რაც ოქტომბრის ბოლო დეკადაში დმანისში მოხდა, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვუწოდოთ „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!“, ერნესტ ტოლერის იმ პიესის სათაურის მიხედვით, რომელიც კოტე მარჯანიშვილმა თავის ახალ დასთან ერთად დადგა 1928 წელს, მას შემდეგ რაც რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა. ეს სპექტაკლი ახალი ქართული თეატრის ცხოვრების დასაწყისად და თეატრალური ცხოვრების აღორძინების სიმბოლოდ ითვლება. ასე შეიქმნა თეატრი, რომელსაც ახლა კოტე მარჯანიშვილის სახელს ატარებს.
დმანისის თეატრში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი ლაშა ჩხვიმიანი იწყებს ახალი, დამოუკიდებელი პროექტის განვითარებას, პირობითი სახელით „შეხვედრის ადგილი“, სადაც კონკურსის შედეგად გამარჯვებული სპექტაკლი, ძირითადად გარე სივრცეში სათამაშოდაა გათვლილი. თავის პროფესიაში შეყვარებულმა და თავდადებულმა ახალგაზრდა მსახიობმა თავის გარშემო შემოიკრიბა ენთუზიასტი კოლეგები და განახორციელეს წარმოდგენა - ჰაროლდ პინტერის „მთის ენა“, რომელიც რვა სხვადასხვა სოფელში უკვე ითამაშეს იქაური მცხოვრებლებისთვის. მათ მიერ გახორციელებული პროექტის წარმატება იმედის მომცემია, რომ აქ დმანისში შეიქმნება მულტიკულტურული გარემო, რომელიც დასაბამს მისცემს ამ რეგიონში სახელოვნებო დარგების აღორძინებას და იქაური მოსახლეობის ხელოვნებასთან ზიარებას.
პროექტის ბოლო შეხვედრა კი დმანისში, სავადმყოფოს ყოფილ შენობაში გაიმართა, სადაც მხოლოდ კედლები და კიბეების დანგრეული საფეხურებია შემორჩენილი. ოთახებს ფანჯრები არ აქვს და შენობა „თვალდათხრილ“ ადამიანს ჩამოაგავს. მეოთხე სართულის ერთ მხარეზე მაყურებელთათვის სკამებია განლაგებული, რომლის მოპირდაპირე მხარეს დიდი თეთრი ეკრანია მოთავსებული, რაზეც სპექტაკლის მთელი მიმდინარეობა პროეცირდება.
არ ვიცი კონკურსის ჟიურიმ რა კრიტერიუმით შეარჩია ეს პიესა (და შესაბამისად რეჟისორი აჩი გოგუაძე) იმ ოთხ კონკურსანტთა შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია - არჩევანმა ნამდვილად გაამართლა და დღევანდელი სპექტაკლი უთუოდ იმსახურებას აღფრთოვანებასა და ქებას.
პირველი და მთავარი ისაა, რომ შერჩეული ლოკაცია ძალზე მოუხდა იმ თემატიკას, რაზეც ეს პიესაა შექმნილი - ბაღდადის ერთ-ერთ ციხეზე, იქ პატიმართა კამერებში მიმდინარე ამბებზე და იმ სისასტიკეზე რასაც ჯურღმულებში მოთავსებული ტყვეები განიცდიდნენ. პიესა ხომ ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს: - ჰაროლდ პინტერმა საკმაო ხანი თურქეთის ასეთ ციხეში გაატარა.
რეჟისორმა აჩი გოგუაძემ ისე მოაწყო „სათამაშო მოედანი“, (რომლის სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელიც თვითონაა), რომ მაყურებელი ერთდროულად აკვირდება სხვადასხვა კამერებში თუ დასასჯელ ოთახში მიმდინარე სისასტიკეს და ძალადობას არა მხოლოდ იქ გამომწყვდეული პატიმრების, არამედ მათთან მისულ მნახველთა მიმართ, რასაც სპექტაკლის ოპერატორის პარალელურ რეჟიმში აფიქსირებს და მსხვილი ხედით ეკრანზე გვიჩენებს.
რეჟისორი გასაგები მიზეზით უარს ამბობს ფსიქოლოგიურ თეატრზე (აბსურდის თეატრი ხომ ჯერ კიდევ ანტონენ არტოდან და მისი „სისასტიკის თეატარიდან“ დაწყებული ანტიფსიქოლოგიურ თეატრად ითვლება) და ირჩევს სიტუაციის თეატრის ფორმას, რადგან ჰაროლდ პინტერის ეს პიესა ზუსტად პასუხობს მის ძირითად კრედოს - აბსურდის თეატრის მთავარ პოსტულატებსა და მის ესთეტიკას.
აბსურდის დრამატურგები, როგორც ყველა მოდერნისტი ხელოვანები თავის შემოქმედებაში აქცენტს აკეთებენ პიროვნების ნგრევის პროცესზე, ადამიანის ნიველირებაზე და მის გაუპიროვნებაზე. აბსურდის თეატრი, რომელიც ქმედითი ან ფსიქოლოგიური თეატრისგან განსხვავებით სიტუაციის თეატრია, განსაკუთრებით კარგად ისახება ამ პიესაში, რასაკვირველი მის სხვა ნაწარმოებთან ერთად. სიტუაციის თეატრი არ გვიყვება პერსონაჟთა ბედზე, მათ ხასიათზე ან რაიმეს მათ კონფლიქტზე, არამედ ქმნის სახეებს, გვიჩვენებს დრამატურგის აზროვნების დრამას და მის ეგზისტენციას.
არ ვიცით ვინ არიან „მთის ენის“ პერსონაჟები, არ ვიცით მათი წარსული, მაგრამ ცხადია მათი აღსასრული - არსობრივად ესაა ძალადობის და ტერორის სცენები განხორციელებული სახელმწიფო მანქანის მიერ მათ დასათრგუნად და დასამორჩილებლად. პინტერის შემოქმედებაში მთავარი თემა ხომ პიროვნების განადგურება და მათი ყოფის აბსურდულობაა. და აქ კიდევ ერთხელ ვლინდება სამყაროს მტრული განწყობა ადამიანის - პიროვნების მიმართ, ძირითადად სოციალური ინსტიტუტების მეშვეობთ რაც გათვლილია იმაზე, რომ პიროვნების ნაცვლად მართვის სხვადასხვა საშუალებებით და მექანიზმებით - ძალადობის, დაშინების და ტანჯვა-წამების მეშვეობით შეიქმნას „ადამიანი მასა“. მწერალი და სპექტაკლის რეჟისორი გვიჩვენებს მეუღლესთან მისულ ახალგაზრდა ქალს (ვიკა ბოკერია), რომელიც იძულებულია უკანასკნელ დამცირებას დათანხმდეს, რათა ყველაფერი დასრულდეს, მოხუც დედას (მანანა ტატიშვილი), რომელიც შვილის სანახავად მოდის, მასთან დალაპარაკებასაც უკრძალავენ, რადგან ის „მთის ენას“ იყენებს, ამიტომ სიტყვასაც ვერ ეუბნება შვილის. იგი იმდენად დათრგუნულია და შეძრწუნებული იმით, რაც აქ დახვდება, რომ საკუთარ შვილის ერთ ლუკმასაც კი ვერ მიაწვდის, ჯურღმულებში გამომწყვდეულ ტუსაღებს (გიორგი ცერცვაძე, კაპიშონიანი კაცი - ოთარ აშკარელი), რომელთაც მზის შუქის დანახვის ყველანაირი იმედიც კი დაუკარგავთ. რუსა არაბულის პერსონაჟი კი ერთგვარი დირიჟორია ამ ქმედების, რომელიც კარებში გვხვდება და უკვე დაკითხვას გვიწყობს: „სახელი?“
სწორედ ამ სიტყვით იწყებს სერჟანტი (გიორგი ტაბიძე) მნახველების დაკითხვას, რასაც ოფიცერი (გიორგი ტატიშვილი) იმეორებს და იმ დობერმან-პინჩერის სახელის დასახელებასაც მოითხოვს, რომელმაც მოხუც ქალს ხელზე უკბინა - აბსურდულია ეს გამოკითვა, ისევე როგორც შემდგომ პატიმარის და დედამისისთვის „მთის ენაზე“ საუბრის აკრძალვა.
აჩი გოგუაძის და მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სპექტაკლი ამ სავადმყოფოს ნანგრევებში მკაცრი მინიშნებაა იმაზე, რომ სახელმწიფო მანქანებით ძალადობა, პიროვნების უგულვებელყოფა, საკუთარი სალაპარაკო, მშობლიური ენის აკრძალვა ტრაგედიაა მთელი კაცობრიობისთვის და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04