ინტერნეტ გამოკითხვა ახალგაზრდა რეჟისორებისათვის
18-01-2018, 22:14

"თეატრალური ხელოვნების ცენტრმა" პრემია "დურუჯთან" დაკავშირებით  ინტერნეტ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის მიზანი  პრემიის ახალგაზრდული ნომინაციის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების გამოვლენა იყო. თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც  აღნიშნულ ნომინაციაზე ნომინირებულმა რეჟისორებმა, გასულ წელს კანდიდატურები მოხსნეს და უარი თქვეს კონკურსში მონაწილეობაზე. მათი აზრით ნომინაცია "საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი " დისკრიმინაციულია, რადგან ახალგაზრდების ნამუშევრებს დიფერენცირებულად განიხილავს უფროსი თაობის ნამუშევრებისაგან. მათი  წინადადებით ის უნდა ჩანაცვლდეს ნომინაციით "დებიუტი", რაც ნებისმიერი ასაკის დებიუტანტის წახალისებას უზრუნველყოფს.  თეატრალურ სფეროში  პრემიის მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე ვთვლით, რომ რამდენიმე პიროვნების მოსაზრებაზე დაყრდნობით პრემიის ფორმატის ცვლილება არასასურველია.  უკეთესი იქნებოდა ახალგაზრდა რეჟისორების მაქსიმალური ჩართვა გამოკითხვის პროცესში და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით კონკრეტული რეკომენდაციების გაზიარება პრემიის ორგანიზატორებისათვის. ამიტომ, გამოკითხვაში  მონაწილეობის მიღება ვთხოვეთ ახალგაზრდა რეჟისორებს ვისი საქმიანობის სფეროც არის თეატრი. ინტერნეტ გამოკითხვა დაიწყო  - 15.01.18, დამთავრდა  - 18.01.18.

 გამოკითხვის შედეგები
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 23-მა სუბიექტმა. აქედან 13-მა დაასახელა პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია), 10-მა თავი შეიკავა იდენტიფიცირებისაგან. გამოკითხვის მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელი იყო ანონიმური ანკეტების გაფილტვრა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ანონიმურობის ძირითადი მოტივი კოლეგიალობის პრინციპებიდან მომდინარეობდა და ემსახურებოდა ღია კონფრონტაციის არიდებას. ამ ფაქტორის გათვალისწინებით გთავაზობთ გამოკითხვის სრულ, გაუფილტრავ შედეგებს:
  1. გამოკითხვის მონაწილეების უმრავლესობა (73.9 %)არასოდეს ყოფილა პრემია "დურუჯის" ნომინანტი, კონკურსში ერთხელ მონაწილეობდა გამოკითხულთა 17.4 %, ხოლო რამდენჯერმე 8.7 %.
  2. გამოკითხულთა უმრავლესობას (52.2 %) ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას პრემია "დურუჯის" მომავალ კონკურსში. 43.5 % აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 4.3 % არ აპირებს.
  3. ნომინაცია "ახალგაზრდა რეჟისორი" გამოკითხულთა 52.2 % -სთვის საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობაა, 26.1 % თვლის რომ ეს ნომინაცია ზღუდავს მათ, რადგან კონკურენციაში ვერ შედიან სხვა თაობის წარმომადგენლებთან, ხოლო  გამოკითხულთა 21.7 % არ დაფიქრებულა ამ საკითხზე. 
  4. პრემია "დურუჯზე" სხვადასხვა ნომინაციაში ნომინანტების წარდგენის პრეროგატივას ორგანიზატორებს აკისრებს გამოკითხულთა 47.8 %, ხოლო 43.5 % თვლის, რომ წარდგენილ პირს უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს ნომინაცია მიუხედავად მისი ასაკისა და სქესისა. 13 %-ს ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.
  5. "საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის" ნომინაციის ჩანაცვლება ნომინაციით "დებიუტი" გამოკითხულთა უმრავლესობისთვის (69.6 %) მიუღებელია, რადგან დებიუტი მხოლოდ პირველი სპექტაკლის წახალისებას გულისხმობს. ასეთი ჩანაცვლება მისაღებია გამოკითხულთა 30.4 %-სთვის. 
  6. პრემიის მისამართით რეკომენდაციები გამოთქვა 10-მა გამოკითხულმა. ზოგად სურვილებსა და კომენტარებთან ერთად გამოითქვა კონკრეტული წინადადებებიც: "გთხოვთ დაამატოთ ... კომპოზიტორისა და ქორეოგრაფის ნომინაციები. ეს უფრო საინტერესოს გახდის კონკურსს, რაც შეეხება "დებიუტს" თუ "ახალგაზრდა რეჟისორთან" ერთად ნომინაცია დებიუტიც დაემატება, ვფიქრობ საუკეთესო თეატრალური კონკურსი იქნება!" ; "ვფიქრობ სპექტაკლები კომისიამ უნდა წარადგინოს წლის მანძილზე დადგმულ სპექტაკლებზე და მათ რეცენზია/გამოხმაურებებზე დაკვირვების შედეგად."; "შეცვალეთ ჟიური სრულად!".   
ინტერნეტ გამოკითხვა ახალგაზრდა რეჟისორებისათვის
ინტერნეტ გამოკითხვა ახალგაზრდა რეჟისორებისათვის
ინტერნეტ გამოკითხვა ახალგაზრდა რეჟისორებისათვის
ინტერნეტ გამოკითხვა ახალგაზრდა რეჟისორებისათვის
ინტერნეტ გამოკითხვა ახალგაზრდა რეჟისორებისათვის

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა