იმ დღეს სრულიად უცნობმა ქალბატონმა, თეატრის მოლარემ, მოსაწვევი მაჩუქა. ხელში მეჭირა ოქროსასოებიანი ბილეთი. თბილი, მზიანი დღე იყო. რა მინდოდა ამაზე მეტი?! დავხედავ საჩუქარს, გამახსენდება - მალე 19:00 საათი ჩამოჰკრავს... ბატონ/ქალბატონ ერთს - წაუწერია მართკუთხედ ქაღალდზე ძვირფას მოლარეს... 5/06/18 გიწვევთ სპექტაკლზე - „ვანო და ნიკო“. რიგი - 6, ადგილი - 5... მერამდენედ ვკითხულობ ერთსა და იმავეს... დიდი თეატრის შორი-ახლო ვცქმუტავ, როგორც ბურატინო. აქ შეკრებილ შორეულ ნაცნობებში, ჩემი ლექტორი შევნიშნე. ოდესღაც, მსოფლიო თეატრის ისტორიას მიკითხავდა. რამდენი საოცარი ამბით აქვს თავი გამოტენილი... თეატრის ფოიეს კარი გახსნეს, იქით დაძრულ მაყურებელში გავერიე. თურმე, სეზონის დახურვისას გარდერობი არ მუშაობს. პარტერში ჩემი ადგილი მოვძებნე. გავიხედ-გამოვიხედე, ვაკვირდებოდი ყველაფერს, რამაც დამაინტერესა და რისთვისაც აქამდე არასდროს მიმიქცევია ყურადღება. სხვა რა უნდა მექნა?! სპექტაკლზე მარტო მივედი.
უცაბედად, თვალიერებისას, პარტერის მეორე რიგში, ვირტუოზი კომპოზიტორი შევნიშნე. თავისსავე გაფორმებულ სპექტაკლზე მობრძანებულა... ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას დაჯდა. ამ დროს, მისი სკამიდან შუქი გადმოიღვარა, გვერდითა სავარძლები გაანათა მერე კი მთელს დარბაზს და რიგებს შორის დაგებულ მეწამული ფერის, ხავრდის ხალიჩას მოედო. ხალიჩა სცენისკენ გაემართა, როგორც ავარვარებული მისტიური „სტიქსი“. სინათლის ნაკადი ძალზე სწრაფად მიაწყდა სცენაზე მიდგმული კიბის საფეხურებს, თვალის დახამხამებაში გააბრწყინა გზად შემხვედრი ყოველი საგანი.
პარტერის მე-2 რიგში, სწორედ იქ, საიდანაც ნათელი იღვრება, ვიღაც უცნობი ყმაწვილი ქალ-ვაჟი გაჩნდება. ისინი კომპოზიტორისკენ დაიხრებიან და ოქროსასოებიან ბილეთს უჩვენებენ. კომპოზიტორი ადგება და თავის ადგილს მათ უთმობს, თვითონ კი აუღელვებლად სცენის ზღუდესთან აზვირთული ნათლის მდინარეში დინჯად შეაბიჯებს. წამიერად შეგუბდება აღმართული ტალღის ნიაღვარი, თითქოს დრო შეჩერდა... 20:07 წუთზე ქალის მზრუნველმა ხმამ ზღაპარში მოხვედრის უცვლელი წესი შეგვახსენა. - გთხოვთ, გამორთეთ „გარესამყარო!“... ეს ითქვა და თვალის დახამხამებაში, შაშხანასავით იფეთქა შეგუბებული სინათლის ენერგიამ. ნაპერწკლები დარბაზში მიმოიფანტნენ.
სცენიდან დაძრული სურნელოვანი კვამლი ბანგივით მოედო ჩვენს გონებას. წაიშალა საზღვარის შეგრძნება ჩვენსა და სინათლის მხარეს მდგომებს შორის. ეს მოხდა 20 საათსა და რომელიღაც წუთზე. ავანსცენის ორმოდან თავი ამოჰყო შუახნის მამაკაცმა. ნატანჯი ჩანდა: „...ძილი, როგორ მინდა ძილი“ - შემოგვჩივლა და იქვე, ორმოსთან, მიწყობილ ღვინის ბოთლებს ნაღვლიანად გადაჰხედა. მერე ვეება, გამოღამებული თვალებით მოგვაჩერდა და თავის გაუსაძლის ყოფაზე განაგრძო... გულგაწყალებული, ლამის ტირილამდე მიჰყავდა მუდმივ სიფხიზლეს. აფორიაქებდა, სასოწარკვეთაში აგდებდა მოუსვენრად დარჩენის გარდაუალი პერსპექტივა. როგორ სურდა მას ძილი... მაგრამ, რითი მივშველებოდი თავისსავე სიფხიზლეზე გამწყრალს, მისგან გაქცევის მოსურნეს?! კაცს - უსიცოცხლო, თაბაშირის მანეკენებით გარემოცულს, რომლის „ცხადშიც“ : „ცა ქვისა იყო, მზე - ხისა, ხე - ნისლისა, ნისლი - მიწისა, მიწა - ქარისა, ქარი - ტყვიისა?!“... სად გაქრა მისი შთამაგონებელი წინაპარი, ის ტკბილ - ქართული ზღაპრები რად აღარ სწვდება ძილსდანატრებულ ყურთასმენას?! რატომ არის ასე დამქანცველი „მხიარულ ხმებზე აწყობილი“, ბავშვობისგან ნასაზრდოები, დიდობა?! ყველაფერია მის სამყაროში ტკბილი სიუჟეტის გარდა... ყველაფერი, რაც ძილს გააკრთობს. რა დააძინებდა, როდესაც საკუთარ ტყავზე იწვნია მიქცევა-მოქცევის ტრაგედია?! ჩამოჰკრა დამოუკიდებლად ასპარეზობის ჟამმა. ეუწყა, „აპრიორი“ ფიზიკურად დაამარცხებდა აზვირთებული განსაცდელი. მოვალეა იფხიზლოს, ისწავლოს როგორ იცხოვროს თავისივე „უბედურების მადლით“ ...
„ჩაირთო“ მისი დამოუკიდებელი სიცოცხლის დრო. ყველაფერი რაც მაყურებელმა ნახა, რეალური და განცდილია. ნახა ის რაც ყოფილა და რაც იქნება, მანამ სანამ ადამიანი იარსებებს წუთისოფელში. სპექტაკლის ფინალურ სცენაში კი დანტეს ღვთაებრივი ნაწარმოებისა არ იყოს, ჩვენც „... გამოვედით და ვიხილეთ კვლავ ვარსკვლავები“... ვიხილეთ „ედემისებური ლოგიკის“ ტრიუმფი. იმედით ავენთეთ.
ერლომ ახვლედიანის ნაწარმოებიდან გადმოსულმა უცნობმა კაცმა, თითქოს, ამოცანად დაისახა, მაყურებლისთვის ხელახლა შეეხსენებინა, რაც ისედაც გაცხადებულია... ადამიანის სულში ღრმად დაფლული გამოცდილება ურთიერდაპირისპირებულ საწყისთა, ცოდვათა და სათნოებათა, შესახებ მრვალგვარად გათამაშდა. ამ დამოუკიდებელმა მიზანსცენებმა კი ერთი საერთო არაკი გვიამბეს. იგავი ადამიანობაზე. მონათხრობის თითოეული დამოუკიდებელი ხაზი ორგანულად ერწყმის მთლიან სურათს - „ადამიანობას“. ისევე იდეალურად თავსდება მასში, როგორც ჰიორენიმუს ბოსხის ფერწერულ ნამუშევრებში სიუჟეტის ცალკეული დეტალები. ექსპოზიციური ნაწილი სრულდება ვანოსა და ნიკოს გამოჩენისთანავე. ავანსცენის ორმოდან თავისით ამოიწვერება ჯოხზე დამაგრებული ორი თოჯინა. ვერაფერს და ვერავის მივაკუთვნებთ მათ, რადგან არავითარი მინიშნება, არც რაიმე განსაკუთრებული მახასიათებელი აქვთ თავდაპირველად. ფაქტი კი ისაა, რომ ისინი ნაწრთობი კაცის მახვილმა თვალმა მსგავსთა ტალღაში გამოარჩია, დაკვირვებისთვის ძალზე საინტერესო ინდივიდებად მიიჩნია. ასე დაიბადნენ სპექტაკლის გმირები.
სპექტაკლის მსვლელობისას, თანდათან ვიგებთ რას წარმოადგენენ ჩვენი პერსონაჟები. გვერდიგვერდ არსებულ „მოცემულობას“ - ვანოსა და ნიკოს - რეჟისორი სხვადასხვაგვარად გვაცნობს. ახალგაზრდა ვანოს (მიშო არჩვაძე) მიმართ გარკვეული სიმპათია გიჩნდება, როდესაც ხედავ გარშემომყოფებზე მზრუნველ მამაკაცს. ვანო გულისყურით ურთიერთობს ქოთნის კაკტუსის პაწაწინა ნერგით დაწყებული, ყოველ სულიერთან. თავის არსით ის მისაბაძი პერსონაა, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც გავერანებული სახეა, რაღაც ოდეღაც ღირსეულის. უფრო იუმორისტულად, თავად რობერთ სტურუას რომ დავესესხოთ, ვანო - „შელახული კეთილშობილებასავითაა“... ამ კაცს, სურს მარადიულად იყოს კეთილის სამსახურში, ეს სურვილი და მისწრაფება კი კეთილშობილების არსს შეურაცხყოფს ვანოს ხელში. იმ ყოფაში სადაც ვანოა უტოპიაა, პარადოქსად გესახება, სიკეთე ბოროტების მარადიული ზავი. ნიკო ხომ იმისთვისაა ნიკო და იმიტომაა ვანოს სიახლოვეს, რომ ნიკოობა მოახვიოს თავს ვანოს და „ მარადიული ზავი“ დაშალოს... სცენაზე შემოდის ხეიბარი ნიკო (სანდრო ღაღანიძე-მიკუჩაძე), რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას რამდენჯერმე იცვლის იერსახეს -„იმიჯს“. საფიქრებელია, რომ ნიკოს გარეგნულ მდგომარეობათა ამგვარი სახესხვაობები, მის ბუნებას ააშკარავებს. ბოროტება - თავდაპირველად ხეიბარია, მომდევნო მიზანსცენაში სრულიად ჯანსაღი, მაგრამ შინაგანად - მტარვალი. ვხვდებით შეშლილ „ნიკოსაც“, ძალაუფლების წყურვილით დაბრმავებულსაც... ერთ-ერთ მიზანსცენაში (გაფრინველებული ვანო), ის თავად არქმევს თავის თავს სახელს. გაჰყვირის, რომ თავად არის ბოროტების მსახური. ორივე მსახიობს რთული ამოცანები დაუსახა მხატვრულმა ტექსტმა. უწვეტი თამაშის შესატყვისად, გამუდმებით იწევს ამბის დუღილის ტემპერატურა. მაყურებელი ვერ მოდუნდება. თამაშის სპეციფიკა „ცხადში გადახედვის“ საშუალებას არ უტოვებს.
ისევე როგორც პროზაული ნაწარმოები, ინსცენირებაც თავებადაა დაყოფილი. ყოველი ეპიზოდი დასათაურებულია. სცენაზე გათამაშებული იგავებიდან ზოგიერთი ნაწარმოებში განსხვავებულადაა დასათაურებული, ინსენირების პროცესმა მათი შეცვლა მოითხოვა. ისევე, როგორც ზოგი ეპიზოდისა. რომელიც ინსცენირებული ნაწილში სრულიად ამოღებულია. „მამისეული სამყოფელისგან შვილის“ შორეულ მხარეში „გადაცხოვრებამ,“ რა თქმა უნდა, შვილს იერსახე უცვალა, თუმცა „პირმშოობის მადლი მაინც არ წარუხოცია“ მისთვის...
ერთხელ, მორიგი უსამართლობის შემსწრე ვანო შინ გაღიზიანებული ბრუნდება. ამ მიზანსცენის კულმინაციაში ის ხედავს სიზმარს, სადაც მისთვის არაბუნებრივ, დაუშვებელ საქციელს სჩადის. ვანო ნიკოზე ძალადობს თავის სიზმარში. აფორიაქებული იღვიძებს და ყვება, როგორ გაარტყა ნიკოს სახეში. შემდეგ იქვე, ძალზედ საინტერესო მიზანსცენა თამაშდება. აღმოჩნდება, რომ ეს სიზმარი ცალ-ცალკე ყველამ ნახა. სამ პერსონაჟს შორის მიდის მსჯელობა რეალურად ვის შეიძლება ეკუთვნოდეს სიზმარში სიზმარი? ასეთი ჩართვა ერთი მხრივ, იუმორისტულად განმუხტავს უფრო მძიმე დაძაბულობას პერსონაჟებს შორის, მეორე მხრივ, მაყურებელის ყურადღებას მეტად აბილიზებს, უღვივებს ინტერესს მოსახდენის მიმართ. ის, რასაც ვანო თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ ჩადის, ვანოსა და ნიკოს გათიშვის, გაუთავებელი კონფლიქტის მიზეზად გადაიქცევა შემდგომ სცენებში. ირღვევა მოჩვენებითი „მეგობრული“ იდილია და დგება შურისგების დრო, სადაც ნიკო თავის ნამდვილ სახეს თანდათან ამჟღავნებს. ის ხებრიდან ძალზედ ელეგანტურ მამაკაცად გარდაიქმნება. იძენს არისტოკრატულ მანერებს და საზოგადოებაში მაღალ თანამდებობას მოიპოვებს. ვანოსთან კი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ვანო ძალზე უბედურია ან დიდ სიხარულს ესზიარება. ნიკო ვანოს უბედურებით ტკბება. თანაგანცდაში შეყავხარ ვანოს პერსონაჟს, რადგან მისი ბედნიერების წუთი არა და არ დგება. ძველი წყენისგან მიყენებული ტკივილის გასაქარვებლად, რაც უფრო მეტ საზღაურს იღებს ნიკო ვანოსაგან, მით მეტი ბოროტების ჩადენა უნდება. საბოლოოდ, ნიკო სიცოცხლის ჩათვლით ყველაფერს ითხოვს ვანოსგან... ეს თავი დასათაურებულია, როგორც „მეგობრობის მსხვერპლი.“ ის ეხმიანება ოსკარ უაილდის მოთხრობის „ერთგული მეგობრის“ არსს. სპექტაკლის ეს ნაწილი თითქოს შეგონებაა, ერთგვარი იგავია დარღვეული საზღვრის განცდის, „ოქროს შუალედის“ შესახებ.
„გაფრინველებული ვანო“ ასე ჰქვია ეპიზოდს, სადაც ბოროტება - ნიკო - კვალში უდგას „შელახულ კეთილშობილებას“- ვანოს, როგორც სამიზნედქცეულ ნადირს - აღტკინებული მონადირე. ამ საბედისწერო დევნაში სრული თავაშვებაა, ბოროტება საბოლოოდ ფრთას შლის. შემდგომ სცენაში კი, ძალზე სახიერია მუსიკალური გაფორმება და სცენოგრაფია. (გია ყანჩელი - კომპოზიტორი, მირიან შველიძე - მხატვარი). სცენაზე შემოაქვთ კიბეები, სხვადასხვა სიმაღლის საფეხურიანი კონსტრუქციები. მათ დასაპყრობად მივარდებიან ნიკო და ვანო. უთავბოლო შეჯიბრი ძალაუფლებისთვის იწყება. მეორეზე მაღლა ასვლა მათ უმთავრეს ცხოვრებისეულ ვნებად იქცევა. ინსცენირებაში ეს მონაკვეთი ძლიერ განსხვავდება დედნისეული ვარიანტისგან. აქ გათამაშებული სიუჟეტი დადგმულია ძალაუფლების წყურვილზე. მხილებულია ის მასშტაბი უზნეობისა, როცა უუნარო ადამიანი ხელთ იგდებს საპასუხისმგებლო მდგომარეობას. ეს სცენა ორიგინალურადაა გადაწყვეტილი. ძლაუფლების მოპოვებისას შუა სცენაზე ავარვარებული მზის დისკო ჩამოიწევს. წითელი შუქისა და მუსიკის ხმიანობა ულმობელი შერკინების ასოციაციას იწვევს. სხვადასხვა სიმაღლის კონსტრუქციებს, რიგრიგობით იპყრობს ორი გახელებული კაცი. ზოჯერ ისეც ხდება, რომ ვანოს გმირი ყოყმანობს, შიში იპყრობს საფეხურებზე ასვლისას. თითქოს, ამ პერსონაჟში იღვიძებს ძველი საწყისი. მას არ შესწევს ძალა „სრული“ გაბოროტებისათვის.
რა ხდება მაშინ, როდესაც სიკეთე ბოროტების საბურველში ეხვევა და პირიქით? ნიკო ვანო ხდება , ვანო - ნიკოვდება... მერე ისევ ბრძოლა, წართმეული პიროვნულობის მოსაპოვებლად და ასე დაუსაბამოდ, მომავალ ზავამდე.... იმ დრომდე, როცა ყოველი საწყისი თავის თავს შემოისაზღვრავს უსაზღვრობისგან.
როცა სპექტაკლი სრულდება, გაფიქრებს ნანახის სიღრმე. მისი ელემენტების, სცენოგრაფიის, მუსიკის, კოსტუმების, სამსახიობო ოსტატობის, რეჟისურისა და მხატვრული ტექსტის შერწყმა. იცი, რომ სპექტაკლში „არაფერია ახალი, რაც არ ყოფილა და არაფერი ძველი“, მაგრამ თხრობის ძალზედ მაგიურმა მანერამ ახალი ფიქრი გაგიჩინა. დღეს, ივნისის ამ ბედნიერ საღამოს, ასე დაინახე „უცნაური, თვალუწვდენელი სურათი ცხოვრებისა“, რომელიც თავის თავში მოიცავს ადამიანურის მუდმივ ჭიდილს ფიზიკურ თუ ზნეობრივ სიკვდილთან.
პ.ს. აჰა, ესეც მორიგი, შთამბეჭდავი დევნა „ქარებისა“...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04