ბალიშებში ჩაფლული ფსიქოზი
17-03-2012, 01:16

 

სოფიო ძიძიგური

 

 

"გახსოვდეს სინათლე და ენდე სინათლეს

ჭეშმარიტება სიკვდილის წინ გამოგინათებს

 არ დამავიწყო”  (სარა კეინი)

 

არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სპექტაკლის მიმართ, თაობათა შორის აზრების ჭიდილი, სწორედ ასეთი რეაქცია მოჰყვა ,,ფსიქოზი 4,48"-ს 8 თებერვალს მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში. ამ დღეს ახალგაზრდა რეჟისორმა, მაკა ნაცვლიშვილმა, ფსიქოზი ,,დასაშვები დოზით მაყურებელშიც დაბადა" და წარმოგვიდგინა სანახაობა, რომელიც ჩემთვის მეტად საინტერესო, თანადროული და საკმაოდ ახლობელი აღმოჩნდა.

 საკუთარი თავის დაკარგვა, გაორება, გასამება, გაათმაგება... დეპრესია, საყრდენის მოშლა, აგონიაში ჩავარდნა და ბოლოს სიკვდილი. სამყარო ამაოებაა, უაზროა. სიკვდილიც უაზროა, მაგრამ ერთადერთი საშუალებაა, დააღწიო თავი აუტანელ ტანჯვას, ეგებ ,,იქ" მაინც ჰპოვო სულიერი სიმშვიდე, თუმცა არსებობს კი მსგავსი ნეტარება? ეს ალბათ ცალკე განსჯის საგანია, სარა კეინის ,,ფსიქოზი 4,48" ყველა ამ კითხვას ბადებს და რაღაც დოზით პასუხსაც სცემს.

ფსიქოზი დღევანდელობის მწვავე პრობლემაა, პრობლემა რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა განურჩევლად სქესისა თუ რწმენისა, რასისა თუ სოციალური სტატუსისა. სარა კეინმა საკუთარი არსებობა 28 წლის ასაკში, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით დაასრულა. უკანასკნელი ყოფა ,,პიესით" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ ეს ნაწარმოები არ არის კლასიკური პიესა თავისი აგებულებით)  ,,ფსიქოზი 4,48"-ით გადმოგვცა.

ორი, ახალგაზრდა  ნიჭიერი მსახიობი (რუსკა მაყაშვილი და მარი კიტია) გადმოგვცემს ერთი ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას. საინტერესოდ გათამაშებული სანახაობა, შესრულებული ორის მიერ, შესაძლოა სამმა, ოთხმა, ათმა და მეტმა არტისტმა წარმოგვიდგინოს, სწორედ ამიტომაც დაიბადა მრავალი სარა კეინი 8 თებერვლის საღამოს მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის სცენაზე.

 

ბალიშებში ჩაფლული  ფსიქოზი

 

 

წარმოდგენის პირველივე შეხედვისას ყურადღებას იპყრობს ორიგინალური სცენოგრაფია, თეთრი ბალიშებით სავსე ფიცარნაგი, გაზეთებით დაფარული აბაზანა, თეთრი ზეწრისგან გაკეთებული საქანელა და მხოლოდ ორი მოქმედი გმირი წითელ სამოსში გამოწყობილი. იქმნება ილუზია ირეალურ სამყაროში არსებობის, თითქოს ამ გმირებთან ერთად შენც გადაინაცვლე უკიდეგანო კოსმოსში, ან პირიქით-ფსიქიატრიული საავადმყოფოს ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ოთახში, ხანდახან გგონია, რომ ისინი უკვე მიცვალებულნი არიან და ახლა სხვა მდგომრეობაში მყოფნი განაგრძობენ არსებობას, ნატანჯი სიცოცხლის ბოლო წუთების გახსენებას, ორი ადამიანის მიერ გათამაშებული ერთი პიროვნების ისტორია, კიდევ უფრო ამძაფრებს საკუთარ თავში გაორების, ან სულაც გამრავლების გრძნობას. გულის ცემის რიტმი გვაფხიზლებს და არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ,,გაორებული” იწყებს საუბარს, ჯერ ერთი, შემდეგ მეორე...

,, მეგობრები ისედაც მყავს, მეგობრები ოხრად გყავს. 

ისეთს რას აძლევ, აქამდე რომ არ მიგატოვეს?   

ისეთს რას აძლევ, აქამდე რომ არ მიგატოვეს?

ისეთს რას აძლევ?”

ასე იწყება საკუთარ თავთან დიალოგი ჩურჩულით, გულის ცემა ისევ არ წყდება, ყვებიან საკუთარ თავზე, თუმცა რეალურად ეს ხომ ერთი ადამიანია, სულის მეტამორფოზა, მარადიული საიდუმლო ცოცხალთათვის! წარმოდგენის გმირები მუდმივად ცდილობენ სამყაროსთან კონტაქტს, ისინი ჯერ კიდევ გაჭედილები არიან მიწიერსა და ზეციერს შორის, ფეხსაცმლით აკაკუნებენ აბაზანაზე, თითქოს ამ ქცევით ცდილობენ გამოფხიზლებას, სამყაროსთან ურთიერთობას, მალე წითელ სამოსს იხდიან და თეთრებში გამოწყობილნი გვევლინებიან. სრული საგიჟეთია, ისინი ხომ მართლა გიჟები არიან. რუსკა მაყაშვილი და მარი კიტია ქმნიან ერთ მთლინობას და წარმოვიდგენენ სარა კეინის, გაორებული პიროვნების  სახეს. განათება კიდევ უფრო აფერმკრთალებს სცენურ გარემოს და ყველაფერს ერთ ტონალობაში წყვეტს. სამყარო თეთრია, არტისტების ფერმკრთალი სახეები ლანდებივით დაფარფატებენ ირგვლივ. იწყება მონოლოგი, და ჩვენც ნელ - ნელა ვწვდებით არსებულ სიტუაციას, ისინი ხან სცენაზე დაწოლილები, ხანაც აბაზანიდან გვიყვებიან ამ ყველაფერს. მელანქოლიისა და დეპრესიის უმაღლესი გამოვლინება, დაზაფრული გარემო, თუმცა ხანდახან თითქოს ცდილობენ ერთმანეთი გაამხიარულონ.. ერთი მე მეორე მეს გამოფხიზლებას ცდილობს, სიკვდილისკენ მიმავალ ყველა გზაზე წინ ეღობება, იქნება ცოტა ხანს კიდევ შეაჩეროს ამ დამპალ სამყაროში. ფსიქოზით დაავადებული უხვად იყენებს უწმაწურ სიტყვებს, აგინებს ყველას დედას, მამას, თავად ღმერთასაც კი, ამ მონოლოგში იგი სატანის სახით გვევლინება, სულის ტკივილი მსახიობის გამომეტყველებაში აირეკლება და საზარელ სანახაობად იქცევა. მარი კიტიას ეს სცენა იმდენად ზიზღითა და დაღლილობის გრძნობითაა სავსე, რომ ჩემს წინ მართლაც ფსიქოზით დაავადებული, ნატანჯი ადამიანი წარმოჩინდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ასე გამოხატავს თავის ემოციას, სხვაგვარად მას ვერბალურად ვერ გადმოსცემს. მთელი სპექტაკლი მონოლოგებითაა სავსე, მხოლოდ აქა - იქ ჩაერთვის დიალოგი. წარმოდგენის მსვლელობის დროს რუსკა მაყაშვილი მანიკიურს უკეთებს მარი კიტიას, ეს ფაქტი რელობასთან დაბრუნების მცდელობად შეიძლება ჩავთვალოთ, შემდეგ ყავა და სიგარეტი, მათ შორის გამყოფი მხოლოდ ბალიშის კედელია, თეთრი ბალიშები ჰორიზონტალურად, ერთმანეთის მიყოლებით არის დალაგებული, თუმცა წარმოდგენის მსვლელობის დროს ის მრავალჯერ ირევა, ირევა ისე, როგორც სარა კეინის ფსიქიკა. მშვიდად მოყოლილი ამბები და ,,სისხლის ტბა” რეჟისორმა წითელი შტრიხებით გადმოგვცა, რაც აისახება მსახიობების ჩაცმულობაში, ისინი უშედეგოდ მიცურავენ ამ ტბაში ნაპირის ძიებაში, თუმცა სულ უფრო და უფრო ღრმად შედიან სისხლის მორევში.  გმირები რამდენჯერმე იკლავენ თავს სპექტაკლის მანძილზე. ჯერ წამლით გაბრუვდება, მერე თავს ჩამოიხრჩობს, მაგრამ ,,უკეთესია” ვენები გადაიჭრას, და ამ დროს საკუთარ თავთან გამართული დიალოგი, ერთი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანია მეორე შეშლილი, ისინი დროდადრო ბალიშებს ურევენ, შემდეგ ისევ ალაგებენ, აწყობენ ცნობიერებას მაგრამ მაინც ეშლებათ, იცინიან და თან ტირიან. ცდილობენ განცალკევებას, მაგრამ მაინც ერთად არიან, ხან კი პირიქით. საოცრად დინამიკურია რუსკა მაყაშვილის მონოლოგი, როდესაც გვიყვება მკურნალობის რეცეპტს, წამლის დოზას, ის ერთ ტონალობაში გადმოგვცემს ამ ყველაფერს, მაგრამ სწორედ ეს გაყინულობა აღძრავს ჩვენში გაუსაძლისობის გრძნობას და ბოლოს ის ბალიშების გროვაში ეფლობა, საბოლოოდ გიჟდება, თითქოს კვდება კიდეც, მაგრამ ბოლო ამოსუნთვამდე ერთი ნაბიჯი მაინც რჩება, დროდადრო გამძაფრებული გულის ცემა კვლავ არ გავძლევს მოდუნების საშუალებას.

სიყვარულის წყურვილი... ამ გრძნობის ნაკლებობა და უსიყვარულო სამყაროში არსებობა, საუბრობს გამოგონილ სატრფოზე, რომელიც ექიმის სახით არსებობს მისთვის, ასევე ღმერთზე, რომელსაც აგინებს იმიტომ, რომ მიატოვა თუმცა ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაწილია. ბალიშებს ლოგინის ფორმით ალაგებენ, საუბრობენ, თუ რას შეცვლიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარი თავისაც აღარ ესმით. სპექტაკლის ბოლოს ორივე პერსონაჟი ისევ წითლებში გამოწყობილი მოგვევლინება. საწყისი პოზიცია, ტექსტი იგივეა, ისევ გულის ცემა, არეულად თვლა 100 დან ქვევით, ისევ იხდიან და საქანელაზე კიდებენ თავიანთ ტანსაცმელს, რომელიც ადამიანის ფორმას იღებს, როგორც სიმბოლო საკუთარი არსებობისა და სიცოცხლისა. ფინალი, სიკვდილი მაგრამ ბევრად ოპტიმისტური ვიდრე სიცოცხლე, ეს ხომ შვებაა, ნეტარებაა, სატანჯველიდან თავის დაღწევა, მიუხედავად ამ გმირის ასეთი ტრაგიკული სიცოცხლისა, ფინალური სცენის ამგვარი გააზრება ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა, ვინაიდან დავინახე სინათლის სხივი, მთავარი გმირის შვება... მხოლოდ მიწიერი არსებობა არ შეიძლება ჩაითვალოს ბედნიერებად ასეთი ადამიანებისთვის, ერთი მგომარეობიდან მეორეში გადასვლა ბევრად მეტი ,,სტიმულია” მათთვის.

ახალგაზრდა რეჟისორს სწორად აქვს მიგნებული  მთავარი აქცენტები, ეს სპექტაკლი არ არის, მხოლოდ ილუსტრაცია პიესისა, ჩანს რეჟისორის სათქმელიც და დამოკიდებულებაც ამ გმირისადმი, რაც მშვენივრად გამოისახა დეკორაციაში, მსახიობების თამაშის მანერაში, ხან ძალიან გაცხარებულები, ხანაც ზედმეტად მშვიდები გადმოგვცემენ ამ ტრაგედიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, წარმოდგენის დასაწყისი დუნე იყო, მსახიობებმა ვერ შეძლეს ,,ამოქოქვა”, იყო მომენტები, სადაც მოქმედება დუნდებოდა, იკლებდა ტემპო-რიტმი, არათანაბარი განათება ხშირად ცოტაოდენ დისკომფორტს ქმნიდა ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით, მიუხედავად ამისა, ჩემთვის სპექტაკლი დამაინტრიგებელი და საინტერესო აღმოჩნდა, გაცხოველებული ინტერესით ველოდი მოქმედების განვითარებას. ბალიშებით მოცული გარემო მრავალი სახით აღქმის საშუალებას გვაძლევდა, პირდაპირ უსვამდა ხაზს მოქმედი გმირის სულიერი სამყაროს მდგომარეობას, ასევე მსახიობების კოსტუმები და მუსიკა სიმბოლურ დატვირთვას იძენდა. რეჟისორმა ამ სპექტაკლით მოახერხა მკაფიოდ გადმოეცა სარა კეინის ისტორია თავისი თვალთახედვით.

გაორებული სული ერთიანდება, დეპრესია ქრება, საყრდენი საბოლოოდ იშლება, სამყაროს ამაოება კიდევ უფრო ამაოა... დგება სიკვდილი, ერთადერთი ,,ნათელი წერტილი” ,,მისი” არსებობისა, რის გამოც ღირდა ლოდინი...

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა