ინტერვიუ მსოფლიოში ცნობილ ფრანგ თეატრის მკვლევართან და თეატრალური სემიოლოგიის სპეციალისტ - პატრის პავისთან ჩაწერილია 2018 წლის 3 ოქტომბერს სლოვაკეთში, ნიტრას 27-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - „დივადელნა ნიტრა“.
ინტერვიუში მოკლედ ვსაუბრობთ თეატრმცოდნეობაში სემიოლოგიის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს იგი უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებლებში:
როდის გახდა სემიოლოგია თეატრმცოდნეობაში სავალდებულო დისციპლინა და რატომ?
სავალდებულო არასდროს ყოფილა. სემიოტიკა მნიშვნელოვანი 60-იან წლებში გახდა, ვგულისხმობ არა თეატრალურ სემიოტიკას, არამედ სხვა დარგებს, როგორებიც არის: ლიტერატურა, მხატვრობა. თეატრში სემიოტიკა 70-იანი წლების დასაწყისში ჩნდება, თუმცა არა როგორც ახალი დისციპლინა, არამედ როგორც ახალი მიდგომა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოწვევა იყო თეატრის კრიტიკოსებისა თუ თეორეტიკოსებისთვის და დროსთან ერთად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. ეს პროცესი 80-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. ამის შემდგომ კი რაღაც მოხდა. არ ვარ დარწმუნებული რა იყო ამის მიზეზი, თუმცა არსებობდა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც თეატრის სემიოლოგიას აკრიტიკებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ მას, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც თეატრის სემიოტიკა ძირითად თეორიად ყალიბდებოდა. შემდეგ გაჩნდა იდეა თეორიის გაფართოების სხვა დარგებსა თუ დისციპლინებში.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სამაგისტრო საფეხურზე ერთი სემესტრი ეთმობა თეატრის სემიოლოგიის შესწავლას და უშუალოდ თქვენს „თეატრის ლექსიკონს“. როგორია თქვენი რეკომენდაციები, რომელ საფეხურზე უნდა ისწავლებოდეს თეატრის სემიოლოგია და რამდენი ხანი?
კიდევ ერთხელ, რთულია ამ კითხვაზე ზუსტი და ნათელი პასუხის გაცემა. ვფიქრობ, სემიოლოგიის შესწავლას დიდი ხანი სჭირდება, იმიტომ რომ შენ უნდა იცოდე რაიმე ლინგვისტიკის შესახებ, უნდა გქონდეს წაკითხული დე სოსიური. როდის უნდა დავიწყოთ მისი შესწავლა? – რაც შეიძლება მალე. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლების მეორე წელს ვფიქრობ სტუდენტი უკვე მზადაა თეატრის სემიოტიკის შესასწავლად, თუმცა შესაძლებელია ტერმინებმა და ცნებებმა ცოტა შეაშინოს იგი. ვფიქრობ, მესამე წელი მშვენიერი დროა.
თეატრის სემიოლოგიის შესასწავლად საკმარისია თუ არა თქვენი წიგნი - „თეატრის ლექსიკონი“? თუ არა, რას დაამატებდით?
სინამდვილეში, ლექსიკონს ვამატებ მდიდარ დამატებით მასალას, იმისათვის რომ მკითხველმა სურვილის შემთხვევაში უკეთ გაიგოს თუ რა არის სემიოლოგია და რას შეისწავლის იგი. აგრეთვე, ლექსიკონის რუსულ თარგმანში შეგიძლიათ იხილოთ მასალა მიმართულებებზე და ახალ თეორიებზე დღეს. რასაკვირველია, არსებობს უამრავი ლიტერატურა თეატრის სემიოტიკაზე კიარ ელემიდან დაწყებული მარვინ კარლსონითა და მარკო დე მარინისით დამთავრებული და ყოველთვის კარგია სხვადასხვა წიგნების წაკითხვა, არა მხოლოდ ერთი ლექსიკონის. თუმცა, ვფიქრობ ახალი თეორიები თეატრის სემიოლოგიაზე არასდროს ითარგმნება რუსულად ან ქართულად, რაც ძალიან სამწუხაროა რადგან ისინი გვაჩვენებს განვითარებას და იმას თუ რა შეიცვალა ბოლო 20-30 წლის მანძილზე. სემიოლოგიასა და „თეატრის ლექსიკონზე“ მუშაობა 40 წლის წინ დავიწყე. პირველი გამოცემა დაიბეჭდა 80-იან წლებში, ამ გამოცემის მომზადებაზე 4 წელი ვმუშაობდი. მეორე კი რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა, სადაც უკვე დამატებული იყო ბევრი რამ, ხოლო ლექსიკონის მესამე გამოცემა გამოვიდა 1996 წელს, რაც 20 წლის წინ იყო, სადაც შევიტანე იმ დროისთვის არსებული ყველა ახალი დისციპლინა თუ მიმართულება.
20 წლის წინ, ხანდახან მიჭირდა მიმართულებებსა და ტერმინებში გარკვევა, არ ვიცოდი რომელი მათგანი გამომეყენებინა, თუმცა ვფიქრობ ყველა ტექნიკური ტერმინი განვსაზღვრე, როგორებიც არის: ნიშანი, აღსაღნიშნი და აღმნიშვნელი და სხვ., რაც დღეს უკვე გასაგებია. მე უკვე იმ ფაზაში ვარ სადაც სემიოტიკა ერთ-ერთი შესაძლო ხერხია სპექტაკლის გასაანალიზებლად და მასთან ერთად არსებობს უამრავი სხვა. შევეცდები შემდეგ გამოცემებში შევიტანო მათი მნიშვნელოვანი ნაწილი.
როგორია თქვენი პრაქტიკა, სემიოტიკა უნდა გამოიყენებოდეს კვლევაში თუ აგრეთვე კრიტიკაშიც?
ვფიქრობ ორივეში. კრიტიკოსებისთვის სასარგებლოა მისი ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება, რათა გაარკვიონ სპექტაკლის სტრუქტურა, ნიშნები, რა კავშირია განათებას, მუსიკასა და ტექსტს შორის, ეს მნიშვნელოვანია. სემიოტიკა არ არის მხოლოდ სპეციალისტებისთვის, მისი ყოველდღიური გამოყენება შესაძლებელია. გარკვეული პერიოდი ვწერდი ავინიონის ფესტივალისთვის და ამ დროს ვიყენებდი სემიოტიკურ ანალიზსს. როდესაც რაიმეს ანალიზსს აკეთებ, შენ გჭირდება ძირითადი მიდგომის არჩევა, ინსტრუმენტი და სემიოლოგია უზრუნველყოფს ამას.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04