ახლა რომ მშვიდობა იყოს მოკრძალებული შესავლით დავიწყებდი, ვრცელ და არგუმენტირებულ მიმოხილვასაც შემოგთავაზებდით, მაგრამ ახლა ომია. ომში პირდაპირ საქმეზე გადადიან და აქაც ასე იქნება. ინტიმურ თეატრზე ვწერ. ეს ის თეატრია ბევრს რომ მოსვენება დაურღვია, დისკომფორტი შეუქმნა, მკვეთრი საზღვები გაავლო ძველსა და ახალ ესთეტიკას შორის. ეს პირველ რიგში მგრძნობელობას ეხება. ინტიმური თეატრი სულებს, გრძნობებს და შინაგან სამყაროებს აშიშვლებს, ზუსტად ისე როგორც ომი.
ახლა ომია და ყველაზე მეტად გახდა გასაგები ამ თეატრის მნიშვნელობა ჩვენთვის, წაგებული ომების თაობისთვის. ტკივილებსა და სირცხვილში, მარცხში შინაგანი სამყაროს გადარჩენა და ახალი საყრდენის პოვნა რთული ამოცანაა. ინტიმურ თეატრში ამაზე გელაპარაკებიან, ყველაზე პრივატულ, ყველაზე ფაქიზ შეგრძნებებს გიზიარებენ. ეს თეატრი შენი მეგობარი ხდება, მასთან კომუნიკაცია საუკეთესო მეგობართან დიალოგს გაგონებს. შეიძლება მასთან ვინც ომმა წაგართვა. ეს თეატრი კომპენსაციაა.
მშვიდობა რომ იყოს და კეფასთან მობჯენილ იარაღს არ ვგრძნობდეთ ვერ მივხვდებოდით, რომ ომს მხოლოდ თავისუფალი ადამიანები იგებენ. ძვირფასია ყველაფერი რაც ჩვენს თავისუფლებას აძლიერებს. ძვირფასია ახალი თეატრი. ასეთი ფუნქციური, ასეთი აქტუალური ქართული სცენა დიდი ხანია აღარ ყოფილა. უსიერ ტყეში, ზმანებებში, ფანტასმაგორიებში ხეტიალის შემდეგ მან კვლავ გვიპოვა. მარტოები, დამარცხებულები, საკუთარი ტრავმების ტყვეები. ამ თეატრმა გვითხრა, რომ არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა გვრცხვენოდეს, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარი თავი. ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა.
მშვიდობა რომ იყოს, მოგეჩვენებოდათ, რომ ვაჭარბებ, ვტყუი, მაგრამ ახლა ომია და სისხლის წვიმაში, მეგობრების, საყვარელი ადამიანების ჯერ კიდევ გაუთხრელ საფლავებზე დაფენილ თოვლში უკეთ გვესმის სიმართლის ფასი. შებრალება არ იქნება, ან თავისუფლებას მოვიპოვებთ ან მონები ვიქნებით, ან ემიგრანტები. ვიდრე გარკვეული არაფერია, მინდა მოვასწრო, ვთქვა, რომ ჩვენთან გაჩნდა თეატრი, რომელიც ყველაფერს მიხვდა. იყო იქ სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. იბრძოდა ჩვენი მენტალური გათავისუფლებისთვის და მოურიდებელ თანამონაწილეობას გვთხოვდა.
ახლა ომია, ცოცხალი გულებიდან მოგლეჯილი ყველა ჩვენი სიტყვა ტყვიებად ან ვარდებად იქცევიან. ზღვარი გავლებულია. ჩვენ მხოლოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ოდესღაც ევროპულად ვფიქრობდით, რომ სინამდვილეში ჩვენი ფასეულობები ღრმად პიროვნულ თავისუფლებაზე, შემწყნარებლობაზე, თანასწორობაზე და პასუხისმგებლობაზე დგას. ეს ის არის რასაც ახალი თეატრი ჩვენს შინაგან სამყაროში აღვიძებდა.
არ ვიცით რა იქნება ხვალ, არ ვიცით გადავრჩებით თუ არა. ომის მდგომარეობაა ის შეგრძნება რომელიც ინტიმური თეატრის მთელ არსს გვიმხელს. შეიძლება აღარ ვიყოთ, ამიტომ ტყუილს აზრი არა აქვს. ამ მდგომარეობაში ადამიანების გულწრფელობა მაქსიმუმს აღწევს. ინტიმური თეატრიც ეს არის. მაქსიმალური გულწრფელობა, საკუთარ თავთანაც კი ვერ აღიარებული სინამდვილე გამოხატვას ითხოვს და გვწმენდს, გვათავისუფლებს, სუნთქვის უფლებას გვაძლევს ვიდრე ცოცხლები ვართ, ვიდრე ვინმე ღილაკს დააჭერს.
ეს სიცოცხლის და თავისუფლების თეატრია. ტკივილგამოვლილი, დამარცხებული თაობის რეაბილიტაციაა. გაძლიერებაა ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენების. სულიერი განწმენდა. ორმაგი სტანდარტებისგან, სტერეოტიპებისგან, თავსმოხვეული დოგმებისგან გათავისუფლების აქტია.
ახლა რომ მშვიდობა იყოს კომფორტის მოყვარული თეატრალები ამიჯანყდებოდნენ, მეტყოდნენ, რომ ეს ინტიმური კი არა გარყვნილების თეატრია და რომ პერვერტულობის კულტურის მხარდაჭერა საშიშია. მართლმადიდებლობასაც, ალბათ, თავიანთთვის სასარგებლო არგუმენტად მოიშველიებდნენ. მაგრამ ახლა ომია, ახლა შიშების დრო არ არის. საკუთარი სხეულების და საკუთარი ენის გადაულახავი შიშით ბრძოლებში ვერ იმარჯვებენ. თავისუფალ ქვეყანას არათავისუფალი ადამიანები ვერ ქმნიან. შიშისგან ვერ გათავისუფლებული ადამიანები.
ვისაც სახელები და გვარები აინტერესებს, ვეტყვი, რომ ომის მდგომარეობაში ეს ჩამონათვალი მხოლოდ არასრული შეიძლება იყოს. მაგრამ ახლა უნდა მოვასწრო, დავასახელომხატვრული ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ გაცნობიერებულად ერთნაირი მიდგომით დადგმული სპექტაკლები ომის მდგომარეობაზე, მარცხზე, დარღვეულ ფსიქიკაზე, ღურებულებებზე, ტრადიციულის დასავლურთან შეთავსებაზე და ამ დროის ყველაზე მოწყვლადი სულების პორტრეტებზე.
თავისუფლების, როგორც შინაგანი მდგომარეობის გაცნობიერება გამოიხატა დათა თავაძის სპექტაკლში „პრომეთე, დამოუკიდებლობის 25 წელი“, პატრიოტიზმის ტრადიციულად გმირული და პათეტიკური გაგებისგან დაცლილი წარმოდგენა მოგვითხრობდა ადამიანების დამოუკიდებლად ცხოვრების ყოველდღიურ გამოცდილებაზე. თავისუფლების იდეა დაჰყავდა ღრმად პიროვნულ, ინტიმურ შეგრძნებამდე და პასუხისმგებლობამდე პირველ რიგში საკუთარ თავსა და გადაწყვეტილებებთან.
შეიძლება ითქვას, რომ თეატრი სამოქალაქო აქტივიზმის ნაწილად იქცა. მისი გამოწვევა მენტალური გარდატეხის პროვოცირება გახდა. თავისუფლება როგორც თანასწორობის მიზეზ-შედეგობრიობა აქცენტს ქალთა უფლებების საკითხებზე აკეთებს. თეატრიც წარმოგვიდგენს ქალებს ომის ვითარებაში. „ტროელი ქალები“ (რეჟისორი დათა თავაძე), თ. მელაშვილის „გათვლა“ (რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი) ის სპექტაკლებია, რომლებმაც ქალების როლს გაუსვა ხაზი. ქართველი დედების ჭარბი მზრუნველობის დამანგრეველ შედეგებს ეხებოდა სპექტაკლი დ. გაბუნიას „ბეჩავი“ (რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი).
მრავალფეროვნება, როგორც ღირებულება, ტრადიციული ქართული ბუნებისთვის თითქოს დამახასიათებელია, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის ყოველი კვლევა აჩვენებს სირთულეებს ამ მიმართულებით. თეატრმა დაიწყო ამ საკითხზე ლაპარაკი. სპექტაკლები უ. შექსპირის „ჰამლეტი’’ (გ. მაცხონაშვილი) და ლ. ნურენის „დემონები’’ (მ. ჩარკვიანი) უცხოსა და უმცირესობის მიმართ არსებულ დამოკიდებულებას აღწერდა და მაყურებელში ტოლერანტობის გაღვივებას ემსახურებოდა.
ადამიანის შეგრძნებების ხილული პროექცია დავით ხორბალაძის სპექტაკლებში ვფიქრობ, ინტიმური თეატრის ნაკადია. ს. კეინის „წყურვილი’’ თავისი წყვეტილი ფრაზებით და აზრებით უფრო მეტად გვაგრძნობინებდა სიცოცხლისთვის ბრძოლის აუცილებლობას ვიდრე რომელიმე ყველაზე ოპტიმისტური სასცენო პროდუქტი.
ბოლო ათწლეულია ინტიმური თეატრის ყველაზე მკვეთრი ავტორი პაატა ციკოლია დგამს ყველაზე პროვოკაციულ წარმოდგენებს, სადაც ჩვენს ირგვლივ უკვე მომხდარი ან მიმდინარე, ცოცხალი დანაშაულებების მიზეზს მოძალადე გარემოს, კულტურის და უფრო კონკრეტულ ჭრილში, მშობლების ნამოქმედარში და მათ ავტორიტეტში ხედავს. ცდილობს ბოლომდე გააშიშვლოს და დღის სინათლეზე გამოიტანოს ყველაზე დაფარული, ინტიმური და საჩოთირო. ასეთი კი სექსუალური, ხშირად პერვერტული სწრაფვებია, რომელიც ერთი მხრივ, ტრავმირებული ადამიანების იდენტიფიცირებაში, ხოლო მეორე მხრივ, ამ ტრავმების შემსუბუქებაში გვეხმარება. თითოეულ ჩვენგანში არსებული სირცხვილის გრძნობა საშუალებას არ გვაძლევს თავი გავიმჟღავნოთ, ვილაპარაკოთ უეცრად და უხამსად გაფიქრებულზე, ჩადენილზე, ეს კი ის სპექტაკლებია რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ მარტო არა ვართ და ეს ბევრს ეხება, რომ ეს თითქმის ყველას პრობლემაა. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის საყოველთაობა მის ნორმად გამოცხადებას არ ემსახურება, არამედ ემსახურება ზუსტ დიაგნოსტირებას, იმას, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი. სპექტაკლები „აიიქ’’, „მზეთუნახავი’’ ავტორის მხრიდან სიმართლესთან უკომპრომისო დამოკიდებულებას გულისხმობდა. გამბედაობა სჭირდება სცენიდან ილაპარაკო თემებზე, რომელზე ლაპარაკიც მიღებული არ არის. რთულია შეეხო სექსს, ძალადობას, მათში ყველაზე დაფარულს და ეცადო გაიგო სულიერი უფსკრულის არსი.
ციკოლია ინტერესდება თუ როგორ გარდაიქმნება ინდივიდის შინაგანი პრობლემები, ოჯახურ და შემდეგ სახელმწიფო მასშტაბის კრიზისებად და პირიქით. ეს წრიული, საბედისწერო პროცესი აისახა არაორდინალურ, ყველა თვალსაზრისით საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლში „მედეა’’. და როგორც ეს სპექტაკლი დარჩა შუფასებელი, ასევეა მთელი ახალი თეატრალური ტალღის არსი ამოუხსნელი. რასაც მე ინტიმურ თეატრს ვეძახი და რასაც შესაძლოა აქ დასახელებული ავტორები სრულებით არ ეთანხმებიან გვეხმარება თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სწორედ ეს ანიჭებს მას წონას და მნიშვნელობას უახლესი ქართული თეატრის და საზოგადოების ისტორიაში.
სიმპტომატურია ისიც, რომ აღნიშნული ავტორების (და არა მხოლოდ) უმრავლესობა იგნორირებული და განდევნილია სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის წიაღიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს სახელმწიფო მხარს არ უჭერს თავისუფლებისთვის ბრძოლას. დღეს სახელმწიფო არ ზრუნავს თავისუფალი ადამიანის აღზრდაზე.
მიუხედავად ამისა, დღეს უკვე არსებობს სცენები და არსებობენ ადამიანები ვისთვისაც გამარჯვება ქვეცნობიერ ინსტიქტებზე გამარჯვებით იწყება, ისინი გამარჯვებული ბრძოლის სახელს არქმევენ ღამის კლუბებს, ერთიანდებიან რიტმებში, ერთიანდებიან სპექტაკლებში და აღარავის აკვირვებს ისიც, რომ სულ უფრო მეტნი ხდებიან, რადგან შინაგანი თავისუფლება ყველა ვირუსზე მეტად გადამდებია.
დღეს რომ ომი არ იყოს, ვერ შევძლებდი ასეთი მკაფიო და მოურიდებელი ვყოფილიყავი და მეთქვა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან დღემდე ქართულ თეატრს არ ჰქონია ასეთი მნიშვნელოვანი სახე და როლი. და რადგან ხვალ შეიძლება ამის საშუალება აღარ იყოს, აუცილებელია ვთქვათ, რომ ჩვენ დავინახეთ ის, გავიგონეთ მისი ხმა.
P.S. დავამატებ გულწრფელ ბოდიშს მათთვის ვინც ამ სპონტანურ წერილში ვერ მოვიხსენიე. ხოლო მზიანი დღეების შემთხვევაში იმედს ვიტოვებ უფრო აკადემიური კვლევისთვის.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04