დაკარგული სიყვარულის შესახებ „მედეs01e06“
13-04-2022, 11:32

პირველი სეზონის მეექვსე სერია დასრულდა. ისტორია უკვე დაიწერა, ახალი ვეღარაფერი მოხდება. თუმცა რაც მოხდა ერთხელ,  განმეორდება  ყოველთვის. „ღმერთებო, ამარიდეთ ყველა განსაცდელი. მაკმარეთ ტანჯვა. ახლა ხომ გეცნობით, ეს მე ვარ, მედეა, სასტიკი მკვლელი.“

მედეას მითის უკვდავებაზე უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება. ანტიკურ ეპოქაში შექმნილი ეს შემზარავი პერსონაჟი კაცობრიობის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ გადაფასებულა, არ დაუკარგავს აქტუალობა და დაუსრულებლად იკვლევდნენ და აღმოაჩენდნენ მასში ახალ შრეებს.

დრამატურგი და რეჟისორი პაატა ციკოლია პირველად ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, მიტოვებულ ნანგრევებში, ორი წლის წინ დგამს საკუთარ პიესას „მედეაs01e06”. ეს ის დროა, როცა პანდემიის მორიგი ტალღა შედარებით მისუსტებულია და ჯერ კიდევ არაფერი ვიცით იმის შესახებ, რომ სულ მალე უნდა დაიწყოს ომი. აბსოლუტურად შეუდარებელი წარმოდგენა გათამაშდა ზღვის სანაპიროზე. ტექნიკურად  შეუძლებლისა და მიუღწევლის ზღვარზე გავლას ჰგავდა იმ მოცემულობაში ვიზუალური ეფექტებით ასე მდიდარი სანახაობის შექმნა. თუმცა ტექსტის არანორმატიულმა ლექსიკამ და ალბათ, უფრო მეტად, იდეისა და სათქმელის სიმძიმემ, საზოგადოების მხრიდან გამოიწვია ურთიერთგამომრიცხავი რეაქციები. პირდაპირ ვიტყვი, რომ ვერ მიიღო ეს წარმოდგენა ქართულმა თეატრალურმა კრიტიკამ და ვერ გაიაზრა, რის გამოც უარყო და დატოვა შეუფასებელი. არ დაწერილა არც ერთი კრიტიკული წერილი, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში არავის დავიწყებია ეს სპექტაკლი.

 

გასულ წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა დრამატურგს   და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ღირებული და მნიშვნელოვანი მხატვრული ტექსტები იბადებიან არა უბრალოდ კონკრეტულ დროსა და მოცემულობაში აღიარებისთვის, არამედ მათი ბედისწერა გაცილებით ამბიციურია და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მოუწიოთ დაცდა, ვიდრე საზოგადოება დაეწევა მათი შინაარსის გააზრებას  აზროვნების დიაპაზონით,  დაკარგვა და გაქრობა მათ არ ემუქრებათ.

დაკარგული სიყვარულის შესახებ „მედეs01e06“ამჯერად მინდა ვისაუბრო „სამეფო უბნის თეატრში“ გამართულ წარმოდგენაზე.  თავისთავად უზარმაზარი სანაპიროდან, მიტოვებული ნანგრევებიდან, სრულიად განსხვავებული მასშტაბის და განწყობის სივრცეში პიესის ხელმეორედ დადგმა  გარკვეული ხასიათის რისკებს ატარებდა. განსაკუთრებით  იმ შთაბეჭდილებით მოსული მაყურებლისთვის, ვინც ნახა სპექტაკლი სანაპიროზე, ან თუნდაც ამ ვერსიის ვიდეოჩანაწერი.  სცენოგრაფია იწყებს  წარმოდგენას და პარტერში ჯერ კიდევ საკუთარი ადგილის ძიებაში მყოფი მაყურებელი თავისდაუნებურად ხდება   რიტუალის თანამონაწილე. სპექტაკლის მხატვარი ირა შენგელია გენიალურად ართმევს თავს რთულ და წინააღმდეგობრივ დავალებას. ის გვახვედრებს თეთრ ქსოვილში გაფორმებულ სცენას, სადაც მიმოფანტულია რამდენიმე გეომეტრიული ფიგურა და ტყეებისა და ჭალების არაკადიელთა ღვთაება პანის სტილიზებული ნიღაბი. პანი, როგორც ძველბერძნული ღვთაება მრავალი ალეგორიული დატვირთვით შეიძლება აღვიქვათ. ის გამოსცემდა შემზარავ ხმას და ასე აფრთხობდა ყველას, ვინც მყუდროებას დაურღვევდა, სიტყვა პანიკა მისი სახელიდან მომდინარეობს. ასევე პანი  ითვლებოდა ერთიანი სამყაროს სიმბოლოდ. იქვე, სცენის სიღრმეში, დგას  ნეონებით შექმნილი ინსტალაცია, არგონავტების გემის ალუზია. ეს ორი მთავარი სასცენო რეკვიზიტი პიესის ანტიკურ და უკიდურესად თანამედროვე საწყისებს გამოკვეთს. აქ არ გათამაშდება ძველი ბერძნული დრამა, არც მხოლოდ ანაქრონიზმისთვის მიუმართავს რეჟისორს, მაყურებელმა უნდა ნახოს არათუ თანამედროვე, არამედ ერთგვარად წინასწარმეტყველური წარმოდგენა, რომელიც  ანტიკური მითიდან დღევანდელობამდე მოგვიყვება რანი ვართ და რას გვიქადის კულტურა, რომელშიც  ვარსებობთ.

 

კოლხური კულტურა, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არღვევს კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეს და ის განზოგადებულია მსოფლიო კულტურულ ფენომენად, ამდენად პიესისა და სპექტაკლის მთავრი სათქმელი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე ამ დრომდე ქართულ სინამდვილეში განხილული ამ მითის სხვადასხვა ინტერპრეტაციები. საუბარი იმაზე, რომ მედეა ქართველი ქალის არქეტიპია რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა, რადგან მედეა ციკოლიას სპექტაკლში არათუ კონკრეტულად ქართველი ქალის, არამედ ზოგადად, ქალის არქეტიპიდანაც  გადის და ის იძენს იმ პრეისტორიული ადამიანის სახეს, რომელშიაც სქესთა სხვადასხვაობაზე მნიშვნელოვანი ზოგადადამიანური საწყისებია. ამ საწყისებიდან სამყაროში და არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ კულტურაში, საკუთარი ადგილის პოვნის, თავის დამკვიდრების სურვილია.

 

„დედამიწა ბოროტია, ის არავის მოენატრება“,  გვეუბნება ლარს ფონ ტრიერი ფილმში „მელანქოლია.“  რა დროიდან კარგავს დედამიწა ღმერთთან სასიყვარულო კავშირს? რა დროიდან იწყებს საკუთარ ფეკალიებში ღოღვას პატივაყრილი ადამიანი, რომელიც გაბედავს და დაუპირისპირდება მამას, ღმერთს, აბსოლუტს, რომელისგანაც თავად არის უარყოფილი და განდევნილი. „აღარ ვუყვარვარ მამას.“ ამ შემთხვევაში მედეას მდუმარე გოდება აიეტისადმი, იძენს სამყაროსა და ღმერთს შორის გაჩენილი გაუცხოების სახეს. იქ კი, სადაც უცხო ხდება მამა, სადაც განწირული და გამეტებული ხარ იარო ნამუსახდილმა ფურთხის გვირგვინით, აღარაფერი გრჩება შურისძიების გარდა. ანგარიშწორებაა  ერთადერთი იარაღი აღიდგინო თავისუფლება, თუნდაც ამ თავისუფლებამ გაქციოს გვამად.

დაკარგული სიყვარულის შესახებ „მედეs01e06“ამდენად, ციკოლიას მედეა არ არის სიყვარულისთვის შურისმაძიებელი ქალი, არც მამასა და საკუთარ სამშობლოზე უთქვამს უარი სიყვარულის გამო. ის არის კოლხეთის ტახტის სრულუფლებიანი უფლისწული, რომელიც ბავშვობაში კედელზე გამოსახავდა საკუთარ თავს სამეფო ეტლითა და გვირგვინით, მას წაქცეულს ვერავინ ნახავს და ის არასდროს დამარცხდება. და თუ მაინც გვინდა, რომ რომელიმე კონკრეტული კულტურის პრეისტორიულ კულტურად განვიხილოთ მზიანი კოლხეთი, ციკოლიას სპექტაკლში ის წარმოადგენს ტოტალურ უსიყვარულობაში ჩაძირულ თანამედროვე საზოგადოებას. მთელი ამ პიესის ფილოსოფია დაკარგული სიყვარულით გამოწვეულ შემზარავ სისასტიკეზეა აგებული. იქ, სადაც განდევნილია სიყვარული მამის მხრიდან შვილის მიმართ, ღმერთის მხრიდან სამყაროს მიმართ, ისადგურებს თავზეხელაღებული ძალმომრეობა, სწრაფვა დიდებისა და ძალაუფლებისაკენ, დასაკუთრებისა და განუზომელი პატივმოყვარეობის მჩაგვრელი და ვერაგი ძალა, რომელსაც პიესაში მედეას უფროსი ძმა აბსირტო განასახიერებს. სანდრო სამხარაძე ქმნის ეგოცენტრული, საკუთარი თავით შეპყრობილი და საკუთარ ძალაუფლებაში ნეტარებით მცხოვრები უფლისწულის სახეს. ის მოგაგონებთ მეგა შოუების კომიკოს წამყვანს, მის მანერულობაში, ირონიასა და ცინიზმში ყოველი ახალი ფრაზა თუ მოქმედება აშიშვლებს ბოროტი უფლისწულის დაუფარავ ზიზღს საკუთარი დის მიმართ. თუმცა პერსონაჟის მხატვრული სახე, მთელი მისი სისასტიკით და მსახიობის თამაშის მანერა, მაყურებლის კონცენტრირებას სანახაობრივ მხარეზე ახდენს.  გამორჩეულად ქარიზმატული მსახიობის, სანდრო სამხარაძის სცენაზე შემოსვლა ქმნის წარმოდგენაში  შოკისმომგვრელ ამოფრქვევას და ამ თავბრუდამხვევი პერსონაჟის ხასიათის უმძიმესი თვისებები წარმოშობს უცნაურ განცდას, რომ ეს გაბრუებული, არაადეკვატური და ბოროტი უფლისწული ამავდროულად, არის ულამაზესი. მკვეთრი წითელი კოსტიუმი, მოშიშვლებული  მკერდით და გამომწვევად მანერული მოძრაობები, უფლისწულის შინაგან სექსუალურ ენერგეტიკას  უსვამს ხაზს და მიგვანიშნებს, რომ ყველაზე შემზარავ დანაშაულზეა ეს დამანგრეველი ენერგეტიკა წამსვლელი, ოღონდაც არ დაკარგოს უპირატესობა, არ დაკარგოს აღვირახსნილი ცხოვრების ბურუსში მტარვალის როლი, რომელიც ერთადერთია რაც ლიბიდოს უღიზიანებს. აბსირტო სამყაროს ის მხარეა, რომლის ხელთაც აღმოჩნდა დღეს ბოროტების ეტლის სადავეები. სამყარო, რომელმაც დაკარგა სიყვარული უფლისწულ აბსირტოებით არის სავსე და მათი მიზანია გათელონ ნებისმიერი, ვინც ფეხებში მოედებათ. აბსირტო, როგორც დომინანტი ძალა, სიბოროტეში ჩანთქმულ სამყაროში სასტიკად უსწორდება მედეას, ამ ბოროტებისგან თავდასაღწევად მოღალატედ ქცეულს.

 

ამბავი, რომელიც სცენაზე თამაშდება, არც ერთი წუთით არ აძლევს მაყურებელს მოდუნების საშუალებას, იმის მიუხედავად, რომ ეპიკური ხასიათის წარმოდგენები თანამედროვეობაში, სადაც ვიზუალიზაციამ ინფორმირებულობის უნარი ბოლომდე შეითავსა და ჩვენ, გვირჩევნია ვხედავდეთ და არა ვისმენდეთ, ან მით უფრო ვკითხულობდეთ, ციკოლიას სპექტაკლში მისი ხელწერისათვის დამახასიათებელი ბევრი, მტკივნეული და ბასრი ტექსტია, რომლის მოსმენაც მაყურებელს არ ღლის და აქ უკვე უნდა აღინიშნოს, მოცეკვავეთა ქოროს სრულიად გენიალური როლი სპექტაკლში, ვირტუოზული შესრულების მანერა და მთელი წარმოდგენის დუღილის ერთ ტემპერატურაზე შენარჩუნების პასუხისმგებლობა. წარმოდგენის ქორეოგრაფია ნათია ჩიკვაიძე. თეონა წიწაკიშვილი, მარია შალაგინა, ქსენია სემიონოვა  და თავად ქორეოგრაფი ახერხებენ ქონთემფორარის ხასიათში გადაწყვეტილი, ნატიფი და ამავდროულად, ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი მოძრაობებით მოქმედებაში გამოსახონ ის შემზარავი ამბავი, რომელზედაც საუბრობს  მთხრობელი ეპოპე.დაკარგული სიყვარულის შესახებ „მედეs01e06“ ეპოპე არის აიეტის დაცვის უფროსი და მისი მარჯვენა ხელი. ეპოპე, ეს ძალაუფლებასთან დაახლოებული  კასტაა ჩვენი საზოგადოებისა. მათი მისია ძალაუფლებით გაბოროტებულთა ხელქვეითობაა, მათი ყველა საქციელის მორალური კატეგორიებით გამართლებაა და მათ ჩრდილქვეშ საკუთარ მავნებლობებზე მიღებული ლეგიტიმაციით კმაყოფილება. ეპოპეს აღზევებულ მდაბიოდ მოიხსენიებენ მედეაცა და აბსირტოც, მათთვის გულისამრევია ერთგული ფინიას როლში მყოფი დაცვის უფროსი, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ეპოპეზე დგას მზიანი კოლხეთის ძლიერება. გია ბურჯანაძე განასახიერებს ამ მრავალფუნქციურ პერსონაჟს. მის პროფესიონალიზმსა და მაღალი დონის სამსახიობო ხელოვნებას მრავალი წელია იცნობს ქართული თეატრიცა და კინოც. ამ შემთხვევაში ის თანხმდება თამამ განაცხადს რეჟისორის მხრიდან.   იაზრებს პიესის მნიშვნელობასა და მაღალმხატვრულ ხარისხს და მიუხედავად იმისა, რომ არ იქნებოდა მარტივი არანორმატიული ლექსიკით სავსე წარმოდგენაში მონაწილეობა იმ თაობის მსახიობისთვის, რომელსაც წარმოადგენს,   იღებს ძალიან გონივრულ და ხელოვანის ალღოთი განპირობებულ გადაწყვეტილებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უპირველესად, ამ წარმოდგენაში მისი მხრიდან მონაწილეობაზე თანხმობა და შემდეგ უკვე ის არტისტული სიმაღლე და ხარისხი, რომელსაც გვაჩვენებს მსახიობი ეპოპეს როლში. აქვე, აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი, რომ რეჟისორისგან უზუსტესად იყო გათვლილი კონკრეტულად, ამ როლზე,  გია ბურჯანაძის შერჩევა. მისი მეტყველების მანერა,  ტემბრი და სასცენო მოძრაობები ძველი თეატრალური სკოლის გავლენით არის სავსე და ამის პარალელურად სრულიად ახლებურად გააზრებულ სტილისტიკაში თამაშობენ სანდრო სამხარაძე და ეკატერინე დემეტრაძე. ეს სხვადასხვაობა ცალსახად იძენს მიზანმიმართულ ხასიათს. პიედესტალიდან მენტორული ტონით მოსაუბრე ეპოპე ზუსტად ისეთივე დამნაშავეა, როგორც აბსირტო და ზუსტად ისეთივე მკვლელი, როგორც მედეა.

 

ვინ არის მედეა? რა ქალია ის?  ეკა დემეტრაძის მედეა ჯერ კიდევ იმ წამიდან იწყებს მაყურებლის მონუსხვას, როცა პარტერიდან გაისმება მისი ხმა და ამ ხმაში ისმის ზარიც, გოდებაც და ვედრებაც, თუმცა ვიდრე ვედრებამდე მივა, უნდა გაიაროს წამებისა და შეურაცხყოფის ნიაღვრები. სისხლში, საკუთარ განავალში და მოძალადეების თესლში ამოსვრილი უნდა ნახოს მზიანმა კოლხეთმა, ის უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ღალატისათვის  მეფე აიეტი საკუთარ ქალიშვილსაც არ დაინდობს, არათუ სხვას. მაგრამ ამ გზაზე მედეა უკვე გამარჯვებულია. მას უკვე გაყიდული ჰყავს მამა და მაინც კითხულობს, მოვა თუ არა თავად მეფე მის სანახავად? ეს მისთვის ჯერ ისევ მნიშვნელოვანია. იქნებ უკანასკნელად, მაგრამ მაინც მოინდომოს მამამ უარყოფილი შვილის ნახვა და მისთვის თვალის გასწორება. მამა არ მოვა. ღალატი საკმარისი არ აღმოჩნდება იმისათვის, რომ საბოლოოდ დაემხოს კოლხეთი. მედეა გარბის და თან მიჰყავს უმცროსი ძმა.  ეს ბავშვი არის  უძლეველი კოლხეთის მომავლის სიმბოლო და სწორედ ამ მომავალს აქცევს იგი ხორცის ნაგლეჯებად. დანაწევრებული ბავშვის სხეული არასტუმართმოყვარე ზღვის ტალღებში იკარგება და მასთან ერთად თუ მის ძებნაში ემხობა დიდი კოლხეთის ბოროტი კულტურა. ეკა დემეტრაძე ქმნის მკვლელი მეფის ასულის ძალიან საინტერესო სახეს, არც ერთი ხმამაღალი ბგერა და არც ერთი ზედმეტი მოძრაობა. მაშინ, როდესაც მთელი პიესის განმავლობაში მედეას ბღავილი გაისმის ლაიტმოტივად, მსახიობი სრულიად საპირისპირო მეთოდს მიმართავს და თითქმის უცვლელი მიმიკით, მონოტონური და მოჩურჩულე ხმის ტემბრით წარმოგვიდგენს ლიტერატურის ისტორიაში გამორჩეული და დაუვიწყარი პერსონაჟის სრულიად განსხვავებულ სახეს. არგოს გემზე მის მიერ აღვლენილი ლოცვა ღმერთებისადმი სავსეა  დახვეწილი და ზომიერი დრამატიზმით და სინამდვილისა და სიმართლის იმ ხარისხით, რომლითაც გამოირჩევა მაღალი დონის სამსახიობო შესრულება.

 

„დაგვამხო მედეამ“ გაჰყვირის ეპოპე და საბოლოოდ ჩვენ ვხედავთ შეშლილ და ერთ ღამეში დაბერებულ მეფე აიეტს, დაუძლურებულ, პანსიონატში გამოკეტილ აბსირტოს და მონასტრის გალავნიდან მშვიდად და მზაკვრულად მოთვალთვალე მედეას უფროს და ქალკიოპეს, რომლის ხელშიაც აღმოჩნდება მთელი ძალაუფლება. ქალკიოპე, რომელმაც მონასტრის იღუმენიად გაატარა მთელი ცხოვრება, მუდამ დამჯერმა, დამყოლი შვილის ნიღაბს  ამოფარებულმა, ხელთ იგდო დამარცხებული კოლხეთის სამეფო, თითქოს მთელი მისი მონასტრის კედლებში ჩაკლული სიცოცხლე ამ დროს ელოდა.

დაკარგული სიყვარულის შესახებ „მედეs01e06“ამდენად, მაყურებელი ხედავს, რომ ყველა პერსონაჟი, უკლებლივ ყველა, შეპყრობილია ფსიქოპათიით, მათ არ გააჩნიათ ადამიანური ემპათია და ამოძრავებთ მხოლოდ დესტრუქცია. ერთადერთი მსხვერპლი არის პირველი მოკლული ბავშვი. არგოს კიფოზე გადმომდგარი მედეას ხელში აღმართული ეგალეს თავი არის შემზარავი დასასრული კოლხეთზე შურისძიებისა და ასევე წინასწარმეტყველება, რომ ამ კულტურიდან გაქცეული ადამიანი ვერც მომავალში დააღწევს თავს ანგარიშწორებას და ზუსტად ამიტომ ავედრებს მედეა ღმერთებს ჯერ არ ჩასახულ შვილებს და სთხოვს აარიდონ და აკმარონ ტანჯვა.

 

სპექტაკლის კომპოზიტორია თამარ ფუტკარაძე. სანდრო სამხარაძე და ეკა დემეტრაძე ასრულებენ სიმღერას, რომლის ლირიკული განწყობა   სცენაზე გათამაშებული შემზარავი ტრაგედიის დისონანსურია, მუქი წითელი განათება  ალეგორიულად ცეცხლწაკიდებულ სამეფოს წარმოგვიდგენს, სადაც ორი უფლისწული დაკარგულ სიყვარულზე მღერის, დიდი დედა ჰეკათეს მიმართ გაღებული ადამიანური მსხვერპლი იყო ის, რაზედაც აღიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად და საბოლოოდ ამ სისხლის დაუსრულებელ მდინარებაში შეურიეს საკუთარი სამსხვერპლოდ გაღებული სისხლი, რადგან ასე ასწავლათ  მამამ.  კოლხეთის სამეფო დაამხო უსიყვარულობამ.

 

რატომ არის დღეს მედეას მითის ეს ინტერპრეტაცია მნიშვნელოვანი და საინტერესო? გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ პიესით მედეას მივიწყებული პირველი სასტიკი მკვლელობის შესახებ გვაიძულებს რეჟისორი დაფიქრებას. ეს დისკურსი წარმოუდგენელი სიზუსტით ასახავს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე შემზარავ მოვლენებს.  სამყაროს აღსასრულის მოახლოებაზე უკვე უამრავს და უამრავჯერ უსაუბრია, თუმცა არსობრივად მნიშვნელოვანია, რომ წარღვნიდან მოყოლებული, სოდომ-გომორისა თუ სხვა მსგავსი  მოვლენების გახსენებისას ამოსავალი არის საზოგადოების სრული დეგრადაცია, უზნეობის, ბოროტებისა და სისასტიკის ხარისხი, რომელსაც ცივილიზაციათა მოსპობამდე მიჰყავს კაცობრიობა. მე ვფიქრობ, სწორედ ეს დისკურსია პაატა ციკოლიას პიესისა და სპექტაკლის მთავარი ღერძი და ამ ყველაფერს პირდაპირ უკავშირებს ავტორი სიყვარულისგან მიტოვებული თანამედროვე ადამიანის არსებობას. როგორც უკვე დასაწყისში აღვნიშნე, პიესა ორი წლის წინ დაიწერა. სულ რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა პოლონელი ექიმი ქალის ჩანაწერი, სადაც ის ჰყვება, რომ უკრაინიდან, პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში, საავადმყოფოში მიიყვანეს ორმოცი ბავშვი, მათ შორის ყველაზე უფროსი იყო 14 წლის და ყველა მათგანს დაფლეთილი ჰქონდა ვაგინა. ამის შემდეგ პოლონელი ექიმი მოუწოდებს უკრაინელ სამხედროებს აღარ დაინდონ რუსი ჯარისკაცები და მოვიყვან ციტატას მისი მოწოდებიდან : „კასტრაცია ჩაუტარონ, ამოაცალონ ნაწლავები პირიდან და შემდეგ დახოცონ.“ ეს ხდება დღეს, რეალურად ხდება და ხდება ჩვენ თვალწინ.  ამ ამბამდე ორი წლით ადრე პაატა ციკოლია წერს „მედეs01e06“-ს და მის ტექსტში ვკითხულობთ : „შემზარავი იყო ის, რაც სასტუმრო ფაზიფაში დაგვხვდა. მე და ჩემს ბიჭებს რა აღარ გვინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი. აბსირტო და მისი მეგობრები კინაღამ ჭკუიდან შეცდნენ, ჭიდაობა დაიწყეს ადამიანის ნაწლავებით მოფენილ ტერასაზე.“ „ხელებშეკრულები და მუცელგაფატრულები აივნებიდან ფეხებით გადმოეკიდათ... ყველას გენიტალიები ჰქონდა მოგლეჯილი, მოგლეჯილი და არა მოჭრილი და პირში ჩატენილი...“ამ ტიპის დამთხვევები არ არის უცხო ხელოვნების ისტორიისთვის, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ  მაშინ, როდესაც  ხელოვნება უზუსტესად აღიქვამს დროს და არ ერიდება ისაუბროს თემებზე, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში, უბრალოდ თვალს ვარიდებთ, რადგან გვაშინებს სინამდვილე, რომელშიც ვცხოვრობთ, რომელსაც თავად ვქმნით და რომელიც საბოლოოდ, განწირულია განადგურებისათვის. ანდრეი ზვიაგინცევის ალიოშა, რომელსაც პირდაღებულს, კარის უკან ატუზულს დაიმახსოვრებს მაყურებელი არის უსიყვარულობაში დაბადებული და გაზრდილი ბავშვების სახე-სიმბოლო, რომლებიც დღეს უკვე გაზრდილები, შემზარავ დანაშაულებს სჩადიან,( აქ მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ),  რადგან დაამხონ კულტურა, რომელმაც გაწირა ისინი დაკარგულ და გამქრალ სიყვარულში დაბადებისათვის. პაატა ციკოლიას სპექტაკლი სწორედ ამ მასშტაბის კატაკლიზმებზე გვესაუბრება და ცხადია, კვლევა არქეტიპიდან უნდა დავიწყოთ, რადგან ისტორიის მთავარი მახასიათებელი ჰეგელის აზრით მუდმივი განმეორებადობაა. 

 

ვფიქრობ, რომ „მედეაs01e06” არის სპექტაკლი, რომელიც ყველა თავალსაზირიისთ იმსახურებს,  იდგეს ისეთი მნიშვნელობის თეატრალური წარმოდგენების გვერდით როგორებიცაა: კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ფრანგები“ ან მაია კლეჩევსკას „ღმერთების დაცემა“ თუ სხვა.  ეს არის თეატრალური წარმოდგენა, რომლის ფილოსოფიური საზრისი  შლის საზღვრებს,  სრულად ზოგადკულტურულ კონტექსტს ატარებს და მას უნდა იცნობდეს მსოფლიო.

 

ფოტო: ჯუდა-ხატია ფსუტური, ანა დავარაშვილი

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა