„UNMEMORY’’ დავით ხორბალაძის საავტორო სპექტაკლია. ის ღია, დამოუკიდებელ სახელოვნებო სივრცეში დაიდგა და რადგან მიმდინარე წლის მარტში მისი ბოლო ჩვენებები გაიმართა, ჩემი გამოხმაურებით მაყურებლის ინტერესის გაღვივება ვეღარ მოხდება. მიუხედავად ამისა, დადგმა იმდენად ამეკვიატა, ვეცდები მისგან მიღებული შთაბეჭდილება დაგვიანებით და დაახლოებით მაინც გადმოვცე.
ეს არის ყველაზე აბსტრაქტული სპექტაკლი, რომელიც ბოლო დროს მინახავს. ის მედიტაციურად, თითქოს მხოლოდ შინაგანი ვიბრაციით გველაპარაკება და ცხოვრებას როგორც განსაცდელის იდეას, სიორენ კირკეგორის „სატანჯველის სახარების’’ პრიზმაში წარმოგვიდგენს. განსხვავება მხოლოდ ინსტუმენტულია, თუ ამ იდეამდე კირკეგორს ფილოსოფიური აზრით მივყავართ, სპექტაკლში იგივე, ემოციისა და შეგრძნების საშუალებით ხდება, თითქოს თვითონ განსაცდელის მოვლენას ვაკვირებოდეთ ჩვენივე შინაგანი ხედვით.
ტრადიციული ხელოვნების სახელმძღვანელოებში მიღებულია ფორმისა და შინაარსის მთლიანობაზე, მათი თანხვედრის აუცილებლობაზე მსჯელობა. მართლაც, როდესაც ფორმა საუკეთესოდ გამოხატავს გადმოსაცემ აზრს გვაქვს მეტი შანსი ნაწარმოების გაგების, მასთან დაახლოების. დღევანდელ სიმულაკრების ეპოქაში, როცა ძნელია შინაარსის რაიმე ფორმასთან დაკავშირება, მომეჩვენა რომ დავით ხორბალაძის სპექტაკლი ის გამონაკლისია, რომელიც ფორმისა და შინაარსის ერთიანობის იდეას ტრადიციული ხელოვნების მსგავსად იყენებს და წარმატებით გადმოგცვემს სათქმელს ოპტიმალურად შესატყვისი გამომსახველობით.
სპექტაკლში ცხოვრება და მისი განსაცდელი წარმოდგენილია წარსულის, აწმყოსა და მომავლის ურთიერთმიმართებად, რომელშიც ადამიანი საკუთარ მეხსიერებაში არსებული ინფორმაციით ორიენტირდება.
„UNMEMORY’’ გვაჩვენებს ამ პროცესს. ის ჩვენი მეხსიერების როგორც ასეთის ვიზუალიზაციაა, მოგონებების ვერბალიზაციაა ხელოვნების ენით, ანუ ეს სპექტაკლი კი არ წარმოადგენს რაიმე მოგონილ ამბავს, არამედ კრებს და იმეორებს მეხსიერებაში (ამ შემთხვევაში კონკრეტულად ავტორის) ჩარჩენილ ფრაზებს, იმიჯებს, მელოდიებს, განწყობებს და ალაგებს მათ მეხსიერებისთვის დამახასიათებელი სპონტანურობით „სრულიად შესაძლო, იდეალური მომავლის“ მიმართულებით.
დადგმა არის თვითრეფლექსიის პროცესის მხატვრული აღწერა, რომელიც საკუთარ თავში ყოველთვის აერთიანებს გუშინდელს, დღევანდელსა და ხვალინდელს. ეს სამი დრო ვფიქრობ ხორბალაძის სპექტაკლში სამ მოქმედ ფიგურას შეესაბამება. უპრიანია ფიგურები ვუწოდოთ მათ, ვის მიმართ სიტყვა პერსონაჟი არარელევანტურ კონოტაციაშია.
ფიგურა ნომერი 1 - მარინა ჯოხაძის შესრულებით, კლასიკური ვიზუალისა და ვიბრაციის, მენტორული ტონის, ტრადიციისა და გამოცდილების ნაზავია. თუ გინდ კოლექტიური ცნობიერება, რომელიც მუდმივად ჭკუას გვასწავლის, გვხიბლავს გზამკვლევის დაპირებით და გვახვევს აკრძალვების ბურუსში. მარინა ჯოხაძე ულამაზესი ვერცხლისფერი საღამოს კაბით, პიანინოსთან ზის, მაყურებლისგან ზურგით, უკრავს ჩაიკოვსკის „დილის ლოცვას’’ რომლის ერთიდაიგივე აკორდებში არც თუ ისე კარგი ხარისხის ხმის ჩანაწერი შემოდის. 90-იანი წლების ჩანაწერებისთვის დამახასიათებელი ხარვეზებით, სპეციფიკური შრიალი თითქოს წარსულის ხმაა, რომელმაც საკუთარი არსებობა შეგვახსენა, თუნდაც ჩვენს მეხსირებაში. ზოგადად ამ სპექტაკლის პოეზია უხილავთან შეხება, მოუხელთებლის მოხელთებაა მელოდიებით, ხმაურებით, ფაქტურებით, განწყობების გაზიარებით.
ფიგურა ნომერი 2 - თამარა ჩუმაშვილი აწმყოში არსებობს. ის ავანსცენაზეა, მაყურებელთან ყველაზე ახლოს. აღბეჭდილია არასრულფასოვნების შეგრძნებით და ისეთი ფოტოგრაფიული ნატურალიზმით, რომლის ხიბლი და აღიარება მხოლოდ გარკვეული სითამამის პირობებშია შესაძლებელი. მისი სცენური არსებობა ყოფითი მოქმედებით ვითარდება. გაღვიძება, საყოფაცხოვრებო საგნებთან ურთიერთობა, დღის დაგეგმვა, საკუთარ გადაწყვეტილებებთან ჭიდილი, წინააღმდეგობრივი აზრების დალაგების მცდელობა - ყველაფერი ის რაც ჩვენს ყოველდღიურ რეალობას შეადგენს და ძირითადად, რუტინად ქცეული უსიცოცხლო მოქმედებების ინერციაა.
ფიგურა ნომერი 3 - გვანცა ენუქიძე ქმნის თითქმის კოსმიური მომავლის რწმენას, იმიჯს და ხატს, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში ლივლივებს და გვიბიძგებს გავიღვიძოთ, ვიფიქროთ, ვიმოქმედოთ. მისი არსებობა იმედისმომცემად გამოიყურება, მაგრამ ამავდროულად გამოვყავართ კომფორტის ზონიდან. ზოგადად წარმოდგენა კონკრეტულ ეპიზოდებში, განსაკუთრებით კი ფინალთან მიახლოებისას მუსიკით, ხმაურით, განათებით იწვევს მაყურებლის დისკომფორტს. ესთეტიკური ტკბობა ჩანაცვლებულია თითქმის გაუსაძლისი ხმოვანი და ვიზუალური კომპონენტით, რაც, გვირღვევს სიმშვიდეს და გვაახლოებს განსაცდელის არსთან.
ფიგურები ურთიერთქმედებენ შავი, გამომშრალი მიწით დაფარულ ზედაპირზე, ღრმა ნაპრალები ძარღვებივით რომ მოსდებია. ამ უდაბნოში რეალობა სხვადასხვა სიმყარის და გეომეტრიის კომპონენტებით მთლიანდება. მაყურებელი მიჩვეულია წარმოდგენა მართი კუთხეების წახნაგებში ნახოს. ისეთ არქიტექტურაში, როგორიც ზოგადად ცხოვრებაში გარს გვაკრავს. ხორბალაძის სპექტაკლში წარმოდენის აღქმის ჩვენთვის ჩვეული გარემო დარღვეულია. მაყურებელი თვალს ადევნებს მოლივლივე გარსში გახვეულ გვირაბს. ანა გურგენიძის სცენოგრაფიით, უწახნაგო, ცილინდრულ სივრცეში პერსპექტივის განცდასთან ერთად იქმნება ილუზია, რომ ადამიანის ნერვულ სისტემაში ვმოგზაურობთ.
წარმოდგენილი მხატვრული სამყარო თავისი თეთრი განათებით, ცივი და უსიცოცხლოა, ესთეტიკური თვალსაზრისით კი მაქსიმალურად დახვეწილი, პერფექციონისტულიც კი. ავტორის გადაწყვეტილებით ეს სივრცე თუ სისტემა ქალებს ეკუთვნით. გარემო რომელიც ერთი შეხედვით დისონანსურია ქალების შესახებ სტერეოტიპულ აღქმებთან, შიგნიდან გვაჩვენებს თუ რა შეიძლება იმალებოდეს სტანდარტულად აღქმული ფემინურობის მიღმა. „UNMEMORY’’ გენდერულ თემატიკას განსხვავებულად წარმოაჩენს და აგრძელებს ქალთა საკითხების კვლევის ტენდენციას თანამედროვე ხელოვნებაში.
ქართული თეატრისა და კინოს ევროპულ ხასიათს პირველ რიგში სიახლის მიმართ თამამი ინტერესი განსაზღვავდა. დავით ხორბალაძის წარმოდგენამ და ღია სივრცემ მთლიანად შემიქმნა თავისუფლების ის მოუხელთებელი და ძალიან ძვირფასი განცდა, რასაც მხოლოდ უცხოეთში გრძნობს ხოლმე, ნაცნობების, დამკვირვებლებისა და ყოველდღიური კონტექტებისგან შორს მყოფი რიგითი ქართველი. ვფიქრობ, ეს ქართული სცენისთვის განსხვავებულად ახალ ესთეტიკასთან შეხებამ გამოიწვია. პოსტდრამატული თეატრის ნიმუშები თითქმის არცერთ საერთაშორისო ფესტივალზე ჩემი ფავორიტი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით პიპო დელბონოს თეატრალურ კომპანიას. დავით ხორბალაძის სპექტაკლმა კი შეძლო დამლაპარაკებოდა, მე კი არა, ვიღაცას ჩემს შიგნით. მე თითქოს შორიდან ვაკვირდებოდი მათ ენერგეტიკულ კომუნიკაციას და ვგრძნობდი, რომ ამ ვიღაცას ცხადად ესმოდა ერთმანეთისაგან განსხვავებული ქალების ემოციური დაღლილობის. ესმოდა, რომ სუფთა და გაწკრიალებული სახლები სინამდვილეში დიასახლისების ღრმა და ჩუმ, არავისთვის გამჟღავნებულ დარდებს მალავენ, ზოგჯერ კი ობსესიურ აშლილობებსაც. სიზიფეს მსგავსი სასოწარკვეთილი შრომა, თითქოს საკუთარი ცხოვრების და საკუთარი თავის დალაგების მარადიული მცდელობაა და პირველ რიგში, დროის განზომილებაში გარკვევას ნიშნავს.
ამ მუდმივ მცდელობაში ჩვენს მეხსიერებას ხან წარსულში მივყავართ და გვაიძულებს არასოდეს დავივიწყოთ ის რაც უკვე იყო ან წარმოსახვით, ბუნდოვან მომავალს გვაჩეჩებს ხელში, რომელიც ხელიდან გასხლტომის უნარით ისევ მარტოს და ისევ გაურკვეველს გვტოვებს. „ამას შემდეგ ცხოვრებამდე აღარ გავიმეორებ’’, გვარიგებს წარსული, ფიგურა ნომერი 1 და ამ გაფრთხილებაში იკითხება საყვედურიც და განმეორების მოლოდინიც. შემდეგი ცხოვრება მოგონებიდან მოგონებამდე, დილიდან დილამდე, წლიდან წლამდე, ვიღაცის რწმენით კი სიცოცხლიდან სიცოცხლემდეც კი არის გადაჭიმული და ერთადერთი რაც ამ დროის შუალედებში გვჭირდება არის ზუსტი ინსტრუქცია ცხოვრების გაგრძელების და საჭიროების შემთხვევაში მკვდრეთით აღდგომის თაობაზე.
დაწყებითი კლასების ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას თუ გავიმეორებთ, რას გვასწავლის ეს სპექტაკლი? პასუხი სასკოლო პროგრამის მსგავსადვე მარტივი იქნება, ეს სპექტაკლი გვასწავლის გადარჩენას. წარმოდგენის მსვლელობისას მაყურებელი ნახავს სურიალისტური პროექტის წარდგენას, პრეზენტაციას. მეტაფიზიკურ, უკიდურესად პირობით მხატვრულ გარემოში რეალისტურ-საქმიანი და საოფისე სტილისტიკით ფიგურა ნომერი 2 წარადგენს პროექტს კუბოდან ამოსვლის უსაფრთხო და წარმატებულ მეთოდებზე. ამბობს, რომ პროექტი მოიცავს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლების კურსს.
მეტაფორა რომელმაც თანამედროვე ხელოვნებაში თითქოს აბსოლუტურად დაკარგა თავისი პირველადი მნიშვნელობა, გარკვეულ პირობებში ისევ განიცდის რეინკარნაციას. ახერხებს მკვდრეთით აღდგომას. სპექტაკლში ნაჩვენები პროექტის პრეზენტაცია სხვა არაფერია თუ არა მეტაფორა ჩვენი სასიცოცხლო ენერგიისგან დაცლილი არსის. განსხვავება მხოლოდ დამოკიდებულებაში შეიძლება ვიგრძნოთ. თუ ტრადიციულად მეტაფორა აკადემიური მანერით არის მოწოდებული, ხორბალაძის სპექტაკლში სწორედ ის არის დაცლილი სიმძიმისგან და ღიმილს გვგვრის.
შავი იუმორი ერთ-ერთია რომელთანაც ქართულ კულტურას რთული ურთიერთობა აქვს. ესეც დამატებითი კვანძის გახსნას გავს ამ წარმოდგენაში.
„UNMEMORY’’ თავის სახელშიც გარკვეულ ინსტრუქციას შეიცავს, მოსაზრებას იმის შესახებ თუ რას ფიქრობს ავტორი მეხსიერბაზე, ისტორიაზე და მასთან დამოკიდებულებაზე. სიტყვის ინგლისური პრეფიქსი ასოციაციურად მახსენებს სოცმედიაში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვას, ფუნქციას - Unfriend, რომელიც ერთ დროს ახლო ურთიერთობაში არსებულის ჩახსნას, მასთან დისტანცირებას გულისხმობს. სპექტაკლი მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დაკავშირებული არ არის რომელიმე კონკრეტულ ეპოქასთან, მაინც გვიჩენს კავშირებს ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულსა და აწმყოსთან. მასში ჩანს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა, რითაც წარმოდგენის იდეა და პიროვნების ინდივიდუალური პრობლემები ზოგად სახელმწიფოებრივ კონტექსტს იძენს.
დავით ხორბალაძე გვთავაზობს გადატვირთვას, მეხსიერებისგან დისტანცირებას, უარის თქმას წარსული გამოცდილებით ახალი საკითხების განხილვაზე, რადგან სწორედ ეს ციკლი ქმნის იმ მუდმივ წრეს რომელზეც მომავალი გვატრიალებს. ფიგურა ნომერი 3 მთელი სპექტაკლის მანძილზე ველოსიპედით დადის წრეზე, გარს გვივლის ჩვენ, მაყურებელს და ამით სამოქმედო სივრცესთანაც გვაერთიანებს. დადგმა არის წარსულთან განშორების სირთულეზეც და მისი აუცილებლობის გაცნობიერებაზეც. და ასეთ განყენებულ სურათშიც კი ჩემთვის დღევანდელობის ყველაზე აქტუალურ საკითხებს უკავშირდება. საზოგადოება, რომელიც ვერაფრით ახერხებს ტრავმებისგან გათავისუფლებას ყოველ ჯერზე უშვებს ერთიდაიგივე შეცდომას. ეს არის მდგომარეობა, როცა სატანჯველი ვერ იქცევა სახარებად და სულიერი ამაღლებისა და განვითარების ნაცვლად გვტოვებს უნაყოფო, არაფრისმომცემ ნიადაგზე. „UNMEMORY’’კი სხვანაირად მთავრდება. გვიქმნის ვიზუალურ, იდეალურ შესაძლო მომავალს სადაც ჩვენი სულიერი უდაბნო კაშკაშა და პრიალა ზედაპირით იფარება, თითქოს ყველაფერი ჩვენს ხელშია...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04