ორი წელი ნიკოს გარეშე
19-04-2012, 10:22

 ავთანდილ ვარსიმაშვილი

 

 

„თეატრალურ სარდაფში“ „ჰამლეტს“ ვდგამდი, ბევრი ახალგაზრდა მსახიობი მოდიოდა და უბრალოდ ესწრებოდა რეპეტიციებს, მათ შორის შევნიშნე შლაპაჩამოფხატული, ცისფერთვალება, გაუპარსავი ლამაზი ბიჭი, რომელიც ბოლო რიგში იჯდა და ნერვიულად შეჰყურებდა სცენას. „ვინ არის?“ ვკითხე ჩუმად მათ, ვინც მას იცნობდა. „ნიკოა გომელაური, სამი წელია რაც დაამთავრა თეატრალური, არსად არ თამაშობს“, „რატომ?“ - გავიკვირვე და გავხედე ცისფერთვალება, ლამაზ ბიჭს. „მეტყველების პრობლემა აქვს და თან მაგრად სვამს“ . ისევ გავხედე, თვალები უელავდა, ეტყობოდა რომ ნასვამი იყო. გავიდა რამოდენიმე დღე, ნიკო მოდიოდა, ჯდებოდა ბოლო რიგში და უყურებდა რეპეტიციას, ბოლოს დავუძახე „გინდათ თამაში?“ , „მინდა“ - მიპასუხა და უხერხულობისგან გაიღიმა, მას არყის სუნი ასდიოდა და მართლაც ჰქონდა მეტყველების პრობლემა, შიგადაშიგ ენას უკიდებდა და ბორძიკობდა. „დუბლიორად დაგნიშნავთ ლაერტის როლზე“, ლაერტს სხვა მსახიობი გადიოდა, ნიკო იჯდა და უყურებდა თუ როგორ ვმუშაობდი სხვასთან, შიგადაშიგ რაღაცეებს იწერდა როლის გასწვრივ რვეულში, „მოდი აბა ვსინჯოთ“, ვუთხარი ერთი კვირის თავზე მოულოდნელად, ის სწრაფად ამოვიდა სცენაზე და დაიწყო რეპეტიცია, საშინლად ღელავდა და ამის გამო ენა სულ დაება, სხვებს გაეცინათ კიდეც, ეგრევე შევწყვიტე რეპეტიცია, „კარგი, ხვალ ჩემთან სახლში მოდი 12 სთ - ზე და იქ ვიმუშაოთ“ , მეორე დღეს მოვიდა და თან არყის ბოთლი მოიტანა, „შეიძლება თან დავლევ, თორემ ვნერვიულობ“, „არ შეიძლება, სპექტაკლზეც ხომ არ დალევ“ , შევთანხმდით, რომ ვმუშაობთ და მხოლოდ მუშაობის შემდეგ სვამს, დავიწყეთ ნელა კითხვა, „გადადე ეგ დაბეჭდილი ტექსტი და ხელით დაწერე როლი“- ვუთხარი და სუფთა ფურცელი დავუდე წინ, გავა წლები და ახალგაზრდა მსახიობებს ეტყვის: „ თვითონ უნდა გადაწეროთ როლი, უნდა ხედავდეთ თქვენს მიერ დაწერილ თვითოეულ ასოს, უნდა განიცდიდეთ თვითოეულ სიტყვას, მე ეს ავთომ მასწავლაო“, ამას იტყვის წლების მერე, როდესაც ახალგაზრდა კოლეგებისათვის საკულტო მსახიობად იქცევა, მაგრამ მაშინ იმ ახალგაზრდა ცისფერთვალება ბიჭს ჰქონდა მხოლოდ გასაოცარი ორგანიკა და საერთოდ არ ჰქონდა აქტიორული ტექნიკა, „გაწელე ბგერები“ - შევთავაზე იმ დღეს-„ ეგ შენი მეტყველების დეფექტი, პირიქით, შენს მანერად აქციე“ , დაუფიქრებლად მომყვებოდა, თავს მიქნევდა და მომენტალურად ერთვებოდა მუშაობაში, როცა დავიწყეთ ინტენსიური რეპეტიციები მაშინვე შევამჩნიე, რომ ის ფანტასტიური სიჩქარით იზრდებოდა, რეპეტიციისათვის ყოველთვის მომზადებული მოდიოდა, ტექსტი ზეპირად იცოდა და სხვებივით რვეულში არ იყურებოდა, „ჰამლეტში“ მას ორი როლი ჰქონდა, ლაერტის და მსახიობის, ნიკო უკვე იმდენად მომწონდა, რომ ამ როლების ძირითად შემსრულებელს გამოვეთხოვე და მხოლოდ ნიკო დავნიშნე ამ როლებზე. როგორც დამპირდა რეპეტიციებზე არ სვამდა, მაგრამ სვამდა რეპეტიციის შემდეგ მიშა ჯოჯუასთან ერთად თეატრის სცენაზე, მეც ხშირად ვრჩებოდი მათთან და საათობით ვლაპარაკობდით, ერთხელ მიშა ჯოჯუამ გვითხრა გინდათ ჩემს ლექსებს წაგიკითხავთო და წაგვიკითხა, მიშას მშვენიერი ლექსები ჰქონდა, მოვუწონეთ და მე ვთქვი მეც მაქვს დაწერილი ლექსი თქო და ჩემი ლექსი წავუკითხე მათ, ეხლა მე მომიწონეს გრაფომანობა, ჩამოვასხით არაყი და დავლიეთ. „მეც მაქვს დაწერილი რამოდენიმე ლექსი“ თქვა სიჩუმეში ნიკომ. „აბა, წაგვიკითხე“ - ვუთხარით ცოტა ქედმაღლურად მე და მიშამ. ნიკომ ამოიღო უბიდან რვეული და გადაშალა, „ყველას კი არ ვუკითხავ“ დაგვაყვედრა ღიმილით, „მიდი, მიდი“ - შევუძახეთ და მოვემზადეთ ჩვენს ლექსებზე უფრო დაბალი დონის ლექსების მოსასმენად. თითქოს ვიღაცამ ფანჯარა გამოაღოო და ჩვენს აყროლებულ სარდაფში სუფთა ჰაერი შემოუშვაო, მაშინ მისმა სტროფებმა ყელში ისე წამიჭირეს, რომ დღემდე არ მეშვებიან, ნიკოს ლექსებში დანახულმა მუსიკამ და ტკივილმა ისე იმოქმედეს ჩემზე, რომ იმ წამიდან მას ვთვლი ჩემს ყველაზე საყვარელ პოეტად, „შენ დიდი პოეტი ყოფილხარ“! ვუთხარი მაშინვე, „დიდი პოეტი არა...“ და გაწითლდა, ყოველთვის წითლდებოდა როცა მას ვინმე აქებდა. მას მერე თითქმის ყოველდღე ვაკითხებდი ლექსებს, ჩემთვის, სხვებისთვის, ის წითლდებოდა, ცოტას გაიბრძოლებდა არ მინდაო და მერე მაინც იწყებდა კითხვას და ეტყობოდა, რომ ბედნიერი იყო, რომ მას უსმენდნენ. „ჰამლეტში“ მან ბრწყინვალედ ითამაშა, ჩვენ დიდხანს ვთამაშობდით ამ სპექტაკლს საქართველოს რეგიონებში, მერე რუმინეთში, უკრაინაში, რუსეთში, ნიკო მარტო როლს არ ასრულებდა, ის დგამდა დეკორაციას, ამოწმებდა რეკვიზიტს, მას უხაროდა როცა ვიღაც მის გვერდით კარგად თამაშობდა და ბრაზდებოდა, როცა ვიღაც ბოლომდე არ იხარჯებოდა, ნიკო ეგრევე გახდა ჩემი არა მარტო ნომერ პირველი მსახიობი, არამედ ჩემი თანამზრახველი, ჩემი თანამებრძოლი და მის გარეშე უკვე წარმოუდგენელი იყო ჩემი თეატრალური ცხოვრება, ამიტომ ჩვენ ერთად წამოვედით „თეატრალური სარდაფიდან“, ერთად მივედით გრიბოედოვის თეატრში და შემდეგ ერთად დავიწყეთ ისეთი “თავისუფალი თეატრის“ გახსნა, სადაც არც ერთი ინტრიგა არ იარსებებდა. დღესაც არ ვიცი რამ მათქმევინა მაშინ, საზოგადოებისათვის სრულიად უცნობ ახალგაზრდა მსახიობზე და პოეტზე ასე საჯაროდ, რომ „გავა წლები და ჩვენ სუყველა ვიამაყებთ, რომ ვიცნობდით ნიკო გომელაურს“. ნიკოს გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, საგრიმიოროში დავიწყეთ ერთობლივი ნამუშევრების დათვლა და განცვიფრებით აღმოვაჩინეთ, რომ „ჰამლეტის“ ჩათვლით მას თურმე 29 როლი ჰქონდა ნათამაშები ჩემთან. ნიკოს სიცოცხლეშივე ვუწოდე ჩემი „ალტერ ეგო“, ის წითლდებოდა და იცინოდა „აი, ხედავთ, ალტერ ეგოც გავხდიო“. ნებისმიერმა თეატრალმა იცის, რომ 29 ერთობლივი როლი საშინლად დიდი ციფრია და სხვა ასეთი ანალოგი არც კი არსებობს ქართულ თეატრში, მაგრამ ამ სტატისტიკაში ჩემთვის არა რიცხვის სიდიდეა მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ კონფლიქტს, ვერცერთ უთანხმოებას, ვერც ერთ შელაპარაკებასაც კი, რეპეტიციაზე ჩვენს შორის რაღაც ტელეპატიური გრძნობა იბადებოდა, რეპეტიციაზე შემთხვევით შემოსულ ადამიანს სრული შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მე და ნიკო რეპეტიციამდე გავდიოდით კიდევ ცალკე რეპეტიციებს, რადგან მე თითქმის არ ველაპარაკებოდი მას რეპეტიციაზე, ჩვენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის, საკმარისი იყო ერთი მზერა და მანაც იცოდა რას ვთხოულობდი მისგან და მეც ვიცოდი თუ რისი გაკეთება სურდა მას სცენაზე. ეს ალბათ იმის შედეგი იყო, რომ ჩვენ თითქმის სულ ერთად ვიყავით, ზაფხულსაც კი ჩემთან სოფელში ვატარებდით, აქ კიდევ ერთი თითქოს და უმნიშვნელო, მაგრამ ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია მისი პორტრეტისათვის - არასდროს მას რეპეტიციაზე ჩემთვის შენობით არ მოუმართავს, რეპეტიციის შემდეგ რა თქმა უნდა შენობით მელაპარაკებოდა, მაგრამ რეპეტიციაზე პირიქით, ხაზგასმით ბატონობით და თქვენობით მომმართავდა.

ნიკო სპექტაკლის წინ არ სვამდა, მხოლოდ სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, აი ბელორუსიაში, ფესტივალ „ბელაია ვეჟა“ - ზე სპექტაკლ „კომედიანტებზე“ კი საშინლად მთვრალი მოვიდა, ფეხზე ძლივს იდგა, სპექტაკლის მოხსნაც კი მინდოდა, ცივი წყალი ვასხით, რომ გამოფხიზლებულიყო და ისე გავუშვით სცენაზე. როგორც იქნა ჩაათავა სპექტაკლი, როდესაც გამოფხიზლდა ისე ვღრიალებდი, რომ სასტუმრო ზანზარებდა, ვუთხარი რომ მისი დანახვა აღარ მინდა, ნიკო თავჩაღუნული, ხმის ამოუღებლად მისმენდა. მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ნიკომ მიიღო „პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“, ჟიურის თავმჯდომარემ მითხრა „არასოდეს მინახავს სცენაზე ასე კარგად სიმთვრალის თამაშიო“, არ გამხარებია მისი ეს პრიზი, რადგან ვიცოდი რომ ამას მოყვებოდა „ ხომ ხედავ ასეც შემიძლიაო“, ამიტომ ყველას ავუკრძალე დაჯილდოვების ცერემონიაზე წასვლა, დე მარტო წავიდეს და გულშემატკივრების გარეშე აიღოს თავისი პრიზი თქო, მართლაც მარტო წავიდა, აიღო რაღაც დიდი ხალიჩა, მოვიდა მერე ნომერში და მოკლედ მითხრა: „მეორედ ეს აღარ განმეორდება“ და მართლაც მას მერე სპექტაკლის წინ აღარასოდეს დაულევია. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, „რა იდიოტი ვიყავი, რომ ვსვამდი, რამდენი დრო დავკარგე სმის გამო, ხომ შეიძლებოდა იმ დროს წამეკითხა მეტი, მეწერა მეტი, მეთამაშა მეტი, სიყვარული ამეხსნა მეტი“.



რეპეტიცია დამთავრდა, მანქანაში ჩავჯექით, სახლში მოვდიოდით, „მოიცა, რაღაც უნდა გითხრა.....“ ყელში სპაზმამ წაუჭირა, „ ანალიზების პასუხი მივიღე....“ დიდხანს ვისხედით მანქანაში ხმის ამოუღებლივ. „მე ვერ ვიწვები საწოლში და ვერ დაველოდები....“. სპექტაკლებს სპექტაკლებზე ვუნიშნავდით, ვიღაც „კეთილისმსურველები“, რომლებიც ყოველთვის არიან თეატრშიც და მის გარეთაც, ვიცი, მკიცხავდნენ, რომ მე ბევრს ვათამაშებ და ამით ვაჩქარებ მის ბოლოს, თვითონ ნიკო ამაზე იღიმებოდა თავისი არაჩვეულებრივი ლამაზი ღიმილით და იძახდა „ასეა საჭირო“, ვინ დააძალებდა თამაშს, თვითონ, რომ არ სდომოდა?, ერთადერთი რაც ითხოვა ზოგიერთ სცენებში მიზანსცენების შეცვლა. შემდეგ ფილმიც კი დავიწყე, რომელიც ინდოეთში უნდა გადაგვეღო, მივედი ექიმთან კონსულტაციაზე, „რისკავთ, - მითხრა ექიმმა - ყოველ წამს შეიძლება რამე ცუდი მოხდეს“. „რისკავ, არ მეწყინება, გავიგებ თუ არ გადამიღებ“ მითხრა თვითონ ნიკომ. „გახსოვს, რა სიტყვებით მთავრდებოდა ჩვენი „კომედიანტები“? - ვკითხე მე, ნიკომ გამიღიმა და ოპტიმისტურად, ისევე როგორც სპექტაკლში თქვა „მაინც ვითამაშებთ“. ჩვენ ვიღებდით 45 გრადუს სიცხეში, მაშინაც კი როცა მისი სცენები არ იყო, ის მოდიოდა გადაღებაზე და გვეხმარებოდა, ის ხომ თანამებრძოლი იყო და სხვანაირად არ შეეძლო. გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე კიევში წავედით გასტროლზე, ესეც მისთვის კეთდებოდა, რადგან მას უნდოდა ძალიან კიევში წასვლა და თამაში, ორი უმძიმესი სპექტაკლი ჰქონდა- „ძმები“ და „კავკასიური ცარცის წრე“, კიევში ნიკოს მთლიანად წაერთვა ხმა და იძულებულნი ვიყავით ყელზე დისტანციური მიკროფონი მიგვემაგრებინა, ამავე დროს დაეწყო საშინელი ტკივილები და სიცხემ პლუს 40 გრადუსამდე აუწია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი კულისებში ყველას გვიღიმოდა და გვამხნევებდა.

თეატრში ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ დღეები დათვლილი იყო, მაგრამ ყველა როგორც ერთი ისე ვიქცეოდით, თითქოს არც არაფერი არ ხდებოდა, თეატრი ყოველდღე თამაშობდა სპექტაკლებს და ახალი სპექტაკლის დადგმაც კი დავიწყეთ, რომელშიც ტრადიციულად მთავარ როლს ნიკო ითამაშებდა. „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“ ასე ერქვა პიესას, რომელიც სპეციალურად მისთვის დავწერე და რომელშიაც მთავარი გმირი ყველას სიყვარულს უხსნის, როცა წაიკითხა, გადამეხვია და მადლობა მითხრა „ყველას საჯაროდ სიყვარულს ავუხსნიო“, სატელევიზიო ინტერვიუში იძახის ჩემთვის ყველაზე რთული როლიაო, მოიტყუა, არ თქვა უბრალოდ, ყველაზე საპასუხისმგებლოო, რადგან იცოდა, რომ ბოლო როლი იყო და ამ როლში ეძლეოდა საშუალება ყველას გამომშვიდობებოდა ვინც კი უყვარდა. პირველად ცხოვრებაში დუბლიორი ჰყავდა, თვითონვე მოითხოვა დამინიშნეო, რეპეტიციებს დუბლიორი გადიოდა, თვითონ კი ან ვერ მოდიოდა, ანდა თუ მოვიდოდა დარბაზში ჯდებოდა და ისე როგორც 13 წლის წინ „ჰამლეტის“ რეპეტიციაზე, დარბაზიდან ადევნებდა თვალს. „ავთუშა რაღაც ძალიან მოღუშული ატარებს რეპეტიციებს“ იტყვის სახლში, მერე კი ერთ დღეს შემომხედა, თავი დამიქნია და ძველებურად ისევ გავუგეთ ერთმანეთს, რომ მას სცენაზე ასვლა მოუნდა, „ავთუშამ გაიღიმა“ იტყვის იმ დღეს სახლში. 

13 წელი მხოლოდ მასთან ვმუშაობდი, ვიცოდი რომ ეს ბევრს აღიზიანებდა, მაგრამ მაინც მას და მხოლოდ მას ვხედავდი ყველა მთავარ როლში. როდესაც რეჟისორი ჩერდება რომელიმე ერთ მსახიობზე, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს,მეც ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, რომ ნიკოსთან მეადვილებოდა მუშაობა, რომ ნიკოს ზუსტად ესმოდა ჩემი ჩანაფიქრის, რომ უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს, რომ ის ძალიან კარგი მსახიობი იყო, რომ მისი პოეტური ბუნება ზუსტად ესადგებოდა ჩემს სტილისტიკას, რომ ის ჩემი მეგობარი იყო, რომ ნაწილობრივ ჩემი მოწაფეც იყო, რომ ის. . . . აღარ გავაგრძელებ, ეს ყოველივე უკვე ყველასათვისაა ცნობილი. ჩემთვის ამ მიზეზებიდან ისაა მთავარი, რომ:

-როდესაც ის სცენაზე იდგა - ეს მე ვიდექი სცენაზე!

-როდესაც მას სტკიოდა, ეს მე მტკიოდა!

-როდესაც ის ბედნიერი იყო, ეს მე ვიყავი ბედნიერი!

 

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა