„თავისუფალი“ პრემიის მიზნები
პრემია „თავისუფალი“ შეიქმნა დამოუკიდებელი სათეატრო სივრცეების, კომპანიებისა და არტისტების მხარდასაჭერად. მისი მიზანია პროცესის წახალისება, რომელიც სიახლის ძიებას და ტრადიციული თეატრალური გამოცდილების გადააზრებას ცდილობს. ბოლო წლებმა გვიჩვენა, რომ სულ უფრო მეტი ახალი და საინტერესო არტისტი სწორედ ამ ტიპის ძიებების წყალობით აღმოაჩინა თანამედროვე თეატრალურმა ხელოვნებამ.
უარის თქმა აკადემიურ თეატრებსა თუ ფორმებზე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა არის მკაფიოდ გამოხატული პროტესტი, ხოლო ზოგჯერ, ეს მხოლოდ სიახლის ძიების და ამ ძიებაში საკუთარი თავის, როგორც ხელოვანის აღმოჩენის მცდელობაა. ოდესღაც ჩვენ მხოლოდ ექსპერიმენტულ ნამუშევრებზე ვსაუბრობდით, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ დაგროვდა გარკვეული გამოცდილება, რომელიც ტენდენციის სახეს იძენს და ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მისი ხელშეწყობა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ დღეს მარტივია დამოუკიდებელი პროდუქტის შექმნა, ეს არის ურთულესი და წინააღმდეგობებით სავსე შრომა, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს არტისტებისგან და თავისთავად ქმნის არასახარბიელო მოცემულობას შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პრემია „თავისუფალი“ მიგვაჩნია, რომ შეძლებს შექმნას დამოუკიდებელი ხელოვანებისათის პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ასევე იქნება ძლიერი მუხტისა და მოტივაციის მატარებელი, ზოგადად შემოქმედებითი პროცესის განვითარებისათვის.
ძირითადი პრინციპები
პრემია „თავისუფალი“ გამოავლენს სეზონის ყველაზე გამორჩეულ და ეფექტიან სასცენო პროდუქტებს. პროცესის სანდოობისა და გამჭვირვალობისათვის ჩვენ გავასაჯაროებთ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც საგანგებოდ მოწვეული ჟიური შეაფასებს წარმოდგენებს.
წელს განვიხილავთ ბოლო ორი წლის განმავლობაში დადგმულ სპექტაკლებს. თითოეული განმცხადებლისგან არაუმეტეს სამი წარმოდგენისა. რამდენადაც პირველი მცდელობა გვინდა ჩვენთვისაც იყოს პრეცედენტული, გადავწყვიტეთ მაქსიმალურად ბევრ დამოუკიდებელ თეატრალს მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა და ყველამ ერთად შევძლოთ ამ პროცესში მნიშვნელოვანი აქცენტების აღმოჩენა და უკვე მომდევნო წლებში მათზე მუშაობა და მათი განვითარება.
პირველ ადგილზე გასული პროექტი მიიღებს უნიკალურ შესაძლებლობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით გაკეთდეს წარმოდგენის ჩანაწერი და გადაეცეს ავტორს, რომელიც სურვილის შესაბამისად შესთავაზებს სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებს და ერთი მხრივ, ეს იქნება მატერიალური ინტერესის მატარებელი, ხოლო მეორე მხრივ, პროდუქტის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც პროექტის პარტნიორი უზრუნველყოფს წარმოდგენის სატელევიზიო პრემიერას. ეს იქნება ფართო საზოგადოებისთვის ახალი ავტორების გაცნობის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკის დანერგვა, რაც მომავალში ამ ავტორებს გაუმარტივებს ახალი დამოუკიდებელი პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვებას და ცხადია, გაზრდის მათ აუდიტორიას.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. საპრიზო ფონდის ოდენობას გავასაჯაროვებთ სპონსორებთან მოლაპარაკებების დასრულებისთანავე.
პრემიის პერსპექტივა
პრემია „თავისუფალი“ სამომავლოდ გეგმავს იმოქმედოს ჩეხური ანალოგით და დამოუკიდებელი ავტორებისა და კომპანიებისათვის შექმნას ფესტივალი, რომელიც უმასპინძლებს თეატრის უცხოელ მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პროდიუსერებს. შექმნის საერთაშორისო კავშირების გაღრმავების და კოპროდუქციების შესაძლებლობებს. შედეგად პრემია „თავისუფალი’’ ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ავტონომიური სათეატრო სივრცეების საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაციას.
პრემია „თავისუფალი“ აცხადებს პრეტენზიას, იქცეს წლის ყველაზე რეზონანსულ მოვლენად. ჩვენ გვაქვს სურვილი ვიდგეთ ხელოვანების გვერდით, იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია თავისუფლებისაკენ სწრაფვა.
„თავისუფალი” პრემიის შესარჩევ კონკურსზე სპექტაკლების წარდგენა შეგიძლიათ 25 ოქტომბრის ჩათვლით. ამისათვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა (რომელიც ატვირთულია პრემიის ფეისბუქ გვერდზე) და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მისამართზე georgiantheatre.ge@yahoo.com დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 577389974 ან მოგვწერეთ პრემიის ფეისბუქ გვერდზე.
პრემიის დამფუძნებლები არიან:
თეა კახიანი - თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
გვანცა გულიაშვილი - თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი
თამარ მუქერია - თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ვიზუალური კონცეფციის და სკულპტურის ავტორი - ქეთი ნადიბაიძე
გრაფიკული დიზაინი - მარიამ სუზაშვილი
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04