დიდი მცდელობის მიუხედავად, პანდემიაზე საუბრით არ დამეწყო წერა, ბოლოს, მაინც, პირველივე ფრაზაში თითქმის თავისდაუნებურად ვკრეფ ამ სიტყვას. ერთი წლის წინ თეატრის კარი დაიხურა. მაშინ ყველას გვეგონა, რომ ეს რამდენიმე დღით, ან მაქსიმუმ კვირით მოხდა. მას მერე მთელი მსოფლიო ცდილობს დაამტკიცოს, რომ კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე, შეუძლებელია ვირუსმა დაამარცხოს ადამიანი, მაგრამ ის ჯიუტად და თანმიმდევრულად, ჩვენთვის უცნობი სიმშვიდით ცვლის დღისწესრიგს, უკარგავს მნიშვნელობას ყველაფერს, რისიც დღემდე სჯეროდა ადამიანს და სტატისტიკური მონაცემების სიზუსტით ანადგურებს წარმოდგენას, რომ ადამიანური გონის წინაშე დაუძლეველი არაფერია.
კრიზისის მასშტაბი პრიორიტეტებს თავად განსაზღვრავს. იქ, სადაც ფიზიკური გადარჩენის ინსტინქტი იწყებს ამუშავებას, ცხადია, ხელოვნება ვერაფრით შეინარჩუნებდა აქტუალობას. მაყურებელი, მსმენელი, დამთვალიერებელი, უხეშად რომ ვთქვათ, მომხმარებელი, დარჩა ემოციური სიამოვნების გარეშე. სულიერი საზრდო რომ ჰქვია მაღალფარდოვან ენაზე, მაგრამ სრულიად განსხვავებული სირთულის წინაშე აღმოჩნდა ხალხი, ვინც ქმნიდა ამ საზრდოს. პანდემიამ ყოველდღიური შინაარსის გარეშე დატოვა ადამიანები, რომელთათვისაც პრეტენზიული სიტყვა-ხელოვნება, ჩვეულებრივი სამსახურია.
ვეღარც ვიხსენებ ზუსტად როდის ან რატომ ჩავიფიქრე, რომ აუცილებლად დავწერდი ადამიანზე, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ. ამ სურვილს ახლდა შიში და განცდა, რომ არასაკმარისად მზად ვიყავი მასთან შესახვედრად, მაგრამ ზუსტად დღეს და ახლა, როცა ჯერ ისევ ბუნდოვანია თეატრის გახსნის და მისი ფუნქციონირების საკითხი, მივხვდი, რომ ყველაზე სწორი დრო იყო მასთან სასაუბროდ.
ნიარა ჭიჭინაძეზე გიყვებით.
„არჩევანი სწორი იყო“- ამბობს სცენაზე გატარებული 50-წლიანი გამოცდილების შემდეგ. დღეს ამაში ეჭვი აღარ ეპარება, თუმცა მანამდე ამ გადაწყვეტილების შესახებ ბევრჯერ დაფიქრებულა. თეტრალური ინსტიტუტის დასრულებისთანავე ფოთში გაგზავნეს მთელი ჯგუფი. ისე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ის დარჩა ფოთის თეატრში, მიუხედავად მრავალი საინტერესო შემოთავაზებისა, მათ შორის კი იყო ოსტანკინოზე დიქტორის პოზიცია და არა ერთი მიწვევა დედაქალაქის სხვადასხვა თეატრებიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ფოთი აირჩია, ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და განსხვავებული ცხოვრების რიტმი აღმოჩნდა.
„საკუთარი პროფესიის სიყვარულს პერსონაჟებზე მუშაობის პროცესში შეიგრძნობს მსახიობი.“ კარიერის დასაწყისში შესრულებული რამდენიმე როლი განსაკუთრებით უყვარს: კატრინი „რვა მოსიყვარულე ქალიდან“ (რ.ტომა), დიგბი „იმედის ათი წუთიდან“ ( ვ.კოროსტილოვი), დორა „პილონში“ (რ.კლდიაშვილი)და სხვები, რადგან ამ პროცესში გაუჩნდა რწმენა, რომ აკეთებდა საქმეს, რომელიც სიამოვნებას გვრიდა და რაც მთავარია, გამოსდიოდა. წარმატება უკვე მოდის მას შემდეგ, როცა თავად დაიჯერებ, რომ იქ ხარ, სადაც უნდა იყო. ასეთია მისი დამოკიდებულება დღეს.
თეატრი ეს თითქმის სპარტანული დისციპლინაა ნიარა ჭიჭინაძისთვის. ის რაც ხელოსნობასა და ხელოვნებას ერთმანეთისაგან განარჩევს პროფესიონალიზმია. პროფესიონალიზმი კი თავის მხრივ მხოლოდ ნიჭიერების ხარჯზე ვერასდროს მიიღწევა. თვლის, რომ ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი თუ არ არის თეატრი, მაშინ იქ არაფერი გესაქმება. ამიტომ მისთვის პროფესია-მსახიობი უპირველესად ნიშნავს თავგანწირვას იმ საქმისადმი, რომელსაც გადაწყვეტ ემსახურო. „შენ უნდა მისცე შენი სიცოცხლე თეატრს. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი რომ ასე ვფიქრობ, მაგრამ მე ამ რწმენით ვიდექი სცენაზე ყოველთვის.“
მსახიობობა ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდებული პროფესიაა. ამ შემთხვევაში ფორტუნა განსაკუთრებულად უნდა გწყალობდეს, რადგან შეამჩნიონ, დაინახონ და შენთან ერთად აღმოაჩინონ შენი ნიჭი და შესაძლებლობებიც, გნებავთ თავგანწირვაც. რეჟისორისა და მსახიობის კოლაბორაცია ქმნის შემდგარ და წარმატებულ არტისტულ ნამუშევარს, ამდენად რეჟისორს უდიდესი დატვირთვა აქვს ნებისმიერი მსახიობის სცენურ ცხოვრებაში. ნიარა ჭიჭინაძის პროფესიული ბიოგრაფია ითვლის უამრავ საინტერესო როლს, ცხადია, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. თავად კი ამბობს, რომ განსაკუთრებით გაუმართლა ბოლო თექვსმეტი წლის განმავლობაში, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოუწია თანამშრომლობა რეჟისორებთან, რომლებსაც უპირობოდ ენდობა. „ მე მჯერა ახალგაზრდა რეჟისორების, მჯერა მათი დამოკიდებულებების, ამიტომ არ ყოფილა ჩემთვის რთული მათთვის ნდობა გამომეცხადებინა, რადგან ცხოვრებაში სულ წინ უნდა იყურებოდე, მხოლოდ წინ და განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელოვნებაზე ვსაუბრობთ. ყველაფერი იცვლება ძალიან სწრაფად. ადრე არსებობდა სიყვარულის იდეალი და ეს რომეო და ჯულიეტას თავგადასავალი იყო ყველასთვის, თუმცა დღეს სულ სხვაგვარად ვფიქრობ სიყვარულზე. არსებობს ლარს ვონ ტრიერის ფილმი „ ტალღების გადაკვეთა“ აი, ეს არის ჩემთვის დღეს დიდებული სიყვარული. დროსთან ერთად იცვლება ჩვენი წარმოდგენებიც და არასდროს უნდა დავკარგოთ კონტაქტი თანამედროვეობასთან, სხვაგვარად ვერ იქნები საინტერესო არტისტი და ვერ შეძლებ სჯეროდეს შენი მაყურებელს.“
პაატა ციკოლიას სპექტაკლში „კალიგულა“ შესრულებული როლისთვის ნიარა ჭიჭინაძე პრემია „დურუჯის“ ლაურეანტთა შორის მოხვდა. დედა, რომელიც გამუდმებით მოითხოვს შვილისგან არ დაუძახოს მას „დედა“. შვიდწლიანი განშორების შემდეგ ირონიითა სავსე მისი მშვიდი საუბრის მანერა, თუმცა ამ სიმშვიდეში ყველაფრის წამლეკი მრისხანება იგრძნობა და აბსოლუტური მიუღებლობა. „ ის, რაც შენგან გამოვიდა, ჩემი ნაყოფი არ არის.“ შეუძლებელია ერთხელ მოისმინო ნიარა ჭიჭინაძის ფრაზა: „ მე უფრო დაღლილ თვალებს ველოდი“ და ეს ფრაზა, მისი ინტონაცია და ენერგეტიკა, როდესმე წაიშალოს შენი მეხსიერებიდან.
„ კალიგულაში მე დამჩეხა პაატამ. ნაჯახით ხერხემალი დამიჩეხა, ცხადია, ამას კარგი გაგებით ვამბობ. მან შემიცვალა მანამდე არსებული წარმოდგენა და მითხრა, არ უნდა იჩხუბო, შენ უნდა ტკბილად ესაუბრო მათ, აქ ამ მხატრულ სურათში შენ ხარ კალიგულა.“ ამბობს და პაუზის შემდეგ დასძენს „მე ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი.“
გურამ მაცხონაშვილი: “დედას ნუ მეძახი!” — პაატა ციკოლიას “კალიგულაში” რომ ამ ფრაზას მოვისმენ და მოვისმენ ზუსტად იმ ინტონაციით, როგორც ნიარა წარმოთქვამდა, იმწამსვე მივხვდები, რომ მასთან ერთად მინდა ვიმუშაო. შემდეგ ზუსტ დროსა და როლს ველოდები. ამასობაში, ავსტრიაში ქეთი ჩუხროვის პიესის დადგმას მთავაზობენ. დადგმის მოსამზადებელი სამუშაოების დროს, 6 თვის განმავლობაში სპექტაკლის განაწილებას ორჯერ გადავწერ. მხოლოდ ორი როლი იქნება, ვისზეც ზუსტად იმ მსახიობს ავიყვან, რომელზეც თავიდან, პიესის პირველი წაკითხვისას გავიფიქრებ. ამათში ერთი ნიარა იქნება. განაწილებას დრამატურგს ვუგზავნი და მეილზე ვწერ: “ქეთი, ამ როლისთვის ნამდვილი ვარსკვლავი მომყავს ავსტრიაში. აბა, სცადე და თვალი მოწყვიტე, როცა ნახავ”.
დრამატურგი და ავსტრიელი მაყურებელი ნიარას თვალს ვერ წყვეტენ. ფინალურ სცენაში შავი კაბა აცვია და “ჟიზელს” ცეკვავს. მერე ეცემა. ეცემა, რომ სპექტაკლი დაამთავროს და მასზე შეყვარებული პარტერი ბოლომდე გაასულელოს.
დაცემამდე და გასულელებამდე კი მისი მოუხეშავი ფსიქოფიზიკის მქონე რუსი პერსონაჟი ამას იტყვის: “Пизда сказала сердцу почему же я должна. С тобой все время выяснять вопрос добра.”
მკაფიოდ გამოხატული მოძალადე დედის სახე, რამდენადმე განსხვავებულ შტრიხებს იძენს დავით მღებრიშვილის „ ჰამლეტში“. აქ უკვე ნიარა ჭიჭინაძე საკუთარი გადაწყვეტილებით თვალებახვეულ გერტრუდას განასახიერებს, ქალს, რომელსაც დაკარგული აქვს რეალობის აღქმის უნარი. ის ვერ ხედავს, არ სურს დაინახოს. ერთი მხრივ მსხვერპლიცაა და ამავე დროს, ვერაგი ქალიც, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის და ამ ბრძოლაში შვილის მიმართ მისი სიყვარული სულ უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება. საბოლოოდ აცნობიერებს, სამწუხაროდ ძალიან გვიან. „ მე შევთავაზე ეს ფორმა რეჟისორს, ვთხოვე თავალები აეკრათ ჩემთვის, რადგან ამ დეტალით ხაზი გავუსვი გერტრუდას შინაგან სიბრმავეს და როგორც აღმოჩნდა გაამართლა ამ მიგნებამ.“
ბრეხტის „დედა კურაჟი და მისი შვილები“, სადაც ასევე დედის როლი განასახიერა, თვლის რომ ჩავარდა. „რეინჰარდ აუერი ცნობილია, როგორც ბრეხტის დიდი მოყვარული და მან ბრეხტისეული დადგმის ზუსტი კოპირების გზა აირჩია, ის სრულიად სხვა დროსა და განზომილებაზე საუბრობდა, აკლდა თანამედროვეობის კონტექსტი. დღეს,მაგალითად, ბერნარდა ალბას ვერ დადგამ ისე, როგორც წლების წინ თამაშობდნენ ამ პიესას, ის იგივე დამოკიდებულებით ვერ შეძლებს საკუთარი ქალიშვილების დიდხანს შენარჩუნებას, მას გაექცევიან. ასეთია დღევანდელობა. ნებისმიერ ტექსტს, თუ მას არ აქვს პოტენციალი იყოს აქტუალური თანამედროვე მაყურებლისთვის, ელის წარუმატებლობა და ამის განსაზღვრის უნარი რეჟისორის პრეროგატივაა.“
დავით ხორბალაძის და მიშა ჩარკვიანის „მკვდარი ქალაქები“ არის ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო სპექტაკლი ქართულ თეატრში. სტილის, ფორმის, შინაარსის, პრობლემის აქტუალობისა თუ ესთეტიკის თვალსაზრისით ეს იყო მხატვრული სურათი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ წარმატებული ექსპერიმენტი. ნიარა ჭიჭინაძის ბოლო მონოლოგი ამ სპექტაკლში გაცილებით მასშტაბური მოვლენაა, ვიდრე უბრალოდ კარგად შესრულებული დრამატული როლი. ტექსტი იწერებოდა რეპეტიციების პარალელურად, ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეჟისორი და დრამატურგი ატარებდნენ კვლევას ქალაქში და რეალურ ადამიანებზე, რეალური ისტორიებით იქმნებოდა პიესა. ეს არის ამბავი ყველა მკვდარ ქალაქზე, რომლის შენარჩუნება თუ გადარჩენა ვერ შეძლეს ადამიანებმა და ვერ შეძლეს უპირველესად, არასაკმარისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო. ვერ აღმოჩნდნენ სათანადოდ ძლიერები მახინჯი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც კლავს ქალაქს, სახელმწიფოს და მოქალაქეს, რომელსაც გაქცევის გარდა აღარაფერი დარჩენია. უნდა გაიქცეს, რადგან არ მოკვდეს იმ სიკვდილთან ერთად, რომელსაც მოუცავს მისი ქალაქი. ტექსტი ისეა აგებული, რომ მაყურებელი ხვდება მხოლოდ ფოთის პრობლემებზე არ საუბრობენ ავტორები და როგორც ქალბატონი ნიარა აღნიშნავს, გასტროლებზე მოდიოდა მაყურებელი და მათ უზიარებდნენ საკუთარი ქალაქების ზუსტად იდენტური პრობლემების შესახებ. „ სქელი მუქი ფარდა, რომელიც დაგვიცავს სამუდამო სევდისგან...“ და სად არის, ან როგორია ასეთ დროს სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია? „ ჩემთვის გულგრილობა ბოროტებაზე დიდი საშინელებაა“ ამბობს ნიარა ჭიჭინაძე. მისი აზრით, ყველაფერი უნდა გააკეთო, რათა არ დაუშვა იმ გარემოს ლპობა, რომელშიც არსებობ და ეს მუდმივი ბრძოლაა. თვლის, რომ თეატრს აქვს პოტენციალი იყოს მუდმივი ოპონენტი, არა ჭკუის დამრიგებელი, არამედ ერთგვარი შესაძლებლობა რომელიც მუდმივად გახსენებს სინამდვილეს და ამით გაძლევს საშუალებას შეცვალო, ის რაც გკლავს.
მიშა ჩარკვიანი: ქალბატონი ნიარა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობია და მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა. სწორედ მისი უდიდესი პროფესიონალიზმის, ნიჭის და უდიდესი ინტერესის გამო, რაც მას თანამედროვე პროცესების მიმართ გააჩნია. პირველად „მკვდარ ქალაქებზე“ ვიმუშავე მასთან და ფოთის თეატრის ბრწყინვალე მსახიობებთან. ძალიან შრომატევადი პროცესი იყო. ვიკვლევდით ქალაქს და რეპეტიციაზე ვავითაარებდით ტექსტს. ძალიან სასიამოვნო იყო მისი დიდი ინტერესი და ჩართულობა. ჩემი აზრით, ნიარა ძალიან დიდი მსახიობია, ძალიან ინდივიდუალური, ღრმა და ყოველთვის ღია დიალოგისთვის. მგონია, რომ ის არის საინტერესო ყველა თაობის რეჟისორისთვის. ახლა დავით ხორბალაძის მონოპიესა „ტკეპნა“ გადავიღე ფოთის თეატრში, როგორც ვიდეო წარმოდგენა, სადაც ნიარა მთავარ როლს თამაშობს და ძალიან მიხარია, რომ მეორედ მომეცა მასთან და ფოთის თეატრთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. ვიდეო ახლა პოსტპროდუქციას გადის და მალე შევთავაზებთ მაყურებელს.“
მაყურებლისა და თეატრის ურთიერთობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დღეს მაყურებელთან გაცილებით ახლოსაა თეატრი. „ერთ სიბრტყეზე ვართ, ანუ ერთად ვართ, წარმოდგენებიც ან მაყურებელთა დარბაზში იმართება, ან მაყურებელი ამოდის ჩვენთან სცენაზე, ანუ ფორმაც კი იმის ხაზგასმაა, რომ ჩვენ ვართ ერთი. ის, რაც ხდება თეატრში არის ცხოვრება, რომელიც თეატრის კარს მიღმა მიედინება“ ქალბატონ ნიარას მოსწონს ეს სიახლოვე მაყურებელთან. მოსწონს, რომ პედესტალიდან მენტორული ტონით აღარ ესაუბრება თეატრი მაყურებელს, რადგან ამ ფორმით უკეთესი კომუნიკაციაა შესაძლებელი და ამასთანავე, ნდობაც მეტია. „თეატრი ეს არ არის გართობა, კომედიაც შეიძლება დადგა და ბევრი აცინო მაყურებელი, მაგრამ მთავარი არის რა ხარისხით გააკეთებ ამას და ამით განისაზღვრება თეატრის სიმაღლე ჩემთვის.“ ირაკლი გოგიას კომედიას იხსენებს,სადაც რეჟისორის დავალება იყო, რომ მსახიობებს თავი წარმოედგინათ ცირკის მასხარებად. „ მეკეთა წითელი ცხვირი და „სამაკატით“ დავრბოდი სცენაზე, ერთ ეპიზოდში საკმაოდ უხერხულ ჟესტს ვუჩვენებდი სიძეს, რომელიც მძულდა, მაგრამ ეს ყველაფერი არათუ უხერხულობას არ მიქმნიდა, არამედ ძალიან მსიამოვნებდა, რადგან ჩემთვის მთავარი იყო ხარისხი, რომლითაც ვთამაშობდით ამ სასაცილო პერსონაჟებს. „ მიაჩნია, რომ ნებისმიერი მსახიობი უნდა იყოს ინტელექტუალი, უნდა ჰქონდეს პლასტიკა, გამართული მეტყველება, ამ ყველაფერზე უნდა მუშაობდეს მუდმივად. თანამედროვე სტანდარტი მულტიდისციპლინარულ არტისტს ითხოვს. მსახიობმა არასდროს უნდა შეწყვიტოს ძიება და სწრაფვა განვითარებისაკენ.
გურამ მაცხონაშვილის რეჟისურით დაიდგა ავსტრია-საქართველოს კოპროდუქცია სახელწოდებით: „ პოსტპროსტიტუციის გლობალური კონგრესი.“ ამ სპექტაკლში ქალბატონი ნიარა თამაშობს ხანშიშესული ყოფილი მეძავის როლს, რომელიც ჟიზელის პარტიას ცეკვავს სცენაზე. „ ძალიან მერიდებოდა, მცხვენოდა სცენაზე „პაჩკით“ გასვლა და ამის გამო ვღელავდი, ნატა მურვანიძემ მიყვირა -შენ გრცხვენია?! აბა, ჩვენ რა ვთქვათ?! და ძალიან გამამხნევა ამ გაბრაზებით“. მისი ტექსტი დატვირთული იყო უცენზურო სიტყვებით. ამ შემთხვევაშიც რეჟისორის მიერ მიგნებული ზუსტი ფორმა დაეხმარა,რომ არც ერთი ემოცია არ დაეკარგა ტექსტს და ისე მისულიყო უცხოენოვან პუბლიკამდე. მაყურებელის ოვაციებმა დაარწმუნა, რომ მან კიდევ ერთხელ გააკეთა სწორი არჩევანი, როცა თამამ ექსპერიმენტს დასთანხმდა და ითანამშრომლა გურამთან, რომელიც დღეს უკვე მისი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია.
ფოთის თეატრი მრავალი წლის განმავლობაში იყო შენობის გარეშე. იკარგებოდა სასცენო კოსტუმები, რეკვიზიტები, ქრებოდა და ნადგურდებოდა ინვენტარი. „ჩვენ ეკლესია გვჭირდება, უნდა ვილოცოთ და პირდაპირ სანაგვეზე ისროდნენ ყველაფერს, რაც თეატრში დახვდათ.“ ამის შემდეგ თეატრის შენობის ისტორია კიდევ მრავალ ტრაგი-კომიკურ ამბავს გადაიტანს. ქალბატონი ნიარა თეატრის გადარჩენას დღევანდელ მმართველს, თენგიზ ხუხიას უკავშირებს. „თენგო იყო სულ პატარა, 26 წლის ბიჭი და ეგონათ ვერაფერს შეძლებდა. აღმოჩნდა რომ ძალიან შეცდნენ მან შეუნარჩუნა ამ ქალაქს თეატრი. ის ძალიან მაღალი დონის მენეჯერი აღმოჩნდა.“
საუბრის ბოლოს თანამედროვე ქალის შესახებ ვკითხე. რამდენად განსხვავდება ის დღეს, მუდმივ ბრძოლში მყოფი საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებებისათვის. პასუხი კი ასეთი გამცა-„ მე სულ მარტო ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება თანასწორობის განცდით გავატარე და არასადროს მიგრძვნია ამის გამო დისკომფორტი, ამ განცდას, როდესაც შინაგანად ატარებ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ დროში ცხოვრობ. მე ყოველთვის ვიყავი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი. ალბათ, ჩემი პროფესიაც მეხმარებოდა ამაში.“
ნიარა ჭიჭინაძე არასდროს დაკარგავს აქტუალობას, როგორც მსახიობი. ჩვენი საუბრისას მივხვდი, რომ ის გაცილებით თანამედროვეა, ვიდრე მე. როდესაც ახალგაზრდა რეჟისორების შემოთავაზებებს თანხმდებოდა ამას გამბედაობად ვუთვლიდი, რაც ცალსახად, უკვე დასაფასებელია, თუმცა მივხვდი, რომ ის თავად არის ყველაზე ახალგაზრდაც და დიდი ექსპერიმენტისთვისაც ღია და გახსნილი, რადგან არასდროს კარგავს დროის შეგრძნებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ხელოვნებაში; მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა თანამდეროვეობასთან.
მივხდვი, რას ნიშნავს გიყვარდეს საკუთარი საქმე სიცოცხლეზე მეტად. ყველა ტკივილზე მაღლა დააყენო ის. ვერ შევძელი მეკითხა მისი ცხოვრების ტრაგიკული ამბის შესახებ, ვერაფრით მოვძებნე ის ფორმა, რომელიც ამაზე საუბრის საშუალებას მომცემდა, როდესაც შინ გავაცილე, თითქოს თავად იგრძნო. გზა მიმასწავლა სასტუმრომდე და თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა-„ სასაფლაო შეგხვდება, იქ ჩემი შვილია.“
ყველა სირთულის და ტკივილის მიუხედავად, დარჩე საკუთარი თავის რწმენით სავსე, ბოლომდე უერთგულო საქმეს, რომელსაც ემსახურები და არასდროს დაკარგო სიცოცხლის სიყვარული, მთელი პროფესიული ცხოვრება გაატარო პატარა, პერიფერიულ თეატრში და იქცე ნამდვილ ვარსკვლავად გამოსდით მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს. ბედნიერი ვარ, რომ მათ შორის ერთ-ერთს შევხვდი და ვესაუბრე, ეს იყო ყველაზე საინტერესო შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04