თეატრალურიპრემია „დურუჯი“ ძალებს იკრებს...
ლაშა ჩხარტიშვილი
გუშინ კომპანია „რედიქსის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე უძღვებოდა, ცნობილი გახდა იმ ოცდაათი განაცხადის ავტორების შესახებ, რომლებიც ყველაზე პრესტიჟული ქართული თეატრალური პრემია „დურუჯის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს. წელს საკონკურსო პროგრამაში ცხრამეტი თეატრის ოცდაათი სპექტაკლია, ამათგან ათი რეგიონალური თეატრის თოთხმეტი ნამუშევარი, დანარჩენი ცხრა თეატრი დედაქალაქს წარმოადგენს თექვსმეტი სპექტაკლით.
თეატრალური პრემია „დურუჯი“, რომელიც დღემდე რჩება ყველაზე მაღალბიუჯეტიან პრემიად სათეატრო სფეროში, კიდევ უფრო ვითარდება, იზრდება და იხვეწება. გარდა ამისა, „დურუჯი“ კვლავ ინარჩუნებს პრესტიჟულობას არა მხოლოდ პრემიის თანხობრივი მოცულობის გამო (საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი 14 000 ლარი, საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი 10 000 ლარი, საუკეთესო მსახიობი (ქალი, მამაკაცი) 2000 ლარი, სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესის ავტორი 2000 ლარი), მის პრესტიჟულობას ისიც განაპირობებს, რომ ჟიურის (მათი ვინაობა კონფიდენციალურია პრემიის გაცემამდე) თითოეული წევრი ადგილზე ნახულობს პრემიაზე წარდგენილ სპექტაკლს.
პრესკონფერენციაზე იმ სიახლეების შესახებაც გახდა ცნობილი, რაც „დურუჯი 2012“-ზე იგეგმება. მათ შორის, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონკურსის ნომინაციები გაიზარდა და მას საუკეთესო სცენოგრაფის ნომინაცია დაემატა, პრიზი კომპანია „ჯეოსელმა“ დააწესა. გამარჯვებულ სპექტაკლის მხატვარს Samsung Galaxy Tab-ის უახლესი მოდელის ტელეფონი გადაეცემა;
განაცხადების მიღების ვადა 30 აპრილს ამოიწურა. 5 ივნისს ცნობილი გახდება „დურუჯის“ პრეტენდენტთა მოკლე სია. როგორც ჩვენთან საუბარში მზია შარაშიძემ აღნიშნა, შესაძლოა მოკლე ნუსხაში ხუთ კანდიდატზე ნაკლებიც აღმოჩნდეს, მოკლე ნუსხის წევრთა რიცხობრივობა მთლიანად ჟიურის პრეროგატივაა და მათ კომპეტენციებში კომპანია „რედიქსი“ არ ჩაერევა, ისე როგორც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლის შესახებ გახდა ცნობილი. წლევდანდელ დურუჯზე“ - სეზონის განმავლობაში დადგმული ქართული პიესის ავტორს გამომცემლობა „დიოგენე“ ახალი პიესების კრებულს გამოუცემს. თუ მონაწილე თანამედროვე ქართველი დრამატურგების ნუსხას გადავავლებთ თვალს ლაშა ბუღაძე წელსაც ლიდერის პოზიციაში გვევლინება, რადგან გასულ სეზონში მისი ორი პიესა „ნაფტალინი“ და „პანთეონი“ საქართველოს სამ თეატრში (ოზურგეთის, ახმეტელის, მუსიკისა და დრამის) დაიდგა. მის კონკურენტებად თამაზ ბაძაღუა, სოსო ნემსაძე (რეჟისორი) და თამაზ ჭილაძე გვევლინება. ამ უკანასკნელის პიესა „ნადირობის სეზონი“ რობერტ სტურუამ დადგა რუსთაველის თეატრში და რომელიც საგრძნობლად „გააკეთილშობილა“ მაესტრო სტურუამ.
გაცილებით დიდი კონკურენციაა რეჟისორთა შორის. რობერტ სტურუა „დურუჯის“ მოსაპოვებლად უკვე მეორედ იბრძოლებს (პირველად პრემიაზე მისი „ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელი“ იყო წარდგენილი და მაშინ „დურუჯი“ დავით დოიაშვილმა „მაკბეტისთვის“ მიიღო). წელს მას მისი „მოწაფეები“ გიორგი თავაძე (ბათუმის თეატრში დადგმული სპექტაკლით „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“) და გოჩა კაპანაძე (სოხუმის თეატრში დადგმული სპექტაკლით „გუშინდელნი???“) დაუპირისპირდებიან. რობერტ სტურუას თაობიდან „დურუჯის“ მოსაპოვებლად გიზო ჟორდანიაც „იბრძოლებს“ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლით „რევიზორი“, რომელიც ახლებური გადაწყვეტითა და შემდგარი სამსახიობო ანსაბლით გამოირჩევა. სამწუხაროდ, კონკურსში ვერ ჩაერთო მიხეილ მარმარინოსი (კონკურსის პირობის თანახმად რეჟსიორი საქართველოს მოქალქე უნდა იყოს), რომელმაც კინომსახობთა თეატრში „R+J ბედისწერა დაბნეული რომეო და ჯულიეტას მეხსიერება“ დადგა. სპექტაკლი გასული თეატრალური სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარია. საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოსაპოვებლად წელს მსახიობები რუსუდან ბოლქავაძე კინომსახიობთა თეატრში დადგმული სპექტაკლით „ზვავი“ და ნიკა თავაძე სამეფო უბნის თეატრში დადგმული სპექტაკლით „სტრიპტიზი“ იასპარეზებენ.
კონკურენტუნარიანი გარემო შეექმნათ ახალგაზრდა რეჟისორებსაც. ჟიური აშკარად რთული ამოცანის წინაშე დადგება, როცა არჩევანს საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორზე გააკეთებენ, რადგან ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ მაკა ნაცვლიშვილი სპექტაკლით „ფსიქოზი 4:48“ (მუსიკისა და დრამის თეატრი), ნიკა ლუარსაბიშვილი სპექტაკლით „კრეპის უკანასკნელი ფირი“ (მარჯანიშვილის თეატრი), ირაკლი გოგია სპექტაკლით „ფერფლის პლანეტა“ (ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი) და გაგა გოშაძე სპექტაკლით „ბოლო გაჩერება“ (ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი). ოთხივე ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი სხვადასხვა მხატვრული ხარისხისაა, მაგრამ მათ სპექტაკლებს აერთიანებთ მოქალქეობრივი პოზიცია და პრობლემების აქტუალურობა, რაც დეფიციტურია თანამედროვე ახლაგზრდა ქართველ რეჟისორთა ნამუშევრებში.
წლევანდელ „დურუჯზე“ გამოიკვეთა დიდი კონკურენცია საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზე წარდგენილებს შორის. გამორჩეული და დაუვიწყარი მხატვრული სახეები შექმნეს ია სუხიტაშვილმა (რობერტ სტურუას „ნადირობის სეზონი“), ბაია დვალიშვილმა (ოთარ ეგაძის „ინსტიქტი“), მარინა კაზაკოვამ (გიზო ჟორდანიას „რევიზორი“), კატო კალატოზიშვილმა (მიხეილ მარმარინოსის „R+J“), მარიშა კიტიამ (მაკა ნაცვლიშვილის „ფსიქოზი 4:48“), მარინა სოლომონია (გოჩა კაპანაძის „გუშინდელნი???“). ჩამოთვლილი მსახიობთა მხატვრული სახეები განსხვავებულ ჟანრში და სტილშია შესრულებული, ზოგი სახასიათო სახეეებს მიეკუთვნება და ზოგიც გმირ ქალებს, მაგრამ მათ მიერ შესრულებული როლები გარკვეულ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე.
რაც შეეხება მამაკაც მსახიობთა შორის კონკურენციას: ალბათ ჟიურის არჩევანის გაკეთება დათა თავაძის („სტრიპტიზი“, სამეფო უბნის თეატრი), პაატა ინაურის (R+J… კინომსახიობთა თეატრი), მარლენ ეგუტიას („კრეპის უკანასკნელი ფირი“, მარჯანიშვილის თეატრი), დავით დვალიშვილის (რევიზორი, მარჯანიშვილის თეატრი), ტიტე კომახიძე („გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“, ბათუმის თეატრი) მიერ შესრულებულ როლებს შორის მოუწევთ. სავარუდოდ მხატვართაგან ერთმანეთს აივენჰო ჭელიძე („პანთეონი“, ახმეტელის თეატრი), ნინო კიტია („ფსიქოზი 4:48“, მუსიკისა და დრამის თეატრი), გიორგი თავაძე („გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“, ბათუმის თეატრი), ნინო ჩიტაიშვილი („ზვავი“, კინომსახიობთა თეატრი) „დაუპირისპირდებიან“.„დურუჯის“ პრეტენდენტთა მოკლე სიის გამოქვეყნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მანამდე მკაცრად გასაიდუმლოებული ჟიურის წევრები სპექტაკლებს ესწრებიან რეგიონებისა და დედაქალაქის თეატრებში. „დურუჯის“ ორგანიზატორების მიერ არჩეული ჟიურის წევრთა შერჩევის წესი გახლავთ კიდევ ის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რაც „დურუჯს“ სხვა პრემიებისგან გამოარჩევს: ჟიურის წევრთა უმრავლესობა პროფესიონალები, თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები არიან, ვიდრე კონკურსში მონაწილეთა კოლეგები. როგორც პრესკონფერენციაზე მზია შარაშიძემ გაგვიცხადა, წელს ეს პრინციპი კიდევ უფრო დაცულია. კიდევ ერთი სიახლის შესახებ, რაც პრესკონფერნციაზე გახდა ცნობილი: „დურუჯის“ დაჯილდოვების ცერემონია ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმის ნაცვლად თბილისში, სავარაუდოდ ეროვნული მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ეზოში 16 ივნისს გაიმართება.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04