დემონები
29-06-2018, 17:54
ავტორი:  თამთა ქაჯაია

მიხეილ ჩარკვიანმა (რეჟისორი) ინტერესი ამჯერად მეოცე საუკუნის შვედი დრამატურგის ლარს ნურენის  „დემონებზე“ შეაჩერა, რომლის ნახვაც  სამეფო უბნის თეატრში შეგიძლიათ. სპექტაკლმა დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში.  გორის კომედიის ფესტივალი, აღნიშნული სპექტაკლით დაიხურა,  მაყურებლის ნაწილმა პროტესტის ნიშნად  დარბაზი დატოვა, ამგვარი დამოკიდებულება სპექტაკლს არაფერს ვნებს, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მომხდარმა გააღვივა ინტერესი. მაყურებლის გაღიზიანება უცენზურო სიტყვებმა გამოიწვია და   კულმინაციას მიაღწია როდესაც, ორმა მამაკაცმა სრულიად მოულოდნელად ერთმანეთს  ტუჩებში აკოცა. როგორც ჩანს, მცირე მაგრამ რაღაც დოზით საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად ეყურებინა ნიჭიერი მსახიობებისთვის, რომლებიც ასე თამამად ბილწსიტყვაობდნენ. ამას დაემატა მსახიობების მეტყველების პრობლემა, რაც ნამდვილად მძაფრად არსებობდა ერისთავის თეატში. შედარებით  მსუბუქად, თუმცა იგივე პრობლემამ   სამეფო უბნის თეატრშიც იჩინა თავი. ახლა კი ვეცდები ჩამოვთვალო ყველა ის მიზეზი, თუ  რატომ უნდა წახვიდეთ თეატრში და ნახოთ  - „დემონები“.

სპექტაკლზე მისულები  აღმოაჩენთ თქვენს თავში არსებულ, დამწყვდეულ დემონებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე  გათავისუფლებას ცდილობენ, თქვენ კი  მათი არსებობის შესახებ არაფერი იცით.  მიხეილ ჩარკვიანმა დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანი პროცესია საკუთარი თავის შემეცნება და ფარული ვნებების აღმოჩენა. ახალგაზრდა    რეჟისორი  ნიჭიერ მსახიობებთან ერთად ქმნის გემოვნებიან სპექტაკლს, რომელიც გაჯერებულია შავი იუმორით.

სპექტაკლის შინაარსი შემდეგნაირად ვითარდება: ფრანკს (კახა კინწურაშვილს)  გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს სახლში, სადაც ხვდება ცოლი - კატარინა (ნატუკა კახიძე). ოჯახის წევრების მოლოდინში, მარტო დარჩენილი წყვილი გალიაში გამომწყვდეულ განსხეულებულ „დემონებს“ ჰგვანან. მათ სჭირდებათ სხვებთან ურთიერთობა, შეკავებული გრძნობების გათავისუფლება და ამ მიზნით პატიჟებენ მეზობელ ცოლ-ქმარს, თუმას (თორნიკე გოგრიჭიანს) და იენას (ქეთა შათირიშვილს). თითქოს მშვიდი შეხვედრა წყვილების სასტიკ   დაპირისპირებაში, განადგურებასა  და  დამცირებაში გადადის.

ქეთი ნადიბაიძის დეკორაცია უბრალო და სადაა. ოთახი, რომელიც გაწყობილია ძვირადღირებული ავეჯით, გვიფიქსირებს, რომ  ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ნივთებს უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ურთიერთობებს. გისოსები განლაგებული საცხოვრებელი ოთახის მარცხენა და მარჯვენა მხარეს, მიგვანიშნების ცოლ-ქმრულ ტყვეობაზე. სპექტაკლის დასაწყისში ნათლად ჩანს, როგორ იყენებენ მიზნის მისაღწევად  ყველა საშუალებას  ფრანკი და კატარინა.  მათი ლტოლვა სასტიკ და უხეშ ალერსში გადადის, რომელიც ცხოველურ სექსუალურ აქტს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ადამიანურ სიყვარულს. სპექტაკლის დასაწყისში რეჟისორის მიერ, მეტაფორულადაა გამოყენებული  მტვერსასრუტი, რომელიც აუტანლად ხმაურობს და ხაზს უსვამს წყვილის ურთიერთობას, რომელთაც არ ესმით  ერთმანეთის.

სპექტაკლის მთავარი გმირები ფრანკი, კატარინა, იენა და თუმასი არიან, მაგრამ არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი - ფრანკის გარდაცვლილი დედა. კრემაციის ურნა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკვიზიტად გვევლინება სპექტაკლში და გადამწყვეტ როლს თამაშობს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში.  წარმოდგენის დასაწყისში ფრანკი დედის ფერფლს მაგიდის ცენტრში ათავსებს, რითაც აფიქსირებს მის მნიშვნელობას. დაკვირვებული მაყურებელი მალევე შეამჩნევს, როგორ ახერხებს გარდაცვლილი დედა შვილისთვის უპირატესად დარჩენას. წყვილის დიალოგიდან ირკვევა, რომ დედა მათ ურთიერთობაში სულ არსებობდა და კრემაციის შემდეგაც აგრძელებს ბატონობას.

კახა კინწურაშვილის  პერსონაჟი მოწესრიგებულობითა და სისუფთავით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით მისი მეუღლეზე. სპექტაკლიდან როგორც ირკვევა, ფრანკის ბავშვობიდან ტრამვირებულია სექსუალური ძალადობით, მასზე მისივე  ბიძაშვილი, შვიდი წლის ასაკიდან, ძალადობდა.  ფრანკი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია რამდენიმე წელში თავადვე ხდება მოძალადე. იგი თავის ნათესავს სასტიკად უსწორდება და საკუთარ მეგობრებს სთავაზობს გასაუპატიურებლად.  ბავშვობის ტრავმა ცოლის მიმართ დამოკიდებულებაშიც ჩანს, როცა ქმარი მის ძმად ასაღებს თავს და „დის“ სექსუალური კავშირების თანამონაწილე ხდება. გრძნობა დაცლილი, ცხოველურ ინსტიქტებამდე დასული მამაკაცი ინერტულობით ეფლობა ალკოჰოლიზმში, რაც ქალთმოძულეობამ წარმოშვა. კახა კინწურაშვილი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ზუსტად გრძნობს  და განიცდის თავის გმირს. გათავისებული აქვს მისი შინაგანი მდგომარეობა და წარმოგვიდგენს  არაოდინალური სექსუალური ბუნების მამაკაცს.

სპექტაკლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ქალისა და მამაკაცის უთანასწორობა. ქალი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნემდე ჩაგრულ სუსტ  არსებად აღიქმებოდა, მეოცე საუკუნეში ლარს ნურენის „დემონებში“ „ძლიერი სქესის“ მჩაგვრელად გვევლინება - უხილავი ძალით იმორჩილებს მამაკაცს და მისი განადგურებისკენაა მიმართული. კატარინა, რომელიც თავისი ჰაბიტუსით პატარა, ტანმორჩილი ქალია, სპექტაკლის ბოლოს მმართველ ძალად გვევლინება და მარიონეტებივით მართავს როგორც თავისი ქმრის, ასევე სხვების ცხოვრებას. ნატუკა კახიძე საოცარი სამსახიობო ოსტატობით გვიხატავს კატარინას გმირს, რომელიც მიემართბა დასახული მიზნისკენ. მისი  ლტოლვა ფრანკის მიმართ აგრესიული ალერსითა და მაზოხისტური ვნებებითაა განმსჭვალული. წყვილის  სიყვარული მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობას მოგვაგონებს, თუმცა რთულია განვსაზღვროთ ვინ არის მოძალადე და ვინ მსხვერპლი.

თემატურია ლილიანა კავანის „ღამის პორტიე“, რომელსაც თომასთან და იენთან საუბრის დროს კატარინა და ფრანკი ახსენებენ. ფილმის ძირითადი შინაარსი  თემატურობით ეხმიანება ლარს ნურენის „დემონებს“ და მისი პერსონაჟები  იწვევენ, სრულიად ალოგიკურ, ერთმანეთის საპირისპირო გრძნობებს. კავანი საინტერესოდ შლის გმირების ხასიათსა და ვნებებს რაც მაყურებელთან მიმართებაში ამბივალენტურია  და მათი ცალსახა შეფასება წარმოუდგენელია.

კახა კინწურაშვილისა და ნატუკა კახიძის პერსონაჟებმა მოახერხეს ეჩვენებინათ თუ როგორ შეიძლება არსებობდეს სიყვარული, რომელიც ორიენტირებულია ერთმანეთისა და სხვების განადგურებაზე.

სრულიად განსხვავებული შეხედულებებისა და ცხოვრების წესის მქონე წყვილია იენა და თუმასი. სადა, აკადემიური ჩაცმულობა გამოხატავს მათ ერთფეროვან ცხოვრებას. თუმასის და იენას ცოლ-ქმრობა იმ წყვილის შექმნილ ოჯახს მოგვაგონებს, რომლებმაც ცხოვრების აზრი დაკარგეს და შვილების აღზრდაში ეძებენ თავიანთ ფუნქციებს. სტუმრად მისულ წყვილს,  იენას და თუმასს ყოველდღიური ოჯახური პრობლემები მაინც არ ტოვებენ. დაძინებული ბვშვის გასაკონტროლებლად გადადებული ტელეფონის ყურმილს ისტერიკულად უსმენენ.

იენას ნევრასთენიული მდგომარეობა  სცენაზე შემოსვლისთანავე  შესამჩნევია. ყოველდღიურმა რუტინამ და ერთფეროვანმა ოჯახურმა  ცხოვრებამ იგი უინტერესო მომაბეზრებელ, უსქესო ქალად აქცია, რომელიც მხოლოდ მკერდიდან გამოჟონილი რძით იქცევს ყურადღებას. იენა კატარინას ანტიპოდია, მას არ გააჩნია არანაირი ქალური შარმი, თუმცა მაინც ახერხებს ფრანკი აღაგზნოს და მისი ყურადღება მიიპყროს. ორი შვილის დედაა სრულიად სახეცვლილი გვევლინება, როდესაც სასურველ ქალად  იგრძნობს თავს. უმრავლესობა ქალებისა შვილის გაჩენის შემდეგ საკუთარ ლიბიდოს ასამარებს და ფუქნცია-მოვალეობად მხოლოდ დედობას განსაზღვრავს. ქეთა შათირიშვილი ემოციური სიზუსტით ასახიერებს იენას როლს და ფინალში სრულიად გარდაქმნილ ქალად გვევლინება, რომელმაც დაკარგული სიმშვიდე  დაიბრუნა.

მიუხედავად იენას უკმაყოფილებისა - თუმასი მაინც  კარგი ქმარია, ბევრს მუშაობს, ოჯახს არჩენს, ცოლს ეხმარება ბავშვების აღზრდაში, მშობლების შეკრებებზეც დადის. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფრი რიგზეა მის ცხოვრებაში, თუმცა  ფრანკთან საუბარში ვარკვევთ რა უბედურია და უკმაყოფიოლო საკუთარი ცხოვრებით. ფრანკი იწყებს თამაშს, რაზეც თუმასი სრულიად შემთხვევით ყვება - როგორც ჩოგბურთის აზარტული მოთამაშისთვის, გაჩერება შეუძლებელი ხდება. ლარნაკის ყოველი ჩაწოდება, საპასუხო დაბრუნებას მოითხოვს. აჩქარებული რიტმი კი წამიერ ვნებას და ერთმანეთის მიმართ მიზიდულობას ზრდის, რაც საბოლოოდ მათი ტუჩებში კოცნით სრულდება. რეჟისორი საოცარი ოსტატობით ახერხებს, ჰომოსექსუალობისკენ მიდრეკილი მამაკაცების ნაცვლად სცენაზე უსქესო ადამიანები დაგვნახოს, რომლებშიც სრულიად შემთხვევითმა გარემოებებმა ერთმანეთის მიმართ ლტოლვა წარმოშვა.  ფრანკისთვის თუმასთან ურთიერთობა  საკმარისი არ აღმოჩნდა და ამიტომ მორიგ მსხვერპლად იენას ირჩევს. კატარინაც მზად არის თუმასს დანებდეს. დასასრულისკენ კატარინა საქორწილო კაბაში გვევლინება, რომელსაც  შავი სარჩული აქვს - გლოვა და საზეიმო განწყობა ჩანს კოსტიუმში.  კატარინასა და თუმასის  ვნებიანი მოფერების დროს ქალს დედამთილის ფერფლი სახეზე ეყრება  რაც  უფრო დიდ აგზნებას ბადებს. ამით უხილავ მტერზე გამარჯვება მოიპოვა  და ტრიუმფალური დასასრულისთვის  - გამარჯვებისთვის მოგვამზადა.

 ფინალურ სცენაში ფრანკი იენასთან ძალა გამოცლილ, მოჩვენებით სიყვარულის მორევშია გადავარდნილი, რასაც იენა დეკორაციული სანთლებით აფორმებს. თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ უეცრად ჩნდება კატარინა, რომელიც სიყვარულს უხსნის ქმარს, მისი ყოველი დამარცხება ახალი გამარჯვების საწყისია. კატარინა, სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ფრანკმა იენას მუხლებზე თავი დადო და ემბრიონის ფორმა მიიღო. ყველაზე ეფექტური ბოლო სცენაა, სადაც ვხედავთ, მარიონეტივით ჯვარცმულ მამაკაცს რომელსაც ქალი მართავს.

ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს „ახალი დრამის“ წარმომადგენელმა შვედმა დრამატურგმა, ავგუსტ სტრინდბერგმა წამოჭრა გენდერობის საკითხი და ერთმანეთს დაუპირისპირა ქალი და მამაკაცი, რომელიც მეოცე საუკუნის შვედი დრამატურგის  „დემონებში“ ფორმირდა და  ოცდამეერთე საუკუნეში ჰპოვა გამოძახილი.

 

 

 

  

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა