ნაცნობი „პატარა პრინცი“ ახალ სივრცეში
23-01-2022, 13:54
ავტორი:  თეა კახიანი

განახლებული ქართული პროფესიული თეატრის ტრადიციულად მიღებულ თარიღს ყველა თეატრი და თეატრალი თავისებურად აღნიშნავს. ბოლო წლებში ეს დღე ჯილდოების გაცემისა და მიღების დღედ იქცა. თუმცა ზოგან ამ კონკრეტული თარიღის ისევ ქმედითი მნიშვნელობით დატვირთვაც ხერხდება. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა სწორედ 14 იანვარს გახსნა ახალი სივრცე მარიონეტული სპექტაკლებისთვის. პირველი პრემიერა ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დაიდგა.  ალბათ, ცოტაა ტექსტი რომელიც ასეთი მარტივი ენით გადმოსცემს ყველაზე დიდ სიმართლეს ადამიანების ცხოვრების სირთულეების შესახებ. ამიტომ ბუნებრივია „პატარა უფლისწული“, ამჯერად  „პატარა პრინცის“ სახელით (გიორგი ეკიზაშვილის თარგმანი) ისევ ხდება ინტერესის საგანი და თეატრის რეპერტუარში მარიონეტების შესრულებით იჭერს ადგილს.

 

ქართული ზამთრებისთვის არადამახასიათებლად ცივ და ნალექიან ამინდში, ბათუმში ვნახეთ სპექტაკლი რომელიც სამხრეთული ტემპერამენტისთვის მიუღებელ სეზონებზეც კი დაგავიწყებთ უამინდობას, უხასიათობას და გაგათავისუფლებთ გარემოპირობების დამთრგუნველი გავლენებისგან. ეს განწყობა პირველ რიგში სპექტაკლის ფორმის დამსახურებაა.  გორდონ კრეგისეული უნივერსალური მსახიობების - მარიონეტების   გარდაუვალი მორჩილება  და   შეზღუდული გამომსახველობა უცნაური მეტაფიზიკური ძალით ზოგჯერ ცოცხალ მსახიობზე  მეტყველ მედიუმად იქცევა.  ვისაც ეს უგრძვნია მაშინვე გახსენებია ბავშვობაც, სადაც საკვირველი და შეუძლებელი არ არის  ნამდვილი ემოციით ურთიერთობდე ძაფებით მოძრავ თოჯინებთან ან უსულო საგნებთან. ამიტომ ვთვლი, რომ მარიონეტული თეატრი ყველაზე მეტად მორგებული და რელევანტურია აღნიშნული ნაწარმოების ინსცენირებისათვის. ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩხაიძე მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას შეთხზულ ამბავს კოსმოსში მოხეტიალე პატარა პრინცის შესახებ მოდელირებულად წარმოადგენს. გასათამაშებელი ისტორია აქ მარიონეტების გამომსახველობით  საშუალებებთან ადაპტირდება. „პატარა პრინცის“ მარიონეტებიც კარგი მხატვრული ხარისხით და ტექნიკური შესაძლებლობებით გვიქმნის ზუსტ იფნორმაციულ-ემოციურ კავშირს წარმოდგენილ მხატვრულ სინამდვილესთან. შემოქმედებითი ჯგუფი ეცადა სპექტაკლი ვიზუალურად საინტერესო ხერხებით დაეტვირთა, ჩვენს თვალწინ იცვლება სცენები, დეკორაცია, რეკვიზიტი. მსახიობები (მინდია ჩოხარაძე, ლევან მიდილიში, მარიკა ბულეიშვილი, ირინე ღლონტი, ვანო მაღლაკელიძე, მერი დიასამიძე, ჯანო ჯაიანი, ეკა გვარამია) ძალიან ფაქიზად, მაღალი პროფესიული მიდგომით აცოცხლებენ მარიონეტებს,  ქმნიან საჭირო სცენურ გარემოს, არა მხოლოდ თანაარსებობენ თოჯინებთან, არამედ საკუთარი მონაწილეობით კიდევ უფრო საგრძნობს ხდიან საჭირო ატმოსფეროს.   იყრება ქვიშა, იშლება და იკეცება თვითმფრინავის ასაფრენი ბილიკები, იზრდება ყვავილები და ერთი სცენა ისე ორგანულად ენაცვლება მეორეს, რომ პრინცთან ერთად ჩვენც თავისუფალი მოგზაურები ვხდებით. ალბათ, არ შეიძლება აღნიშვნის გარეშე დავტოვოთ ბათუმის თეატრთან არსებული  სტუდიის აღსაზრდელი, 9 წლის ანასტასია მორჩილაძე, რომელმაც პატარა პრინცის ბავშვური ხმა და ლაღი სიცილი გააცოცხლა.  

 

ახალი სივრცის და სპექტაკლის სამზადისი პანდემიას დაემთხვა და უჩვეულოდ დიდი დრო დასჭირდა. ვფიქრობ, გაჭიანურებულ სამუშაო პროცესში დაიკარგა ის კონკრეტული აქცენტები, რასაც ზოგადად ველით ხოლმე ნაცნობი ტექსტის ახალი სცენური ადაპტაციის შემთხვევაში.  სპექტაკლის მაყურებელი ზუსტად ვერ გაიგებს მაინც რა იყო ის მთავარი გზამკვლევი თემა რომელსაც რეჟისორი და მთელი შემოქმედებითი გუნდი კომპასად იყენებდა. მაინც რომელი იყო ეს ერთი, უამრავი ვარსკვლავით მოჭედილ ცაზე?! 

 

ნაცნობი „პატარა პრინცი“ ახალ სივრცეში

 

სპექტაკლის მხატვრობა, მისი ესთეტიკა (სცენოგრაფია: გიორგი ჩხაიძე, მერი დარცმელიძე; კოსტუმების მხატვარი, მარინე ფრანგიშვილი) ძალიან ახლოს დგას ეგზიუპერისეულ ესკიზებთან. წარმოდგენის ავტორებმა და თოჯინების მხატვარმა, მირანდა გურგენაძემ, როგორც ჩანს, „პატარა პრინცის“ და მისი პერსონაჟების  მიმართ უკვე ჩამოყალიბებული აღქმების ილუსტრირება დაისახეს მიზნად, რაც მოზარდებისათვის უკვე არსებული ინფორმაციის დეფორმირების გარეშე მიწოდების ლეგიტიმური გზაა. შესაბამისად, როდესაც საკითხი ასე დგას, მეც კი, ქართულ თეატრში სიახლის მოყვარული, პრეტენზიებისა თუ მოთხოვნებისგან ვთავისუფლდები.    

 

ნაწარმოებისგან განსხვავებით სპექტაკლში ნაკლები დიალოგია, სცენების თანმიმდევრობაც ზუსტად არ იმეორებს პირველწყაროს, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ  ბათუმის თეატრის მიერ შემოთავაზებული „პატარა პრინცის“ ვერსია ქმნის მთავარს, ეგზიუპერის ტექსტისთვის დამახასიათებელი გულწრფელობისა და უშუალობის განცდას, ქმნის კოსმოსში ჰარმონიულობისა და წონასწორობის საიდუმლოსთან მიახლოების შეგრძნებას, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის არის ცნობილი და ზრდასრულობაში მხოლოდ ბავშვობის შეგრძნებების გახსენებით არის ხელმისაწვდომი.

 

ახალ სივრცეში, სადაც სხვა ბევრ რამესთან ერთად, გივი სარჩიმელიძის მცირე ზომის პორტრეტს კედელზე აღმოაჩენთ, ცოცხალი მუსიკის თანხლებით (კომპოზიტორი გიორგი ტრაპაიძე) შეიქმნა მოზარდებისთვის განკუთვნილი სპექტაკლი და მნიშვნელოვანი მოლოდინი იმის, რომ თანამედროვე გაჯეტების ეპოქაში, მათ ექნებათ ალტერნატივა  განსხვავებული ფორმით აღიქვან როგორც მხატვრული ასევე  რეალური სამყარო და მისი საყრდენი ღირებულებები. ასწიონ თავი სმარტფონებიდან და გულით შეიგრძნონ ის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. ვფიქრობ, დღეს, სწორედ ეს არის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის ძირითადი დანიშნულება.  

 

P.S. სტატია პირველად გამოქვეყნდა ქართული თეატრის ელექტრონული არქივის პორტალზე       

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა