HI PerformanCZ - თეატრალური ფესტივალი მაისის პრაღაში
11-06-2018, 17:50
ავტორი:  თეა კახიანი

პრაღის გასაცნობად მაისი საუკეთესო დრო აღმოჩნდა. თბილი, მზიანი ამინდი პრაღის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალის შესაძლებლობას და შეგრძნებების გამძაფრებისათვის საჭირო პირობას ქმნიდა.  მისტიკური გოთიკური არქიტექტურის გარდა პრაღაში საქართველოდან ჩასულ სტუმარს აუცილებლად თვალში მოხვდება ქალაქის გონივრული დაგეგმარება, ადამიანური არსებობისათვის დატოვებული სივრცე და სიმწვანე.  ზოგადი დაკვირვებების შეგროვების გარდა ჩვენი მოგზაურობის მიზანი  ევროპის ამ გამორჩეული ქალაქის თეატრების გაცნობა იყო. HI PerformanCZ  ასე ქვია თეატრალურ ფესტივალს, რომელიც მაისში და სექტემბერში სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს უცხოელ სტუმრებს და მაყურებელს. ფესტივალის ორგანიზატორი პრაღის ხელოვნებისა და თეატრის ინსტიტუტია. მისი ამოცანაა თანამედროვე ჩეხური თეატრის, ცეკვის, ცირკისა და ზოგადად საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია.  მაისის 4 დღიანი პროგრამა პრაღის დამოუკიდებელი თეატრების და მათი პროდუქციის გაცნობას დაეთმო. ამ თეატრების მთავარი და საერთო მახასიათებელი, ჩემი აზრით, თანამედროვე  ადამიანის ყოფითობისგან გათავისუფლების და  სულიერ ღირებულებებთან  მათი დაახლოების ცდაა. სპექტაკლების უმრავლესობა სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის საშუალებით ქმნიდა მსუბუქ, კეთილგანწყობილ, მომნუსხველ ატმოსფეროს. მისი გავლენით  მაყურებელს უჩნდება სტიმული იაზროვნოს შემოქმედებითად, მიუდგეს სამყაროს და ადამიანებს არა მომხმარებლის, არამედ მზრუნველის პოზიციიდან.   

დამოუკიდებელი თეატრები ქმნიან სივრცეს ურთიერთობისთვის, აყალიბებენ თანამოაზრეთა ერთგვარ გაერთიანებებს. მართავენ ივენთებს, კინოჩვენებებს, დისკუსიებს, გთავაზობენ უბრალოდ დასვენების ადგილებს. ყავის ან ლუდის შესვენებას სამუშაო ან არასამუშაო დღის განმავლობაში. ასეთ  სივრცეებში იკრიბებიან წყვილები, ოჯახები, უმეტეს ადგილას მოწყობილია საბავშვო კუთხეები, სადაც ბავშვები უფროსებთან ერთად ძერწავენ, აჭედებენ, ღებავენ,  აწყობენ სხვადასხვა ფორმის ფიგურებს.     თეატრი ეხმარება ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ქმნის ხელსაყრელ პირობებს იმ სულიერი განწყობის შემუშავებისათვის სადაც ხელოვნების დაბადება და აღქმაა შესაძლებლი. საინტერესოა, რომ საქართველოში კერძო, დამოუკიდებელი თეატრის უარყოფით მხარედ  მის კომერციულ ხასიათს მივიჩნევთ, პრაღის მაგალითი კი აბსოლუტურად საწინააღმდეგოს გვაჩვენებს. ჩეხური კერძო თეატრი არის არა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, არამედ ექსპერიმენტების ადგილი, ის რაზეც ჩეხი კოლეგები იმედებს  ამყარებენ და განვითარების გზებს ხედავენ. ამ დამოკიდებულებამ განსაზღვრა ფესტივალის პოლიტიკა, რომელიც სწორედ დამოუკიდებელი თეატრების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. რათქმაუნდა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ამ დამოუკიდებელი თეატრების უმრავლესობა  მუნიციპალურ დაფინანსებაზეა. ისინი   გრანტის პრინციპით ყოველი ახალი პროექტის დაფინანსებისთვის იბრძვიან.    პრობლემებზე და გამოწვევებზე წუწუნის გარეშეც არ ჩაუვლია  თეატრების პრეზენტაციებს. მაგრამ   დამოუკიდებელი თეატრების რაოდენობით და მრავალფეროვნებით თუ ვიმსჯელებთ ფაქტია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს მათ საქმიანობას, ქმნის მათი განვითარების პირობებს.       

