შედგა თუ არა არჩევანი „სამეფო უბნის“ თეატრში
27-04-2012, 23:11

 

გიორგი  ყაჯრიშვილი

 

ისინი  ორნი  არიან ოთახში,  რომელშიც ძალით,  ვიღაცის  სურვილით  აღმოჩნდნენ, ცოტა  ნაცემებიც, შეურაცხყოფილნიც. ოთახი ცარიელია, მასში მხოლოდ ერთი  შავი ყუთი  და შავი  გაფუჭებული ტელევიზორი დგას, ორი  კარი  მარჯვნივ ჯერ  კიდევ  ღიაა.  ერთმანეთს  გვანან და არც  გვანან. თითქმის ერთნაირად აცვიათ –  შავი შარვლები, შავი  ფეხსაცმელები, ქვედა ზოლიანი საცვლებიც  კი (რომელსაც გვიან  დავინახავთ) ერთნაირი აქვთ. ორივე  მაღალია,  გამხდარი.  ერთი  მათგანი სათვალეს  ატარებს,  რაც მას უფრო სოლიდურობას ანიჭებს. მათი არც სახელები და არც  გვარები ვიცით, არც  პროფესია და არცაა საჭირო. პირველი მამაკაცი (მსახიობი  დათა  თავაძე)  შავ ყუთზე  ჩამომჯდარა, ყურადღებით ათვალიერებს ოთახს, კითხულობს,  საკუთარ  პორტფელზე ამხედრებული მეორე  მამაკაციც (მსახიობი პაატა ინაური)  მშვიდად,  აუღელვებლად, ფურცელ–ფურცელ კითხულობს, შეთავაზებულ მასალას, ვერავის  ამჩნევს.  გარედან  რაღაც ძრავის გუგუნის  მსგავსი  ისმის. პირველ მამაკაცს ნერვები ვეღარ  უძლებს  და იწყებს წაკითხული  ტექსტის ლუკმა–ლუკმა  ჭამას, აღშფოთება აპოგეას აღწევს  და   მწარედ  გაჰყვირის – „წარმოუდგენელია“. მეორე მამაკაცი კვერს  უკრავს და მხოლოდ ახლა  ამჩნევს  პირველს.

 

ეს „სამეფო  უბნის“  თეატრში ნიკა თავაძის მიერ მეორე  (პირველი  იყო ფ.  ვებერის „კონტრასტი“)  განხორციელებული სპექტაკლის  „სტრიპტიზის“ დასაწყისია.

ისინი ამ ოთახში მხოლოდ ერთი ნიშნით და მიზნით მოათავსეს – გააკეთონ არჩევანი  ან არ  გააკეთონ, იყვნენ თავისუფალნი თუ დარჩნენ იქ და ისეთები როგორებიც არიან, გადარჩნენ ან დაიღუპნონ.   თავისუფლება და არჩევანი –  ორი არსებითად მნიშვნელოვანი პიროვნების ცხოვრებაში,  რომელიც

„თავისუფალი არჩევანის საშუალებით თავის თავს ქმნის“  და მისი არჩევანით „ან  ყველაფერი ან არაფერი“ (ს. კერკეგორი) განისაზღვრება პიროვნების

 ჩამოყალიბება, იმ ორიენტირების მეოხებით, რასაც თვითონ დაისახავს მიზნად.  ეს ფილოსოფიური თეზა, ადამიანის იდენტიფიკაცია გახდა სლავომირ მროჟეკის „სტრიპტიზის“  და არა მარტო ამ  პიესის ( „პოლიცია“, „ემიგრანტები“, „მეფე“ „ტანგო“, ფეხით“ და სხვ. ) ამომავალი წერტილი.

 

გარდა აღნიშნულ  ფაქტორისა. ასევე თუ გავითვალისწინებთ მისი  „პოლიტიკური“ ცხოვრების გზას,  ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ემიგრაციას, „სოლიდარობასთან“ მის დამოკიდებულებას, სამშობლოში დაბრუნებას, მოვლენებს,  რომელიც პრაღის გაზაფხულს (1968 წ.) უსწრებდა  წინ,  1961  წელს დაწერილი ეს პიესა  სუფთა ეგზისტენციურ–ფილოსოფიური „არჩევანის“ გარდა, მსოფლმხედველობითი სოციალურ–პოლიტიკური არჩევანის  წინ  მდგომ ადამიანთა ცხოვრებას ეხება და იმას,  თუ  რომელ   მხარეს აღმოჩნდებიან ისინი.

 

თავისუფალი არჩევანის და ზოგადად თავისუფლების საკითხი უხსოვარი დროიდან აწუხებდა მოაზროვნეთ.  ოიდიპოსი მხოლოდ ერთხელ დგება ნამდვილი არჩევანის წინაშე, როდესაც ყველაფერს გაიგებს საკუთრი თავის შესახებ და გადაწყვეტილება – თვალები დაითხაროს – მისი ეს არჩევანი თავისუფლების მოპოვება – განთავისუფლებაა.

ა. ჩეხოვის პერსონაჟებს არჩევანი არა აქვთ, ამიტომაც ისინი ვერ ხდებიან  თავისუფალნი.   როცა  ჰ. იბსენის ნორა არჩევანის წინაშე დგება და  გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ მაშინ  მოიპოვებს თავისუფლებას. 

 

კერკეგორის შესახებ  უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, რაც შეეხება მის მიმდევრებს  ა. ბერგსონი მაგ., თვლის,  რომ არჩევანი ნებითი ქმედებაა, ჩადენილი ცხოვრების  სიბრტყეში. მ. დე უნამუნო  მიხედვით ეს არის არჩევანი საკუთარი არსებობის დასასრულსა და უკვდავებას  შორის – სიცოცხლე წარსულში ან  მუდმივობაში. იასპერსს მიაჩნია,  რომ არჩევანის  პრობლემა ფილოსოფიის, რწმენის,  ფსიქოთერაპიის საკითხია. ადამიანი ჭეშმარიტ არჩევანს  მხოლოდ ღმერთის  წინაშე აკეთებს. ჯ. პ. სარტრისთვის ფუნდამენტური ეგზისტენციური არჩევანი არის საკუთარი ცხოვრებისეული პროექტის არჩევანი, რითაც იგი სამყაროს მნიშვნელობას და ფასეულობას ანიჭებს.

 სლავომირ მროჟეკის „სტრიპტიზის“ პერსონაჟებს სახელები არა აქვთ მეთქი, დასაწყისში ვახსენე,  ამავდროულად პირველი და მეორე მამაკაცი ჯერ მხოლოდ ინდივიდები (ს. კერკეგორი) არიან და პიროვნებებად  არ ქცეულან.

 

პირველი მამაკაცი (დათა თავაძე) მოაზროვნე, ინტელიგენტი, პროფესიით მეცნიერი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში  მისი  მაღალფარდოვანი სიტყვები, თეორიები მოლეკულების, სამყაროს კანონზომიერებაზე, ლოგიკაზე  და ა.შ. ამაზე  მეტყველებს. ოთახის მარჯვენა კუთხეში ჩამომჯდარი დაძაბულია, ნერვიულობს, თუმცა ცდილობს ყველაფერი  გაარკვიოს. მეორე (პაატა ინაური) თავიდან გარეგნულად ძალიან მშვიდია. მათთვის ორივესთვის დღე ჩვეულებრივად დაიწყო,  მაგრამ უეცრად ამ ოთახში აღმოჩნდნენ. მოკლე ფრაზებით გასაუბრება და ორივე მათგანი, მოქცეული ერთიდაიმავე სიტუაციაში, ერთმანეთის მიმართ ნდობით (შეიძლება სიმპატიითაც)  განიმსჭვალნენ. პირველი მამაკაცი  მეორეს  მუხლებზე ჩამოუჯდება და ახსენებს,  რომ საითაც „მიისწრაფოდნენ“ ეს მათი პირადი  გადაწყვეტილება იყო.

 

ის, რომ მათ შემოსვლისთანავე ვიღაც უთვალთვალებს თავიდანვე ცხადია. ამაზე მეტყველებს ის ცვალებადი და უცნაური ხმები, რომელიც პერიოდულად ესმით სპექტაკლის პერსონაჟებს. გრძელ „გამოკვლევას“  ორივე მიჰყავს იმ აზრამდე,  რომ „გარედან ზემოქმედებას თავიდან ვერ აიცილებენ“. პიესის ავტორს პერსონაჟების და აბსურდის თეატრის ტექსტების (მოკლე ფრაზები,  მხოლოდ აუცილებელი სიტყვები, იუმორნარევი აქცენტები, მხოლოდ ღრმა აზრი და არაფერის სხვა) მეშვეობით მაყურებელი თანდათან მიჰყავს იქამდე, რომ რაც ამ ოთახში უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალაზეა დამოკიდებული, რამაც ეს ორი აქ შეყარა.

 

პირველი მამაკაცი – რიტორიკულად და დამაჯერებლად უხსნის მეორეს, რომ თავისუფლების მოსაპოვებლად ჯერ არჩევანის უფლება უნდა მოიპოვო. მსახიობი დათა  თავაძე ნაბიჯ–ნაბიჯ, დიდი ძალისხმევით და ოსტატობით ცდილობს დაარწმუნოს მეორე – პაატა  ინაური,  რომ ზედმეტმა ქმედებამ და ზედმეტმა ხმაურმაც კი შეიძლება შედეგზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.  საუბრის მიღმა იკვეთება ამ ორი ინდივიდის დაპირისპირების ნიშნებიც.  პ.  ინაურის პერსონაჟი,  რომელსაც დასაწყისში სჯერა  რომ აქ შემთხვევით მოხვდა,  თუნდაც ნისლის  გამო,  თანდათან ნერვიული, ემოციური ხდება,  ხმამაღლა საუბრობს, არც ხმაური აწუხებს, რომელიც საიდანღაც შემოდის, არც ხერხის ხმა  ესმის. მომთხოვნია კატეგორიული და სკეპტიკოსი.  მისი მთავარი სტრატეგია ქმედებაა, წინააღმდეგობის გაწევა,  ბრძოლა,  ოთახიდან  გაღწევის მცდელობა –  „მე გარეგანი თავისუფლების  მომხრე  ვარ“.

დ. თავაძის  გმირი ფრთხილია, მიზანდასახული, მაგრამ უფრო თეორიული ასპექტით,  ვიდრე პრაქტიკული საქციელით. მეორეს –   პ.  ინაურის გვერდით მოკალათებულს ისე გაართობს  საკუთარი  „ფილოსოფია“,  რომ მის მხარზე ჩამოეძინება. აქ ამ სცენაში ორივე  მათგანი ავლენს მსახიობის ოსტატობისა და პლასტიკის ვირტუაზული ფლობის  უნარს. პ. ინაურის ჰორიზონტალური, შემდგომ კი დ. თავაძის 45° კუთხით,  იატაკზე თავით დგომის,  ვერტიკალური „ძილის“ პოზები უზადო ტექნიკითაა შესრულებული. თანამედროვე თეატრი და კერძოდ აბსურდის  დრამატურგია ადვილად  იტანს ასეთ  „ჩართვებს“ (რეჟისორი  ნ. თავაძე) რაც  სრულიად არ უშლის ძირითადი ტექსტის აღქმას, მითუმეტეს როდესაც თვით  პიესა  მოითხოვს პერსონაჟთა და მთელი სამყაროს „თავდაყირაობას“.

 

აქამდე პერსონაჟთა   კამათი  მხოლოდ კამათად  რჩებოდა,  რადგან როგორც პირველი მამაკაცი თვლის „მათი  მთავარი ამოცანაა სიმშვიდე და პირადი ღირსების შენარჩუნება“, ვინაიდან ჯერ  კიდევ ისინი არიან სიტუაციის ბატონ–პატრონები – „კარებები ხომ  ღიაა“.  მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ აქედან გასვლა და ამ მომენტში იწყება ძირითადი წინააღმდეგობა ამ ორ ინდივიდს  შორის. პირველი  მამაკაცი – დ.  თავაძე  ხაზგასმით გვიჩვენებს ადამიანს,  რომელიც შექმნილი  მდგომარეობით შეწუხებულია,  მაგრამ სრულიად კმაყოფილი თავისი ქმედებით. ის რომ კარები ღიაა და იგი აქედან არ გადის მისი თავისუფლების მანიშნებელია, რადგან  მას ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია და აშინებს მხოლოდ ის, რომ მისი თავისუფლება ამ ნებისმიერი არჩევანის შემდეგ შეიზღუდება.  მეორე მამაკაცის ლოგიკაც  მკაცრია და სამართლიანია. ნუთუ არგასვლაც არჩევანი არაა!

კამათის  დროს მეორე მამაკაცში  მწიფდება აზრი უცილობელი გასვლის შესახებ, აპირებს  კიდევაც,  მაგრამ პირველი ხელს  უშლის, „მერე  მე რა მეშველება“ – არ  უშვებს, ებრძვის და მათ  ხმაურზე, თუ  მეთვალყურის  ნიშანზე უეცრად  ორივე  კარი  იკეტება! 

 

არჩევანის გაკეთების შანსიც  სადღაც  გაქრა –  ახლა  ისინი  ნამდვილი ტყვეები არიან.   მეორე მამაკაცი  არ  ნებდება,  კარებზე დიდხანს  აკაკუნებს, მაშინ  როცა პირველი „შინაგანი თავისუფლების  სისავსის“, „ღირსების“  და „შინაგანი წონასწორობისკენ“ მოუწოდებს,  თუმცა საკუთარი რიტორიკა, შექმნილი მდგომარეობიდან გამოუსვლელობა მასსავე ღლის და აძინებს,  თუმცა მეორის   პორტფელს ისე მაგრად ჩაფრენია,  რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო რომ ხელი გააშვებინონ. ულამაზესი  და უზადო  პლასტიკითაა შესრულებული ეს „ჩაძინებისა და გამოღვიძების პანტომიმური“  ეპიზოდი, რასაც ისევ მეორის კარზე ენერგიული ბრახუნი წყვეტს.

 

კარების  დახურვა და სულ  მალე სპექტაკლის მესამე და  ყველაზე „გავლენიანი“ „ჯადოსნური“ პერსონაჟის – ხელის  გამოჩენა ნათელს ჰფენს წინამდებარე  მოვლენებს. ხელი –  იმ ზებუნებრივი ძალის  ძალისმიერი გამოვლენაა,  რომელმაც ეს ორი მამაკაცი ამ  ოთახში მოაქცია. კატეგორიული,  მკაცრი ერთნაირი წარმატებით აღწევს პერსონაჟთა  სულიერ და ფიზიკურ  სტრიოტიზს, ეტაპობრივად ახერხებს მათი ფსიქოლოგიის ნგრევას, მათზე ზემოქმედებას  „დაშინების“  ფაქტორით. გარდა ამისა ჩემთვის ხელი თვით  სლავომირ  მროჟეკია, რომელიც აშიშვლებს ადამიანთა სისუსტეს,  ორდინალურობას, შემგუებლობას,  სიმხდალეს, ლაჩრობას და კომპრომისულობას, თავის გადარჩენის  მიზნით საკუთარ  პრინციპებზე და იდეალებზე  უარის  თქმას.  

 

კიდევ ერთი თემა, რომელიც არაა გაცხადებული მაგრამ თანდათან იბუდებს პერსონაჟების სულში  მოსალოდნელი სიკვდილის შეგრძნებაა. იგი უფრო მძაფრდება მაშინ, როცა ხელი  გამოჩნდება და შიშთან ერთად აღწევს  მათ ცნობიერებაში.  „ხელი ჩვენზე  ფიქრობს კატეგორიებით სიცოცხლე  და  ის, მეორე ... რა ჰქვია ... სიკვდილი?“.

ნახევრად გაშიშვლებულობის და მათზე ხელის „ძალადობის“  მიუხედავად,  პირველი იხტიბარს არ იტეხს, კვლავ საკუთარი „შინაგანი თვისუფლების“ საუბრით  ამძიმენს ისედაც რთულ სიტუაციას. მისი საყვედურების  საპასუხოდ და  იმის დასამტკიცებლად,  რომ სულაც არ  გრძნობს თავს შეშინებულად, მეორე მამაკაცი –  პ. ინაური ცდილობს არ ჩამორჩეს პირველს ოპტიმიზმში. საკუთარი   დაუმორჩილებლობის დემონსტრირების  მიზნით მეთევზის განსახიერებას იწყებს  რაც შესანიშნავად  გამოსდის და ფ. შუბერტის „კალმახს“ მღერის (ამ  სიმღერას ქვემოთ ისევ  დავუბრინდებით).  

 

როგორც სჩანს მეორეს  მიერ შესრულებული სცენა არა  მხოლოდ პირველს აღიზიანებს, იგი  „ხელის“ მრისხანების საფუძველი  ხდება  და ისევ მისი კატეგორიული მოთხოვნით  ორივე ახლა  უკვე შარვლებსაც  კარგავენ,  შემდგომ  კი მეორე მამაკაცი  „ხელის“  კატეგორიული მოთხოვნით სტოვებს  ოთახს (აქ უნდა აღინიშნოს,  რომ ეს რეჟისორული ინტერპრეტაციაა,  ვინაიდან დრამატურგიულ ტექსტში ორივე მამაკაცი ერთად  სტოვებს  ოთახს და ისიც  პიესის  ფინალში).

 

მარტოდდარჩენილ, პირველი მამაკაცის აქამდე ნიღბადმორგებულ – „შინაგანი თავისუფლების  სისავსეს“ და არჩევანის ნების ურყეობას ბზარი  გაუჩნდა, გარეგნულად მშვიდად, მომღიმარი მიირთმევს წყალს,  პირში იგუბებს, შადრევანით აფრქვევს, მაგრამ ამ  „გარეგანი“ მდგომარეობის  მიღმა „შინაგანში“  იგი თანდათან  აცნობიერებს რომ „ხელმა“ მას  ნიღაბი ახადა, მარტოდ დარჩენილს  თამაში აღარ  უწევს, ისიც აიტაცებს  მეორეს  მიერ შესრულებულ  სიმღერას,  ღიღინებს  ფ. შუბერტის „კალმახს“,  რომლის ლექსში ოთხჯერ მეორდება  ფრაზა – „მეთევზევ,  შენი  შრომა უშედეგოა“ და აქ იწყება სცენა, რომელიც  ჩემი აზრით პირდაპირ  უკავშირდება კამიუსეულ აბსურდის ფილოსოფიას – სიზიფეს  უნაყოფო  შრომას. რეჟისორმა კამიუს მსგავსად მითიდან სიზიფეს მთიდან დაშვების  სცენა აირჩია. მას აინტერესებს ის  კი არა,  თუ როგორ ააქვს სიზიფეს  ქვა მაღლა,  არამედ რას  ფიქრობს და რას  განიცდის იგი  უკან  დაშვებისას. დ. თავაძის მიერ „უამრავჯერ“,  დაღლამდე, გაწამებამდე შერულებული დაღმასვლა, ფუჭი შრომის, აბსურდული  ბედისწერის, არჩევანის გაკეთების და არ  გაკეთების, თავისუფლებისა და აბსურდული გამარჯვების  მოპოვების და მონობაში დარჩენის  ფილოსოფიაში  წვდომაა, იმის  დამტკიცების მცდელობა, რომ  „არ არსებობს  ბედისწერა,  რომლის დათრგუნვა სიძულვილით არ შეიძლებოდეს“ (ა. კამიუ). აბესურდის თეატრის დრამატურგიული ტექსტები გამოირჩევა იმით, რომ აქ სიტყვათა  თამაშს, ალოგიზმებს განსაკუთრებულ ადგილი უჭირავს. მათში ყოველთვის რამოდენიმე აზრი თუ შინაარსია ჩადებული. ეს პიესები  მოკლეა, იშვიათად ნარატიული და პერსონაჟთა სიმცირითაც  გამოირჩევა. ამის შესანიშნავი  მაგალითებია  ე. იონესკოს პატარა პიესები, ალოგიზმით განთქმული მისივე „ქაჩალი მომღერალი ქალი“, ს.  ბეკეტის „გოდოს  მოლოდინში“ და სხვ. მათი  ფინალიც ლოგიკურობას  მოკლებულია  უფრო  სწორად მას აბსურდისთვის დამახასიათებელი,  ყოველთვის ორიგინალური ფინალი აქვს – დრამის თეორიის ენით  რომ  ვთქვათ, აბსურდული პიესის მთელი ტექსტი ფაქტობრივად ექსპოზიციაა, მოულოდნელი ფინალით.

 

„ხელის“ გადაწყვეტილებასაც ერთნაირად დასაჯოს ორივე ალოგიკურობის ლოგიკა აქვს, თუმცა ამ  სპექტაკლის რეჟისორის „ფაქიზი“ ჩარევის შემდეგ (მეორის გაყვანა და უკან  დაბრუნება) ამზადებს ნიადაგს,  რომ ორივემ ის ჩაიდინოს რაც ერთი შეხედვით ორივესთვის მიუღებელი უნდა იყოს (მოსალოდნელი აღსასრულის მოულოდნელი ფინალი).  ბოდიშის მოხდა არ ჯდება არც ერთის ხასიათში. ცალკ–ცალკე რომ  ყოფილყვნენ სავარაუდოა არც ერთი თავს არ დახრიდა ხელის წინაშე, ამიტომაც არიან ისინი ახლა ერთად წითელი ბოათი „გადაჯაჭვულნი“  და უნისონში  ატარებენ ბოდიშის მოხდის ამ ფინალურ სცენას.

 

პირველი – დ. თავაძე  ჭირვეულობს, ცდილობს წინ აღუდგეს მეორის ზეწოლას. მაგრამ წითელპომადაწასმული მეორეს ბაგენი მზად არიან პირველებმა შესრულონ ეს რიტუალი, თანახმაა თავი დაიმციროს ხელის წინაშე თუ იგი ამას ელოდება, მიუხედავად  იმისა იცის რომ პირველისათვის „პატიება სთხოვოს ხელს ნიშნავს გააკეთოს არჩევანი, რომელიც მას შეზღუდავს“. აქ დგება პირველისთვის ყველაზე მთავარი მომენტი,  დამადასტურებელი იმისა, რომ ეს ყოველივე მხოლოდ რიტორიკა არ იყო –დათანხმდეს თუ არ დათანხმდეს, აირჩიოს თუ არა ბოდიშის მოხდა. „აბსურდი წინააღმდეგობაა საკუთრ თავში“ გვაუწყებს ალბერ  კამიუ და პირველიც  ტყდება. მაგრამ აქვე შესანიშნავ  გამოსავალს  პოულობს. იგი ღებულობს გადაწყვეტილებას, რაც ერთ–ერთი  მთავარია ამ პიესაში – არა თავისუფალი არჩევანი, არამედ გადაწყვეტილება უშუალო ზეწოლის შედეგად. „თქვენ  უნდა მაიძულოთ თქვენთან ერთად მოვიხადო ბოდიში. მაშინ არავითარ არჩევანზე აღარ იქნება საუბარი“.

 

მძიმე, ხანგრძლივი და სიტყვაგრძელია ეს ბოდიში: „ბოდიში,  რომ   ... მივისწრაფოდით... იმისთვის რაც გავაკეთეთ... რაც  უნდა გაგვეკეთებინა  ... და აშ.  და აშ.“

უნდა  ითქვას რომ აბსურდის თეატრმა,  მაშინაც  კი  როცა ის თავის „გაფურჩქვნის“ პერიოდში იყო,  ცოტა  „დააგვიანა“ საქართველოში. რასაკვირველია იყო ამ  დრამატურგიის  ცალკეული დადგმები: „მარტორქები“, „გოდოს  მოლოდინში“, „დარაჯი“, „ქაჩალი მომღერალი  ქალი“, „ემიგრანტები, „დაკეტილ  კარს  მიღმა“ და სხვ.  მაგრამ  თვითონ აბსურდის თეატრი ვერ იქცა  თეატრალურ გავლენად  თუნდაც ერთ, ორ  სეზონში, რასაც  შეეძლო ისეთი  კვალი დატოვებინა, როგორიც იყო თუნდაც რომანტიული, რეალისტური თეატრები. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ამ ფილოსოფიის და თეატრის მიმდინარეობის  ის „გააფთრებული“ აკრძალვა,  რომელიც საბჭოთა პერიოდში მიდიოდა. უკვე  20 წელზე  მეტი გავიდა. ჩვენი ქართული თეატრალური ხელოვნება  ასე  ვთქვათ  „ფაზაში“ აცდა ადამიანის ეგზისტენციის, მისი ყოფის აბსურდულობის პრობლემების დასმას და მის აქტუალობის  „დღევანდელობას“.  ამიტომ თეატრის პოსპოსმოდერნისტული  ეპოქაში აბსურდის დრამატურგია  მხოლოდ მსახიობთა უზადო შესრულებით და მისი ჩვეული ირონიის  ხარჯზე თუ  ხდება  დღეს საინტერესო.

„არჩევანის“ სპექტაკლის ავტორები (რეჟისორი ნ.  თავაძე, მხატვარი მ. მურვანიძე, კომპოზიტორი ნ. ფასური) და შემსრულებლები არ  სვამენ წერტილს (პიესისგან  განსხვავებით,  სადაც ფინალში ორივე მამაკაცი დასასჯელად გაჰყავთ) და მაყურებელს სთავაზობენ თვითონ გადაწყვიტონ როგორ  სრულდება ამ  ორის  ცხოვრება. ბოდიშის  მოხდით, დამორჩილებით კამიუს „სულიერი თვითმკვლელობის“ ტოლფასი საქციელით მათ ან თავისუფლება მოიპოვეს  ან  სიკვდილი.

 

 შედგა  თუ  არა  არჩევანი  „სამეფო  უბნის“  თეატრში

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა