ყველაზე ნათელი მოგონება ისაა, რომელიც არ დაწერილა, რომელიც შენშია დარჩენილი...
7-03-2019, 17:35
ავტორი:  ნატა კობიძე

მინიატურები რეზო ესაძის თემაზე

ყველაზე ნათელი მოგონება ისაა, რომელიც არ დაწერილა, რომელიც შენშია დარჩენილი...

 

გურიასა და გურულებთან დაკავშირებული ყველა ამბავი  საკრალურია ჩემთვის... რეზო ესაძის „ჩემი საუბრის შემოდგომასაც“  ლეიტთემად სწორედ შემოქმედისა და წითელმთის საზღვარზე დაწყებული ულამაზესი ბავშვური ისტორიები გასდევს, რომელიც თითქოს არასდროს მთავრდება...

85 წლის რეზო ესაძეს ახლახან რუსთაველის კინოს წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. სახვითი ხელოვნების მუზეუმმა კი მისი ნახატების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. საღამოს მთავარი გმირი ხალხით იყო გარშემორტყმული, მასთან ფოტოს გადაღებაც ვერ შევძელი. როცა უამრავმა გულშემატკივრმა მუზეუმი დატოვა, დაცარიელებულ დარბაზში შევბრუნდი და მის ნახატებს დიდხანს, გულდასმით ვაკვირდებოდი. იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ერთდროულად დიდია, როგორც მხატვარი, როგორც რეჟისორი, მსახიობი, პოეტი და მწერალი. გამოფენის მეორე დღეს მისმა მოსწავლემ „ჩემი საუბრის შემოდგომა“ გადმომცა.  წიგნი ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე და გადავწყვიტე ავტორთან სწორედ მის გარშემო მესაუბრა:

ბავშვობა

ვცხოვრობდი გურიაში შემოქმედისა და წითელმთის საზღვარზე. მზრდიდნენ ბებია ეკატერინე  და ბაბუა კონსტანტინე. ორივე სიგიჟემდე მიყვარდა _ კატოც და კოტიაც. მშობლები სოფლის მასწავლებლები იყვნენ, დედა, გვარად შავიშვილი, სამსონ დიასამიძის შვილიშვილი  გახლდათ, ბუღარას ძმაკაცის, რომელსაც თურქები მოსაკლავად დასდევდნენ, ამიტომ დიასამიძეებმა გვარი გადაიკეთეს, ნაწილი კი ხევში ჩასახლდა და ტუჩაშვილები გამხდარან.

დავიბადე 1935 წელს, 18 თებერვალს. ოზურგეთის სკოლაში 5 წლისა შევედი. ერთხელ რაიონში განათლების მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა, რადგან პატარა ვიყავი, გარეთ გამიშვეს, დავდექი ეზოში და ავტირდი. სწორედ ამ დროს მოვიდა უცხო ქალი და მკითხა, რატომ ტირიო, ვუთხარი, ვიღაც მარინა ბურჭულაძე უნდა მოვიდეს და კლასიდან გამომაგდესთქო. მომკიდა ხელი ამ ქალმა და კლასში შემიყვანა, შემდეგ დამაწერინა, წამაკითხა და სიის ბოლოში მოხაზა ჩემი გვარსახელი _ რეზო ესაძე. დედაჩემი მეორე დღეს სოფლის საბჭოში გაიქცა და ჩემი დაბადების თარიღი  გადააკეთა 1934 წლად, რომ არავის ესაყვედურა. ასე გავხდი ერთი წლით უფროსი (სინამდვილეში 1935 წელს დაბადებული ).

ჩემი ყველაზე დიდი მასწავლებელი იყო ბაბუა. მან აღმზარდა. არაჩვეულებრივი კაცი იყო, ცოტა უცნაურიც, შინაგანად დიადი, აუჩქარებელი, ჩუმი. ბიბლიური გარეგნობა ჰქონდა, მაღალი, დიდი მხრებით, დიდი ტორებით, დიდი შუბლით, თეთრი წვერით და ცისფერი თვალებით, ერთ წინადადებას იტყოდა, მაგრამ საოცრად ბრძნულს.  მას ყველა უყვარდა. ბაბუა მასწავლიდა, რომ უმნიშვნელო დეტალითვისაც ყურდღება მიმექცია და განსაკუთრებული სიყვარულით მოვკიდებოდი. ასეთი სიყვარულით უვლიდა ყანას. ფეხის საფხეკი დანა ჰქონდა სიმინდის  ყანის შესასვლელთან, ე.წ. ალაგესთან, იქურობა სხვა ადგილიდან წამოღებული მიწით რომ არ შეებღალა...

ბებიას ყურში ცუდად ესმოდა, ზარბაზნის გასროლის ხმას ვერ გააგონებდი, სამაგიეროდ ჩემს ჩურჩულს ტუჩების მოძრაობით იგებდა. რომ დავუყვირებდი, მეტყოდა, რა გაჯღორინებს ბიჭო, ბომბი ხომ არ გაგისკდა ყბაშიო. მეზობელთან ჯერ არ გადავიდოდა, მაგრამ თუ გადავიდოდა, უკან აღარ ბრუნდებოდა. განსაკუთრებულად ემზადებოდა ახალი წლისთვის, დილით უთენია სასთუმალთან შემოწყობილ ტკბილეულს მახვედრებდა. გარეთ თოვდა და ეზოს ბოლომდე ბებიას ჩამოქნილი სანთლები ენთო. ბავშვები თოვლში ფეხშიშველი დავრბოდით. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სოფლის სახლი გავყიდეთ, რადგან დასაფლავების ფული არ გვქონდა. ჩემმა შვილებმა კი წლების წინ სახლი  კვლავ დაიბრუნეს.

ომის პედიოდში ტანზე დაკემსილი ტანსაცმელი მეცვა, ბებია ბაბუას ტანსაცმელს ნაჭერს აჭრიდა და ჩემსას აკერებდა. ერთ დღეს გადაწყვიტეს მსხალი წაეღოთ  გასაყიდად. გურიაში ასეა, პარასკევს და შაბათ-კვირას ბაზარში ჩადიოდა ხალხი, რომ გაეყიდათ რაიმე, ან ეყიდათ.  ამ დღისთვის სოფელში განსაკუთრებით ემზადებოდნენ. ბაბუამ ჩემი წაყვანა გადაწყვიტა. გოდორი შეაკეთა, დიდი თავრჯულა მსხალი დაკრიფა, გულმოდგინედ გაწმინა, გოდორში  ოქროსფერი თივა ჩააფინა და და ხილი ფენა ფენა ჩაალაგა. ბებიამ გოდორს ყველაზე თეთრი, გახამებული ტილო შემოაკრა. ყველაფერი მზად იყო. ერთი თხა გვყავდა, ჭროღათვალება, ის რომ გახუჭა ბებიამ, იმ მაკრატლით მეც გამხუჭა. ბაბუასთან დავწექი იმ ღამეს, დილით რომ არ გადაეფიქრებინა ჩემი წაყვანა, ახლაც მახსოვს მისი სურნელი, ერთდროულად ჩალას, ხეს, მიწას, მზეს რომ გაგონებდა. ამ სურნელით გაბრუებული ძილის ორმოში მალევე ჩავეშვი...

გათენდა... ბაბუა ლოგიონში არ დამხვდა, წამოვხტი, ჭის ცივი წყლით პირი დავიბანე, ერთბაშად გამოვფხიზლდი და წასასვლელად მოვემზადე. ბებიამ პირჯვარი გადაგვწერა, და დაბნელებულზე  შარას გავუყევით.  ვუყურებდი ბაბუას, დიდმხრებიანს, დიდი ტორებით, მიწას უხმაუროდ რომ ეხებოდა და ვგრძნობდი როგორ ძლიერ მიყვარდა,როგორც დიდი, გამჭირვალე სიკეთე, ღმერთის გამოცხადებას რომ ჰგავდა (იქურობა).

ბაზრისკენ აბრეშუმის ფაბრიკის გავლით წავედიით, რადგან გზაზე უსაშველო ტალახი იყო. იმ ადგილას სამხედრო გარნიოზონი იდგა, ჯარისკაცები იქვე ჩამომავალ პატარა რუს პირას ჩამომსხდარიყვნენ. მოგვესალმნენ და ბაბუსა ჰკითხეს, რა მიგაქვსო. შემდეგ კი ხელი გაუწოდეს და თხოვეს მოგვეციო. ბაბუას სახე  გაუნათდა, გოდორი ჩამოიღო, თეთრი ტილო გაარღვია და იქედან თავისი დიდი ტორებით რამდენიმე მსხალი გამოაძვრინა. ბაბუამ გოდორი  დაცალა. ჯარისკაცებმა ფული შესთავაზეს,  არ აიღო. ბოლოს ერთმა მათგანმდა ვერცხლის პორტსიგარა გაუწოდა., რომელზეც რაღაც ეწერა, თუმცა ჩვენ რუსული არ ვიცოდით. ~იმ საღამოს სახლში რომ დავბრუნდით ჩემი მშობლები დაგვხვდნენ, რომ წაიკითხეს პორტსიგარაზე რა ეწერა, ჩემი ძმა ისევ ქალაქში გაუშვეს, მის დასაბრუნებლად. თუმცა ჯარისკაცები უკვე ფრონტზე წაეყვანათ. ეს ნივთი ახლაც სახლში გვაქვს, მასზე ეწერა; ძვირფას კოლიას საყვარელი ცოლისგან....

სიყვარული

შეყვარებული ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ საბავშვო ბაღში რომ ამალია მიქაბერიძე მიყვარდა, ის სულ სხვა იყო. ყოველ დილით მისთვის ვაშლი მიმქონდა, რადგან ამალიას ვაშლივით ლოყები ჰქონდა. პირველ კლასში მიყვარდა მასწავლებელი, მარუსია დოლიძე, ძალიან ლამაზი გოგო იყო. რომ მომიახლოვდებოდა, თავბრუ მეხვეოდა. მესამე კლასში ნონა სვანიძე შემიყვარდა. ჩემი მეუღლის გაცნობაზე და სიყვარულზე შემდეგ გიამბიობთ, ძალიან უცნაური და მოულოდნელი ამბავია, ჩემთვის დამახასიათებელი.

ერთხელ თხას წითელი ჰალსტუხი შევაბი და კლასში შევიყვანე.  ჩემი კლასელები პიონერულ ფიცს ამბობდნენ, სამხედროს მასწავლებელმა ჩამავლო ხელი და დირექტორთან შემათრია. დაიბარეს ბებიაჩემი და ბაბუაჩემი . ეს უკანასკნელი კი ანარქისტი იყო. ბაბუა გარეთ იცდიდა, ეზოში, ბებია კი დირექტოს უსმენდა, რომელიც ცდილობდა მისთვის აეხსნა ჩემი დანაშაულის სიმძიმე. მე ვიდექი მისი გახუჭული თმით და ვისმენდი ამ ყველაფერს, როცა დირექტორმა სიტყვა დაასრულა ბებიამ ლოყაზე წაივლო ხელი და ჩემს გასაბდღვნელად გამოიწია. ამ დღეს ბაბუამ, თავის სიცოცხლეში პირველად, დედა შემაგინა. ბევრჯერ მომიყოლია ჩემი სოფლის ამბები რეზო ინანიშვილისთვის, შურით მისმენდა. ამ ამბებს ერთი წიგნი ვერ დაიტევდა, ალბათ ამიტომ ვერ ვიღებდი ფილმს გურიაზე. შემიკურთხებდა ხოლმე სესილია თაყაიშვილი ამის გამო. თითქმის მთელი ქვეყნიერება მოვიარე და იცით რაში დავრწმუნდი? რომ ყველა კარგი წიგნი რაც წამიკითხავს, არ წამიკითხავს, ცოდნა კი იმისთვის არსებობს, რომ ბეჭედი დაესვათ ჩემი ბავშვობისდროინდელი გამოცდილებისთვის,. ერთხელ მიხაილ რომმა მითხრა : ჭეშმარიტება, რომლის საძებნელადაც შენ ჩემთან მოხვედი, თავად შენშია და მე მხოლოდ მის მოძებნაში შემიძლია დაგეხმაროო.

თბილისი, მე-19 სკოლა

როცა ჩემმა ძმამ, გივიმ ოზურგეთის სკოლა დაამთავრა, ჩემი მშობლები აიბარგნენ და თბილისში გადმოვედით. გივი უმაღლესში მოეწყო, ომი ახალი დამთავრებული იყო. ჩვენი სახლი  ჩუღურეთში, არსენალის ქუჩაზე იყო, დიდ აღმართზე. ეს არსენალის ქუჩა ცალკე სამყარო იყო, მსოფლიო რუკაზე ცალკე გამოსატანი. ყველაზე ხმაურიანი ქუჩა რკინიგზის პირას. მატარებლის კივილი, ქარხნის საყვირის ხმა, აღმართში ამავალი და ჩამავალი მანქანების ხმაური, ძაღლების ყეფა, ახალგაღვიძებული ხალხის გადაძახილი, მეზობლების ჩხუბი, ყაყანი, სიცილი, სიმღერა.... ამ დროს ვირზე ამხედრებული მემწვანილე....  მაშინ სახლებს ისეთი დიდი რაფები ჰქონდა, სუფრა გაიშლებოდა, ასეთ  რაფაზე გაკვეთილებს ვამზადებდი. რაც „ერთი ნახვით შეყვარებაში“ აღვწერე, ყველაფერი იმ ფანჯრიდან მქონდა დანახული. ერთი მოზრდილი ოთახი გვქონდა. მე ხატვა ადრიდანვე დავიწყე და სინათლე რომ მყოფნოდა, ელექტროლამპა მჭირდებოდა. ვსწავლობდი ვაჟთა მე _19 სკოლაში, კიევის ქუჩაზე. დიდად ვმეგობრობდით ქალთა 23_ ე სკოლასთან. -ამ უკანასკნელს კარგი ეზო ჰქონდა, სადაც  ფეხბურთის სათამაშოდ ხშირად დავდიოდით. იქვე, კამოს ქუჩაზე იყო დიდი უნივერმაღიც. ერთ დღეს ამ უნივერმაღში მაგიდის ლამპა ვნახე, იმ ღამეს ჩემებმა დიდხანს ითათბირეს, დანაზოგი ფული გამონახეს და მეორე დღეს მე და დედამ ერთად შევიძინეთ.

გალაკტიონი

„უნივერმაღის პირველ სართულზე ლამპას ვარჩევთ, დედა კი სხვა მხარეს იყურება. გავიხედე, კიბესთან, მაღალ სვეტთან დგას უზარმაზარი, წვერიანი კაცი. ნაცნობი სახით. აცვია მუხლზემოთ პალტო, სახელო აქვს გაქექილი, ძაფები მოუჩანს, დასაუთოებელი შარვალი აცვია.

ბატიბუტს თუ მზესუმზირას მიირთმევს, წვერზე ნამცეცები აყრია. დაჟინებით მიყურებს.  მე და დედამ ლამპა ვიყიდეთ და გამოვედით, ის ჩვენსკენ დაიძრა. გვერდით რომ დამიდგა, საყელოში ხელი ჩამიყო, და კისერში შემომკრა, მერე დედას მიუბრუნდა და უთხრა: ამას მაგარი კისერი აქვს! უკვე მოხუცი ვარ, მაგრამ ჩემს ზურგს ეს მახსოვრობა დღემდე გამოჰყვა, ეს სხეულის მახსოვრობაა. გალაქტიონის იმ შეხებას განზომილება არა აქვს, მთელი ჩემი სხეული სავსეა ამ ხსოვნით. მისი ტოლი მოღვაწე არ ყოლია საქართველოს.

გურამრჩეულიშვილი

მე და გურამი ერთ სკოლაში ვსწავლობდით, კიევის ქუჩაზე. ვაჟთა მე-19 სკოლაში. დირექტორი ლავროსი კოტრიკაძე იყო. ფანტასტიკური პედაგოგები გვყავდნენ. ლიტერატურას იაშა ბურჭულაძე გვასწავლიდა, დიდებული პოეტი, ვახტანგ გორგანელის, შალვა ამისულაშვილის, მურმან ლებანიძის პლეადის კაცი. ისტორიას გვასწავლიდა ვახტანგ როდონაიას მამა სამსონ როდონაია, იმ აკრძალულ ეპოქაში ისე შემოგვაპერებდა შუმერებს, ქართველთა წარმოშობას, ვინ ვართ ჩვენ, ქართველები, პირდაღებულები ვუსმენდით. ერთი ჩვევა ჰქონდა, ვიდრე ასეთ თემაზე ლაპარაკს დაიწყებდა, მივიდოდა ფანჯარასთან და ეზოში გადაიხედავდა ვინმე ჩამშვები ხომ არ დგასო. სხვათაშორის მამაჩემმაც ასე იცოდა, ხელისუფლებას რომ აკრიტიკებდა, ჯერ ეზოს დაზვერავდა.  მახსოვს რუსულის პედაგოგი თამარ ჯაფარიძე, გეოგრაფიის-სიმონ ხუნდაძე. დღევანდელი განათლების სისტემის ფონზე იმ ხალხს განსაკუთრებულ პატივ ვცემ.

გურამ რჩეულიშვილი ჩემზე ერთი კლასით უმცროსი იყო. სკოლის კედლის გაზეთს ერთად ვუშვებდით, ბატონი იაშას მეთაურობით ხან გურამი იყო პროზაიკოსი, მე კი პოეტი ხან კი პირიქით. გაზეთს ერქვა „დამაკვირდი“. არაჩვეულებრივი ლიტერატურული გარემო შვქმენით, მოწაფეები შემოგვნატროდნენ. შემდეგ გურამი სახელოვანი მწერალი გახდა. სულ მეუბნებოდა, კოჯორში ისეთი ოთახი მაქვს, ფანჯრიდან ორ კილომეტრში გზაზე მომავალს დაინახავო, წავიდეთ იქ, შენ ხატე, მე დავწერო. ეს ოცნება ვერ ავისრულეთ. შაბათ-კვირას ავიკრებდით გუდა-ნაბადს და ქალაქიდან გავდიოდით. სამხედრო გზა ყაზბეგამდე რამდენჯერმე გვაქვს გავლილი. ვსვამდით კიდეც. ყველა ძეგლი და კენჭი ზეპირად ვიცოდით.

ერთხელ, გერგეთის სამებაზე ვართ, გვიან ღამეა, ზაფხულის არდადეგებია დაწყებული. გვიყვარდა იქ საძილე ტომრებში ღამის გათევა. იმ დღეს ძალიან დავთვერით. სასწაული ცა იყო, სასწაული დაფლეთილი ღრუბლებით, ღელის ხამაური გვესმის. გატრუნული ვწევარ, მგონია გურამს სძინავს და უცებ: რეზო მოდი გავფრინდეთ! პასუხს არ ვცემ, ვდგები, ტომრიდან ამოვდივარ, გურამი იწყებს ღრიალს მეც ავყევი, უნდა გავფრინდეთ. უცებ, ფრიალოს სიღრმიდან მოხუცმა კაცმა ამოყო თავი, მოჩვენება გვეგონა თეთრი წვერით და ბიბლიური გამოხედვით.

რა მოგივიდათ შვილებო? გვკითხა მან, ხედავს მთვრალები ვართ და „გაფრენას ვაპირებთ“ კაცი ფეხებზე შემოგვეხვია, ნუ იზამთ მაგას, ნასვამები ხართ, კაი ბიჭები ხართ, წამოდით ჩემთან, მე მოგივილით, ცხვარსაც დაგიკლავთ, ხინკლებსაც გაგიკეთებთ. ჩვენ უარზე ვიყავით, არ ვთმობდით ჩვენსას ამ დროს ქვემოდაან ბავშვი გამოჩნდა, დაიწყო იმ ბავშმა ტირილი. 9-10 წლის იყო ზურიკო ერქვა _ იმ  მოხუცის შვილიშვილი. აჰყვა ბაბუას და იმანაც გულამოსკვნილი ტირილი დაიწყო. პირველად გურამი მოეგო გონს, მოხუცს მოვეხვიეთ და თან წავყევით. იმან იმ ღამით ისე დაგვათრო, გაფრენის კი არა, ფეხზე დგომის თავი აღარ გგვქონდა. მეორე დღეს გამოგვაცილა. მოხუცი გვარად სისაური იყო მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მასწავლებლად ვიმუშავე, ვგიკში წავედი, ლენინგრადში ვიმუშავე და საქართველოში რომ დავბრუნდი ჩვენი გადამრჩენლის ძებნა დავიწყე. ის კაცი ვერსად ვნახე...

უნივერსიტეტი

თბილისის ვაჟთა მე-19 სკოლის დათავრების შემდეგ საოჯახო  საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: დედა, მამა, ძმა, ბიცოლები, ბიძიები, დეიდა, ბებია-ბაბუები, ბაბუის ნათლულიც კი, მსჯელობა დაიწყო, რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა. მე ისტორიკოსობა მსურდა. არ გრცხვენია ბიჭო, ბლატუნიე ნესტორიე ერქომაიშვილი რომააა იგი უნდა გამოხვიდე? ჯავახიშვილს, ბერძნიშვილს, ჯანაშას კი არ იხსენებდნენ, მაინც და მაინც ბლატუნიე ნესტორიე ახსოვდათ. ერთი სიტყვით ჟურნალისტობა გადავწყვიტე.

საბუთების მიღებაზე უნივერსიტეტში ვეებერთელა რიგი იდგა, გამოვძვერი იქიდან სულშეხუთული. კიბეზე კონო ჩხარტიშვილი შემომხვდა, ჩემი თანასოფლელი, თბილისის მე-19 სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით, წამიყვანა მეორე კორპუსში და ფიზიკის ფაკულტეტზე შემატანინა საბუთები ისე რომ, ვერაფერს მივხვდი. ასე აღმოვჩნდი 1951 წელს კონოსთან ერთად ფიზიკის ფაკულტეტზე. ის წლები უძვირფასესია ჩემთვის, მაშინ უნივერსიტეტის რექტორი ნიკო კეცხოველი იყო. რამდენჯერმე ვცადე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადასვლა, მაგრამ მას გაგონებაც არ სურდა ამის.

პირველი კურსიდან უნივერსიტეტის ყოჩი ვიყავი სტუდენტურ თეატრში ვთამაშობდი. გოგოლის „რევიზორი დაიდგა“, სადაც დობჩინსკის როლი ვითამაშე, ნიკო კეცხოველს ისე მოსწონდა ჩემი გამოსვლა, დარბაზში მხოლოდ ამ ეპიზოდის სანახავად შემოდიოდა.  ჩემგან კარგ ფიზიკოსს ელოდნენ, იმდენად კარგს, რომ კათედრაზეც კი დამტოვეს და მე-4 კურსისს სტუდენტს სკოლაში საათები შემომთავაზეს. საოცარ თაობასთან მომიწია ურთიერთობა.

სტალინი

ხელებს ვწევ და გბარდებით, სტალინი მიყვარდა! მამაჩემს მასზე ცუდი არასდროს უთქვამს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ 24 წელს ქაქუცას მოძრაობაში მიუღია მონწილეობა გურიაში და დახვრეტას ძლივს გადაურჩა 37-ში. რომ ვკითხე, მამა, ეს რატომ არ ვიცოდითქო, შენი სიცოცხლის გამო, მეშინოდაო. 1953 სტალინი რომ გარდაიცვალა მეხი დამეცა, მაშინ 19 წლის ვიყავი. გაგიკვირდებათ და, სტალინის და ბებიაჩემის სიკვდილი ერთნაირად განვიცადე. მოგვიანებით ჩემს  რწმენას ბზარი შეეპარა, მივხვდი მთლად კარგად რომ არ იყო საქმე, მაგრამ მაინც ვიცავდი, სტალინის კი არა, უკვე ჩემს საკუთარ  რწმენას. მოგვიანებით ეს ჰამლეტის ხასიათის გახსნაში დამეხმარა.   1956 წლის მარტში გამოსვლებში მეც ვმონაწილეობდი. ერი კვირა ვიდექით სტალინის ძეგლთან. მთელ ქალაქში სინათლე გამორთეს, ჯარისკაცები ხიშტებით წამოვიდნენ ჩვენსკენ. მე ტანკი მომდევდა, ჩუღურეთის სახურავებზე ბრაგაბრუგით ძლივს მივაღწიე სახლამდე. კიბეზე ვეღარ ავედი ჩემმა  ძმამ ხელით ამიყანა და ლოგინზე დამაწვინა. მთელი ღამე ჩემს სასთუმელთან გაათენა მამამ. იმ ღამეს ბევრი დააპატიმრეს. დილით უნივერსიტეტში წავედი, სააქტო დარბაზი გადაჭედილი დამხვდა, პრეზიდიუმში პედაგოგები ისხდნენ. იმ დროინდელმა რექტორმა-ვიქტორ კუპრაძემ სტუდენტების გამართლება დაიწყო.  დარბაზში ოვაცია ატყდა. ამ დროს კარი გაიღო და შემოვიდა გალაქტიონი, შუაზე გაყოფილი შეთხელებული თმით, ლურჯი ორბორტიანი გაქექილი კოსტიუმით, ხელში თავისი ბრტყელი, ორსაკეტიანი პორტფელით. ყველა შეთქმულივით მისკენ მივტრიალდით. გალაქტიონმა დერეფანი გაიარა, კიბეზე ავიდა, კათედრას მიუახლოვდა, პორტფელი გახსნა, იქედან ქაღალდი ამოიღო და დაიწყო: ჯერ არასდროს აარ შობილა მთვარე ასე წყნარი... ხმა უთრთოდა, ცახცახებდა. ლექსის კითხვა რომ დაამთავრა, ქაღალდი პორტფელში ჩადო კათედრიდან ჩამოვიდა და დარბაზიდან გავიდა... უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ჩემს სიცოცხლეში 2-ჯერ მქონდა გალაქტიონის ნახვის ბედნიერება.

23-ე სკოლა

მოსწავლეებთან მეგობრული ვიყავი. მახსოვს, დაფაზე ამოცანის ფორმულებს ვწერ და წკაპუნის ხმა შემომესმა. ახსნას თავი დავანებე და პირდაპირ  იმ მოსწავლისკენ წავედი რომელიც ხმაურობდა. კლასი შეიშმუშნა, ელოდა რომ დავტუქსავდი, მე ვუთხარი, არ გცოდნია წკაპუნას გაკეთება, გამოვართვი ფირი და მის თვალწინ გავაკეთე. ბავშს გაკვირვებისგან თვალები გააუფართოვდა მთელი კლასი გაგიჟებული მიყურებდა. ამ დღიდან მე გავხდი მათი უსაყვარლესი მასწავლებელი. ჩემი მოსწავლეები იყვნენ: ჟანრი ლოლაშვილი, გოგი ავთარაძე, ლია გუდაძე, იზა ორჯონიკიძე და სხვა მრავალი დღეს ცნობილი ადამიანი. სკოლაში სამი სპექტაკლი დავდგი, მათ შორის:  „შემოდგომის აზნაურები“. გაზეთსაც ვუშვებდით, ექსკურსიებზეც დავდიოდით, სურათებს მე ვიღებდი და  ვბეჭდავდი. სავსე მქონდა სახლი მათი ფოტოებით.

ლადო გუდიაშვილი

1956 წელს ლადო გუდიაშვილმა გამოფენა მოაწყო, სასწაული იყო. ამ გამოფენამ ტვინი ამოგვიტრიალა. გუდიაშვილი ჩვენი თაობის კერპად იქცა... არსენალის შოსეზე სახლში ვარ, ფანჯარასთან  ვზივარ,  ვხატავ,  ვწერ, ან ვკითხულობ. უცებ თავი ავწიე, და ჩქარი ნაბიჯით ჩემს ოთახში შემოსული გოგი ქავთარაძე და მამამისი დავინახე, ხმამაღლა ყვიროდნენ. თურმე ჩემი ნახატები მოუპარავთ და ლადო გუდიაშვილთან წაუღიათ. მითხრეს ლადო გიბარებსო. სასწრაფოდ ჩავიცვი ლადოსთან წავედით. დღეს იმ ქუჩაზე მისი სახლმუზეუმია. ზარი დავრეკე, საოცრად ვნერვიულობდი კარი მისმა ცოლმა გამიღო. ამიყვანა ზემოთ და შემიძღვა ოთახში, სადაც ნახატები იატაკიდან იწყებოდა (ჭერი 4-მეტრამდე გრძელდებოდა). უცებ ამ ფანტასტიკურ სამყაროში ჩაძირულმა, მხარზე ვიღაცის ხელების, უფროსწორად ტორების შეხება ვიგრძენი. ეს იყო საოცარი ემოცია, რომელმაც სავარძელს მიმაჯაჭვა. ამ დროს ზურგიდან ლადო გუდიაშვილის ხმა შემომესმა:  „ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით. არ მეგონა, თუ დღეს საქართველოში არსებობდა  ასეთი აზროვნებისა და მანერის მხატვარი. შემდეგ მოტრიალდა და გადამეხვია.

ბატონი ლადოს სარეკომენდაციო წერილი მოსკოვში ძალიან გამომადგა. მისმა მეგობრებმა საჭირო დახმარება გამიწიეს. ასე გავიცანი და დავუახლოვდი იქ მოღვაწე, ინტილიგენტ ქართველებს: მიხეილ ჩიქოვანს და დავით არსენიშვილს. მათი წყალობით შევხვდი მოსკოვის შემოქმედებითი სამყაროს წარმომადგენლებს და თეატრალურ მოღვაწეებს.

მოსკოვი, ვგიკი

იმ წელს კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში 1300 განცხადება იყო შესული, ქართველებიდან აბარებდნენ:  მიშა კობახიძე, ვახტანგ მიქელაძე (ევგენი მიქელაძის ვაჟი), ქართლოს ხოტივარი, რომლებიც იზრდებოდნენ ხელოვანთა ოჯახში. მე რომ შემხედეს ხელი ჩაიქნიეს, ჩვენი კონკურენტი არააო. ჩემი სოფლის წყალ-ჭალის გარდა აბა რა მქონდა ნანახი, ფიზიკის ფაკულტეტი კი დავამთავრე მაგრამ მხოლოდ ენერგიის შენახვის კანონი და ფარდობითობის თეორია ვიცი, რუსული- ისე რა. აი ასეთი კაცი ვარ მოსკოვში ჩასული ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში ჩასაბარებლად. ჟიურიში სხედან საბჭოთა კინოს ოსტატები გერასიმოვი,  მაკარევა, რომი და სხვები. თუმცა წარმოდგენა არ მქონდა ვინ-ვინ იყო. ამ დროს ჩემი რიგი მოვიდა ჯერ კრილოვის იგავ-არაკი წავიკითხე „მაიმუნი და სათვალე“, მერე ჩეხოვის ნაწყვეტი ბოლოს  „შემომეყარა ყივჩაღი“-ქართულად. ლექსი ისე განვასახიერე მადლობა გადამიხადეს. გამომცდელებს დავემშვიდობე და კარისკენ დავიძარი. ამ დროს, რომის გვერდით მჯდომმა კაცმა მითხრა მიხაილ ილიჩს მოეწონეთო და უკან მიმაბრუნეს. ჟიურიმ ასეთი დავალება მომცა, მეორე მსოფლიო ომი მიდის, შენ მუშაობ საფოსტო განყოფილებაში და ამანათი უნდა გაგზავნო, იღებ ამანათს, ხსნი და უნდა მოგვიყვე რა დევს შიგნით და ა.შ. მოსაფიქრებლად ხუთი წუთი მქონდა, მე ეს დროც არ გამოვიყენე იმ წუთს დავიწყე თამაში. მთელი ჩემი ბავშვობა ხომ ომში გავატარე,  გაუკვირდათ. დედა შვილს ამანათს უგზავნის ფრონტზე მისამართს ქიმიური ფანქრით აწერს, ბოლოში რამდენიმე ასო წაშლილია, შეიძლება დედის ცრემლიც კი დაეცა და წაშალა. ამანათს თავსახურს ვხსნით და გადავაბრუნებთ შიგნითაც მისამართი აწერია, ეს დედის ფიქრის შედეგია. ამანათი წვიმაში რომ მოხვდეს მისამართი შეიძლება წაიშალოს, მაშინ გახსნიან და მეორე მხარეს ნახავენ, კომისიის წევრები ერთმანეთს უყურებენ... დედამ წერილი მეზობლის გოგოს, ფუცუს დააწერინა, რადგან თავად წერა უჭირს, თვალს აკლია. ამ ყველაფერს რუსულად ვყვები, რაც საკმაოდ მიჭირს. დედა შვილს ყველაფერს ორ-ორ ცალს უგზავნის- ჯემპრს,  წინდას,  ქუდს და წერს: შვილო ერთი შენთვის დაიტოვე და მეორე ისეთ მეგობარს აჩუქე ვისაც დედა არ ჰყავს. ღმერთმა ორივე მშვიდობით ჩამოგიყვანოთ. ჟიურის წევრები ჩურჩულებენ, ზოგი ცრემლს იწმენდს უეცრად რომს სახე უნათდება და ხმამაღლა აცხადებს ეს ახალგაზრდა ჩემთან ისწავლის. ამის თქმაზე ყველა წამოიშალა შემომეხვივნენ და მილოცავდნენ.

რომს წესად ჰქონდა პირისპირ ჯგუფის წევრებთან შეხვედრა და საუბარი დღემდე მახსოვს ეს დიალოგი, უფრო სწორად მიხაილ რომის ჩემდამი მომართული დიალოგი. „შენ აქ ჭეშმარიტების საძებნელად ჩამოხვედი რეზო, მაგრამ ჭეშმარიტება აქ კი არ არის, საიდანაც ჩამოხვედი იქ არის, მისი ნაწილი კი _შენშია. მე არ შემიძლია რეჟისორობა გასწავლო, კაცმა რომ თქვას ეს შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები ერთად მოვძებნოთ ის ბილიკი, რომელიც შენს საკუთარ გზაზე გაგიყვანს. აი ამ გზით შეიძლება მიხვიდე ჭეშარიტებამდე, შეიძლება ვერა, ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული.“ იმ წელს რომის სახელოსნოში საწვლობდნენ: ანდრეი მიხალკოვი (შემდგომში კონჩალოვსკი), ანდრეი სმირნოვი- ორივეს მამა საკავშირო მწერალთა კავშირის თავჯდომარე იყო სხვადასხვა დროს, ბორის იაშინი, სასახლეებიდან გამოსული ხალხი და მე კოწიე ესაძის შვილის შვილი. მიხაილ რომი უნდა ყოფილიყავი, რომ ასე განსხვავებულ გარემოში გაზრდილები ერთდროულად მიგეღო.

მოვიდა ის დრო, სადიპლომო ფილმი რომ უნდა გადამეღო, ერთადერთი ვარ არარუსი სტუდენტებიდან, რომელსაც ელის „მოსფილმი“. აი აქ გამეჭედა, რა უნდა გადავიღო ამ ვეებერთელა მასალიდან ვერ ვირჩევ ვერაფერს. ბევრი ფიქრის შემდეგ  ყურადღება შევაჩერე ანდრეი პლატონოვზე, რომელიც დაჭერილი იყო და შემდეგ გარდაიცვალა. რომმა მიშოვნა მისი მოთხრობები და შეიძლება ითქვას პლატონოვით დავსნეულდი. გავიცანი მისი მეუღლე და ქალიშვილი მარია, სახლშიც კი ვესტუმრე. დავწერეთ სცენარი „ფრო“ პლატონოვის მიხედვით, გადავიღეთ და პირველივე ჩვენების შემდეგ რვა ნაწილიდან ორი ამოჭრეს და იქვე დაწვეს, სხვათაშორის, ამ ფილმში მოანაწლეობდა ალისა ფრეინდლიხი. შემდეგ იყო „ერთი ახალგაზრდა ცხოვრების ოთხი ფურცელი“, ეს ფილმი ყველაზე ნაკლებად მომწონს თუმცა ყველზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

„ერთი ნახვით შეყვარება“
            ეს ფილმი სრულიად შემთხვევით გადავიღე, იმიტომ რომ, სცენარი, რომლზეც ოთხი წელიწადი ვიმუშავეთ _  არ დაგვიმტკიცეს. თუმცა კინოსტუდიამ იგი წლის საუკეთესო სცენარად აღიარა. ავტორი ედუარდ ტოპოლი იყო, მაგრამ ამ ფილმის  გადაღებაზე ყველამ უარი თქვა. მე გადავწყვიტე,გადამეღო. ფილმის წარმატების მთელი სიმძიმე იყო ბიჭის მონახვა რომელიც მთავარ როლს ითამაშებდა თუ ბიჭი ვნახეთ, ეს ნიშნავდა, რომ 50% ფილმი გამარჯვებული იყო. შემოვიარეთ მთელი ქვეყანა და ეს ბიჭი ვერ ვნახეთ. ჩამოვედი თბილისში, არც აქ ჩანს. გადავწყვიტე ფილმის გადაღებაზე უარი მეთქვა. უცებ დედაჩემი მეუბნება იმ ქუჩაზე თუ იყავი, ჩვენ რომ ვცხოვრობდით, შენი სწავლის დროსო? ეს  იყოს საბჭოს ქუჩა და არსენალის შოსე.  მივედი, დავდივარ აქეთ-იქით, ვხედავ ბიჭები შეჯგუფებულან, ვუყურებ და „ვახახაო“ გადაიხარხარა ერთმა, უკან გადმოხტა და სახასიათო მოძრაობა გააკეთა. აი მთავარი გმირი! შენ ხარ! ვეუნები. გადაირივნენ ბიჭები, შემომყურებენ,  რა დიდი ყარამანი მე ვარო მიპასუხა ბიჭმა.

- ნუ გეშინია შვილო კინო რეჟისორი ვარ, კინოში გათამაშებ, მთავარი გმირი იქნები. ხელიდან გამისხლტა ძლივს დავარწმუნე, ასე ვიპოვე ვახტანგ ფანჩურიძე რომელიც იმ წელს სკოლას ამთავრებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა იყო კინო აპარატი.

ვახტანგი ლენინგრადში დედასთან ერთად ჩამოვიდა. გადასაღებ მოედანზე მქუხარე ტაშით შეეგებნენ. ყველას უცებ შეუყვარდა. იყო სუფთა წყარო რომ იბადება_  ისეთი. სუფთა სულით და სუფთა სივრცე მოჰქონდა თან, ჯანმრთელი სივრცე, თან სხარტი იყო.

ნიჭიერების თხუთმეტ წუთში შეფასება დიდი დანაშაულია. თუ ერთს პირველივე შეხედვით შეამჩნევ ნიჭიერებას, მოისმენ, დაინახავ და მორჩა, შენია, მეორესთან გავა ერთი დღე, ორი, ან ერთი თვე, ერთი წელიც კი და შემდეგ შეიძლება ყველას აჯობოს. ასე რომ ჩემთან მთელი წელი ტარდება მისაღები გამოცდები.

„ერთი ნახვით შეყვარებისთვის“ დაგვრჩა შესარჩევი გოგონა, ახლა მას ვეძებ. დავდექი ნევას პროსპექტზე, ერთი საათი გავიდა არავინ ჩანს. ვხედავ მოდის ორი გოგო, მივუახლოვდი და შევძახე: ეს შენ ხარ!. კინორეჟისორი ვარ ,მთავარი როლის შემსრულებელს ვეძებ, ვაჩვენე „ლენფილმის“ მოწმობა და ვეუბნები ჩემი გადაღებულია „ ერთი ახალგაზრდა სიყვარულის ოთხი ფურცელი“(ყველაზე უნიჭო ფილმი, რომელიც არ მიყვარს) მან კი „ჩემი საყვარელი ფილმიაო“ მითხრა. ერთი სიტყვით  გოგონაც ვიშოვე. „ლენფილმში“ პირველ ჩვენებას არნახული აჟიოტაჟი მოჰყვა, აღფრთოვანებულმა ახალგაზრდებმა ხელში ამიტაცეს და ისე მატარეს. თუმცა სტუდიაში ფილმი ნეგატიურად მიიღეს, კედელზე ბრძანებაც კი გამოაკრეს  „ფილმი აიკრძალა და ამხანაგი ესაძე ოთხი წლით დისკვალიფიცირებულია!“.

ყველაფერი ფილმის სცენარის ავტორის,  ტოპოლის გამო მოხდა, რომელიც მეამბოხე ტიპი იყო. ეს ამბავი ძალიან განვიცადე, მთელი ღამე არ დამეძინა. შუაღამეს ტელეფონმა დარეკა, ავიღე ყურმილი, რეზო ჩხეიძეა. არ მესიამოვნა, მეგონა ჩემი ამბავი გაიგო. _რა გჭირსო მკითხა, ჩემს ფილმს ეკრანზე არ უშვებენ და სტუდიიდანაც მაგდებენთქო.  ფილმი სად არის, შეგიძლია მოიპარო და თბილისში ჩამოხვიდეო? გზის ფულიც არ მქონდა, დილის ცხრა საათზე გამომიგზავნა. მეორე დილით  მე და ოპერატორი წავედით სტუდიაში, მოვიპარეთ ფირი და თბილისში გამოვფრინდით. კინოსტუდიის სამხატვრო საბჭო შეკრებილი დაგვხვდა. ამ საბჭოში შედიოდნენ: რეჟისორები, მხატვრები მწერლები, კომპოზიტორები და კრიტიკოსები. დავიწყეთ ფილმის ჩვენება, საოცრად ვღელავდი... ტიტრები რომ გავიდა ეკრანზე მაყურებელი წამოიშალა, ყველა ცრემლს იწმენდდა, მეხვეოდნენ და მეფერებოდნენ. მეორე დღეს რეზო ჩხეიძე და აკაკი დვალიშვილი გაფრინდნენ მოსკოვში და“ლენფილმიდან“  ჩემი სურათი გამოითხოვეს.  ერთი სიტყვით ასე მოვდიოდი, აღიარებას უარყოფა მოსდევდა, უარყოფას-აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი გავხდი ერთი წუთითაც არ ვკარგავდი ურთიერთობას ფიზიკასთან, რადგან ფიზიკა და მათემატიკა ყველაფრის საწყისია.

კინოსტუდია „ქართული ფილმი“

კინოსტუდიაში პირველად თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ მიმიყვანეს. უნივესიტეტის თეატრში სპექტაკლს რომ ვთამაშობდი მაშინ. რეზო „ჩვენ ეზოს“ იღებდა, თენგიზი კი „სხვის შვილებს“. მაშინ დაბალი, დიდთავა სტუდენტი ვიყავი, მაგარამ სკოლის მოსწავლეს ვგავდი, კინოსტუდიაში კი ლამაზ ბიჭებს იწვევდნენ. იქ რომ მივედი, ჩემი სკოლელ ვაჟა მაჩაიძეს შევხვდი,  რომელიც ხმის ჩამწერ განყოფილებაში მუშაობდა, რომ დამინახა გადამეხვია, ხელში ფირის რკინის კოლოფი ეჭირა. ვკითხე, შეიძლება შევეხოთქო, აიღეო მითხრა, ცარიელია და თუ გინდა გაჩუქებო. წამოვედი, სტუდიიდან სახლამდე დახლოებით ხუთი კილომეტრი იყო და სულ ფეხით ვიარე, მინდოდა ყველას დაენახა, რომ ფირის კოლოფი მეჭირა. დიდხანს მედო ეს რელიქვია ჩემს საწერ მაგიდაზე, ასეთი იყო ჩემი პირველი შეხვედრა კინოსტუდიასთნ.

„ნეილონის ნაძვის ხე“
სტუდიის ეზოში ხალხში იდგა ამირან დოლიძე და ყვებოდა როგორ იმგზავრა თბილისიდან რაიონში მეეუღესთან ერთად განცვიფრებული იყო. ყველა ხალისითა და ინტერესით უსმენდა. ამ დროს მეც მივუახლოვდი. ამირანი ამბობს, მერე ამოვიდა შენნაირი პატარა კაცი, იმან დღე გვაყარა, სულში გვაფურთხა თქვე ბანდიტებოო. მერე რა ქენი, არ გალახეთ? არ ჩააგდეთ მეთქი? არაო მითხრა-აი მაგაზე უნდა გაკეთდეს ფილმი, თქვენ რომ ის  არ გალახეთ და არ ჩააგდეთ, ეს ნიშნავს, რომ სიმართლე გითხრათ. დამნაშავე კაცი შინაგანად ხელ-ფელ შეკრულია, ის ყოველთვის პასიურია და ითმენს დამცირებას. მაღალი მორალისა და ზნეობის ადამიანი დამცირებას ვერ მოითმენს და პროტესტს გამოხატავს. ამირანს ვთხოვე ყველაფერი დოკუმენტურად ჩამოეწერა.  სცენარი თორმეტ დღეში მზად იყო, თუმცა ოთხჯერ დაგვიწუნეს და ოთხჯერ დაგვიმტკიცეს. 1985 წელს „ნეილონის ნაძვის ხე“ აღიქვეს, როგორც ანტიქართული მოვლენა, მე კი ანტიქართველად შემრაცხეს.  შემდეგ აღმოჩნდა,  რომ მთელი საქართველო ასეთი ავტობუსია სამწუხაროდ!

ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა ბერლინში, ფილმის დამთავრებისას,  ერთმა ამერიკელმა მითხრა: თქვენ ყველა ასეთი ლამაზები ხართ? ეს მხოლოდ თქვენი ავტობუსი კი არაა, ჩვენც ამ ავტობუსში ვზივართ და ჯანდაბაში მივექანებითო. აღმოჩნდა, რომ ის ავტობუსი საქართველოსაც გასცდა. ფილმის დამთავრებამდე თენგიზ აბულაძემ წერილი გამომიგზავნა: „ჩემო რეზო მიხარია რომ ისეთ დიად ხელოვნებაში, როგორიც ძალზედ იშვიათად არის ხოლმე კინო, ერთსა და იმავე სტუდიაში, ერთდროულად მოგვიწია მოღვაწეობა. ვამაყობ შენით, შენი პიროვნებით, ხელოვნებით და გულის ფანცქალით ველი შენს ყოველ ფილმს. განსაკუთრებით კი, იმ ფილმს, რომელსაც მალე ყუმბარასავით დაგვიდებ. რაც შეეხება ნახევარ საუკუნეს, იგი ჩემო ძამო და მეგობარო ადამიანთ სიცოცხლის მხოლოდ შუა წელია, უკეთესი ნახევარი წინაა. გისურვებ სიმხნევესა და მუდამ შემოქმედებით განწყობილებას. ყოფამ შეიძლება ყოფა გიტიროს, ჩაძირვით კი  ვერ ჩაგძირავს. შენ სხვა გორისა ხარ! პატივისცემით თენგიზ აბულაძე.“

P.S ქვეყანა მოვიარე ყველგან ვყოფილვარ უამრავ ხალხთან მიმუშავია და მიცხოვრია. მოკლედ, ის ფასეულობები რაც ჩვენ გაგვაჩნია სხვებსაც აქვს, მაგრამ არა ისე როგორც ქართველებს. ჩვენ იმ კომუნისტურ რეჟიმშიც თავისუფლები ვიყავით, თავისუფლების გარდა ყველაფრის თამაში შეიძლება, თვისუფალი ან  ხარ ან არა. ქართველი თავისუფალია თავისი არსით, ვინც ამას არ გაითვალისწინებს _ აუცილებლად დამარცხდება.

კომენტარის დამატება

განცხადების დაფა
გამოკითხვა
სტატისტიკა