ფესტივალის სტუმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული  თეატრების მენეჯერები, რეჟისორები, ჟურნალისტები და თეატრმცოდნეები.  პირველი სპექტაკლი, რომელიც პრაღაში ვნახეთ „ავიატორები“  იყო.   წარმოდგენის თემა მეორე მსოფლიო ომს და ამ ომში ადამიანების ადგილს და განწყობებს ეხებოდა. ფიზიკური თეატრის ფორმით გადაწყვეტილი სანახაობა  გემოვნებიანი კოსტიუმებით და უნიკალური თვითმფრინავების მოდელებით დარჩა ჩემს მეხსიერებაში. „ავიატორების“ ავტორი კომპანია Wariot Ideal 2009 წლიდან არსებობს და ძირითადად კომედიური ჟანრის ნამუშევრებს  ქმნის როგორც მოზრდილების ასევე  ბავშვებისათვის.   

HI PerformanCZ - თეატრალური ფესტივალი მაისის პრაღაში თანამედროვე საცირკო შოუ შემოგვთავაზა კომპანია „la Putyka“ -მ  წარმოდგენის მაყურებელთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმის პრეტენზიით დადგმული „ბატაჩიო“ ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია, თუმცა  საცირკო ნომრებმა ნაკლებად შემოგვთავაზა რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ან  მოულოდნელობა. აკრობატების ილეთებმაც ვერ მოახერხა ფიზიკური მომზადებითა და ილეთებით შთაბეჭდილების მოხდენა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თანამედროვე ცირკის ნამდვილად გასაოცარი მიღწევების შედეგად  დიდი ხანია შექმნილი გვაქვს ამ ტიპის პროდუქციის მიმართ გარკვეული მოლოდინი.   თანამედროვე საცირკო წარმოდგენების მოყვარულებისთვის ასევე პოპულარულია ღია ცის ქვეშ გამართული სახელდახელო შოუ „მოგზაურთა ოდისეა“ (Cross-country Odyssey). მსუბუქი, იუმორით დატვირთული, გამომგონებლობით სავსე დადგმა  ქუჩის თეატრის საუკეთესო მაგალითია. ძველი თხილამურების და  ნივთების გამოყენებით შემრულებლებმა  შემოქმედებითი ატმოსფერო და პოზიტიური განწყობა შეუქმნა ყველა თაობის მაყურებელს. ფესტივალის ბროშურა გვეუბნება რომ წარმოდგენის ავტორი კომპანია    The Trick Brothers -ია. ის 2009 წლიდან მუშაობს ამ ჟანრში და უკვე ათასობით მაყურებელს გააცნო თავისი შემოქმედება როგორც ჩეხეთში ასევე ესპანეთში, ფინეთში, შვედეთში, ისრაელში, უკრაინაში იტალიაში და ა.შ.   

შემდეგი სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის პროგრამით ვნახეთ   პასტორალური კომედია „მოცვის ბუჩქებში“ იყო. სიყვარულისა და ვნების ბიოლოგიური და სულიერი საფუძვლები წარმოდგენაში ნაჩვენები იყო ცოცხალი მუსიკისა და ბუნების წიაღის არც თუ კარგად შესრულებული დეკორაციის ფონზე.  სპექტაკლის ავტორია კომპანია Geisslers Hofcomeoedianten. ის შეიქმნა 2002 წელს, ხოლო 2014 წლიდან განთავსებულია პრაღაში ეგრეთწოდებულ კუნძულზე,  უნიკალური ატმოსფეროს წყალობით გამორჩეულ  ულამაზეს, ძველ შენობაში.

მსუბუქი კომედიების, ცირკის, ქუჩის პერფორმანსების გარდა ფესტივალის პროგრამაში იყო ორი ქორეოგრაფიული წარმოდგენა, პირველი მათგანი ცნობილი ჩეხი რეჟისორის უილიამ დოჩულოვანსკის და მისი კომპანიის Farm in the Cave დადგმაა,  რომელიც ფესტივალის მიმდინარეობისას ჯერ არ იყო დასრულებული და ჩვენ მხოლოდ მისი ფრაგმენტების ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა. ფრაგმენტებმაც კი ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა მომავალი სპექტაკლის ხასიათზე და ხარისხზე. ეს არის მუსიკის, პოეზიის, მოძრაობის და შემოქმედებითი ენერგიის გასაოცარი სინთეზი. შესრულების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ იკარგება დროის შეგრძნება. მაყურებელი იმყოფება შეჩერებულ წამში მოქმედების დასაწყისიდან დასასრულამდე.    მიღებულმა შთაბეჭდილებამ ყველაფერთან ერთად სინანულის გრძნობა  დატოვა პრემიერაზე დასწრების შეუძლებლობის გამო. მეორე ქორეოგრაფიული დადგმა ორი ახალგაზრდა მოცეკვავისა და ქორეოგრაფი ქალის, მარკეტა ჯანდოვასა და ჯიტკა ტუმოვას,  მცდელობაა გადააფასონ და დაარღვიონ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება სიკვდილის, როგორც ფენომენისა და მოვლენის მიმართ. დადგმა გამოირჩეოდა კონცეფციით და ძალიან საინტერესო,  ორიგინალური აკორდეონის აკომპანიმენტით, რომლის ავტორი და შემსრულებული  ბელორუსი მუსიკოსი ალექსანდრ იასინსკი გახლდათ.  

ფესტივალის ფარგლებში ვნახეთ საბავშვო სპექტაკლებიც. „შეხედე სამყაროს“ და „ქაღალდის ბიჭუნა“ მინორ თეატრში გაიმართა და ფიზიკური თეატრის გამომსახველობითი საშუალებებით ურთიერთობდა არასრულწლოვან მაყურებელთან. აუდიტორიის ნაკლებობას არცერთი მათგანი  უჩიოდა, რაც საბავშვო სპექტაკლებზე განსაკუთრებულ მოთხოვნას უსვამს ხაზს.           

თანამედროვე თეატრალური ექსპერიმენტის კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი, „ნიტროსკოპის“ სახელწოდებით,  საცხოვრებელი ბინების ეზოში გაიმართა. სპექტაკლის კონფერანსიეს გაშლილ კარავში განსაკუთრებული რიგითობით შეჰყავდა მაყურებელი, რომელიც პერფორმანსის მონაწილედ გრძნობდა თავს,  კონტაქტში შედიოდა მისტიკურ კონფერანსიესთან და სპექტაკლის მონაწილეებთან. თეჯირებით გამოყოფილ სივრცეებში ერთმანეთთან საერთო ისტორიით დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟები  ცხოვრობდნენ  და ვიზუალური ეფექტებით, ფაქიზად შერჩეული რეკვიზიტითა და ემოციური დამოკიდებულებით უზიარებდნენ მაყურებელს საკუთარ გამოცდილებას. პერფორმანსის ძირითადი იდეა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ხელოვნების ენით კონტაქტი და მათ ყოველდღიურობაში, განსაზღვრულ დღის წესრიგში, უჩვეულო ფერების შემოტანა იყო. ასეთი მოძრავი თეატრის საშუალებით ადამიანების ცხოვრებაში გაჩენილ დადებით განწყობას წვლილი შეაქვს  საერთო სოციალური ფონის გაუმჯობესებაში. დღემდე მომყვება ფიქრი იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა საქართველოშიც  გამოგვეყენებინა ეს პრაქტიკა, ჩვენი დაძაბული, დათრგუნული გარემოს დასაბალანსებლად.

პრაღის თეატრალურმა ფესტივალმა შედარებისა და პარალელების გამოყენებით ქართული თეატრალური ცხოვრების საჭიროებები დამანახა. ჩვენი სინამდვილისთვის ჰაერივით აუცილებელია თეატრებსა და  მაყურებელს შორის უფრო მეტი კონტაქტი და   სახელმწიფო დაფინანსების მეტად გადანაწილება დამოუკიდებელ ინიციატივებზე.

ამ მიგნებების, შესანიშნავი შთაბეჭდილებების და ჩეხეთში გატარებული დღეებისათვის მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს და ფესტივალის ორგანიზატორებს.           

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა