რას მალავდა მიხეილ კობახიძე ქოლგის ქვეშ
29-04-2012, 12:29

რას  მალავდა მიხეილ  კობახიძე  ქოლგის  ქვეშ

 

გიორგი ყაჯრიშვილი

 

ალბათ სიმბოლურია ამ ინტერვიუს ჩაწერა,  რუსთაველის თეატრის ერთი პექტაკლის შემდეგ მიშა კობახიძემ  ავტომანქანით სახლში მიყვანა მთხოვა.

წვიმდა, გზაში  საუბრით  გავერთეთ, სახლამდე რომ მივიყვანე და დამემშვიდობა. წამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე რომ მანქანაში ქოლგა დარჩა... „ქოლგა“ – მიხეილ კობახიძე –მოგონებებმა თავი იჩინა და მეორე დღეს ქოლგის დასაბრუნებლად დავურეკე.  ასე შეიქმნა ეს ინტერვიუც.

 

რას  მალავდა მიხეილ  კობახიძე  ქოლგის  ქვეშ

 

მიხეილ კობახიძე – კინორეჟისორი, 60–იანთა თაობის ერთ–ერთი „მეამბოხე“  ხელოვანი, რომელიც თვისი შემოქმედებით საავტორო კინოს სათავეებთან  დგას. კინოსი, რომელსაც იმ დროს ასე არავინ მოიხსენიებდა და არსებული ფორმით და შინაარსით მხოლოდ გვიან ჩამოყალიბდა. მიშა კობახიძის კინოხელოვნება იმთავითვე ამ ნიშანს ატარებდა, ნიშანს, როდესაც რეჟისორი თავისი ფილმის სცენარის ავტორიცაა, უფრო მეტიც –  კობახიძის ფილმებში მისივე და მის  მიერ შერჩეული მუსიკა ჟღერს და ერთ–ერთ  მათგანში  („მუსიკოსები“)  მთავარ როლსაც ასრულებს. სახეზეა ნიჭიერი, თვითმყოფადი შემოქმედი, რომელიც პირველი ნაბიჯებიდანვე  ქმნის საავტორო კინოს.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ს. გერასიმოვისა და თ. მაკაროვას კლასი) ყველასგან მოულოდნელად ორი წლით ადრე დაამთავრა და შექმნა თავის პირველ ნამუშევარი, რომელიც მაშინვე მოექცა სპეციალისტთა ყუარადღების ცენტრში.

მიხეილკობახიძე: „მეორე კურსზე დავწერე სცენარი „ახალგაზრდა სიყვარული“  სასწავლო ფილმისათვის: სასწავლო სტუდიამ იგი მიიღო თუმცა მოგვიანებით ხელმძღვანელმა „მამებმა“  გაანადგურეს იგი.

ჩემი  „კარუსელი” „ვგიკის“ ბაზაზე გადავიღე, მაგრამ  მისი ნეგატივი, ისევე როგორც მისი ყველა ასლი, განადგურდა, რადგან სახელმწიფო ვერცხლის კრიზისს განიცდიდა (?!).“

თბილისში გადაღებული სადიპლომო ფილმი „რვანახევარი“ (1963) ავტორისეული სარკაზმის გამო  ასევე განადგურდა.

მიხეილ კობახიძე პირველად 1967 წელს თელავში ვნახე, მაისის თვეში, რომელიც მომავალი ფილმის „ქოლგა“ (რომელსაც დასწყისსი „წვიმა’ ერქვა)  ქალის როლის შემსრულებელს ეძებდა. ჯანა პეტრაიტიტე ექსტერნად  ჩემთან ერთად აბარებდა გამოსაშვებ გამოცდას ქართულ ლიტერატურაში.  მახსოვს როგორ გაიყვანეს გამოცდიდან საკმაოდ სიმპატიური და მორიდებული ახალგაზრდა უცხო მამაკაცის თხოვნით.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ჯანა თელავში აღარ გამოჩენილა და სულ მალე იგი „ქოლგაში“ ვიხილე.

მიშა კობახიძესთან საუბარს სწორედ იმ დროის მოგონებებიდან ვაგრძელებ  როდესაც პირველად ვნახე.

გ.ყ. –„მიშა, რატომ  ჩამოხვედი თელავში, ეს შემთხვევით მოხდა თუ ჯანას ეძებდით?“

მიხეილკობახიძე: „შემთხვევით არ მომხდარა, ვიცოდი რომ შესაძლებელია იგი ჩემი ფილმის გმირი გამხდარიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ  დავრწმუნდი, რომ სწორედ ის იყო, ვისაც ვეძებდი.“

სულ მალე ჯანა მიშა კობახიძის მეუღლე გახდა, რომლებსაც ორი ქალიშვილი შეეძინათ – უფროსმა, მარინამ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკუტეტი დაამთავრა, ცხოვრობს პარიზში, სულ ახლახანს წარმატებით, მე ვიტყოდი „ითამაშა“ დაქვრივებული ქალის როლი ნ. ალექსი–მესხიშვილის ფილმში „ფელიჩიტა“ – ითამაშა მეთქი ბრჭყალებში იმიტომ მოვიყვანე, რომ მარინა კობახიძის გმირი საერთოდ არ ჩნდება ეკრანზე. იგი საზღვარგარეთ სამუშაოდ  წასული არალეგალი ქართველი ქალია, რომელსაც მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა  და იძულებულია  მობილური ტელეფინის  სიმღერა „ფელიჩიტას“ ზარის  ფონზე დაიტიროს მეუღლე, მაყურებელს მხოლოდ მისი ხმა ესმის შორეული იტალიიდან. ამ  ფილმმა ვენეციის ფესტივალზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

პირადად  მიშა კობახიძე უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიცანი. მისი ბიძაშვილის თხოვნით, რომელიც  ჩემთან ერთად სწავლობდა, მიშა მხიარულთა და საზრიანთა  კლუბის შეხვედრის მომზადებაში გვეხმარებოდა. ამის შემდეგ ჩვენი გზები რამოდენიმეჯერ გადაიკვეთა, ვხვდებოდით კინოჩვენებებზე, თეატრალურ ინსტიტუტში, ერთად ვცურავდით აუზზე და ერთი პერიოდი ერთ ქუჩაზეც კი  ვცხოვრობდით და თითქმის ყოველ დილას ვხვდებოდით ერთმანეთს.

გ.ყ.– ახალგაზდული მოგონებები?

მიხეილკობახიძე:  „1953 წელს გარდაიცვალა სტალინი. დასაფლავების დღეს, მამამ ქალაქ თბილისში, ბერიას მოედანზე, სამგლოვიარო მიტინგზე წამიყვანა. სამარისებური სიჩუმე იყო. ქვემოდან მამას - გერმანე კობახიძეს  ავხედე. შემეშინდა. სხვებისაგან განსხვავებით, მას არ მოუხდია შლაპა. ამის გამო, შეეძლოთ ეცემათ ან დაეპატიმრებინათ. ქურთუკზე ჩამოვქაჩე და ვუთხარი : მამა შლაპა მოიხადე. მან კი მიპასუხა - მე აქ იმიტომ მოვედი, რომ შლაპით ვიდგე. ეს არავის გაუგია, არც შეუმჩნევია, რადგან იმ წუთიდან სხვა დრო დაიწყო.“

გ.ყ.– როგორ იქმნებოდა შენი ფილმები?

მიხეილკობახიძე:  „ყველა ფილმი ჩემთვის პატარა ექსპერიმენტია. როცა ფილმს ვაკეთებ, მაყურებელზე არ ვფიქრობ, ხოლო როცა ფილმი შედგება და მაყურებლის წინაშე აღმოვჩნდები, ბუნებრივია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ფილმმა მასზე გავლენა მოახდინოს, სიხარული მოუტანოს, დააფიქროს და აღაფრთოვანოს კიდეც. ერთადერთი, „ქორწილს" როცა ვაკეთებდი, განზრახული მქონდა ისეთი ფილმი გადამეღო, რომ ყველას მოწონებოდა, მიმეღო დიპლომი და ჩემთვის კინოსტუდიის კარი გაეღოთ. ახლაც კი მიკვირს, როგორ გავბედე  „ქორწილის" შემდეგ „ქოლგა" გადამეღო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბეწვის ხიდზე უნდა გამევლო და თუ ვერ გავივლიდი, ამით დასრულდებოდა ჩემი კინემატოგრაფი, მაგრამ სწორედ ეს მხიბლავდა. ფილმს თავდაპირველად „წვიმა" ერქვა. ბოლოს, როცა მათ ქოლგა გაუფრინდათ, წვიმა დაიწყო და დარჩნენ უქოლგოდ. ამ დროს მესამე გმირი მოხტის წვიმაში, ქოლგით ხელში. დრამატურგიული თვალსაზრისით, ეს სცენა ზედმიწევნით ძლიერი იყო და დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. მაგრამ დეკემბერი იყო, მსახიობებს ზაფხულის სამოსი ეცვათ და წვიმის გადაღება ვერ მოხერხდა. როცა რამე არ გამომდის, სწორ გამოსავალს მხოლოდ მაშინ ვპოულობ. თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ ვიბნევი. ამ შემთხვევაში ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი და აზრი მომივიდა: ფინალში წვიმა სწორი არ იქნება, იმიტომ რომ წვიმას ქოლგა რეალურ სამყაროში გადაჰყავს და ჩვეულებრივ ქოლგად გარდაქმნის. ქოლგა კი სიმბოლოა. ხშირად უკითხავთ ჩემთვის ‘ქოლგა" რისი სიმბოლოაო. ქოლგის სიმბოლიკა ყველამ თავისებურად შეიძლება გაიგოს. აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი იმ ფილმს ნახულობს, რომელსაც საკუთარ ცნობიერებაში ქმნის".

გ.ყ. – ნ. კვინიკაძესთან ინტერვიუში ერთხელ თქვი –„როცა „ქოლგაზე" მუშაობა დავამთავრე, მინდოდა ისეთი ფილმი გადამეღო, სადაც არც დრო იქნებოდა და არც სივრცე. თან, ფილმში არც ერთი მსხვილი და საშუალო ხედი არ უნდა ყოფილიყო. ძალიან მაინტერესებდა ამ ექსპერიმენტის შედეგი. შედეგი კი ის იყო, რომ ამ ფილმის შემდეგ დამდგმელ რეჟისორად მუშაობა ამიკრძალეს და ჩემს საქმეს 30 წლით ჩამოვშორდი“.

გ.ყ. – ნუთუ ასეთი ბრძანებებიც იწერეოდა?

მიხეილკობახიძე: კი, რასაკვირველია,  ამ ბრძანებას კინემატოგრაფის სახელწიფო კომიტეტის  თავმჯდომარე ალექსანდრე რომანოვი აწერდა ხელს.

გ.ყ.  – ე. შევარდნაძესთან ურთიერობის შესახებ რას იტყოდი?

მიხეილკობახიძე: 1981 წელს ედუარდ შევარდნაძემ დამიბარა და მითხრა „ოღონდ დაიწყე მუშაობა და რაც გინდა, ის გადაიღეო. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია გადაიღო ანტისაბჭოთა ფილმი, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე?!“, მაგრამ მერე გეგას ამბავი მოხდა და ჩემთვის ეს იყო დასასრულის და თან ახლის დასაწყისის ნიშანი.

გ.ყ. ერთხელ შემთხვევით ჯუმბერ პატიაშვილის  წეროვანის სახლში მოვხვდით  მე და ერთი  ჩემი მეგობარი. ბატონმა ჯუმბერმა გაიხსენა, რომ თქვენთან შეხვედრის წინ ინაურს დაურეკა და ბიჭების ამბავი ჰკითხა, პირველად მაშინ გაიგო, რომ ისინი დახვრეტილნი იქვნენ, როგორ ფიქრობ, მართლაც არავინ  იცოდა მათი დახვრეტის ამბავი  – არც პატიაშვილმა  და არც შევარდნაძემ  ინაურის გარდა?

მიხეილკობახიძე:  ბიჭების დახვრეტის ფაქტი გასაიდუმლოებული იყო. ჩვენ ისინი ცოცხლები გვეგონა. როცა გავიგეთ, რომ განაჩენი აღსრულდა, მაინც არ გვჯეროდა. ჩვენში იმედი ცოცხლობდა და ამ იმედს თვით უშიშროების სამსახური თესავდა.

შემდეგ იყო გაჭირვებული ცხოვრება, შვილების აღზრდა. 

მიხეილკობახიძე:  ბავშვები სკოლაში არ მივაბარე. არ მინდოდა, საბჭოთა სკოლაში რომ ევლოთ. სახლში ვამეცადინებდი. ალბათ კარგადაც მოვიქეცი, სწორად ცხოვრება ისწავლეს. თერთმეტი წლის მანძილზე მიძახებდნენ და ციხით მემუქრებოდნენ, თუ ბავშვებს სკოლაში არ დავაბრუნებდი. მაინც არ ჩამსვეს ციხეში. ვმუშაობდი, ცოლი კერავდა. გავყიდეთ ყველაფერი: ავეჯი, ავტომობილი, სახლი.

შემდეგ კი, კიდევ ერთხელ დაინგრა ოჯახი, კიდევ ერთი ქორწინება და კიდვ ერთი ქალიშვილი შეეძენა, ალბათ ბიჭი უფრო უნდოდა, მაგრამ ღმერთმა ერთხელ მისცა ვაჟი მაგრამ წაართვეს. შემდეგ?  შემდეგ ემიგრაცია, მარინასთან სტუმრობა პარიზში, ბოლოს ახალი ფილმი „გზაზე“ (2002 წ.)  გადაღებული საფრანგეთში.

გ.ყ. – გასული წლის სექტემბერში ბათუმი საავტორო კინოს ფესტივალზე შენი ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო. რამდენადაც ეს ვიცი პირველი  რეტროსპექტივაა საქართველოში.

მიხეილკობახიძე: კი, მართალი ხარ, ჩემი ფილმების პირველი რეტროსპექტივა მოეწყო პარიზში, შემდგომ ვენეციაში, სხვა ფესტივალებზეც  ისევ პარიზში, კონოთეატრ Action Cristine-ში მოეწყო ჩემი 70– წლისთავზე, საქართველოში კი ასეთი სახით, როცა ჩემს ფილმებს ყველას ერთად უჩვენებენ პირველად ბათუმში მოხდა, მერე კი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე გასული  წლის დეკემბერში.

გ.ყ. – საქართველოში ჩატარებულ ორივე რეტროსპექტივას დავესწარი. განსაკუთრებით გამაკვირვა ბათუმის ფესტივალის უცხოელი კინემატოგრაფისტების რეაქციამ, უკვე მრავალჯერ ნანახ ფილმებზე ისეთ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ, თითქოს პირველად ეხილათ. ჩემი აზრით სწორედ ესაა მიხეილ კობახიძის უკვდავი ფილმების ხიბლი და უნიჭიერესი რეჟისორის დამსახურება.

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა