულაც ადამიანის დამოუკიდებლობა, როგორც ერთგვარი ინდიკატორი იმ ქვეყნის თავისუფლებისა, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა. რას ნიშნავს გერქვას დამოუკიდებელი? არის თუ არა რეალურად შესაძლებელი პიროვნების დამოუკიდებლობა? თუ მითია? და როგორც ყველა მითი, ისიც რეალობიდან ამოიზარდა და მასვე კვებავს.

„გაიხსენე“! - გესმის პირველი რეპლიკა სცენიდან და პერსონაჟების წამოძახილების პარალელურად შენს გონებაშიც ცოცხლდება კადრები, მონაყოლი თუ ნანახი, შეგრძნებით თუ ვიზუალურად დამახსოვრებული. ხშირად კვეთს ერთმანეთს ფრაზები და ამ დაუსრულებელი ფრაზების ნაკადში ისე ხარ ჩაბმული თითქოს შენც ყვირი, შენ წილ გახსენებულ ისტორიებს, ფრაზებს, ამბებს. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, აპრილიდან ვიწყებთ გახსენებას. სცენა და პარტერი ამ დროს ერთ ორგანიზმს ქმნის. ეს ორგანიზმი რამდენიმე წუთის წინ სრულიად შიშველი იდგა კარდეოგრამის აპარატზე მიერთებული და მასზე სხვადასხვა ფორმის ფიგურებს გამოსახავდნენ. ზოგჯერ ჭრილობის კვალს და ზოგჯერ გეომეტრიულ წრეებსა თუ მონაკვეთებს საზღვრავდნენ, განსაზღვრავდნენ, ნიშნავდნენ, ან უბრალოდ მონიშნავდნენ ახალგაზრდა მფეთქავ სხეულზე კონკრეტულ ადგილებს.  

დავიწყებ ფაქტის მშრალი კონსტატაციით. ფაქტის, რომელიც უკვე არის ჩემი პერსონალური მეხსიერების ნაწილი და ვიდრე ის დავიწყებასა და გახსენებას შორის ტვინის ერთ კონკრეტულ უჯრაში მოკალათდება, ვეცდები გავაანალიზო და გავიაზრო. დღეს, უკვე, როგორც ზრდასრულ ადამიანს, მაქვს (მეტ-ნაკლებად) უნარი ჩემს მეხსიერებაში გაფილტრული, ანუ გააზრებული ფორმით დარჩეს კონკრეტული მოვლენა და არა ისე ქაოტურად, როგორც იმ ავადსახსენებელი აპრილიდან დაწყებული და არასდროს დასრულებული ტრაგედიების რიგი, რომლებიც სრულიად გაუთვიცნობიერებლად შემორჩნენ ჩვენს ბავშვობისდროინდელ მეხსიერებას. სამეფო უბნის თეატრში რეჟისორმა დათა თავაძემ დადგა სპექტაკლი - „პრომეთე-დამოუკიდებლობის 25 წელი“.  ტექსტის ავტორი თავად რეჟისორია, თანაავტორი - დრამატურგი, დავით გაბუნია. სპექტაკლის მხატვარი - ქეთი ნადიბაიძე. მონაწილეობენ მსახიობები: მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, გაგა შიშინაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე.დამოუკიდებლობა - მითი და რეალობა

სპექტაკლის მინიმალისტური სცენოგრაფია ორ თეთრ კედელს აერთიანებს. მათ თითქოს აქვთ კონკრეტული მიმართულება და საბოლოოდ, არსაით მიემართებიან, ჩიხს ქმნიან, გამოუვალ სიტუაციას და ამ თეთრ კედლებზე მთელი  წარმოდგენის განმავლობაში მიმწყვდეულ, მისტეპლერებულ ადამიანებს ვხედავთ, ზოგჯერ მსხვერპლის და ზოგჯერ მაყურებლის როლში. მაყურებლისა და მსხვერპლის,  ან თუ გნებავთ გმირის, ან სულაც ჩვეულებრივი ადამიანის, რომლისგანაც გმირობას მოითხოვს საზოგადოება, ამბავი არის მთავარი, ან ერთ-ერთი მთავარი ხაზი სპექტაკლში. სცენაზე უამრავი, სხვადასხვა ფერის პოლიეთილენის პარკია მიმოფანტული. ნაგვის ასოციაციაა, გადაუმუშავებელი ნაგვის, ის არ იხრწნება, თუმცა ყარს, გამუდმებით გვახსენებს თავს მისი მძაფრი და უსიამოვნო სუნი.

კოლაჟური თხრობის მანერა სპექტაკლს დინამიკურს ხდის, თუმცა  წარმოდგენაში არის ეპიზოდები, როცა ტექსტი სრულიად კარგავს აღქმის პოტენციალს და სცენაც მტანჯველად გაწელილი გეჩვენება. იქნებ ეს რეჟისორის თვითმიზანიც იყო?  წარმოდგენას რეჟისორი რამდენიმე კონკრეტულ სურათად აქცევს. ამ სურათებს შორის თითქოს არანაირი ბმა არ არსებობს, ასევე არ არის კონტაქტი პერსონაჟებს შორის. ისინი, ძირითადად, კრებითი ფორმით არსებობენ სცენაზე, წარმოადგენენ ჯგუფს, სოციუმს, საზოგადოებას. მოულოდნელად მათ შორის იბადება ერთი კონკრეტული და იწყებს საკუთარი ამბის თხრობას, შემდგე ისევ ხდება მასის ნაწილი და კარგავს ინდივიდუალიზმს.

ტექსტი, რომელიც დიდი რაოდენობით, ზოგჯერ გადაჭარბებულად ხმამაღლა და გაუგებრადაც, ისტერიული ტონითა და მანერით გვესმის სცენიდან, წარმოადგენს ერთგვარ მიქსს. ის შედგება, როგორც უშუალოდ სპექტაკლის მონაწილეებისა და ავტორების პირადი მოგონებებისგან, ასევე ცნობილი და დიდი ავტორების ლიტერატურული ციტატებისგან.  ესქილე, ბოალი, ბარკერი, კაფკა - რა შეიძლება იყოს საერთო მათ შორის? რა ახალი თეატრალური ენის  მიგნებას ცდილობს რეჟისორი, ან დრამატურგი, როცა ამგვარ მიქსს გვთავაზობს? რამდენად აღქმადია ეს ენა მაყურებლისთვის? რთულია ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვნად გასცე პასუხი. როგორც უკვე ვთქვი, ტექსტი ხშირად კარგავს უნარს ამბავი მოუთხროს მაყურებელს. თანამედროვე ხელოვნებისთვის თითქოს ერთგვარ ტენდენციად იქცა შეუთავსებლის შეთავსების ცდა, თუმცა რამდენად გამართლებულია და რამდენად აქვს ყოველთვის მყარი და წინასწარ გააზრებული მიზანი ამ ტიპის ექსპერიმენტს არ ვიცი. სპექტაკლის ტექსტის ძლიერ მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ თემის დამუშავების  ხარისხი და  ავტორების დამოკიდებულება, რომელიც მთლიანად თავისუფალია პათეტიკისგან, რაც ვფიქრობ, არ იქნებოდა მარტივი. თემა ჯერ ისევ ძალიან ახალი და მტკივნეულია. ღია ჭრილობას ეხები და ძნელია ტკივილის ხმა არ გესმოდეს, როგორც შემზარავი ექო საავადმყოფოს დერეფანში, მაგრამ სპექტაკლის ტექსტი არ ქმნის კლასიკურ დრამატურგიულ ქარგას, არ ემორჩილება კონკრეტულ წესებს,  არ გვხვდება დიალოგები პერსონაჟებს შორის. ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებიან, ან ძალიან იშვიათად და ყურში ჩურჩულით, თითქოს კომუნიკაციას გაურბიან ან ეშინიათ. ამის პარალელურად საოცრად ექსპრესიულია მონოლოგები, მონოლოგების სტრუქტურაში პერსონაჟები ვითარდებიან, რასაც ვერ ვიტყვით სპექტაკლის სიუჟეტზე, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე თითქოს ერთ სიბრტყეზე დარჩა.

ჩემი აზრით, "პრომეთე" პოლიჟანრული სპექტაკლია. პუბლიცისტური, დოკუმენტური და მხატვრული ფორმის თანაარსებობით, ძალიან საინტერესო და თანამედროვე ენის ძიებისა და აღმოჩენის მცდელობა. მიზანი არის არა კათარზისი, ან განკურნება, არა თერაპია, არამედ პერსონალიებისა და საზოგადოების განცდებისა და შეგრძნებების დონეზე პრობლემის დანაწევრება და გააზრება.

სპექტაკლის დასაწყისში ბრძანებასავით ჟღერს სიტყვა - „გაიხსენე“! ეს გახსენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აქტს ჰგავს, უნდა გაიხსენო, „იმიტომ, რომ არ გახსოვდეს...“ , იმიტომ, რომ „გაჩუმდე და დაივიწყო“. შემდეგ უკვე გვესმის სიტყვები, რომლებიც მთელ ჩვენს შეგნებულ და ბავშვობისდროინდელ მეხსიერებას ერთნაირად სძულს; „ტანკები, ნიჩბები, მხუთავი გაზი, ერი, ეთნოსი, თვითგამორკვევა, კოლექტიური ლოცვა, რეფერენდუმი, შიმშილობა, უნებლიე შიმშილობა, რომელიც არ არის პროტესტის ფორმა, ჰუმანიტარული დახმარება, ეროვნული გმირი, ლტოლვილი, დევნილი...“

მეხსიერების ყველა დახშულ თუ დაბინდულ უჯრედში შეღწევას საბოლოოდ დაბადებამდე მივყავართ და სპექტაკლის გმირები იხსენებენ, რომ სხვა სახელმწიფოში დაიბადნენ, რომელიც „დალპა“ და სრულიად სხვა სახელმწიფოში მოუწიათ გაზრდა, რომელიც ისეთივე ჩვილი, თოთო, უსუსური და „ახალი“ იყო, როგორც თავად ისინი, ჭერს მიპყრობილი მზერით და განცდით, რომ „ახალი ხარ“, შეგრძნებით, რომელიც აღარასოდეს დაგიბრუნდება.  მშობლების შედარებით ტიტანებთან, დიდ და უძლეველ ღმერთებთან, ძალიან კარგად იკვეთება ჩვენი დამოკიდებულება მშობლებისადმი - ერთის მხრივ, მათი ძლევამოსილების ქვეშ სიმშვიდის განცდა და მეორეს მხრივ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მათი დაძლევითა თუ დამარცხებით,  თავისუფლების მოპოვების სურვილი. ყველა უფროსი, ტიტანი, ღმერთი, რომელთა შორისაც პაწაწინა და უსუსური ჩანხარ,  იატაკზე გართხმული შენზე პატარა მოგეჩვენება. ჯერ კიდევ ბავშვი გაიაზრებ ამას, როცა საიდანღაც გამოქცეულ ნათესავებს შეიფარებენ შენთან სახლში და ღამით ტუალეტამდე მისაღწევად იატაკზე მიმოფანტულ მათ სხეულებს შორის მოგიწევს გავლა.

შიდა თუ გარე ომებით გარემოცულ სახელმწიფოს, რომელიც ჯერ ისევ ცდილობს საკუთარი ორიენტირები განსაზღვროს, სრულიად განსხვავებული ბავშვობის შემოთავაზება შეუძლია: გასროლილი, ზოგჯერ,  არც თუ იშვიათად, უმისამართოდაც გასროლილი ტყვიების მძივი, ან კოლექცია, რომელიც ყველა ჩვენგანის ბავშვობის მოგონებებში ცოცხლობს; თამაში ამ ტყვიების მწკრივით; გამუდმებული საფრთხის განცდა, რომელ კუთხეშია ნაღმი დამალული და როდის შეიძლება აფეთქდეს, არავინ იცის. თამაში არც არის საჭირო, ყველაფერი რეალურია ამ თამაშში. ის შიშიც, რომ დიდ, ცელოფნის პარკში მოაგროვებენ და მოათავსებენ შენს დანაწევრებულ სხეულს.

რეჟისორი გამუდმებით ცდილობს აქცენტირებას სხეულზე. სხეული, როგორც ადამიანის შესაძლებლობისა და უძლურების საზომი. გიორგი ყორღანაშვილის პერსონაჟი ბავშვობის  იარას იხსენებს, რომელიც არასდროს შეხორცდა, არასდროს განელდა ტკივილი, უფრო მეტიც, დროისა და ასაკის მატებასთან ერთად, მას სულ უფრო მეტად გაურთულდა და დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას უტარდება დიაგნოსტირება, შემდეგ შესაბამისი მკურნალობა, მაგრამ მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. სავარაუდოდ, პერსონის ისტორია ქვეყნის ისტორიის მეტაფორაა. სცენაზე სკამების გარშემო სირბილი და როგორმე რომელიმეზე ჩაბღაუჭება, ამ ქვეყნის საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც რეალურად საკუთარი კეთილდღეობის სურვილს ვერასოდეს დაძლევს, ბოლოს თითქმის გადაქანცულები ეკიდებიან სკამებზე და მაინც ვერ აღწევენ მათ თავს.დამოუკიდებლობა - მითი და რეალობა

სპექტაკლის ფორმა, ალბათ, ყელაზე ახლოს მაინც არის აბსტრაქციასთან.   უმეტეს შემთხვევაში რეჟისორი ჯერდება მხოლოდ ამბის თხრობას და არ ცდილობს სათქმელის ვიზუალიზებას. თუმცა არის სპექტაკლში მნიშვნელოვანი ეპიზოდები, სადაც ვიზუალური მეტაფორა, გაცილებით მრავლის მთქმელია ვიდრე ტექსტი, გამოვარჩევ კატო კალატოზიშვილის ცრემლად დაღვრის სცენას და მთელი მისი მონოლოგის ერთგავრ შეჯამებას ამ ფორმით. ერთის მხრივ ადამიანები, რომელთაც დაკარგეს საკომუნიკაციო ენა. ტრაგედია და გამქრალი მეხსიერება, გახსოვს და თან არც გახსოვს. შეგრძნება არ გამქრალა, მაგრამ ფაქტებს ვეღარსად პოულობ. უმისამართო და სასოწარკვეთილი სვლა და უცხოდ ქცევა. უცხოობის საშინელი მტანჯველი განცდა, სადაც აღარაფერია შენი და აღარაფერს აქვს ფასი.

ტრაგედია, როგორც ცუდი ამბავი და ტრაგედია, როგორც მასალა პრესკონფერენციისათვის. კონკრეტული პიროვნების ტკივილი, რომელიც ზოგისთვის შესაძლოა მხოლოდ სკანდალი იყოს და სხვისთვის ახალი განცდებისა თუ შეგრძნებების გაღვივების მოტივატორი. კედელთან მიგდებული, უსარგებლო ნივთივით იძულებული ხდები გასცე პასუხი კითხვებს, რომელთა შინაარსი, მიზანი ან თუნდაც ახსნა შენთვის უკვე აღარაფერს ცვლის. „რა არის გმირთა მოედანი?“ - ისევ ყელში ამოსული ფრაზებისა და სიტყვების სმენა გვიწევს სცენიდან: ოკუპაცია, საზოგადოება, გმირი, სამშობლო, სამშობლოს ღალატი, ისტორიული ფიგურა... სიტყვები, რომლებსაც დავუკარგეთ მნიშვნელობაცა და ფასიც, ისინი დღეს აღარაფერს აღწერენ.  აღარაფერს, ბლანტი სიცრუითა და სიყალბით დამძიმებული გარემოს გარდა და აღარ გახსოვს ჰქონდა კი ოდესმე ამ სიტყვებს რაიმე ძალა და ღირებულება, ან „ეს კლდე სულ აქ იდგა?“

გვიყვარს, ჰო, გვიყვარს ცუდი ამბები, ჩვენ ყველას გვიყვარს და ისიც ვიცით ყველაზე სწრაფად რომ ვრცელდება. რეალურად კი უბრალოდ მივეჩვიეთ, ცუდი ამბები-„გლოვის ტალღებად გამოსროლილი ეფემერები...“ 

ერთი შეხედვით თვითმიზნური შეიძლება მოგეჩვენოს პერსონაჟების გაშიშვლება, რადგან არც ერთ ეპიზოდში არ არის მკაფიო, რატომ იხდიან, თუმცა წყალი და სიშიშვლე შეიძლება ალეგორიულად პირველყოფილი ადამიანის სახე-სიმბოლოს წარმოადგენდეს, გარდა ამისა სიშიშვლე დაუცველობისა და უსუსურობის განცდასთანაც შეიძლება გაიგივდეს, თუმცა რეჟისორი იმდენად გაურბის კონკრეტიზირებას ამ მეტაფორებსა თუ ალეგორიებში, რომ სრული თავისუფლება ენიჭება მაყურებელს აღიქვას ნანახი სურვილისა და შესაძლებლობის შესაბამისად, ან დარჩეს ის ბოლომდე ბუნდოვანი.

ამბავი, რომელსაც სპექტაკლი ეხება, როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, სულ ახალი და ჯერ ისევ მტკივნეულია, იქნებ ამიტომაც რეჟისორის ამოცანა არა კონკრეტული შედეგის ჩვენებაა, არამედ პრობლემის წარმოჩენა პროცესში, ანუ თავად პროცესის ჩვენება, არა თერაპია და გამოსავლის ძიება, არამედ ძიება ზოგადად და კვლევა არსებულის და ჯერ ისევ დაუსრულებელი, დინამიკაში მყოფი მოვლენის.

გამორჩეულად სარკასტულია ფარული ჩანაწერების თემა სპექტაკლში.  ამავე ეპიზოდში ცხადად იშიფრება საზოგადოების, როგორც მაყურებლის დანაშაული. მაყურებელი, რომელიც გამუდმებით ითხოვს ერთის მხრივ, სანახაობას, მეორეს მხრივ, კი თვითონვეა ამ სანახაობის თანამონაწილე. გმირებისგან გმირობის განმეორებას, ჩვეულებრივი ადამიანისგან გმირობის ჩადენას, რაც საბოლოოდ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სრულ უგულებელყოფამდე დადის. ამ საზოგადოებას არა აქვს უნარი მიიღოს დამოუკიდებელი ადამიანი. ის მის ინტერესს უნდა ემსახუროს, იქნება ეს გმირობა, თუ მსხვერპლი ცოლის როლი. თავად საზოგადოება გაურბის დამოუკიდებლობას და კონკრეტული ინდივიდების პირადი ტრაგედიები, ყველაზე კარგად წარმოაჩენს ამ მხარეს. საბოლოოდ, იკვრება ერთგვარი უხილავი ჯაჭვი, რომელიც საზოგადოების მსხვერპლს მოძალადედ აქცევს. მოძალადე, რომლის მსხვერპლი საკუთარი ცოლია, გმირის წოდებით შეიძლება დააჯილდოვოს სახელმწიფომ, რომელსაც არ სურს დამოუკიდებლობა, არ არის მზად და არც პასუხისმგებლობა აქვს გააზრებული, თუკი ძალადობა არის ურთიერთობის უნივერსალური ფორმა, შეუძლებელია საუბარი რაიმე ტიპის თავისუფლებაზე.

 კაფკას „პრომეთეს ზღაპარში“ პრომეთე ისჯება დაუმორჩილებლობისთვის. ჩვენ რისთვის დავისაჯეთ? დაუმორჩილებლობისთვის? რა იყო მიზანი მაშინ, როცა სცენაზე გაცოცხლებული პერსონაჟები იბადებოდნენ, როგორც იბადებოდა ახალი სახელმწიფო, თავისუფალი და დამოუკიდებელი?  „ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან.“ მერაბ მამარდაშვილი 1990 წელი.  ვფიქრობ, ცდომილება იმდენად დიდი აღმოჩნდა სურვილსა და ამ სურვილის რეალურად განხორციელების უნარს შორის, რომ ჩვენ თავად ვთქვით უარი დამოუკიდებლობაზე, ის შეუძლებელ და მიუღწეველ კატეგორიად გარდავქმენით და სწორედ აქ მოხდა, როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტული ადამიანების ისტორიების მითად ქცევა. მითი, რომელიც რეალობიდან ამოიზარდა.  მითებად ქცეული პერსონალური ბიოგრაფიები განზოგადდა და ქვეყნის ისტორიულ წარსულად გარდაიქმნა.

თეატრის აღმოჩენით, გაურკევეველი არსება ადამიანად იქცა - ეს ყველაზე მკაფიო მესიჯია, რომელიც მაგდა ლებანიძის მონოლოგში ისმის. ამბავი შუაშუაზე სწორედ საკუთარი თავის გვერდიდან ყურების მეტაფორული ილუსტრაციაა, თუკი გაქვს შესაძლებლობა საკუთარ ცხოვრებას მაყურებელივით დააკვირდე, გეძლევა უნარი იქცე პერსონად, ინდივიდად, კონკრეტულ ადამიანად, ჩვენ თავად ვართ მაყურებელიცა და სანახაობის შემქმნელებიც. როგორც მაყურებელი, ხშირად განუზომლად ბევრს ვითხოვთ ადამიანისგან და ამით ვართმევთ მას თავისუფლებას. ხოლო როგორც კონკრეტული პერსონები, აღმოვჩნდებით მსხვერპლის როლში, ისევ კედელთან, ისევ კარდეოგრამის აპარატს მიერთებულები, მონოტონურად და თითქმის უმიზნოდ მფეთქავი სხეულებით.

სპექტაკლის ბოლო სცენა პრომეთეს მონოლოგია, რომელიც ყველაზე მეტად არის დატვირთული ესქილეს დრამატული, რთული და ძალიან საინტერესო ტექსტით, ამ სცენის აღქმას, ვფიქრობ, ყველაზე მეტად შეუშალა ხელი ვიზუალური მხარის სიმწირემ, ტექსტი გაიფანტა და უკვე ისედაც დამძიმებული მაყურებლისთვის გაუაზრებელი დარჩა. ფაქტია, რომ თეატრი  სანახაობრივი ხელოვნებაა და გარკვეული დროის შემდეგ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ტექსტიც კი მაყურებლამდე ვეღარ აღწევს თუ ის ვიზუალურად არ არის გამოსახული. აღქმაზე სუბიექტური ალბათ, არაფერია და ჩემი მოსაზრებაც ცხადია, მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებს ეყრდნობა, თუმცა ვერაფრით გავავლე ხის ბოძზე მიჭედებულ ლურსმანზე საკიდით დამაგრებულ უსარგებლო არსებას, ან სულაც ნივთსა და აჯანყებისთვის, იდეისთვის, სინათლისთვის, თავისუფლებისთვის თავგანწირულ და დასჯილ პრომეთეს შორის ვერანაირი პარალელი.  ასე, ხის ბოძზე დაკიდებული პრომეთე განაგრძობს არსებობას, საკუთარ გმირობაში დარწმუნებული და უსასრულოა მისი ტანჯვა. მისგან დუმილსღა ითხოვენ, რადგან გაღებული მსხვერპლისთვის ვერავინ გადაუხდის სამაგიერო მადლობას. ვერავინ გაბედავს, ვერავინ, უბრალო მოკვდავთაგან აუჯანყდეს ზევსს.

მითოლოგიური მეტაფორები, ალეგორიები და სიმბოლოები  მკაფიო, თანამედროვე ენით წარმოთქმულ მესიჯად გარდაიქმნება -„მისი ბიოგრაფია იმდენივე წლის არის, რამდენისაც მისი ქვეყანა.“

„როგორ გგონია, სრულიად, რომ გავქრები ჩრდილი მაინც მექნება?“, თუკი გავქრებით, თუკი ვერაფრის გააზრებას შევძლებთ, ჩვენივე ცხოვრების შინაგანი პრინციპებისგან თუ ვერ გავთავისუფლდებით აღარც ჩრდილები დარჩება ჩვენგან? დათა თავაძის სპექტაკლი არ იძლევა არანაირ რეცეპტს, ან გამზადებულ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც შეიძლება განსაზღვრო, ან გაიაზრო მომავალი, თუმცა წარსულის ყველაზე მტკივნეული და მგრძნობიარე დეტალების გახსენებით რეჟისორი ცდილობს დაგვაფიქროს, სად ავცდით თავისუფლების იდეისათვის  ბრძოლას და როდის ვიქეცით სანახაობაზე ორიენტირებულ მაყურებლად, რომელიც დაუსრულებლად სხვისგან მოითხოვს გმირულ ქმედებას, რათა ერთის მხრივ, თვითონ გადარჩეს და მეორეს მხრივ, დაუნდობლად გაწიროს პერსონა. ქვეყანა, რომელიც დაუდევარი და უპასუხისმგებლოა  კონკრეტული პიროვნებების მიმართ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერასოდეს იქცევა, ეს არის მითიც და რეალობაც-დამოუკიდებლობის შეუძლებლობა.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა