ზღაპარი დიდებისთვის - ფიწალი დისნეი
3-07-2023, 17:44
ავტორი:  თეა კახიანი

სპექტაკლიდან გამოსულმა ვთქვი, რომ აუცილებლად დავწერდი ყველაზე გულწრფელ გამოხმაურებას, რაც აქამდე დამიწერია. იმიტომ, რომ სულ უფრო ხშირად  ვნახულობ სპექტაკლებს, რომელიც  ჩემს ცოდნას სათეატრო ხელოვნებაზე და ზოგადად თანამედროვე ხელოვნებაზე კითხვის ნიშნებს უსვამს. და თუ  პატიოსანი ხარ შინაგანად, ამის აღიარება უნდა შეგეძლოს.

ამჯერად მხედველობაში მაქვს სპექტაკლი “ფიწალი დისნეი”. ეს არის ფილიპ რიდლის პიესის პირველი დადგმა  ქართულ სცენაზე, ათონელის თეატრში.   სპექტაკლმა უდავოდ და უცერემონიოდ დამიტოვა ახალ ესთეტიკასთან შეხების განცდა და გაურკვევლობა პირველ რიგში საკუთარ თავთან და იმ  შეგრძნებებთან სიახლის მოსინჯვას რომ მოსდევს. თამრი ოხიკიანის მხატვრობა ამ პროცესში აუცილებელი და ჰაერივით საჭირო გზამკვლევია. მას ხელჩაკიდებული შეყავხარ იმ სამყაროში, სადაც ქართული სათეატრო გამოცდილება ჯერ არ  დაგროვებულა.

ყველაფერი გამოიყურება ისე, როგორც ზღაპარს შეესაბამება. სივრცე და იმიჯები ფერადია, ბრჭყვიალა, მაგრამ ატმოსფერო გვკარნახობს, რომ ეს ჩვეულებრივი, ძილის წინ საკითხავი ზღაპარი არ არის. ვიტყოდი, რომ პირიქით ანტიზღაპარია. ჩემი ღრმა რწმენით არღვევს  ზღაპრის მთავარ პრინციპს - გაგვხვიოს გამოგონილი სამყაროს ბურუსში, დაგვაჯეროს სიკეთის უძლეველობა  და  ამით დაგვავიწყოს ჩვენი შიშები და სისუსტეები. ვფიქრობ, ეს სპექტაკლი იმუშავებს პირიქით, აუცილებლად გაგახსენებთ თუ  რისი გეშინოდათ ან გეშინიათ ყველაზე მეტად და დაგანახებთ თუ როგორ გამოიყურება შეშინებული ადამიანი. ეს ხდება არა თანაგანცდის გამოწვევის მიზნით, არამედ ინტერესის აღძვრისთვის შიშის ეპიცენტრის მიმართ, მისგან გათავისუფლების იმედით. 

“ფიწალი დისნეის” მთელი საკომუნიკაციო არსენალი ამ მიზნისკენაა მიმართული.  პერსონაჟები იქცევიან არა ისე რომ თავი მოაწონონ, შეაყვარონ ან შეაცოდონ მაყურებელს, მათი ქცევის და  საუბრის მანერა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის პროვოცირებას ემსახურება. გარკვეულწილად,  მაყურებელს აინტერესებს  თუ რა იქნება შემდეგ, მაგრამ სპექტაკლის სპეციფიკა და ორგინალობა ისიცაა, რომ ვერავინ გამოიცნობს მის ვერც განვითარებას და ვერც დასასრულს. ეს სრულიად არაპროგნოზირებადი სცენური პროდუქტია. ჩემი აზრით ამაშია მისი  ხიბლი. ზღაპარი დიდებისთვის - ფიწალი დისნეი

ხოლო ამბავი და პერსონაჟების ურთიერთობები არის სიზმრისეული, ნაკლებლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ქსოვილი. იმედგაცრუება და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა ელის მას  ვისაც დალაგებული აზრებისა და შინაარსის მიღება სურს.  თუმცა პირველი პლანის შინაარსის გადმოცემას თუ შევეცდებით,  პიესა არის შინ გამოკეტილ და-ძმაზე. მათი მშობლები დიდი ხნის წინ გარდაცვლილან და  ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრება ინფანტილიზმში, ობსესიებსა და ფობიებში ვითარდება. მაყურებელი ვერ არკვევს მათ მიერ ჰორორის ჟანრში მოყოლილი ისტორიები რეალურია თუ გამონაგონი. სპექტაკლში, ჰეილი, სოფიო ზერაგია, გააზრებულია, როგორც  მოდელირებული ფიფქია ან მძინარე მზეთუნახავი. მისი პერსონაჟის მთელი კოლიზია გარდაუვალი საფრთხის განცდაა. ის არის კიდეც მსხვერპლი, რომელშიც საბოლოოდ პროტესტი იღვიძებს, ამის დასტურია ფინალში საკუთარ ძმაზე დამიზნებული იარაღი.  მაგრამ თუ რა არის რეალურად ამ პროტესტის მოტივი, დაუცველობის განცდა, ძმის მიმართ ბრაზი და იქნებ დიდ დანაშაულში მხილებაც, მშობლების გაუჩინარებას რომ  შეიძლება უკავშირდებოდეს, მხოლოდ ვარაუდის და ინტერპრეტაციის საგანია. კოსმო დისნეი, სანდრო სამხარაძე,  მძინარე მზეთუნახავის მხსნელი პრინცის რიმეიქია, მისი არქეტიპული შინაარსი სპექტაკლში დეკონსტრუქციის გზას გადის და საპირისპირო მნიშვნელობით იტვირთება. მხსნელიდან მოძალადედ ტრანსფორმირდება. მაგრამ აქაც, ჩემთვის ბუნდოვანია ამ ტრანსფორმაციის საფუძველი.       

შეგვიძლია დავსვათ ლეგიტიმური კითხვა, მაინც რა არის ჰაერის დასაშვები მოცულობა რომელიც ნაწარმოებში ინტერპრეტაციისთვის არის დატოვებული, ან რამდებად გვჭირდება თავი ვიგრძნოთ ავტორებად და ფიქრი იმდენ ხანს განვაგრძოთ რამდენიც ჩვენი ორგანული ბუნებისთვის შესატყვისი ვერსიის შექმნას დასჭირდება.  ეპოქა და სწრაფად ცვალებადი, ინფორმაციის სხარტად მიღებაზე ორიენტირებული  დრო კი არამგონია ამისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდეს. 

დღევანდელი გადმოსახედიდან, ბრიტანეთში,   რიდლის  კლასიკად აღიარებული და თავის დროზე უპირობოდ კონტროვერსული ტექსტი ზედმეტად ჩახლართული მეჩვენება. ან შესაძლოა ვთქვათ ისიც, რომ ქართულმა დადგმამ ვერ მოჰფინა მას საკმარისი ნათელი.  ვერ დასვა აქცენტი ამ ტექსტში არსებულ მრავალ მნიშვნელოვან თემას  შორის მთავარზე. შესაბამისად მაყურებლისთვის ბუნდოვანია მაინც სად იყო ამ სპექტაკლის  მფეთქავი ბირთვი, რომელსაც იმდენად უნდა აეღელვებინა მისი შემსრულებელი, რომ ჩვენამდეც მოეღწია.

ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორიტარი მშობლების შვილებთან ურთიერთობების შედეგები, სექსუალური უმცირესობების მიუღებლობა და ძალადობა, ინფანტილიზმი, პასუხისმგებლობის საკითხები და კონსუმერული, “სპექტაკლის საზოგადოების” პრობლემები.   თუმცა, თანამედროვე ხელოვნებასთან მიმართებაში მკვლევრები გვისაბუთებენ, რომ  შინაარსზე მეტად,  ესთეტიკით, იმიჯით, ვიზუალური ნიშნებით ვიხელმძღვანელოთ  და დრო როცა ნაწარმოებში განვიხილავდით კონფლიქტს პროტაგონისტსა და ანტაგონისტს შორის თვალსა და ხელს შუა გაგვისხლტა.

“ფიწალში” პერსონაჟებზე დაკვირვებისას ვხვდებით, რომ აქ არ არსებობს კლასიკური პროტაგონისტი. სპექტაკლს ჰყავს სამი მთავარი გმირი, ხოლო მეოთხე თითქოს მეორეხარისხოვანი როლის ფიწალი დისნეის შემსრულებელი, ლაშა მებუკე, პაროდიულად განასახიერებს ანტაგონისტს და პიესასაც და სპექტაკლსაც სწორედ ამ ანტაგონისტის სახელი ჰქვია. ეს პერსონაჟი სცენაზე მოქმედებისას ხმას არ იღებს, მაგრამ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის მანამდე გამოჩნდა ვიდრე სცენაზე შემოვიდოდა. მასზე სხვებმა გვიამბეს, დასაწყისიდანვე გაგვაცნეს, გვაჩვენეს მისი ანარეკლი, წარმოგვიდგინეს შიშის, შფოთისა და ისტერიის სიმბოლო - ფიწალი დისნეი და საბოლოო ჯამში ამ ნეგატიური გრძნობების  პაროდია.

სპექტაკლში იქნებ ბევრი რამ ვერ გაიგოთ, მაგრამ ნანახი პერსონაჟები და მათი შემსრულებელი მსახიობები ნამდვილად ვერ დაგავიწყდებათ. სოფიო ზერაგიას ჰეილი, ნიკუშა ბაქრაძის პრისლი, სანდრო სამხარაძის კოსმო დისნეი უბრალოდ აღფრთოვანებას იმსახურებენ.   სამივე ქმნის ორიგინალურ, ცოცხალ, სცენური სიმართლით გაჯერებულ მხატვრულ სახეებს. ზუსტი შეფასებები,  დახვეწილ ფორმასთან ერთად ახალ ესთეტიკურ მატრიცას და განახლებისა და გამრავალფეროვნების  შესაძლებლობას ქმნის ქართულ სათეატრო სივრცეში.  (ცხადია, მეოთხე პერსონაჟის სამსახობო ოსტატობაზე ვერაფერს ვიტყვი, აქ მას არც დრო და არც ფუნქცია საამისოდ არ ჰქონია).  

დადგმის ზოგად ატმოსფეროში მუსიკა, მელოდია (კომპოზიტორები გიორგი გიგაშვილი, ნიკალა ზუბიაშვილი) განსაკუთრებულ და კარგად გააზრებულ ფუნქციას ასრულებს. ის სვამს სწორ აქცენტს, ამძაფრებს და მნიშვნელობას სძენს სცენების განმეორებებს.

კიდევ ერთი, რაც მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს არის ის, რომ ამ სპექტაკლს არ ჰყავს რეჟისორი. ის  ქმნის პრეცედენტს გუნდური მუშაობისთვის, თანამოაზრეობისთვის თანასწორ სიბრტყეზე.  ვფიქრობ, ამ ინიციატივას  აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება, რასაც მე პირადად, დიდი ინტერესით ველოდები.       

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა